სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსკენ

1921 წლის 19 მარტი ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის ნავსადგურში, საცაა, ღუზას ამოიღებს გემი „ანატოლია“. გემზე საფრანგეთის დროშა ფრიალებს. გემბანზე ის უკანასკნელი მგზავრები დგანან, რომლებიც საქართველოს ტოვებენ. სულ ახლახან მათი ქვეყანა წითელმა არმიამ დაიპყრო. დაიწყო საქართველოს გასაბჭოება და ქვეყანას ტოტალიტარული დუმილის ფარდა დაეშვა.

მგზავრებს შორის არიან ივანე ზურაბიშვილი და მისი მეუღლე ნინო ნიკოლაძე. თან ახლავთ ვაჟი, რომელსაც 15 წელი ჯერ არ შესრულებია. ოჯახის დანაზოგი მხოლოდ ტრიუმის ბილეთებს ეყო; მათ თან მიაქვთ 79 თურქული ლირა, რამდენიმე საოჯახო სამკაული და გულით უსაზღვრო წუხილი იმ ქვეყნის დამარცხების გამო, რომელიც უკან რჩება.

მათ ვაჟს აქამდეც რამდენჯერმე უმოგზაურია ევროპაში. თუმცა, გული უგრძნობს, რომ ახლანდელი მგზავრობა ადრინდელს არ დაემსგავსება. ეს ბიჭი მამაჩემი ლევანია.

ამავე გემზე ერთი ახალგაზრდა ქალიც არის ქმარ-შვილთან ერთად. ორსულადაა. თვალცრემლიანი უყურებს, როგორ შორდება გემი ბათუმის ნაპირს; გულმოკლული ფიქრობს, რომ მისი შვილი ალბათ, ისლამურ მიწაზე დაიბადება, კონსტანტინოპოლში, სადაც გემმა რამდენიმე დღეში ღუზა უნდა ჩაუშვას. მელქისედეკ კედია და მისი მეუღლე აგრაფინა თავართქილაძე პირველად მიემგზავრებიან სამშობლოდან. ბავშვი, რომელიც დედის მუცელში შავი ზღვის ტალღების რიტმში ირწევა და გაღმა ნაპირზე დაიბადება, დედაჩემი ზეინაბია.

ჩემი ბაბუა-ბებიები რას იფიქრებდნენ, რომ ეს გემი მათ აღარასოდეს დააბრუნებდა სამშობლოში, რომ თურქეთი მგზავრობის მხოლოდ დასაწყისი იყო, რომელიც საფრანგეთში დამთავრდებოდა და სათაყვანებელი ქვეყნის ნაცვლად ხელში შერჩებოდათ მხოლოდ ლევილის პატარა სასაფლაო - დევნილი ქართველების საბოლოო ნავსაყუდელი.

მათ მტკიცედ სწამდათ, რომ ეს წასვლა მხოლოდ ტაქტიკური და დროებითი უკან დახევა იყო და როგორც კი ბოლშევიკური რეჟიმი დაემხობოდა, ყოველი მათგანი მალევე დაბრუნდებოდა შინ, ისევე, როგორც საქართველოს გახიზნული მთავრობა, რომელსაც ისინი მიჰყვებოდნენ.

ამავე გემზე არის ერთი სკივრიც, რომელიც რწევა-რწევით ტოვებს საქართველოს.

ეს ამბავი ამავე დროს ამ სკივრის ამბავიცაა.

***

1986 წელს პირველად მეღირსა საქართველოში ჩამოსვლა. ამას მოჰყვა ხშირი, მაგრამ ყოველთვის ხანმოკლე ვიზიტები 2003 წლის ნოემბრამდე, როცა საფრანგეთის ელჩად დამნიშნეს საქართველოში.

ელჩად მხოლოდ სამი თვე დავყავი. უცებ მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა: 19 მარტს საქართველოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დავბრუნდი. იმ ქვეყნის მინისტრი გავხდი, რომლის მოქალაქე წინადღეს არც კი ვიყავი.

***

60-იან წლებში საფრანგეთში ჩემს შორეულ და უცხო წარმომავლობაზე საუბარი ბევრს საგონებელში აგდებდა; გაკვირვებულები მეკითხებოდნენ ხოლმე: - მაინც სად არის იდუმალი ეს ქვეყანა, რომელიც, ცოტა არ იყოს, ტენტენის ალბომების წარმოსახვით ქვეყნებს ჩამოჰგავსო.

ზოგიერთი ცნობისმოყვარე წამოიძახებდა: - ჰო, კავკასია, ლეგენდების მხარეაო, ვიღაც თავის ცოდნას ამჟღავნებდა და საკუთარ მიგნებას ამაყად გამოთქვამდა მოკლე ფორმულით: - საქართველო სტალინის ქვეყანააო...

დიდხანს ამ ფორმულით იფარგლებოდნენ ისინი, ვინც სხვებზე ცოტა მეტი იცოდნენ. ისტორიის შემდგომ ეტაპზე ფორმულა შეიცვალა არანაკლებ გამაღიზიანებელი ფორმულით: - საქართველო შევარდნაძის ქვეყანაა!

***

წუთითაც არ დავეჭვებულვარ, რომ საქართველო, სხვებისთვის ცნობილი თუ უცნობი ეს ქვეყანა, იდუმალებით მოსული ეს მემკვიდრეობა, ენერგიის ფარული მარაგით მავსებდა და ჩემს ფანტაზიას განუზომელი სიმდიდრით ქარგავდა. ჩემი ქვეყანა ჩემთვის ერთდროულად ალიბაბას გამოქვაბულიც იყო და ედემის ბაღიც, რომლის ღირსეული შვილი უნდა ვყოფილიყავი. სხვა დანარჩენი კი: თავადი ვიყავი თუ გლეხი, უმნიშვნელო გახლდათ. მთავარია, განსხვავებული ვყოფილიყავი, მქონოდა სათავე, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნოდა, რაც თავისებურად უნიკალურს მხდიდა მათთვის, ვისაც ამის დანახვა შეეძლო.

ყოველ შემთხვევაში, არასოდეს განმიცდია უცხო ქვეყანაში გაზრდილი ბავშვის ფარული ნაკლის შეგრძნება: „მათ არ ვეკუთვნი“. თუკი მართლა რაღაც კომპლექსი მქონდა, ეს იყო უპირატესობის კომპლექსი: მე ისეთი რამ ვიცოდი, რაც სხვამ არ იცოდა, მათგან განსხვავებული ცხოვრებაც მქონდა, რაც გადამწყვეტ უპირატესობას მანიჭებდა.

გულის სიღრმეში არასოდეს მიგრძნია თავი ნაკლებ ფრანგად, ვიდრე ცემი სკოლის მეგობრებს. პირიქით, მე მეტიც ვიყავი, რადგანაც მე ასევე ნამდვილი ქართველიც ვიყავი, რასაც ისინი ვერასდროს ეღირსებოდნენ. ამდენად, თავს ვგრძნობდი ყოველთვის, როგორც „მეტი და მეტი“ და ამ ორ ქვეყანას შორის გახლეჩილი არასდროს ვყოფილვარ. ეს უნიკალური მდგომარეობა ბედის საჩუქრად მივიღე.

ერთხელ, ბევრად უფრო გვიან, საქართველოში ახალჩამოსულ ელჩს ქართული გაზეთის ერთმა ჟურნალისტმა ქალმა ინტერვიუ ჩამომართვა, რომელიც ასე დაასათაურა: „სრულიად ფრანგი და სრულიად ქართველი“. ამით, უნებლიედ, მან ჩემი ცხოვრების არსი მოკლედ და ზუსტად გამოხატა.

***

საფრანგეთში ხრუშჩოვი უნდა ჩამოსულიყო და... მამა, ორმოცდაათიოდე სხვა ქართველ ემიგრანტთან ერთად კორსიკაზე გაასახლეს. სია, თურმე, საბჭოელებმა შეადგინეს და საფრანგეთის პოლიციას გადასცეს. მე არ ვიცი, რატომ ეშინოდათ საბჭოთა სამსახურებს ამ „ხალხის მტრების“, რომელთაც ბრძოლის იარაღად მხოლოდ იდეები და სიტყვა ჰქონდათ. ან იქნებ ეს მათ მიერ საკუთარი სისუსტის აღიარება იყო? მაგრამ ერთი კი ცხადია - მთავარი ამ შემთხვევაში ისაა, რომ სისუსტე საფრანგეთმაც გამოიჩინა, არ შეასრულა მფარველობის ის მისია, რომელიც მან საქართველოს მთავრობის წინაშე იკისრა, როცა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

ეს შემთხვევა მწარე მოგონებად დაგვრჩა.

***

მამაჩემის სიცოცხლის მიწურულს, საავადმყოფოში მისი ყოფნის ბოლო დღეები იყო; [...] მამაჩემის სახელზე ამანათი მოვიდა: ცოტაოდენი ქართული მიწა და პატარა ტოტი იყო.

მამას სახსოვარი გამოუგზავნა... სვეტლანა სტალინმა, რომელიც პირველად ჩავიდა საქართველოში მას მერე, რაც საბჭოთა კავშირი სკანდალით დატოვა.

როგორც გასაჭირში მყოფ ყველა ქართველს, მამაჩემი სვეტლანასაც ესტუმრა პრისტონში, სადაც ის, თავისი მოგონებების გამოქვეყნების შემდეგ, თავს აფარებდა ქალიშვილთან ერთად, რათა გასცლოდა აბეზარ ჟურნალისტებს და ცნობისმოყვარე ადამიანების შეკითხვებს. იგი სასოწარკვეთილი იყო თავისი ახალი ცხოვრებით და სრული სიმარტოვით. ძალიან კარგად მახსოვს მამას სიტყვები:

მშობლების საქციელზე შვილმა არასოდეს უნდა აგოს პასუხი, მით უმეტეს ისეთი მამის გამო, როგორიც სტალინი იყოო; ის ჯვარი, რომელსაც მისი ქალიშვილი ატარებდა, საკმარისი იყო, რომ მისთვის შეცდომები ეპატიებინათ.

რა უცნაური დამთხვევაა, რომ მამამ სანატრელი საქართველოდან უკანასკნელი სახსოვარი სწორედ იმ ადამიანის ქალიშვილისგან მიიღო, ვინც ყველაფერ იმის სიმბოლოს წარმოადგენდა, რასაც მამაჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ებრძოდა.

***

ადამიანმა შეიძლება სხვებისგან განსხვავებული არჩევანი გააკეთოს, იქნებ არჩევანი მცდარიც აღმოჩნდეს, მაგრამ მთავარია, თვით ამ შეცდომებშიც კი ის გულწრფელი იყოს და სჯეროდეს თავისი სიტყვისა და საქმის.

***

ერთხელაც, აღმოსავლეთ ევროპაში მოგზაურობამ პირველად ჩამიყვანა საბჭოთა კავშირში. მახსოვს ძალზე მკაცრი კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროს უშველებელ შენობაში. სწორედ აქ ვისწავლე დიპლომატიის ის ოქროს წესი, რომელსაც დიდი ხელოვნებით იყენებდნენ რუსი დიპლომატები:

ოფიციალური მოლაპარაკებების დროს არასოდეს ილაპარაკონ მეორე მხარის ენაზე; დრო, რომელსაც თარჯიმანი ხარჯავს თარგმანზე, დიპლომატს, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს, მოფიქრებისთვის აუცილებელ პაუზას აძლევს.

***

ერთ დღეს ტელეფონმა დარეკა... ყურმილში ჩემი ქმრის ბიძაშვილის აღგზნებული და ბედნიერი ხმა გაისმა, რომელიც თბილისიდან რეკავდა, ის აშკარად ქეიფიდან დაბრუნებულიყო და შეზარხოშებული ჩანდა; არ მახსოვს, რომელ დღესასწაულს გვილოცავდა და გვპირდებოდა, რომ მალე შევხვდებოდით. მაგრამ სად, რას ამბობს? მისი არეული საუბარი ღვინოს დავაბრალეთ.

რამდენიმე დღის შემდეგ საშინელი ამბავი შევიტყვეთ. ამ ახალგაზრდამ და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, საბჭოეთის საპატიმროსთვის თავი დაეღწიათ - ერთ-ერთი მათი მეგობრის საქორწილო მოგზაურობის დროს შეეცადნენ, შიდა რეისის თვითმფრინავი იძულებით სტამბოლისაკენ წაეყვანათ, შემდეგ კი პარიზში ჩასულიყვნენ და ნათესავები, ანუ ჩვენ ვენახეთ, მაგრამ თვითმფრინავი უკან, თბილისში დააბრუნეს და აეროდრომზე დასვეს.

ზოგიერთი „პირატი“, მათ შორის ჩვენი 26 წლის ახალგაზრდა ბიძაშვილი, თვითმფრინავში, ადგილზევე დახოცეს, დანარჩენები დააპატიმრეს.

***

ჩვენი დიდი საგვარეულოდან, მხოლოდ ჩვენ ორნი ნიკო ნიკოლაძე (მამის მხრიდან ჩემი პაპა) და მე დავუბრუნდით წინაპრების მიწას, რათა მას ვემსახუროთ, თუნდაც სრულიად განსხვავებულ ვითარებაში - ის 1924 წელს ბრუნდება გასაბჭოებულ საქართველოში, რომელიც ჩაფლულია ტოტალიტარულ სიბნელეში, მე დავბრუნდი 2004 წელს დემოკრატიის იმედით გასხივოსნებულ ქვეყანაში, რომელიც ტყვეობისა და ქაოსის შემდეგ ხელახლა იბადებოდა.

[...]

შემიძლია წარმოვიდგინო, ნიკოს საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებამ რამდენი შეკითხვა და რა გაკვირვება გამოიწვია იმ დროს, როცა 1924 წლის აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს, ქვეყანას თავისუფლება დააკარგვინეს და დანარჩენ მსოფლიოს მოსწყვიტეს; რამდენმა ურჩია, ალბათ, სიფრთხილე გამოეჩინა... რაღაც მაგდაგვარი მეც მოვისმინე 80 წლის შემდეგ; ამ რჩევებმა ნაყოფი არ გამოიღო და გავლენა ვერ მოახდინა ჩემს გადაწყვეტილებაზე, ელჩის კომფორტული ადგილი მინისტრობაზე გამეცვალა. რა დროს სიფრთხილეა, როდესაც „ვარდების რევოლუცია“ ნამდვილ დამოუკიდებლობას და დემოკრატიის დამყარებას გვპირდებოდა... ყველაფერი პირიქით მოხდა.

***

2005 წლის მაისის იმ დღეს, როცა მოსკოვში ვაწარმოებდი მოლაპარაკებას რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე, (1918 წელს, თურქეთთან მოსალაპარაკებლად ამიერკავკასიის დელეგაციას ნიკო ნიკოლაძე და აკაკი ჩხენკელი მეთაურობდნენ) დელეგაციის ერთ-ერთი წევრის, ბათუმში წარმოთქმული სიტყვა ჩამესმა ყურში:

„ამ გადამწყვეტ წუთებში, როგორ არ უნდა გვახსოვდეს წარსული დროის ტანჯვა-წამება, ისინი, ვინც ცოცხლები აღარ არიან, უნდა ვიფიქრო მათზე, ვინც მომავალში მოვა; რამდენი თაობა ქმნიდა ქართველ ერს, ამაოდ რომ ეძებდა თავისუფალი განვითარების გზებს. აი, დამოუკიდებლობა მოგვდგომია კარზე, როგორ არ მივესალმოთ მას ენთუზიაზმით! ეს წუთი რომ გავუშვათ ხელიდან, რა პასუხი მივცეთ მათ, ვინც ჩვენ შემდეგ მოვა“.

***

ის, რითაც ნიკო ნიკოლაძე კიდევ მხიბლავს და ახლობელს ხდის ჩემთვის, არის მისი ორბუნებიანობა: მთლიანად ევროპელობა და სულით ხორცამდე ქართველობა.

***

ვიხსენებ ნიკოს მიერ ჩატარებულ მოლაპარაკებებს ბათუმიდან თურქეთის ჯარების გაყვანის შესახებ. არ შემიძლია ამაზე არ ვიფიქრო, როცა ვუყურებ, როგორ მზადდება 40 რუსული ტანკი, რომლითაც 2004 წლის ზაფხულში იწყება რუსული ბაზების გაყვანა საქართველოდან იმ ხელშეკრულებით, რომელსაც 30 მაისს მოვაწერე ხელი;

მაგონდება ერთი ამბავიც: ფოთის პორტის მერიაში მუშაობის დროს, მან ფოთი ევროპულ ქალაქად აქცია - ტაძრით, ურბანისტული დაგეგმარებით, კანალიზაციით და, რაც ყველაზე მთავარია, თანამედროვე პორტი ამოქმედდა. 20 წლის მუშაობის შემდეგ ის მერიიდან გააძევეს; უღირსი პროცესის დასასრულს ბრალდებაც წაუყენეს.

მე ორ წელზე ნაკლები მეყო, რომ იგივე გადამხდომოდა თავს. საამაყოა, თუკი ერთი საუკუნის შემდეგ ფოთში შეიძლება აღმოაჩინო ნიკო ნიკოლაძის ნამოღვაწარი; მეც ვიამაყებ, თუკი საგარეო საქმეთა სამინისტროს რომელიღაც განყოფილებაში ჩემი საქმიანობის ნაკვალევი დარჩება.

***

საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად ვინმე ედუარდ შევარდნაძე ინიშნება, რომელიც დანიშვნისთანავე ერთ-ერთი პირველი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში ჩამოდის. ეს მომღიმარი ქართველი მაშინვე ადვილად იპყრობს ამერიკელთა გულებს, მისი წინამორბედის, „ბატონი არას“, ანდრეი გრომიკოსგან განსხვავებით, რომელიც მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ისე წარმართავდა საბჭოთა დიპლომატიას, რომ არასდროს გაუღიმია.

ამერიკელ კოლეგასთან პირველი შეხვედრა მეტად ეფექტურია: შევარდნაძე მას დიდ ქართულ ხანჯალს ჩუქნის განიარაღების ნიშნად. მეტი არც არის საჭირო, რომ შულცს გული აუჩუყდეს და მთელ ამერიკას გაეცინოს.

მის ერთ-ერთ პირველ კონფერენციას დავესწარი და საბჭოთა მინისტრი რუსულად რომ ალაპარაკდა პარიზელი ქართველი ემიგრანტების გურული კილოთი, მეც გამეცინა.

ჩვენს კართან მოტანილი მთავარი გაზეთის პირველ გვერდზე მოთავსებულმა შევარდნაძის პორტრეტმა ჩაგვაფიქრა იმ გავლილ გზაზე, მამათიდან კრემლამდე და შეერთებული შტატების დედაქალაქამდე რომ მიიყვანა.

ამერიკული პუბლიკისგან განსხვავებით, რომლის გულიც მისი წინამორბედის, ანდრეი გრომიკოს სიმკაცრის საპირისპიროდ შევარდნაძის ღიმილიანმა გამოჩენამ დაიპყრო, ეს ღიმილი მე არ მატყუებს; ჩემთვის მედლის უკანა მხარე ცნობილია. საქართველოში მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული რეპრესიები პირველი „საქმოსნების“, დისიდენტების მიმართ და სულ ახლახან, მოსკოვში დანიშვნამდე, თვითმფრინავის გატაცებაში ბრალდებული ახალგაზრდების გულცივად დახვრეტა.

***

ვაშინგტონში შევხვდი პირველად ქართველ ფილოსოფოსს, მერაბ მამარდაშვილს, რომელიც შემთხვევით გავიცანი მის პატივსაცემად გამართულ სადილზე. წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თავისი უზადო ფრანგულით, ერუდიციით, იუმორის გრძნობით და თავისი ქვეყნისთვის თავდადებული ქართველი პატრიოტის ფიქრით, რომლებიც პირისპირ საუბრისას გამიზიარა. მას შემდეგ მას მხოლოდ ერთხელ შევხვდი პარიზში, სანამ მოსკოვის აეროპორტში მის უეცარ გარდაცვალებას შევიტყობდი.

***

პირველ წლებში, საფრანგეთში, ქართველი ემიგრანტების ცხოვრება როგორც მორალურად, ისე მატერიალურად რთული იყო, ნებისმიერ სამუშაოს უნდა დასთანხმებოდნენ - ქალები კერავდნენ, კაცები მაწონს ადედებდნენ ან მტვირთავებად მუშაობდნენ - თავი ხომ უნდა გადაერჩინათ.

ჩამოყოლილი მწირი დანაზოგი რამდენიმე კვირაში ხელებში შემოეფშვნათ.

ომის შემდეგ ცხოვრება ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ ომის დამთავრება იმასაც ნიშნავდა, რომ საბჭოთა წყობილების განმტკიცებისა და სტალინიზმის ტრიუმფის პირობებში, ემიგრაციის გადასახლებაში ყოფნა დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო. ყველაზე ასაკოვანთათვის, რომელთა შორის ჩემი ბებიებიც იყვნენ, ეს დაბრუნების შეუძლებლობის გაუმხელელ შიშსაც ნიშნავდა. შიში, რომელიც მათი მეუღლეების გარდაცვალების შემდეგ უფრო რეალური გახდა, რადგანაც ერთიც და მეორეც უცხოეთის მიწას მიაბარეს ლევილის ქართულ სასაფლაოზე, რომელსაც გამუდმებით ემატებოდა საფლავები ქართული წარწერებით.

***

ჩემი მეგობრის, ჟან ფელიქს პაგანონის ბრძნული დარიგება ძლიერ გამომადგა: „მოლაპარაკებების დროს, რაც გინდა, გააკეთე, ყველაფერი ნებადართულია; ერთ რამეს უფრთხილდი მხოლოდ, არასოდეს დაამცირო სხვა; ის ამას არასოდეს გაპატიებს და გამუდმებით ეცდება, სამაგიერო გადაგიხადოს.“

მე ერთგულად მივდევ ამ პრინციპს და არასდროს მავიწყდება, რომ წილად მხვდა მოლაპარაკებების წარმოების უმთავრესი და უდიდესი დაუწერელი კანონის გაზიარება.

***

დამთხვევაა ეს, თუ არა? 1918-21 წლებში დამოუკიდებლობის ბედი რუსული სამხედრო ძალების შემოსვლამ გადაწყვიტა, რომელთა საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანას მომავალში მე შევეცდები, როგორც მინისტრი. 
სწორედ ამ წითელმა არმია, რომელმაც 1921 წელს მოიკიდა ფეხი თბილისში უთანასწორო ბრძოლის შედეგად თბილისის მეზობლად მდებარე გორაკებზე, აიძულა ჩემი წინაპრები და მამაჩემი უკანასკნელ მატარებელს გაჰყოლოდნენ ბათუმამდე. შემდეგ კი გემით საზღვარგარეთ წასულიყვნენ.

***

კონსტანტინოპოლში გატარებული სამი წლის შემდეგ ქართველ ემიგრანტებს თურქეთში ისე კარგად აღარ იღებდნენ. ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობათა ნორმალიზების შემდეგ ქართველებს შესთავაზეს, სხვა თავშესაფარი მოეძებნათ. საფრანგეთი ის აღთქმული მიწა აღმოჩნდა, რომელიც მათ შეიკედლებდა.

საფრანგეთმა მხოლოდ ნაწილობრივ ცნო საბჭოთა კავშირი. აღიარების აქტში სსრკ-ის ჯერ კიდევ სადავო ტერიტორიები, ანუ საქართველო არ იყო ნახსენები. მართლაც, 1921 წელს, ანექსიის შემდეგ, იქ აჯანყება აჯანყებაზე ხდებოდა 1922, 1923, 1924 წლებში მაშინდელი საფრანგეთი შეუზღუდავად იძლეოდა თავშესაფარს და აღიარებდა საქართველოს დიპლომატიურ მისიას, რამაც განაპირობა მთელი ქართული ემიგრაციის პარიზში თავმოყრა - ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ახალი, უკანასკნელი ეტაპი დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლის გზაზე.

***

მშვიდობიანი, ხავერდოვანი მოდელი შთაგონებული რევოლუცია ყველა დემოკრატიული იყო, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის მაღალი საფეხური ხელისუფლების საარჩევნო გზით ცვლილებას ითვალისწინებს.

მაგრამ შეცდომას ის არის, თუ როგორ მოეპყრნენ შევარდნაძეს, როგორ არ მოსთხოვეს პასუხი ოცდაათწლიანი დანაშაულისთვის, რაც მან ადამიანების და სახელმწიფოს წინაშე ჩაიდინა; ესეც დემოკრატიის შელახვაა. დასჯასა და თავების მოჭრაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ დემოკრატია არ შეიძლება სიცრუეზე იყოს აგებული. ახალი სახელმწიფოს მშენებლობა მოითხოვს ისტორიის გააზრებას, სიმართლის თქმას, შეცდომების მხილებას, რომ გამოასწორო, გააუმჯობესო, შეარბილო.

ეს ახსნა, რომელსაც ადგილი არ ჰქონია, ის, რომ ნათლად არ იქნა წარმოჩენილი წინა რეჟიმსი ბუნება, არ მოხდა ჩადენილი დანაშულებისას არავითარი მონანიება, დღესაც ტვირთად აწევს ამ ახალგაზრდა დემოკრატიას და მათ, ვინც ხელისუფლებაში მოვიდა. თუ არ ვიცი, რა შევცოდე, როგორ გამოვასწორო, მომავალში თავიდან როგორ ავიცილო?

დღეს მე დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლის თქმა, ტოტალიტარული და ნეოტოტალიტარული სისტემის, მისი ფუნქციონირების და დაშლის დაწვრილებითი ანალიზი აუცილებელია, რათა ახალი ნაბიჯები გადაგა. ისინი, ვინც ნიურნბერგის პროცესი მოაწყო, ამაში არ შემცდარან. ლაპარაკია არა რევანშზე, არა დასჯაზე, არამედ ჭეშმარიტების დადგენასა და ტყუილისათვის ფარდის ახდაზე - რომ სრულიად გავთავისუფლდეთ ტოტალიტარული მარწუხებისგან და ნათელი გონებით შევხედოთ სინამდვილეს.

როგორც ადამიანების, ისე სახელმწიფოს ცხოვრებაში დუმილი, მსჯელობასა და განსჯაზე უთქმელობა არის ის, რაც მას უთუოდ ყველაზე მეტად ანგრევს; ვერაგ, ფარულ დაავადებასავით შიგნიდან ღრღნის, შემდეგ კი ალპობს...

***

შესაძლოა ჩემი ინტონაცია უჩვეულო იყო ქართული ენისთვის და მე ქართულად სხვანაირ კილოზე ვლაპარაკობდი, უცნაური გამონათქვამებით, რომლებიც ხშირად ღიმილს გგვრის, მაგრამ ამავე დროს მე უფრო მეტად ვარ ქართველი, ვიდრე ისინი, ვისაც კომუნისტურმა სისტემამ კულტურა და ეროვნება დააკარგვინა.

***

საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ შესაძლებელია ოთხმოცწლიანი ტოტალიტარიზმის შემდეგ თავი დააღწიო მას, არა უვნებელმა, მაგრამ მაინც შეძლო.

რომ ეს აღარ განმეორდეს.

რომ ღრმა ძირები საბოლოოდ ამოიძირკვოს.

რომ ხვალ, ვინც უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში, როგორიც უნდა იყოს პოლიტიკური არჩევანი, საქართველო საქართველოდ დარჩეს.

***

ხვალ ახალი დღე გათენდება, ახალი ბრძოლა, ახალი მოვალეობები მელოდება.

ამიერიდან ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა უნდა ავიღო საკუთარ თავზე. ისე, როგორც არასდროს. პოლიტიკურ ბრძოლაში უნდა ჩავება, რაც არასოდეს მიზიდავდა, რაშიც არასდროს მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ რაც გარდაუვალი მგონია.

საჭიროა მოძრაობა, ხვალ უკვე პარტიის შექმნა. მერია, არჩევნები...

გზა გრძელია და რთული.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში