აკა მორჩილაძე - მორიდებული ზურმუხტი

აკა მორჩილაძის ამ რომანში თბილისს ფოთი ჰქვია, ფოთს კი – თბილისი. იმპერატორის საგანგებო ბრძანებით გადაურქმევიათ სახელები ქალაქებისთვის და ამაში მეტად ჩახლართული აზრი ჩაუდიათ. რომანშიც ყველაფერი ასეა ჩახლართული. გასაოცარი ამბავი დიდი ამბოხებისა, რომელიც თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს – თბილისსაც, ფოთსაც, ქუთაისსაც და დაუსახლებელ ტყეებსაც, ერთი მხრივ, სრულიად დაუჯერებელია, თუმცა, იმდენად დამაჯერებლადაა მოთხრობილი, რომ მის ნამდვილობაში მკითხველს ეჭვი ერთი წამითაც არ ეპარება. 

წიგნს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, მის პერსონაჟებს არ იცნობს საქართველოს ისტორია, თუმცა კითხვისას მყარია შთაბეჭდილება – „ისტორიულ რომანს ვკითხულობ“. ასევე მყარია შთაბეჭდილება – „ეს პასაჟი მეცნობა“. საიდან? ამის გაგებაში მკითხველს ბოლო გვერდზე მოცემული „გამოყენებული ლიტერატურა“ დაეხმარება. „მორიდებული ზურმუხტი“ უამრავ ალუზიას შეიცავს ამ ბევრი დიდი და კარგი წიგნიდან.

***

განა რა სჯობიან ტფილისს გაზაფხულზე, როცა იქ ატმის და ალუბლის ყვავილები გეხლება თვალებში და სურნელიანი ტოტები ცხვირპირსაც გიჩხაპნის ხოლმე ვიწრო ქუჩაზე?! ანდა რა სჯობიან შემოდგომის ჩატკბილულ დღეებს, როცა უხილავი მზე ასე გემრიელად შემოეხვევა საღამოს აივანზე ჩამომჯდარ კაცს?!

***

ცხრა წელიწადი გასულიყო, რაც საგანგებო ბრძანებით გადაერქმია სახელები ქალაქებისთვის იმპერატორს და ამაში დახლართული აზრი ჩაეტანებინა. ფოთისთვის მას თბილისი დაერქმია და თბილისისთვის კი ფოთი. მიზეზი ამისა იყო მრავალმარყუჟიანი და მახვილგონიერი.

ძველი წიგნების კითხვისას იმპერატორს აღმოეჩინა თავისი დიდპაპის, მეფის ირაკლის და რუსთა იმპერატორის, ეკატერინას მიმოწერა, იმას თანდართულ ძველ ქაღალდებში კი ეკატერინას თხოვნა რომელიღაც თავისი მდივანბეგისადმი, იბერთა მეფე ერეკლეს წერილი უნდა მივწერო და ერთი კარგად გამარკვიეთ, იმის სატახტო ქალაქი თბილისი შავი ზღვის პირას მდებარეობს თუ კასპიისაო. ამ შეკითხვაზედ ქართველს ყოველთვის გაეცინებოდა, რახან თქმულია, რომ თბილისი ორ ზღვას შუა ადგილზე ძევს, მაგრამ იმპერატორი კი ამ წანაკითხმა დიდ ხალისობაზე მოიყვანა.

რახან ფოთი უპირველესი ნავსადგურია ქვეყნისა და იმავ დროს კი უძველესი ფაზისი ელინთაგან ტორდაკრული და თან ყოველი უცხოელი ჯერ აქ შემოდის, რატომ არ უნდა ეგონოს იმას, რომ შემოდის დედაქალაქში, რომლის შესახებაც ბევრად მეტი წაუკითხავს აქ ჩამოსვლამდე, ვიდრე საკუთრივ ფოთის თაობაზეო. ხოლო თბილისს კი დავარქვათ ფოთი, რითაც ჩვენს ძველ ისტორიას და დიდ არგონავტიკას მივანიშნებთ მოსულებსო.

ეს კვიმატი აზრი იყო, რახან ბევრს არაფერს ცვლიდა საქვეყნო ამბავში და დასაბუთებაც აკლდა. საქვეყნო სარგებელი რა ჰქონდა, გარდა ძველ თბილისელთა, აწ ფოთელთა გულში შავის ბალღამის კიდევ ერთჯერ ჩაწვეთებისა, ძნელი სათქმელია და ასე გასინჯეთ, რომ იმპერატორმა რუკებიც კი დაუკვეთა ამ ცვლილებებითა და შესაბამისი კანონიც გამოსცა დილეგის მუქარით, თუკი ვინმე, სახალხოდ, ძველებურად მოიხსენიებდა ამ ქალაქებს.

არსი ამ ამბისა კი ის ნამდვილად არ იყო, რაც სახალხოდ გამოაცხადეს. არსი იყო, რომ თბილელთა ფრონდიორობისთვის ერთი კარგა წამოერტყა თავში და დაენახვებინა, რასაც მინდა, იმას გიზამთ, გინდა ზღვისპირ დაგსვამთ, გინდა უდაბნოდ გაქცევთო.

ამაზე მაშინ ამბავიც კი იყო ატეხილი, მაგრამ მერე მიკნავლებულიყო, როგორც ყოველი.

ჰოდა, შემორჩა.

საქართველოს დედაქალაქი არის ფოთიო, თბილისი კი არის ნავსადგურიო.

სკოლის წიგნებშიც ასე ჩააწერინა.

***

სწორედ შემთხვევითობაა, რომ მოსპობს ხოლმე საქმეს.

***

ცნობილია, რომ აბანოში ბევრი ყურია და ყველა ყურს კი სხვადასხვაგვარად ესმის.

***

ოპერა კიდევ სავალდებულო იყო, როგორც საიმპერატორო, და განთქმული იყო მაღალი ჰონორარით, რახან თავად იმპერატორი იყო მოყვარე იმისა, რომ ოპერა ყოფილიყო ოპერული.

ამისთვის ააგეს მშვენიერი შენობა ავანაანთ ხევში და კარგი მისასვლელი გზები და სანიაღვრე არხებიც მოუწყვეს, რათა წვიმას ნელ-ნელა არ გამოეცალა მისთვის ფეხქვეშიდან ავანაანთ ხევის ორგული მიწა. ამაზეც იყო ხოლმე სახუმარო, სხვა რომელი ქალაქია, რომ ოპერა ხევში ედგასო, მაგრამ თუ დაინახავდი ხევში ჩამალულ შენობას, კარგი ნაგები იყო და ცოტათი კი ჰგავდა რაღაც ამოუცნობ ჩიტს და არა მაინცდამაინც სამუსიკო სახლს, როგორზეც თვალი მიუჩვევია ადამიანს.

დანახვა კი ძნელი იყო, მაგრამ შიგნიდან მთელი საოპერო დიდებულებით წარმოდგებოდა.

***

ლეგენდა ტყუილად არ იბადება.

***

დედაქალაქი ფოთი კი კოკისპირული წვიმისა და ერთგვარად ჩახუთულობის ჩვეულ მონაცვლეობაში მისდევდა ცხოვრებას. იმჟამად ფოთი მდებარეობდა მღვრიე და განიერ მდინარის ორ ნაპირზე და იყო შეფენილი გორაკებს და თავდაღმართებს. უცხოელები მას ხუმრობით უწოდებდნენ ხანდისხანა ვენეციას, რახან გაბმული, დაუნანებელი წვიმები ღელეებად გადააქცევდა ხოლმე ძველი ქალაქის ქუჩებს და ნაკადულები მოსჩქეფდნენ იმის ყოველი შესაძლო გამოსასვლელიდან და სახელდახელო კალაპოტებით მიაქანებდნენ ნამდვილი მდინარისკენ თახჩებს, ზანდუკებსა და საწოლებს, და რას აღარ, ჯამ-ჭურჭელი რომ აღარ მივათვალოთ.

ამიტომაც, ძველი ქალაქი ფოთისა, სადაც გამოსვლოდათ, ბოძებზე შემოეყენებინათ, რათა სახლს ქვეშ იოლად ევლო მოსალოდნელ მოვარდნილ წყალს. ადამიანები კი დიდ წვიმიანობატა დროს იმ ბოძებზე შემომდგარ აივნებზე გადმომდგარიყვნენ და წყლის დინებისთვის თვალის დევნებით ერთობოდნენ, აბა, თუ რამე საიდან წამოიღო წყალმაო.

ეს გასართობი უკვე კარგა ხნისა იყო და თუკი სხვა ქალაქებში წვიმა მოწყენილობის, შინ შეკეტვის, ბუხართან ოხვრის ანდა რაიმე ჭერქვეშა გასართობის ძებნის ამბავი გახლდათ, ფოთში სულ პირიქით, იმნაირი გასართობი, როგორიც კოკისპირული წვიმაა, ძნელად მოიძებნებოდა.

იყო ერთი გადაძახილი და ამბავი, კამათი და ნაძლევებიც კი, თუ რომელი ავეჯეული ან ნივთი რომელი ზემო უბნიდან მოაქვს წყალსო.

გაზაფხულის აივნობა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ წვიმებს მოდევნებული ჩახუთულობა აივანზევე უფრო იოლი გადასატანი იყო.

ფოთში აივნებზე გადმოფენილიყვნენ არა მხოლოდ ჭორიკანა ქალები, არამედ იმნაირი პატივსაცემი იერის ძიაკაცნიც კი, შორით მხედავი რომ იფიქრებ, ნეტავ ამასთან ერთად ღვინო დილამდე მალევინა და იმის ჭაღარა ქილვაშის სიწმინდე შვილობლურად დამაკოცნინაო. ამგვარნიც კი ჭოგრიტობდნენ თავიანთ აივნებიდან ისეთი მახვილი მზერით, რომ იმათ თვალის წვდომაზე დამალული ბევრი არაფერი იყო და ყველამ ყოველისა ყველაფერი იცოდა, თუ ვინმე მეტად ჭკვიანი არ გამოერეოდა და თვის ამბების დამალვას საგანგებოდ არა სცდილობდა.

***

ფოთელებს ჰქონდათ ერთი ჩვევა, რომ რაც კი რამ ამბავს შეიტყობდნენ მათ ქალაქს გარეთ მომხდარს, აუცილებლად პირველს იკითხავდნენ, ემაგ ამბავში ჩვენი ქალაქისა რა დიდება სთქვესო.

ასე იყო, თუნდაც ამბავი ავტომობილებს ან სხვა ასეთ ჭახრაკიან და ხმაურიან სიახლეთა გამო ყოფილიყო მოთხრობილი და მათ საამპარტავნო დედაქალაქთან საერთო არა ჰქონებოდა.

***

რახანღა საქართველო იყო პატარა ქვეყანა და იქ ყოველივეს ხმამაღლად თქმა არათუ მოსარიდებელი, არამედ აკრძალული და შეუძლებელიც გამოსულიყო, ადამიანები გაზეთის განცხადებების გვერდებს მოიხმარდნენ იმისთვისაც, რის ხმამაღლა გამოცხადებაც იმათ ყოფას და არსებას დააზიანებდა. ეს შეეხებოდა ცხოვრების ყოველ კუთხეს.

***

რომელ მეზღვაურს აინტერესებს ქალაქი ორას ნაბიჯზე უფრო შეღრმავებით? იმას ნაპირზევე უნდა სათრობის პოვნა და ღლაბუცი, მერე კი გალეშვა და ქალზედ გმინვა. ასე ყოფილა უხსოვარ დროთაგან.

***

კაცს დეემართება ქალი და მიდის იმ დამართებულზე და მიდის და მიდის და მიდის და მერე მოთავდებდა ხოლმე.

სერაპიონს პირველად დაემართა და ვერც მოუთავდა, მეტი იმაზეც: ის გადაეზარდა მიჯნურობის დარგში და ასევე თამროსაც გადმოეზარდა მიჯნურობის დარგში და არც კი შეჭამდა თურმე სერაპიონის მოტანილ კანფეტებს, არამედ მუჭავდა ხელში, ვითარცა ავგაროზს, როცა კი სხვა მუშტართან უწევდა მიხუტება.

***

უცხოობაში ქართველს იმის ბორკილი არ გვაქვს, ვინ გვიყურებს.

***

როგორც სთქვა ფლობერმა, ბედნიერი რომ იყო, უნდა იყო სულელი, მხოლოდ შენსაზე მაფიქრალი და მდიდარი, და თუ ამ სამს სისულელე გამოაკლდება, ბედნიერი ვეღარ იქნებიო.

***

... ალბათ უფრო დარიჩინსა და უცხო სუნელს ურევდა სიტყვაში, დანიბეგი კი უფრო პილპილის მთქმელი გახლდათ.

***

ვინ გამოფენს ეკლესიის კედელში ჩამოტეხილიან ჩუქურთმას? ის კი იქნება ლამაზი, მაგრამ, აი, ჩამოსტეხიათო. და ის ჩამოტეხილი კი ერთზე არ გაჩერდება, მერე კიდევ გაიქცევა ხელი და რომც არ გაიქცეს, ის ჩამონატეხი უეჭველ ბზარს მისცემს ქვას და ბზარს კი სიგრძეზე და სიგანეზე სვლა უყვარს.

[...]

ის, რასაც სიყვარულად ხედავს, იმ პირველ ჩამოტეხვამდე გრძელდება, მაგრამ მერეც კი ჩუქურთმა არის ლამაზი და დიდხანს შენი, ოღონდ იმას უკეთესს ვეღარაფრით გახდი.

***

ყოველ კაცს ხომ აქვს ფასი ვერცხლად, გინდაც არასდროს გაეგონოს და ეფიქროს ამის შესახებ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში