ბორის ვიანი - დეზერტირი

ჩემო პრეზიდენტო,
წვრილად მოგწერთ ფიქრებს.
თუ დრო გექნათ, იქნებ
წაკითხვაც კი შეძლოთ.
დღეს გადმომცეს, მარშით,
მე უწყება ხელში –
რამდენიმე დღეში
მიბარებენ ჯარში.

ჩემო პრეზიდენტო,
მე ომში არ წავალ!
ხალხის მოსაკლავად
არ მოვსულვარ ქვეყნად!
ნუ გამიბრაზდებით,
მაგრამ უნდა გითხრათ
ჩემი ბოლო სიტყვა –
დეზერტირი ვხდები.


ჩემთვის, ომის წლები
გადაიქცა დრამად:
დამეღუპა მამა,
დამეკარგნენ ძმები.
საცოდავი დედაც
მოინელა დარდმა,
ბნელ სამარის გარდა
ვეღარაფერს ხედავს.

ტყვეს, დამატყდა სრული
უბედობის ცელი –
ამაწაპნეს ცოლი,
გამიძარცვეს სული…
ხვალ, რომ ირიჟრაჟებს,
რაღა დაგიმალოთ,
წარსულს სამუდამოდ
მივუხურავ კარებს.

გადავივლი მთა-ბარს,
ვიწანწალებ ობლად
ქალაქად თუ სოფლად
და ხალხს ვეტყვი ამას:
"კვერის დაკვრას მორჩით,
გონს მოეგეთ დროზე,
უარი თქვით ომზე,
არ წახვიდეთ ომში!"

თუ აანთეთ დენთი,
თუ სისხლს ითხოვს დავა,
მაშ, დაღვარეთ თავად,
ჩემო პრეზიდენტო!
მდევარს გადაეცით,
თუ ჩემამდე მოვა –
უიარაღოდ ვარ,
დე, გამიხსნას ცეცხლი.


თარგმანი ფრანგულიდან - ბაჩანა ჩაბრაძე

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში