ნოე რამიშვილი - ბენია ჩხიკვიშვილი

ბენია ჩხიკვიშვილი დაიბადა 1881 წ. სოფ. საყვავისტყეში (გურია) ღარიბი აზნაურის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის სამეურნეო სკოლაში, საიდანაც 1900 წელს დაითხოვეს დასამთავრებელ კლასიდან არალეგალურ დროგამოშვებით გამოცემაში მონაწილეობისათვის. სკოლაში ის გაეცნო სოციალ-დემოკრატიულ მოძღვრებას, მონაწილეობას იღებდა მოწაფეთა არალეგალურ წრეში და მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქუთათურ მესამე დასელებთან.

სკოლიდან დათხოვის შემდეგ ორი წლის განმავლობაში მასწავლებლობდა სამრევლო სკოლაში, სამეგრელოში, სადაც კარგ მასწავლებლად ირიცხებოდა.

1902 წ. ქ. ქუთაისში გაიმართა დასავლეთ საქართველოს სამრევლო სკოლების მასწავლებელთა კურსები. ადგილობრივ სოციალ-დემოკრატთა წინადადებით, ბ. ჩხიკვიშვილი ავრცელებს არალეგალურ ფურცლებს, რომელშიც სოციალ-დემოკრატიული პარტია მოუწოდებდა მასწავლებლებს მხარი დაეჭირათ გლეხთა მოძრაობისათვის, რომელმაც გურიაში იფეთქა და მის გავრცელებისათვის სხვა მაზრებში ხელი შეეწყოთ.

ის დაასმინეს თ. ჟორდანიასთან, რომელიც კურსებს ხელმძღვანელობდა და დაუყოვნებლივ დაითხოვეს მასწავლებლობიდან.

ის მაშინვე გაეშურა ჭიათურაში, სადაც განსვენებული განთქმულ ორატორ რაფიელ ჩიხლაძესთან ერთად დღიურ მუშაობას ეწოდა შავი ქვის მაღაროებში. იმავე წლის შემოდგომაზე ის ჩამოვიდა ბათუმში და სოც. დემოკრატიულ ორგანიზაციაში აქტიურ მოღვაწეობას შეუდგა. როგორც არაჩვეულებრივ მჭერმეტყველს, მუშათა წრეებში მას მუდამ დიდი გავლენა ჰქონდა და ყველგან მის მოსმენას ელტვოდნენ. მოკლებული ნივთიერ სახსარს, ის დღიურ მუშად შევიდა მანთაშევის მეორე (რიხტერის) ქარხანაში და იქ მუშებს კიდევ უფრო დაუახლოვდა. ამიტომაც იყო სულ ახლო ხანში ის მუშებმა ბათუმის კომიტეტში მიიწვიეს და აქ ტექნიკურ საქმეთა ხელმძღვანელობა დააკისრეს. მან არაჩვეულებრივი ორგანიზატორობის ნიჭი გამოიჩინა, რასაც სხვათაშორის, შემდეგი მაგალითი აჩვენებს.

იმ ხანად ბათუმის ორგანიზაცია იმდენად მძლავრი იყო, რომ მან პროპაგანდა ჯარში გადაიტანა. ერთი ჩვენი ორგანიზატორი ამხ. იაშვილი ნაღმის გუნდმა გასცა. რამდენიმე დღის განმავლობაში მას მოელოდა სამხედრო სასამართლო, მანამ კი სამხედრო სატუსაღოში მოათავსეს და იქ მცველთა გაძლიერებული რაზმი მიუყენეს. აუცილებელი იყო მისი გაქცევა, რომ ამ გზით ჩვენს სამხედრო ორგანიზაციას შესძლებოდა თავისი მუშაობის კვლავ გაგრძელება.

ბ. ჩხიკვიშვილის წინადადებით, ბათუმის კომიტეტმა დაადგინა ამხ. იაშვილის გასაქცევად შესაფერ ზომების მიღება და ეს თვით ბენიას დაეკისრა. ყველა ეჭვობდა ასეთ შესაძლებლობას. წარმოიდგინეთ, საყოველთაო განცვიფრება, როცა მეორე დღეს ამხ. იაშვილი კომიტეტის საიდუმლო ბინაზე გამოცხადდა. ბენია ხელმძღვანელობდა არა მხოლოდ  საქმის ტექნიკურ მოწყობას, არამედ თვით ასრულებასაც კი. მას შემდეგ სამხედრო წრეებიც განსაკუთრებულ შიშს გრძნობდნენ „ყოვლის შემძლე“ ბათუმის კომიტეტის, ანუ „ბარცხანაის გენერალ-გუბერნატორის“ წინაშე, როგორც მას ფართო წრეებში ეძახდნენ.

1903 წ. გურიის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტი მოეწყო ბინადრობით ქ. ბათუმში. ბ. ჩხიკვიშვილი გურიის კომიტეტის წევრადაც ითვლებოდა. გლეხთა შეკავშირებისა და მათ შორის აგიტაცია-პროპაგანდის საქმეში მას დიდი ღვაწლი მიუძღვის. აქ ის იყო ფრთხილი პროპაგანდისტი და გადაჭრით ერიდებოდა სარწმუნოებრივ საკითხებზე კამათის გამართვას, თუმცა მას მუდამ უხდებოდა, როგორც სხვებს „დრამის ფულის“ წინააღმდეგ გალაშქრება. გურიის კომიტეტის დავალებით ბ. ჩხიკვიშვილმა მონაწილეობა მიიღო კავკასიის ორგანიზაციების მეორე ყრილობაზე 1903 წლის შემოდგომაზე.

1903 წ. 9 მარტს ბათუმის კომიტეტმა გაფიცულ მუშათა გაჟლეტის წლის თავზე მთავრობის წინააღმდეგ ფართო დემონსტრაცია მოაწყო. ბ. ჩხიკვიშვილი მასში პირად მონაწილეობას იღებდა და იქ ერთ-ერთ ხელმძღვანელად გამოდიოდა.

1904 წ. იაპონიის ომის დაწყებისას ბათუმის ორგანიზაციამ გადაწყვიტა მთავრობის მიერ განზრახულ პატრიოტულ მანიფესტაციის ჩასაშლელად საწინააღმდეგო დემონსტრაციის მოწყობა სობოროს წინ, სადაც „პატრიოტთა“ თავმოყრა ხდებოდა. დემონსტრაცია მეტად მრავალრიცხოვანი გამოდგა და მთელი ქალაქი ააფორიაქა. პატრიოტული მანიფესტაცია თუმცა მოაწყვეს, მაგრამ ის მეტად მცირერიცხოვანი აღმოჩნდა; მდაბიო მოქალაქე დაფრთხა და მანიფესტაციაში მონაწილეობას მოერიდა. ბ. ჩხიკვიშვილი დემონსტრაციაში პირადად აქტიურ მონაწილეობას იღებდა და პოლიციელებთან შეტაკებაც მოუხდა, როცა უკანასკნელნი შეეცადნენ რევოლიუციონური დროშის წართმევას, თუმცა ამაოდ.

მას შემდეგ ქ. ბათუმში მისი გაჩერება შეუძლებელი შეიქნა. ის ქ. თფილისში გადავიდა და იქ არალეგალურ მოღვაწეობას შეუდგა. აქ მან ხელად მიიქცია მოწინავე მუშათა ყურადღება, რომელნიც რაიონულ კოლექტივთა მიერ არჩევით თფილისის კომიტეტში შედიოდნენ და კოოპტაციის წესით ხელმძღვანელ ორგანოში პროპაგანდისტთა მოწვევის უფლება ჰქონდათ. ბ. ჩხიკვიშვილი რამდენიმე კვირის განმავლობაში თფილისის კომიტეტის წევრი შეიქნა.

იმ ხანად თფილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია მოწყვეტილი იყო სოფლებს. გლეხთა შორის მუშაობა განსაკუთრებულ სიფრთხილესა და გამოცდილებას ითხოვდა. კახეთში ამ მძიმე მოვალეობის ასრულება დაეკისრა ბ. ჩხიკვიშვილს.

მართლაც, სამი თვის განმავლობაში მან მოაწყო ძირითადი ორგანიზაციები და რაიონული კოლექტივები სამაზრო ქალაქებისა, მოზრდილ დაბებსა და საუფლისწულო მამულში.

1904 წ. ოქტომბერში ბ. ჩხიკვიშვილი შეიპყრეს და ბათუმში გაგზავნეს იქ აღმოჩენილ არალეგალურ სტამბის გამო.

1905 წ. რევოლუციის დაწყების შემდეგ ის თავდებობით გაანთავისუფლეს. ხელმძღვანელ ორგანოს დადგენილებით ის დაბინავდა გურიაში, სადაც ფართო ხალხური მოძრაობა დაიწყო.

17 ოქტომბრის მანიფესტის გამოცხადებას გურიის კომიტეტმა ნასაკირალთან კაზაკებზე თავდასხმით გასცა პასუხი. ბ. ჩხიკვიშვილი, როგორც წევრი კომიტეტისა, გადაჭრით ებრძოდა ასეთ წინადადებას, მიაჩნდა რა ის უმიზნო სისხლისღვრად, ხოლო როცა დადგენილება ხმის უმეტესობით მიიღეს, ჩხიკვიშვილი დაემორჩილა და თავდასხმას თვითვე ხელმძღვანელობდა.

დეკემბრის აჯანყებას გურიაში ისვე მეთაურობდა. დამარცხებას მოჰყვა აწიოკება. კრილოვის რაზმა დასწვა გურია და მეთაურთა გაცემას ითხოვდა. აუცილებელი შეიქნა ორგანიზაციის ხელმძღვანელთა გახიზვნა. მართლაც ასეთი იყო გურიის კომიტეტის დადგენილება. ბ. ჩხიკვიშვილმა ეს თავისთვის შეუძლებლად მიიჩნია და განაგრძობდა გურიაში მუშაობას, აქა-იქ მინგრეული ორგანიზაციების აღდგენას და ამ მიზნით ერთი კუთხიდან მეორეში გადადიოდა. ერთი ასეთი მგზავრობის დროს ის შეიპყრეს, სამხედრო სასამართლოში მისცეს და კატორღა გადაუწყვიტეს.

ციმბირიდან ის 1917 წ. რევოლიუციის შემდეგ დაბრუნდა. საოლქო კომიტეტმა გადაწყვიტა მისი მუდმივ მდივნის თანამდებობაზე მოწვევა. მაგრამ ეს არ მოხერხდა, ვინაიდან ამიერ-კავკასიის დროებითმა მთვარობამ („ოზაკომი“) გადაწყვიტა შავი ზღვისპირის რკინის-გზის ლიკვიდაციის მოხდენა და მუშათა რწმუნებულის როლში გამოსვლა დაეკისრა ჩხიკვიშვილს.

დემოკრატიულმა თვითმმართველობამ ჩხიკვიშვილი სოხუმის ქალაქის თავად აირჩია. როცა ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ დაიწყო ბოლშევიკთა ამოძრავება ლეჩხუმსა და სამეგრელოში, ბ. ჩხიკვიშვილი დაინიშნა ქუთაისის საგუბერნიო კომისრად და მას დაევალა დასავლეთ საქართველოში დემოკრატიულ წესების აღდგენა. მან ეს პირნათლად შეასრულა, შემდეგ ასეთივე დავალებით ის გაიგზავნა აფხაზეთში იქაურ ხელმძღვანელთა დაჟინებითი მოთხოვნით.

1919 წ. ის არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად და ამავე დროს ტფილისის ქალაქის თავად. როგორც თფილისის ქალაქის თავი, ის მთელი თავისი ენერგიით ხელს უწყობდა საქართველოს დედა-ქალაქის გაეროვნებას, ხოლო დამფუძნებელ კრებაში ის, დაჯილდოვებული ბუნებრივი მჭევრმეტყველებით, უკეთეს ორატორთა შორის ირიცხებოდა.

1920 წ., როცა ბათუმის ოლქი შემოგვიერთდა, ის მთავრობის დადგენილებით გაგზავნილ იქნა გენერალ-გუბერნატორად ოლქში წესრიგის დასამყარებლად და დემოკრატიულ რეფორმებისათვის ნიადაგის მოსამზადებლად. მის მიერ შედგენილი გეგმა ითხოვდა მდაბიო ხალხზე დაყრდნობას და აგრარულ რეფორმის დაუყოვნებლივ განხორციელებას. სხვა და სხვა მოსაზრებით, რაზედაც აქ არ შევჩერდებით, ამ გეგმის ასრულება დროებით გადადეს და ბ. ჩხიკვიშვილიც თანამდებობიდან გადაგა.

საბჭოთა რუსეთის შემოსევისას 1921 წ. თებერვალში ის დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორად, ხოლო სურამის უღელტეხილის დატოვების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგად.

ბ. ჩხიკვიშვილი მთავრობასთან ერთად გაიხიზნა უცხოეთში. როცა პარიზში მთავრობასთან დამფუძნებელ კრების გაფართოებული პრეზიდიუმი მოეწყო, ის შედიოდა ამ კოლეგიაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლად. ამ მოვალეობას ის ასრულებდა საქართველოში დაბრუნებამდე და მთელი ამ ხნის განმავლობაში მონაწილეობას იღებდა საზღვარ-გარეთ მუშაობაში.

1924 წლის დასაწყისში სოც. დემოკრატიულ პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მოითხოვა ბ. ჩხიკვიშვილის საქართველოში დაბრუნება. თუმცა ცოტა ხნით ადრე მან მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა და ფილტვების დაზიანებას განსაკუთრებული სიმწვავით გრძნობდა, მან უყოყმანოდ შეასრულა საქართველოდან მოსული მოწოდება. სამშობლოში ჩასვლისას ის საკმაოდ გაეცნო შექმნილ მდგომარეობას და ის შესაფერადაც შეაფასა თავის მოხსენებაში. სამი თვის შემდეგ ის ოკუპანტებმა შეიპყრეს, მძევლად ნ. ხომერიკთან ერთად სუზდალში გაგზავნეს და შემდეგ აჯანყების დაწყებისას მასთან ერთად დახვრიტეს.

ბ. ჩხიკვიშვილს მთელი სიცოცხლე დემოკრატიისა და მშრომელი ხალხისთვის თავდადებაა. თუ თქვენ თვალს ააშორებთ პირადი ცხოვრების ზოგიერთ მის ნაკლს, თქვენს წინაშე გადაიშლება არაჩვეულებრივი პიროვნება, აღჭურვილი დაუფასებელი ორგანიზატორული უნარით, საუცხოო ორატორი და თავდადებული რაინდი. მთელი მისი ცხოვრება ეს რაინდული ბრძოლაა. ეს იყო მისი სტიქია. ის იბრძოდა ყველგან სადაც უსამართლობას ეჯახებოდა: სკოლაში, ციხეში, ჩეკაში, პარტიაში, სახელმწიფოში. მას ერთხელაც არ უღალატია გაცემული სიტყვისათვის.

საქართველოს ჯალათებმა ბ. ჩხიკვიშვილი დახვრიტეს. მაგრამ შეუძლებელია ხიშტით იდეის დამორჩილება, აგრეთვე 24 წლის განუწყვეტელ ბრძოლის წაშლა. საქართველოს სოციალ-დემოკრატია და მასთან ერთად მთელი ქართველი ერი არ დაივიწყებს ბ. ჩხიკვიშვილის მოღვაწეობას და ამ უშიშარ რაინდის სახელი სამუდამოდ უკვდავი დარჩება.


ყოველთვიური ორგანო - „ბრძოლა“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში