კლოდ მონე და სიყვარული სუდარის ქვეშ |

კლოდ მონეს ძალიან უჭირდა. ოჯახი მას მხარს არ უჭერდა და უკიდურეს გაჭირვებაში უწევდა ცხოვრება. ფაქტობრივად, გადართული იყო იმაზე, რომ როგორმე თავი გადაერჩინა. თუ ვინმე მას ეხმარებოდა, ეს იყო ფრედერიკ ბაზილი, თვითონაც მხატვარი, იმპრესიონისტი, მაგრამ ბაზილი ადრე გარდაიცვალა პრუსიასთან ომში. 

კლოდ მონე - ბაზილი და კამილა, 1865 წ.
მონეს მეორე და სამუდამო დამხმარე და სიყვარული კი თავისი ცოლი კამილა იყო. ამ ძალიან საყვარელ გოგოს ხატავდა, სანამ კარგი იმპრესიონისტი გახდებოდა.

კლოდ მონე - კამილა მწვანე კაბაში
კლოდ მონე  - კამილა იაპონურ სამოსში, 1875 წ.
ხატავდა ხან მწვანე კაბაში, ხან მინდორში. ეს გოგო გრძნობდა, რომ მონესთვის მუზა იყო და აძლევდა მუშაობის საშუალებას, ბოლოს მისი ცოლიც გახდა და მიუხედავად მატერიალური გაჭირვებისა, ბოლომდე გვერდით ედგა თავის ქმარს. 

იმდენად უჭირდათ, რომ სახლის მაგივრად ნავში ცხოვრობდნენ. გაუყვებოდა ხოლმე მონე სენის ნაპირებს თავისი ნავით, თან ეტიუდებს აკეთებდა და თან იმავე ნავში ცხოვრობდა ცოლთან და მერე შვილთან ერთადაც.

კამილა, რომელიც ბოლომდე ემსახურებოდა თავის ქმარს, მონეზე ადრე გარდაიცვალა და გარდაცვლილმაც კი შეძლო, რომ მხატვარს დახმარებოდა. როდესაც მონე დამკრძალავ ბიუროში მივიდა და დაინახა კამილა კუბოში ჩასვენებული, გამჭვირვალე სუდარა გადაფარებული, მან თქვა, ის ისეთი მშვენიერია, რომ უნდა დავხატო.

კლოდ მონე - კამილა სუდარის ქვეშ
სწორედ ეს იყო ის ბოლო სამსახური, რაც კამილამ მონეს გაუწია. დღეს ეს ნახატი საკმაოდ ცნობილია და ჰქვია: „კამილა სუდარის ქვეშ“.


გია ბუღაძე - „200 ამბავი მხატვრობაზე“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში