კლოდ ფრედერიკ ბასტია - კანონი - ის, რაც ჩანს და ის, რაც არ ჩანს

„სახელმწიფო დიადი ფიქციაა, რომლის საშუალებითაც ყველა სხვის ხარჯზე ცხოვრებას ცდილობს“...

***

ქართველმა მკითხველმა კლოდ ფრედერიკ ბასტია პირველად 1863 წელს, ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამომავალ ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ მე-8 ნომერში გამოქვეყნებული ნაწყვეტით გაიცნო. 

„არის ერთი პატარა წიგნი, დაწერილი გამოჩენილი ფრანციის ეკონომისა ბასტიასაგან: ეკონომიკური სოფიზმები. თუმცა მთელი წიგნი ფრიად საგანგებო რამ არის და სასარგებლოცაა როგორც ყველასათვის, ისე ჩვენთვისაც, მაგრამ მე იქიდამ ამოვიღე მარტო ერთი ნაწილი - „მცარცველობის ფიზიოლოგია“, რომელიც უფრო მეტად მოედგმის ჩვენს ცხოვრებას და რომელმაც იქნება გვიშველოს, ზოგიერთი რამე გავიგოთ და ამით ჩვენთვის უნაყოფო არ იქმნეს“, - ვკითხულობთ აღნიშნული ნაწყვეტის განმარტებაში.

***

სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება იმიტომ კი არ არსებობს, რომ ხალხმა კანონები შექმნა, არამედ, პირიქით, სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების არსებობამ განაპირობა, რომ ხალხმა კანონები წამოსწია წინ.

***

არაფერი არ უქადის საზოგადოებას უფრო დიდ ბოროტებას და ცვლილებებს, ვიდრე კანონის ძარცვის იარაღად გადაქცევა.

***

ადამიანს სიცოცხლე, ნიჭი და წარმოება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თვითმყოფადობა, თავისუფლება და საკუთრება ქმნის. მიუხედავად პოლიტიკური ლიდერების მოხერხებული ეშმაკობისა, ღვთისგან ბოძებული ეს სამი საჩუქარი საზოგადოებაში მიღებულ ნებისმიერ კანონმდებლობას უსწრებს და მასზე მაღლა დგას.

სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება იმიტომ კი არ არსებობს, რომ ადამიანებმა კანონები შექმნეს. არამედ პირიქით, სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების არსებობამ განაპირობა ის, რომ ადამიანებმა კანონები წამოსწიეს წინ.

***

სამწუხაროდ, კანონი სულაც არ იფარგლება მისთვის შესაფერისი ფუნქციებით, ხოლო ამ ჩარჩოდან გამოსვლის შემდეგ, კანონი არა მარტო არათანმიმდევრული და სადავო გახდა, არამედ უფრო მეტიც, - იგი თავის ძირითად დანიშნულებას დაუპირისპირდა. კანონი მისივე მიზნის გასანადგურებელ იარაღად იქცა: იმ სამართლიანობის გასათელად, რომელიც მას უნდა შეენარჩუნებინა და იმ უფლებათა შესაზღუდად, რომლებიც მას უნდა დაეცვა.

კანონის მეშვეობით კოლექტიური ძალაუფლება უსინდისო ადამიანთა ხელში აღმოჩნდა, რომლებსაც სხვათა თვითმყოფადობის, თავისუფლებისა და საკუთრების ექსპლუატაცია სურთ. მან ძარცვა თვით ამ ძარცვის დაცვის მიზნით დააკანონა, ხოლო სამართლიანობის დაცვა დანაშაულად გამოაცხადა მისი აღკვეთის მიზნით.

***

თვითგადარჩენა და თვითგანვითარება ადამიანისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი მისწრაფებებია. თუ ყველას ექნებოდა შესაძლებლობა, შეუზღუდავად გამოეყენებინა თავიანთი უფლებები და შრომის ნაყოფი, მაშინ სოციალური პროგრესი უწყვეტი, შეუქცევადი და უნაკლო იქნებოდა.

მაგრამ ადამიანს კიდევ ერთი მიდრეკილება ახასიათებს. როცა კი ეს შესაძლებელია, სხვების ხარჯზე ცხოვრებასა და განცხრომას ცდილობს. ეს არც წინდაუხედავი ბრალდებაა და არც პირქუში და მზაკვრული სულის ნაყოფი. ამას კაცობრიობის ისტორია - მუდმივი ომები, მასობრივი მიგრაცია, რელიგიური დევნა, საყოველთაო მონობა, უპატიოსნო ვაჭრობა და მონოპოლიები ადასტურებს. ეს დამღუპველი სურვილი ადამიანის ბუნებიდან მომდინარეობს; იმ პირველყოფილი, საყოველთაო და უდრეკი ინსტინქტიდან, რომელიც ადამიანებს აიძულებს, თავიანთი მოთხოვნილებები ნაკლები ძალისხმევით დაიკმაყოფილონ.

***

იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის ბუნება დასაბამიდან მიისწრაფვის გვერდი აუაროს ტანჯვას, ხოლო შრომა კი ტანჯვაა, ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს ძარცვას, როდესაც ეს შრომაზე იოლია.

ისტორიაში მსგავსი მაგალითები მრავლადაა. ამ პირობებში მისი შეჩერება არც რელიგიას შეუძლია და არც მორალს.

როდის წყდება ძარცვა? ეს მაშინ ხდება, როცა იგი შრომაზე უფრო რთული ხდება. ამ შემთხვევაში ნათელია, რომ კანონის მთავარი მიზანი ქურდობის წინააღმდეგ კოლექტიური ძალისხმევის გამოყენებაა. კანონი მოწოდებულია, საკუთრება ყველა შესაძლებელი გზით დაიცვას, ხოლო ძარცვა დასაჯოს.

***

ბუნებრივია, ადამიანები იმ უსამართლობის წინააღმდეგ ილაშქრებენ, რომლის მსხვერპლნიც ხდებიან. შესაბამისად, როცა ძარცვა კანონმდებლობის სასარგებლოდაა ორგანიზებული, ყველა დაზარალებული ჯგუფი მშვიდობიანი თუ რევოლუციური გზით, კანონის შექმნაში მონაწილეობის მიღებას ცდილობს.

დაზარალებული ჯგუფები, მათი განათლების დონის შესაბამისად, პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად ორ, რადიკალურად განსხვავებულ მიზანს ისახავენ: ისინი ან დაკანონებული ძარცვის შეჩერებას, ან მასში მონაწილეობის მიღებას ცდილობენ.

უბედურება ეწვევა იმ ერს, როცა დაკანონებული ძარცვის მსხვერპლთა უმრავლესობის მიზანი ეს უკანასკნელი გახდება და ხალხი თავად დაეუფლება ძალაუფლებას, რათა შექმნას კანონები.

[...]

როგორც კი გაძარცული კლასი პოლიტიკურ ძალაუფლებას მოიპოვებს, იგი სხვა კლასების საწინააღმდეგოდ მიმართული რეპრესიების სისტემას ქმნის. იგი სულაც არ იბრძვის დაკანონებული ძარცვის წინააღმდეგ (რაც განათლების უფრო მაღალ დონეს მოითხოვს, არამედ, პირიქით, თავის წინამორბედს სწორედ ძარცვაში ეჯიბრება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მის ინტერესებში არ შედის.

***

საზოგადოებას კანონების პატივისცემის გარეშე არსებობა არ შეუძლია. კანონების პატივისცემის მიღწევის ყველაზე სანდო გზა მათ პატივსაცემი ფორმით ჩამოყალიბებაა. როცა კანონი და მორალი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მოქალაქეები მძიმე არჩევანის წინაშე დგანან: მათ ან მორალი უნდა უარყონ, ან კანონების პატივისცემა. ეს ორი ბოროტება თავისი შედეგებით მსგავსია და შესაბამისად, ადამიანს არჩევანის გაკეთება გაუჭირდებოდა.

***

ადამიანის გონებაში კანონისა და სამართლიანობის არსი ერთი და იგივეა. ყველა ჩვენგანს აქვს მიდრეკილება ირწმუნოს, რომ ის, რაც კანონიერია, ასევე სამართლიანია. ამის რწმენა იმდენად გავრცელებულია, რომ ბევრი ზოგჯერ შეცდომით სამართლიანად მიიჩნევს უსამართლობასაც, რადგან ის კანონითაა განსაზღვრული.

***

მონობას, უკანონო შეზღუდვებსა და მონოპოლიას დამცველები ჰყავს არა მარტო მათ შორის, ვინც მათი საშუალებით ხეირობს, არამედ მის მსხვერპლთა შორისაც.

***

სანამ საზოგადოების წევრები ეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ კანონის ჭეშმარიტი მიზნებიდან აცდენა შეიძლება, რომ კანონს საკუთრების დაცვის ნაცვლად მასზე ძალადობა შეუძლია, მაშინ ყველას გაუჩნდება სურვილი მონაწილეობა მიიღოს კანონის შექმნაში, რათა ან თავი ძარცვისგან დაიცვას, ან კანონი ძარცვისთვის გამოიყენოს.

***

კანონი - ეს ორგანიზებული სამართლიანობაა.

***

როგორც ერთხელ ერთმა ჩემმა მეგობარმა შენიშნა, კანონში ჩადებული შემზღუდველი შინაარსი იმდენად მართალია, რომ მტკიცება, თითქოს კანონის დანიშნულება სამართლიანობის ბატონობის უზრუნველყოფაა, არ არის სწორი. უნდა ვამტკიცოთ, რომ კანონის დანიშნულება უსამართლობის გაბატონების დაუშვებლობაა.

***

როცა კანონი თავისი შეუცვლელი აგენტის - ძალის გამოყენებით ადამიანებს უდგენს შრომის რეგულირების ნორმებს, განათლების მეთოდს ან თემას, რელიგიურ მრწამსს ან შეხედულებას, მაშინ კანონს უკვე აღარ აქვს აკრძალვითი ხასიათი; ის მიუთითებს თუ როგორ უნდა იმოქმედოს ადამიანმა.

კანონმდებელთა სურვილები და ინიციატივები ანაცვლებს მათ სურვილებს და ინიციატივას. როცა ეს მოხდება, ადამიანებს აღარა აქვთ კამათის, შედარების, დაგეგმვის საჭიროება. მათ ნაცვლად ამას კანონი აკეთებს. ინტელექტი ადამიანებისთვის უსარგებლო ხდება, ისინი ნელ-ნელა შორდებიან ადამიანობას, კარგავენ თვითმყოფადობას, თავისუფლებას, საკუთრებას.

ფრანგულიდან თარგმნა - თეონა ოძელაშვილმა
გამომცემლობა „აზრი“, 2015 წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში