ვერის ხიდზე | გრიგოლ რობაქიძე

გრიგოლ რობაქიძე - ვერის ხიდზე

ვერის ხიდზე მძიმე ღამით თმაგაშლილი ქარი მღერის...
ლანდი დაჰსტვენს ვერის ხიდზე, ლანდი თოვლის და ნამქერის...
ვერის ხიდზე ქარი ზუის, მწვანე ზღაპრებს ანიავებს:
ჰე! არული გაუმართავთ ვერის ხიდზე კუდიანებს...

ვერის ხიდზე ქარი გიჟი დავლურს უვლის, სტვენს და ჰკივის:
ჭინკა ჭინკას მისდევს ცეკვით, კუდიანი ხტის და ჰყივის...
ვერის ხიდზე ველურ ხმაზე ქარი აყრის მტკვარს სიამეს...
სისხლის ლანდი ვერის ხიდზე გულს ეჭრება მძიმე ღამეს...

მძიმე ღამით ვერის ხიდზე მთვრალი ქალი სატრფოს ელის...
ვერის ხიდზე ქეიფია გამართული გიჟი ველის...

„ცისფერი ყანწები“, 1916 წ.

***

გალაკტიონის ხიდი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ვერისა და კუკიის უბნებს, დღევანდელი სახით 1952 წელს აიგო.

ადრე მის ადგილას რკინის სამმალიანი ხიდი იდგა, რომელიც 1885 წელს აუშენებიათ.

საბჭოთა ხელისუფლების წლებში ხიდს არკადი ელბაქიძის, შემდეგ იოსებ სტალინის სახელი ერქვა, 1990 წელს ხიდს ძველი სახელი (ვერის ხიდი) დაუბრუნეს.

მოგვიანებით 1999 წელს მას გალაკტიონის ხიდი ეწოდა.

ხიდები საქართველოში, გამომცემლობა "არტანუჯი".

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში