დათო ქარდავა - მტაცებლები ურბანულ გარემოში |

„მტაცებლები ურბანულ გარემოში“ დათო ქარდავას მორიგი წიგნია. ის, რაც თავიდან ბოლომდე განსჭვალავს ამ წიგნს – ესეებისა და სტატიების კრებულს – არის ტკივილი, გულწრფელობა და სითამამე: ტკივილი, რომელსაც იწვევენ უაზროდ განადგურებული, თუ აქა-იქ კენტად დარჩენილი, ძველი შენობა-ნაგებობები, ახალი, ყოვლად შეუსაბამო მშენებლობები, თბილისის წარსულისა და ლანდშაფტისადმი უდიერი დამოკიდებულება, მწვანე საფარის განადგურება... ამ წიგნში მკითხველი ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენს და არა მხოლოდ უშუალოდ თბილისთან დაკავშირებულს.
***

მკვიდრად ნაგებმა მეტეხის ხიდმა კარგად გაუძლო მტკვრისა და დროის დინებას და დღესაც ისეთივე დგას, როგორიც შორეულ 1951 წლის 1 მაისს, როცა საიზეიმო ვითარებაში გაიხსნა, მაგრამ ძველი ალბომის მთელი ხიბლიც ის არის, რომ ძველ ფოტოზე გამოსახული ნაგებობა, რაღაც იდუმალებით, განსხვავდება იმისგან, რაც ახლა მეტეხის ეკლესიასთან მტკვრის ორ ნაპირს ერთმანეთთან აკავშირებს. 

გახსნისას მეტეხის ხიდს ოთხი 11-მეტრიანი ლამპიონი (მაღალი პირამიდის ფორმის სვეტი) ამშვენებდა. მეტიც, ეს ლამპიონები თავის ადგილზე იდგა 1962 წელსაც, როცა რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ მხატვრული ფილმი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” გადაიღო. მეტეხის ხიდის ლამპიონები კადრში ჩანს ორჯერ: ერთხელ, როცა ილარიონმა ჩააკითხა ზურიკელას თბილისში (ილარიონის გამოჩენამდე კამერა აღმა მიუყვება მტკვარს და მეტეხის ხიდის ქვეშაც გადის), მეორედ კი ღამით, როცა ზურიკელა ცირასთან ერთად ღამის თბილისში სეირნობს. ერთი სიტყვით, ეს ლამპიონები კარგა ხანი იდგა ხიდის თავსა და ბოლოში, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აიღეს.

რატომ? იქნებ იმიტომ, რომ გორგასლის ძეგლის დადგმის (1966 წ.) შემდეგ შპილებმა ცხენის ფლოქვებს უწიეს? როგორც უნდა ყოფილიყო, ლამპიონების მოშლა მტკივნეულად განიცადა ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა პირველმა მდივანმა და მტკვრის სანაპიროს რეკონსტრუქციის ერთ-ერთმა ავტორმა კანდიდ ჩარკვიანმა, რომელსაც 2004 წელს გამოცემულ მოგონებების წიგნში „განცდილი და ნააზრევი” ჩაუწერია:

„... ხიდის ორივე ფასადი შემოსილია სუფთად გათლილი ბაზალტის ქვით, რაც ფერით ეხამება მტკვრის ამ უბანზე გადმომზირალ კლდეებს. არ შემიძლია გულისტკენა არ გამოვთქვა ამ ხიდის ერთ-ერთი თვალში საცემი სამკაულის გამო. ხიდზე დაყენებული იყო ბოლნისის ტუფით მოპირკეთებული ოთხი თერთმეტმეტრიანი ლამპიონი მხატვრულად შესრულებელი ლითონის სანათურებით. როგორც ჩანს, შემდგომში ვიღაცას ისინი არ მოსწონებია და დაუნგრევიათ. ვფიქრობ, საარქიტექტორო სამმართველოს მეტი პატივისცემა უნდა გამოეჩინა სხვა დროის სპეციალისტთა ნააზრევისა და ნახელავისადმი...”

უცნაურია კანდიდ ჩარკვიანის წუხილი ლამპიონების მოშლის გამო. საქმე ის არის, რომ სწორედ კანდიდ ჩარკვიანის სახელსა და მეტეხის ხიდის მშენებლობას უკავშირდება თბილისის ერთ-ერთი მშვენების – ზედ მტკვრის პირას აშენებული შაჰ-ისმაილის მეჩეთის დანგრევა.

როგორც მოგონებების წიგნიდან ირკვევა, ჩარკვიანმა შენიშვნა არ მიიღო:

„როცა 1958 წელს საქართველოში დავბრუნდი, პროფესორმა სარგის კაკაბაძემ პირველი შეხვედრისთანავე ამ მეჩეთის აღება მისაყვედურა. შემდეგაც დროდადრო გავიგონებ ხოლმე წუხილს მუსლიმანთა ამ საკულტო ნაგებობის ბედის გამო. უნდა გამოვტყდე, ჩვენ მაშინ არ მიგვაჩნდა, რომ ეს ნახევრად მიწაში ჩაფლული უმნიშვნელო ზომის ნაგებობა თავისი მყვირალა ფერებით ქალაქისათვის დიდ არქიტექტურულ ღირებულებას წარმოადგენდა. ახალ ხიდს კი ფართო, მაღალნიშნულიანი მისასვლელები ესაჭიროებოდა. მისი განლაგებაც, მდინარის კვეთის თავისებურებებისა და ადგილის რელიეფის გამო, როგორც ვნახეთ, ზუსტად იყო ფიქსირებული და გადაწევა რომელიმე მიმართულებით არ შეიძლებოდა. ამან გამოიწვია ხიდის მიმდებარე რამდენიმე ძველი შენობის აღება. მათ რიცხვში მეჩეთიც მოჰყვა. სხვანაირად არ ხერხდებოდა და ამ დანაკარგს უნდა შევრიგებოდით, მით უმეტეს, რომ მუსლიმთა დიდ მსოფლიო არქიტექტურას ამით ბევრი არაფერი დააკლდება”.

***

ძველ ველოტრეკთან დაკავშირებულია ერთი ამბავი, რომელსაც ცნობილი მხატვარი კირილე ზდანევიჩი 1963 წელს გამოცემულ „ნიკო ფიროსმანში” იხსენებს და რომელიც მხატვარს მამამისმა, თბილისში ველოსპორტის ერთ-ერთმა პიონერმა მიხეილ ზდანევიჩმა მოუყვა:

„ვერის ხიდის მახლობლად მე-19 საუკუნის მიწურულს ააშენეს ველოტრეკი, სადაც ახალი სპორტის მოყვარულებს შეეძლოთ მღელვარებით ედევნებინათ თვალი ცნობილი თბილისელი და უცხოელი მრბოლელებისათვის. აქ ხშირად იმართებოდა ტემპერამენტიანი მეტოქეების სუნთქვისშემკვრელი შეჯიბრები. ქართველების რჩეული იყო ჩვიდმეტ წლამდე ასაკის მზეჭაბუკი ლადო კავსაძე, კავკასიისა და საქართველოს ჩემპიონი, გამორჩეული ათლეტური აღნაგობისა, რომელიც შემდეგ თბილისის ოპერის გამოჩენილი მომღერალი და საქართველოს სახალხო არტისტი გახდა. ამ ახალგაზრდას გასაოცარი ძალა და გამბედაობა ჰქონდა:

1907 წლის 18 მაისს თბილისის ველოტრეკზე გამართულ „გრანდიოზულ ველოსამოტორო რბოლაში” ლადო კავსაძემ დაამარცხა რუსთა სახელოვანი სპორტსმენი სერგეი უტოჩკინი და ჯილდოდ 300 მანეთი მიიღო.

ტრეკთან ახლოს მდებარეობდა სასადილო, სადაც იკრიბებოდნენ ველოსპორტის მოყვარულები. სასადილოს მფლობელმა მოძებნა ფიროსმანი და შეუკვეთა მას ლადო კავსაძის პორტრეტი. წელშიგამართული ჩემპიონი იჯდა ველოსიპედზე, რომლის საჭესაც ოდნავ ეხებოდა ცალი ხელით, სახით კი შებრუნებული იყო მაყურებლისკენ. ველოსიპედისტის ლამაზ თვალებში ირეკლებოდა თავდაჯერება და შეგრძნება თავისი უპირატესობისა. სასადილოს შესასვლელის საპირისპირო მხარეს მოთავსებული ნახატი იმდენ მაყურებელს იზიდავდა, რომ სასადილოს მფლობელმა გადაწყვიტა მისი სხვა ადგილზე გადატანა”.

***

ამ სახლში 1913-1937 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გამოჩენილი ქართველი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი - ბედის ირონიით, სიმონ გაბრიჩიძის სახლიდან, სადაც მიხეილ ჯავახიშვილი ცხოვრობდა, მოჩანდა ერთი შენობის აივანი, რომელზეც ხშირად გამოდიოდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მაშინდელი პირველი მდივანი ლავრენტი ბერია.

აი, რას წერს მიხეილ ჯავახიშვილის უფროსი ქალიშვილი, ქეთევანი, მოგონებების წიგნში:

„იმ დროს ბერია ჩვენი სახლის პირდაპირ, ყორღანოვის (ახლანდელი ქიაჩელის) ქუჩაზე ცხოვრობდა. მისი აივანი ჩვენსას გადმოჰყურებდა. ხშირად აივანზე მდგომი მამა ბერიას რომ დაინახავდა, სწრაფად ოთახში შემობრუნდებოდა. მისი დანახვაც კი არ სიამოვნებდა”.

მიხეილ ჯავახიშვილი ბერიას შინსახკომელებმა 1937 წლის 14 აგვისტოს ქვიშხეთში დააპატიმრეს, ელბაქიძის ქუჩაზე მდებარე ბინა კი 13 აგვისტოს გაჩხრიკეს და დალუქეს. დახვრეტილი მწერლის ოჯახს ოთხი ოთახიდან მხოლოდ ერთი დაუტოვეს. დაიკარგა მწერლის პირადი ნივთების დიდი ნაწილი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა თავად მწერლის ნეშტი.

***

მეტეხის კლდე, როგორც უნიკალური ძეგლი, „წითელ წიგნშია” შეტანილი და მას იცავს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა” და „წითელი წიგნის” შესახებ”, თუმცა საკითხავია – იცავს კი? 4-5 წელია კლდის შუა ნაწილში რამდენიმე ადგილზე მშენებლობა მიმდინარეობს, რასაც, არც მეტი არც ნაკლები, თბილისის ლანდშაფტის ყველაზე გამორჩეული ძეგლი ეწირება: მშენებლები ახალი შენობების სიმაღლეს კლდის ხარჯზე ზრდიან. თუ კარგად დააკვირდებით, ერთ ადგილზე კლდე ფაქტობრივად მტკვრამდეა ჩაჭრილი და მისი ნაწილი წითელი აგურითაა ამოშენებული. ცხადია, ასეთი ნგრევაც ვანდალიზმია და შენებაც!

***

თბილისის ნაძალადევის რაიონი, ანუ როგორც ასი წლის წინ ამბობდნენ „ძალაანთ უბანი“, ქალაქის ადმინისტრაციისა და პოლიციის ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გაშენდა. ეს ამბავი კარგად აქვს აღწერილი ეკატენირე გაბაშვილს მცირე ზომის მოთხრობაში „მშიერაძის ოჯახი“.

***

ოთარ ჭილაძემ ლამის ნახევარი საუკუნის წინ აგვიხსნა, როგორ მოვფრთხილებოდით თბილისს:

მას ფეხქვეშ ბევრჯერ ჩაუტყდა ხიდი
და ბევრჯერ იგრძნო გაქრობის შიში.
დღეს კი შენ დგახარ ნანგრევის ჩრდილში
და უცქერ ქალაქს ჩრდილივით მშვიდი.

დღეს შენ ხარ და დღეს შენი ბრალია,
რაც შეემთხვევა: კარგიც და ცუდიც.
არც ერთი წუთით, მე გთხოვ ძალიან,
არ დაივიწყო არც ერთი წუთით.

***

ალბათ, ფოტოებზე შემორჩენილ ქალაქს მისტიროდა იოსებ გრიშაშვილი, როცა ძველ თბილისს ემშვიდობებოდა თავის ცნობილ ლექსში:

ძველო თბილისო! ჩემი მიზნები
აღარ მაქვს, გულში რომ გინახავდი…
გადაწყდა, უნდა შევცვალო გზები…
ძველო თბილისო… გტოვებ… ნახვამდის….

***

ბარათაშვილის ქუჩის რეკონსტრუქციას ემსხვერპლა ვანქის დიდებული ტაძარი, ხოლო მეტეხის ხიდის მშენებლობას – უნიკალური, შიიტური მეჩეთი, რომლის შესახებაც ალექსანდრე ელისაშვილი წერს:

„მეჩეთი მეტეხის კლდის გადმოღმა იდგა, მისი კედლები მტკვრის კალაპოტზე ოსტატურად იყო ამოყვანილი. ცნობილია, რომ მას ჰქონდა უპრეცედენტოდ დაბალი მინარეთი, ვინაიდან ქართველებმა სპარსებს არ დაანებეს, ის სიონის ჯვარზე მაღალი აეგოთ. მეჩეთის გუმბათი და მინარეთის კოშკი ცისფერი შორენკეცებით იყო მოპირკეთებული, ამიტომ მას „ცისფერ მეჩეთსაც“ ეძახდნენ. ეს მეჩეთი, როგორც ჩანს თვალში არ მოუვიდა საბჭოთა საქართველოს მმართველს, კანდიდ ჩარკვიანს და 1952 წელს მისი დანგრევა ბრძანა. უნდა ითქვას, რომ არაერთმა ქართველმა მეცნიერმა გამოთქვა პროტესტი ძეგლის განადგურებასთან დაკავშირებით, თუმცა სტალინის რეჟიმის დროს, ცხადია, პროტესტი ამაო გამოდგა. განადგურებული მეჩეთიდან მხოლოდ და მხოლოდ გუმბათისა და მინარეთის ცისფერი შორენკეცებია შემორჩენილი, რომლებიც ხელოვნების მუზეუმში ინახება“.

თუმცა, ავტორი ამავე წიგნში (ოღონდ სხვა პარაგრაფში) შენიშნავს, რომ შაჰ ისმაილის დანგრეული მეჩეთის ხის კათედრა, ანუ მიმბარი ამჟამად ბოტანიკურის ქუჩაზე მდებარე სუნიტურ მეჩეთში დგასო.

***

თბილისის უძველესი ქანდაკებების – გრიფონების ისტორია 1851 წელს დაიწყო, როცა გაბრიელ თამამშევმა ერევნის (თავისუფლების) მოედანზე აგებულ ქარვასლას დარაჯად ოთხი რკინის გრიფონი – მითიური ლომ-არწვი დაუყენა:

„1934 წელს ლავრენტი ბერიამ მოედნის გაფართოების მიზნით თამამშევის ქარვასლა დაანგრია, ხოლო გრიფონები გმირთა მოედანზე აგებული ხიდის დასამშვენებლად გადაიტანა. 1970-იან წლებში გმირთა მოედნის რეაბილიტაციის დროს ხიდი გადააკეთეს და გრიფონები აიღეს. ოთხიდან ორი გრიფონი თბილისის ისტორიის მუზეუმის მახლობლად გადაიტანეს. 90-იან წლებში ჯართზე მონადირეთა წყალობით, გიფონებს თანდათან შემოეძარცვათ ფრთები, ფეხები, კუდები და ერთობ საბრალო შესახედავები გახდნენ, თუმცა დაახლოებით ერთი წლის წინ თბილისის მერიის ინიციატივით მრავალჭირნახულ გრიფონებს რესტავრაცია ჩაუტარეს, შავად შეღებეს და თავისუფლების მოედანზე ძველი სამყოფელის მახლობლად, საკრებულოს შენობის შესასვლელთან დადგეს“.

***

შემორჩენილია ერთი „ბრაზიანი კაცის“ დღიური, რომელშიც ფეხბურთის თბილისის ეზოებში თამაშის „დრამატული“ ისტორიაა აღწერილი.

„ერთი თვის წინად მილიციაში განცხადება შეიტანა სამი სახლის მდგმურებმა, დაახლოვებით ასოცმა კაცმა იმის შესახებ, რომ ამ სამი სახლის შუა, მილოვის ყოფილ ეზოში, ბიჭებს არ ეთამაშნათ ფეხბურთი, რადგანაც ამ ბურთის გამო ჩამტვრეულია შუშები, დანგრეული კედლები, ღობეები, და ჩალეწილისახლის სახურავები, საიდანაც წვიმა ჩამოდის ოთახებში, – იხსენებს მწერალი იოსებ მჭედლიშვილი 1930 წლით დათარიღებულ დღიურში, – „მილიცია დაგვპირდა აუკრძალავთო, რამდენჯერმე მე თვით ბურთი წავართვი ბიჭებს და ჩავიტანე მილიციაში. ერთხელ ერთი ახალგაზრდა მოვიდა (14 წლისა) და მითხრა:

მე თქვენ გიცნობთ, პატივსა გცემთ და თუ ეხლა დაგვბრუნებ ბურთს, აღარ ვითამაშებთო.

მილიციას უთხარ, დაუბრუნეთ იმ პირობით, თუ აღარ ითამაშებენ მართლა-მეთქი.

დაუბრუნე ბურთი. წავედი ქვევით. შემდეგ, რო დავბრუნდი უკან, ისევ თამაშობდნენ. დღესაც წავართვი ბურთი, ჩავიტანე მილიციაში და უთხარ, აღარ დაუბრუნოთ-მეთქი და ეს მოვითხოვე ასოცი კაცის სახელით, რომელთაც განცხადებაზე ხელი უწერიათ.

კარგიო, მითხრა მილიციამ და წამოვედი.

სახლში რო მივედი, იმ ბურთი ისევ თამაშობდნენ ბიჭები და უარესად ჯაათით აფუჭებდნენ ყოველივე იმას, რასაც ვიცავდი“.

***

აკი, ფეხბურთის მშობელი ცივილიზაციის, მაიას ტომთა ლეგენდებიც ამტკიცებენ, რომ ბურთის გაგორებაში ბადალი არ ჰყავდათ ბავშვებს და, რომ არა ბავშვები, სამყარო ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც არისო. ერთ-ერთი მითის თანახმად, ფეხბურთის თამაშის საბაბი გამხდარა ტყუპი ძმების სურვილი, შეჯიბრში გამოეწვიათ მიწისქვეშა ღმერთები, მაგრამ ძმები დამარცხდნენ და მოუწიათ სიცოცხლის სახით საფასურის გადახდა.

მაიას მითოლოგია გვეუბნება, რომ ღმერთებმა ერთერთი ძმის თავი ხის ტოტზე დაკიდეს, მაგრამ მოხდა ისე, რომ ხეზე იმყოფებოდა ნორჩი ქალწული, რომელიც დაფეხმძიმდა მოჭრილი თავის ბაგეებიდან ამოფრქვეული თესლით. შედეგად, იშვნენ ბავშვები, რომლებმაც ხელახლა გამოიწვიეს მიწისქვეშა ღმერთები ფეხბურთის მოედანზე. ამჯერად ბავშვებმა გაიმარჯვეს, ტყუპი ძმების მოკვეთილი თავე

***

25 თებერვლის გაზეთმა „საქართველომ“ გამოაქვეყნა კათალიკოს პატრიარქის, ლეონიდის სიტყვა თქმული 20 თებერვალს თბილისის მცხოვრებლებისადმი სამხედრო ტაძრის ეზოში. ცნობილია, რომ 19 თებერვალს თბილისის დამცველებმა „წითელი არმიის“ მასშტაბური შეტევა მოიგერიეს. ფრაგმენტი პატრიარქის სიტყვიდან:

„თვითეულს აქ მდგომთაგანს ნათლად და ცოცხლად გვეხატება თვალწინ ის ბნელი ჯოჯოხეთი და ყოველ ზომას აღმატებული უბედურობა, რომელიც თავს დასტრიალებდა ჩვენს დედაქალაქს და მასთან ერთად ჩვენს სამშობლოს. მყრალი მტერი გვექადოდა აოხრებას, განადგურებას, გაუპატიურებას და სამარცხვინო უღლის დადგმას.

...მომენტი მოითხოვს, რომ მოხდეს ყოველი ძალების მობილიზაცია. მთავრობა მეთაურობას გვიწევს თავდაცვის საკითხებში და ჩვენც ყველანი მოვალენი ვართ, მჭიდროდ გავერთიანდეთ მის გარშემო, დავივიწყოთ პარტიული განსხვავება, ყოველგვარი განხეთქილება, უსიამოვნება, თუ გნებავთ, ცხადი უსამართლობაც. ჯერ მტრის დამარცხება და ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცება, მერე შინაური საქმეების მოგვარება.

ზეციურო ჩვენო მამაო, მუდმივი ძლევა გამარჯვების ბრწყინვალე შარავანდედს ნუ მოაკლებ ქართველ ჯარს! იესო ტკბილო, აღაყვავე, გააძლიერე და განამტკიცე ჩვენი ნორჩი დემოკრატიული რესპუბლიკა!“

„ერთობა“ კი წერდა:

„რუსის ბარბაროსულმა ქუსლებმა უნდა სთელონ ჩვენი კარმიდამო, თუ ევროპის ნათელმა სხივმა უნდა გააბრწყინოს ჩვენი ცხოვრების მომავალი ბაღნარი? – აი, რა წყდება დღეს!“

25 თებერვალს გამოსული კიდევ ერთი გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ მკითხველს შეახსენებდა, თუ როგორი ვერაგი მტერი უტევდა სამშობლოს:

„ზოგმა [დამპყრობელმა] ქუდი დაგვიტოვა თავისი, ზოგმა ტანსაცმელი, ზოგმა ცბიერება, ზოგმა თვალთმაქცობა, ზოგმა უზნეობა, ზოგმა ენა შეგვირყვნა და ზოგმა რჯული, მაგრამ იმდენი ზარალი, ზნეობრივ-გონებრივი ზარალი, არავის არ მოუყენებია, როგორიც მოგვაყენა რუსეთმა. სხვა მტერი რომ შემოვიდოდა ხოლმე საქართველოში, მიანგრ-მოანგრევდა, ააწიოკებდა მას და კვლავ გარბოდა. საქართველო რჩებოდა ისევ თვითარსად, თვითმმართველად, თავის თავის გამგებლად და ავად თუ კარგად თვითვე უვლიდა თავის შინაურსა და გარეშე საქმეებს. რუსები კი, მოვიდნენ თუ არა საქართველოში, მაშინვე სწვდნენ ქართველ ერს სულის სიღრმეში და მოინდომეს მისი გადაგვარება, მისი თავისებურობის მოსპობა.

მათ თანდათანობით მოსპეს ჩვენი ეროვნული სკოლა, სამართალი, შემოიტანეს თავისი კანონები, სატუსაღოები, სკოლები, ყაზარმები და მონღოლურ-სლავური ვერაგობით იქამდე გაგვიხადეს საქმე, რომ დღესაც კი – რუსეთის დანგრევის შემდეგაც კი არამც თუ ძველი თაობა, არამედ ახალი თაობაც კი ჯერაც გონს ვერ მოსულა და ისევ რუსულად აზროვნებს, მღერის, ჟღმურტულებს. მარტო ბრმა და ყრუ ან ჯიუტი და მოღალატე ქართველი – მახარაძე-ორჯონიკიძის ტიპისა, თუ ვერ დაინახავს იმ უფსკრულს, რომელსაც უმზადებს ქართველ ერს დღევანდელი რუსეთი“.


Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში