თაჰსინ იუჯელი - ვათანდაში

თაჰსინ იუჯელი სახელგანთქმული თურქი მწერალი, ესეისტი, კრიტიკოსი და მთარგმნელია. იგი 1933 წელს დაიბადა ელბისტანში, აღმოსავლეთ თურქეთში. დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, მე-19 და მე-20 საუკუნის ლიტერატურისა და სემიოლოგიის სპეციალობით. დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ, ამავე ფაკულტეტზე ასწავლიდა ფრანგულ ლიტერატურას 38 წლის განმავლობაში, პენსიაზე გასვლამდე, 2000 წლამდე. მას ფრანგული ენიდან თარგმნილი აქვს 80-მდე ნაწარმოები ისეთი ავტორებისა, როგორებიცაა: ონორე დე ბალზაკი, გუსტავ ფლობერი, მარსელ პრუსტი, ანდრე ჟიდი, ალბერ კამიუ, მიშელ ტურნიე, როლან ბარტი, ანდრე მალრო, რემონ კენო, პასკალ კინიარი, რობერ დესნოსი და სხვ. 


თაჰსინ იუჯელს დაწერილი აქვს რვა რომანი, რომელთაგან თითქმის ყველას თურქეთის პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოები აქვს მიღებული (საიტ ფაიკის სახელობის, თურქული ენის ინსტიტუტის, ორჰან ქემელის სახელობის და სხვ.). რომანი „ვათანდაში“ (მოქალაქე) 1996 წელს დაიწერა. იგი ხუთ ენაზეა თარგმნილი.

***

კეთილი ნების მრავალი ახალგაზრდა ყოფილა დარწმუნებული იმაში, რომ სცენიდან ბრბოს თუ მიმართავდა, ყველაფერს შეცვლიდა. არადა, სცენაზე ყოველთვის სხვები, ბებრები ადიოდნენ, ეს ქვეყანა მუდამ ასე ბრუნავდა. ჩვენში ის სიმართლე რომ სუფევდეს, რომელიც ქვეყნიერებას ახალ აზრს მიანიჭებდა, რა ღირებულება ექნებოდა მას! ვინ სცნობს მას, ვინ დაიჯერებს!

შემოგვრა კი ყურები, რომლებიც მას ამდენ ყვირილში გაარჩევს? აქვთ კი სიტყვებს საკმა ძალა, რომ სიმართლე გამოხატოს? ყვირილით სათქმელს ვერ იტყვი, ამით მხოლოდ თავს წარმოაჩენ! მეტიც, რაც მეტია დაძაბულობა, მით მეტად იფარება სიმართლე, გამომსვლელთა სიტყვებისა და ორატორების რაოდენობის ზრდა კი მას უფრო მეტად გვაშორებს; ის რაღაც, რასაც სიმართლე ჰქვია, არსებობდა კი ოდესმე ამქვეყნად და თუ არსებობდა, რა იყო იგი?

თანდათანობით ქრება მისი გაგების შესაძლებლობაც, პაროდია პაროდიებს შობს.

***

მე წარსულის, ძალიან შორეული წარსულის ხელოვანი ვარ. დიახ, რაც გინდა იფიქრე, მე პირველ ადამიანს ვგავარ! პირველყოფილ ადამიანს, რომელიც ჩაივლის და კვალსაც არ დატოვებს. არა, არ ვხუმრობ, მე გამოქვაბულის ადამიანი ვარ, ის ვინც პირველ ადამიანურ ნიშნებს მსოფლიოს მღვიმეებში ტოვებს, ის ვისი სახლიც არავინ იცის; ბევრს ვმუშაობ, უკეთესობისთვის ვიღწვი, გამუდმებით ვიბრძვი, მე ვარ ის, ვინც შემთხვევას ან ადგილს არ გაუშვებს, რომ რაიმე არ მიაჯღაბნოს პირველივე საგნით, რომელიც ხელში მოხვდება. ქვით, ნახშირით, დანით, ცარცით, ფანქრით: იარაღს მნიშვნელობა არ აქვს! მთავარი ღრიალია: ამ გამძვინვარებისა და ბრძოლის გულში უნდა დაწერო და დახატო, სულის ამოძახილი მთელი ძალით დაიღრიალო და პასუხს არ დაელოდო: უნდა დაწერო და დახატო.

***

თქვენ ყველგან და ყოველთვის ხართ: არ გინდათ საგნები დაინახოთ ისეთად, როგორებიც სინამდვილეში არიან, რაც თქვენს პატარა სამყაროში არ ეწერება, სასაცილოდ მიგაჩნიათ.

დიახ, ეს გამოუსწორებელი ჩვევაა, თქვენ ყოველთვის სიმართლეზე, დამაჯერებლობაზე საუბრობთ, მაგრამ თქვენი პაწაწინა სამყაროს გაბარიტები მათ ვერ იტევს, ამიტომ ამცირებთ ან ანაწევრებთ: სინამდვილეს მუდმივად ამატებთ ან აკლებთ რაიმეს, ეს ხომ განუკურნებელ ვნებად გექცათ: ოღონდ ის არ იყოს, რაც სინამდვილეშია!

***

ოდესმე გიფიქრია, დედამიწაზე უცხოპლანეტელი რომ ჩამოვიდეს, ყველაზე მეტად რა გააოცებდა? მე კი ამაზე დავფიქრებულვარ: დარწმუნებული ვარ, რომ დედამიწის მცხოვრებთა ყბედობა გააოგნებს.

მართალია, ადამიანები ზედმეტად ლაყბობენ! დილიდან საღამომდე, დღისით და ღამით, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი საშუალებით, განუწყვეტლივ ლაქლაქებენ. თუ თავს უქნევ, გაღმერთებენ, მაგრამ თუ სიტყვის ჩართვას დააპირებ, გიჟდებიან და მაშინვე გაჩერებენ, მოიცა, ჯერ სათქმელი არ დამიმთავრებიაო.

სიტყვები შეუსვენებლივ აწყდებიან ერთმანეთს, გაჩერებას არ აპირებენ. თითქოს მხოლოდ ლაპარაკის დროს გრძნობენ, რომ არსებობენ, კონკრეტულ სახეს, იდენტობასა და უპირატესობას მხოლოდ ლაპარაკის დროს იძენენ. ჩვენ კი უბრალო მსმენელად აღგვიქვამენ, სურთ, პასიურ არსებებად გვიხილონ, სუნთქვის საშუალებასაც აღარ გვიტოვებენ: ყუმბარებივით, შეუჩერებლად გვაყრიან დიდებულ სიტყვებს, ამბებს, საუბრებს, ლანძღვა-გინებას, უსასრულოდ საუბრობენ!

ლაპარაკობენ ყველაფერზე, კიდევ და კიდევ ლაპარაკობენ. რაც არ უნდა მოხდეს, ლაპარაკს არ წყვეტენ. ნებისმიერი სიტუაცია, ნებისმიერი მოვლენა, ნებისმიერი უბედურება, ნებისმიერი სიხარული დამატებით მიზეზს წარმოადგენს, გაჩუმებას ვერაფრით ახერხებენ.

გინდა, ერთი რამ გითხრა: ისინი საკმარისად არ ლაპარაკობენ. დიახ, ეს ხუმრობა არ არის, საკმარისად არ ლაპარაკობენ. საკმარისად ლაპარაკი ნიშნავს აზრის საჭირო დროს გამოთქმას, ეს კი დაფიქრებას მოითხოვს, მცირედად მაინც; მაგრამ ადამიანები ლაპარაკს არ წყვეტენ და ვინაიდან ლაპარაკს არ წყვეტენ, საზოგადოებრივი ადგილებით გაჯერებულ, გაზეპირებულ ფრაზებს იმეორებენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რაც ყველასთვის ცნობილი და მრავალჯერ ნათქვამია. იშვიათია, რომ გულიდან ამომავალი სიტყვა მოუვიდეთ აზრად. თუ ასეთი რამ მოხდა, წესისამებრ, თავის ასარიდებლად სხვა რამეზე გადადიან, ისეთ რამეებზე, რასაც მიჩვეულები არიან.

***

ოცნებები მეგობრობის მიღმაა.

***

ტყუილები, რომელსაც ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავს ეუბნებიან, პირივით სჭირდებათ.

***

„აქ ნერიმანთან ისეთი გიჟური სექსი მქონდა“, შემდეგ თარიღს მიაწერენ და შიშველ, წაკუზულ ნერიმანს ხატავენ. მათზე ზეწოლას არავინ ახდენს, საზოგადოებრივი ტუალეტის ოთხ კედელში არც დახვეწილობას დაგიდევთ ვინმე რაიმედ, აქ ქცევის წესები არ მოქმედებს: ოცნებებს ვერავინ გააკონტროლებს.

სწორედ ამიტომ აფრქვევენ საზოგადოებრივ ტუალეტებში ოცნებებით გაჯერებულ ინტიმურობას, ტკბილი იქნება იგი თუ მტკივნეული, უხერხული თუ სანუკვარი; სწორედ ეს უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ უზრდელურად, უშვერად, უაზროდ მიჩნეული ამდენი სიტყვა ასე ადვილად, გულწრფელად, ნათლად და ზუსტად გადმოსცემს იმათ იდუმალ და ღრმა გრძნობებს, ვინც საზოგადოებრივ ტუალეტებში ფანქრებს იღებს ხელში; ამ ადგილას, რომელიც ყველასთვის დაკეტილი და იმავდროულად ღიაა, ამ ნაწერთა უმრავლესობა წარმოადგენს იმ დიდი მარტოობის გაფურჩქვნას, რომელსაც პირველყოფილი ბორკილების დამსხვრევა სურს.

***

ტუალეტი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყოველი ადამიანისთვის გამთლიანების ადგილია.

***

სინამდვილის დასადგენად, ნაწილები უნდა შეერთდეს და ერთი მთლიანობა შეიქმნას, ამისთვის კი ჯერ სივრცე უნდა განისაზღვროს. დღესდღეობით ქუჩებში არავინ საკუთარ ადგილას არ არის, ყველა უცხო და წარმავალია, ყველა გარბის, შეიძლება ითქვას, ვიღაცას გაურბის, რათა შესაძლებლობა თუ მიეცემა, სხვაგან აღმოჩნდეს, არამუდმივობისა და გათიშულობისგან გათავისუფლდეს, რომელსაც განსაკუთრებული სიმძაფრით ქუჩაში შეიგრძნობს; ადამიანს გამთლიანება უნდა, მაშინაც კი, როდესაც მაგიდას საათობით უზის, თუ არადა, გათიშულობითა და არამუდმივობით სარგებლობს და თავის მოძმეებს რაიმე მზაკვრულს უმზადებს. ყოველივე ამაში რაღაც შემაშფოთებელი დევს: რაკი ქუჩაში არავინაა ისეთი, როგორიც სინამდვილეშია, თითოეული შეიძლება იყოს ყველანაირი და ყველაფერი ჩაიდინოს.

***

ისევ იმ ქუჩაზე ვართ, რომელზეც გუშინ ვიყავით. იმ ტალახიანი წვიმის კვალიც არსადაა, არც ის მოქუფრული ცა აღარაა, სახლის სახურავებამდე რომ ჩამოწვა. წვიმა შეწყდა, ღრუბლები გაიფანტა, ტროტუარი ლაპლაპებს. სახლებმა დიდი ხანია ისე დახუჭეს თვალები, თავის ბუდეში შეყუჟული ავადმყოფები და მხდალები არაფრად ჩაუგდიათ. სინათლეზე მხოლოდ ქუჩები გამოიკვეთება; ქალაქის ცარიელი, ცდომილი, არეული ქუჩები. ჩემ და შენ გარდა, გარშემო არავინაა. და კიდევ ღმერთია ზეცაში. წამოდი, ორნი ამ ქალაქში კარგად გავისეირნებთ, ცოტასაც ვილაპარაკებთ. რას იტყვი? იქნებ ღმერთმა ამ სიჩუმესა და მარტოობაში მოგვისმინოს, კაცმა არ იცის.

***

როდესაც ორნი ხართ, მაშინ საქმე სხვაგვარადაა, არსებობას აზრი ეძლევა, ეჭვები ნელდება, ეჭვებით შეპყრობილთა რაოდენობა მცირდება: ასეა თუ ისე, ერთად ყოფნა, ერთმანეთის გვერდით სიარული ორივეს არსებობას აზრს სძენს.

***

ეჭვმიტანილი, ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაიქცეს დამნაშავედ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა სინამდვილეში.

***

წამით არ გაწითლდებოდით, ისე გვარწმუნებდით, რომ შიში გულადობაა, ხოლო მორჩილება კეთილშობილების გამოვლინება.

***

სიმართლეს ისე გულმოდგინედ მალავდნენ, რომ სიცრუეს მოწინააღმდეგე აღარ ჰყავდა.

***

ყველასთვის ცნობილია: იყო თითოეულის რუპორი, ნიშნავს, გარკვეულწილად იყო თითოეული, თითოეულის საზომი, ეს კი თვით საზომს ცნობას სპობს. სინამდვილეში საზომს მრავალფეროვნება და დაპირისპირება წარმოშობს.

ამგვარად, ვინც ამ კაცს იცავდა და ძალით გაჩუმებული ადამიანების რუპორად აქცია, ყველაფერს ერთპირიან სასწორზე წონიდა. რამდენჯერაც ვინმე ხმას აიმაღლებდა, რათა შეგნებულად თუ შეუგნებლად მათი საწინააღმდეგო აზრი გამოეთქვა, ერთხმად აღრიალდებოდნენ:

„არსებობენ უბადრუკები, რომლებსაც სურთ მავნებლური აზრები მოახვიონ ჩვენს ხალხს; უნდათ, მათში განხეთქილება შეიტანონ! თუ ნებაზე მივუშვებთ, დავქუცმაცდებით!“

გესმის? ამ ადამიანებს თუნდაც ორი სახის მოქალაქის არსებობის დაშვება არ სურდათ, მათ უნდოდათ ერთსახოვანი, ფუტკრებისა და ჭიანჭველების მსგავსი არსებები ჰყოლოდათ; იმასაც არ თანხმდებოდნენ, რომ ადამიანები ერთი ხელიდან გამოსულიყვნენ; სურდათ, ისინი ერთ სისტემას გამოეშვა. ამ სიტუაციაშია, ცხადი იყო, რომ მათი ურღვევი, მუდმივად ერთნაირი აქსიომების გარდა, კანონიერად არც ერთი მოცემულობა არ ჩაითვლებოდა: ჩვენ აზრისა და ურთიერთგაგების ნულოვან წერტილს მივაღწიეთ. ჩემი აზრით, ეს ის წერტილია, სადაც მთავრდება თავისუფლება და იწყება მონობა.

ავად თუ კარგად, თავისუფალი მხოლოდ ერთი ადამიანი იყო: ის, ვინც სიცრუეს დაუდო სათავე. მონები ამ სიცრუეს იმეორებდნენ, ავრცელებდნენ და ამაყობდნენ. ეგონათ, რომ მისი კეთილგანწყობით ისარგებლებდნენ, მაგრამ მწარედ ცდებოდნენ: თითოეული მათგანი მხოლოდ მოსამსახურე და მხოლოდ მონა იყო. იქნებ სიცრუეზე პასუხისმგებელიც მონა იყო: მონობის სამყაროში თავისუფლებაზე ლაპარაკი მას არ შეეძლო, ამით სულ უფრო და უფრო მზარდ, უფრო და უფრო ფესვგამდგარ, უფრო და უფრო მალულ ტყუილს ემონებოდა.

როგორც არ უნდა იყოს, ეს მონობის ოდესმე არსებული ყველაზე საშიში სისტემა იყო: სიცრუის უზენაესობა.

მე კი ამას ვეწინააღმდეგებოდი, ისევე, როგორც ჩემი მკითხველი. მართალია, ჩვენი ბრძოლა გარეგნულად არაფერს ცვლიდა, მაგრამ ტყუილზე უარს ვამბობდით, ჩვენს სინდისს ვიცავდით. ხოლო თქვენ, თქვენი თაღლითური თამაშით, დაფარული, დამყაყებული პრობლემებით, უზურპატორებს თქვენდა უნებურად ხოტბას ასხამდით, ნებით თუ უნებლიეთ მათ რუპორს წარმოადგენდით, ფაქტიურად მათი ყურმოჭრილი მონები იყავით: გაჩუმებაზე უარესს სჩადიოდით.

***

შენ ტყუილი რაღაცეები გასწავლეს! გგონია, რომ თუ საკუთარი სახლის წინ ყველა დაასუფთავებს, ქალაქი ისე დაწკრიალდება, ტროტუარზე დაქცეული ზეთიც კი გაიწმინდება. იცი თუ არა, რომ ზოგიერთს სიბინძურე უყვარს? სანამ შენ დილიდან საღამომდე საკუთარი სახლის წინ ალაგებ, სხვები შენი და თავისი კარის წინ ნაგვის მთებს აყენებენ. ქალაქი ყარს. როდესაც შენი კარის ზღურბლს ასუფთავებ და გგონია, რომ ყველა მოგბაძავს, როგორც კი კარსა და ფანჯარას მიხურავ, მაშინვე იმ სისტემაში ეფლობი, რასაც „პირად ცხოვრებას“ უწოდებ. ქალაქი კი თანდათან უფრო მეტად ყარს.

***

თავისუფლებას და დაფდაფებს შეთანხმებულად არასოდეს უარსებიათ და ვერც ვერასოდეს იარსებებენ. გაზეთები და ჟურნალები ცოტათი დაფდაფებს ან იმ სივრცეებს ჰგვანან, სადაც მათი ხმა ისმის: საკუთარი მუსიკით იქ მისვლას არავის დაანებებენ.

***

საპირფარეშოების პოეტის ფუნქცია არც ერთი დროის და არც ერთი ადგილის ამბავი არ ყოფილა. ის ჩალას მოდებული ცეცხლი კი არა, უქრობი ალი, ქალაქის მასშტაბით წამოწყებული საქმიანობა იყო.

***

საკუთარი ვალის უპირატესობაზე, ღირებულებასა თუ მშვენიერებაზე ვერც კი ისაუბრებ; მას უბრალოდ იხდი, იმ გულებისა და ხელების დასაცავად იხდი, რომლებიც მზად არიან, უყოყმანოდ აჩუქონ ბავშვებს წითელი ქოშები, თუნდაც არ იცოდნენ, რომ ეს ატირებული ბავშვები წითელი ქოშებისთვის ტირიან; მას იმისთვის იხდი, რომ შეეწინააღმდეგო მათ, ვინც გული გადაიგვარეს და ისე გაქვავდნენ, რომ ბავშვებს წითელ ქოშებს არასდროს აჩუქებენ. მას იხდი ან ცდილობ, რომ რამენაირად გადაიხადო, როგორც შეძლებ, ისე გადაიხადო.

***

მკვდარი სიყვარული საშინელი სანახავია, იცი რატომ? იმიტომ, რომ მის სხეულს ვერ დამარხავ! ის გზააბნეულ სულს ჰგავს, გამუდმებით აქეთ-იქით აწყდება, დაძრწის, გაუფრთხილებლად გადაგვაწყდება და ცხოვრებას გვიფორიაქებს.

***

მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ყველა ჯურის მწყემსი დილიდან საღამომდე, დღისით თუ ღამით განუწყვეტლივ ლაპარაკობს. მაგრამ რა? შეგიძლია მითხრა, რას გვამცნობენ?

მე გიპასუხებ: არაფერს! არაფერს გვამცნობენ!

მათთვის მთავარი შინაარსი კი არა, თავის გამოჩენაა, ჩვენება, თუ რაოდენ „მნიშვნელოვანნი არიან“. ჰგონიათ, რაც მეტ უხეირო, არათანმიმდევრულ და ცრუ განცხადებას გააკეთებენ, საკუთარ ძალასა და მნიშვნელობას მით მეტად დაამტკიცებენ. ამიტომაც ყველაფერთან დაკავშირებით ოფიციალურ ცნობებს გვაწვდიან. მაგრამ არა, სულ ასეც არ არის: უპირატესობას არასრულს, არასრულფასოვანს, ყალბს ანიჭებენ. როგორ? მაგალითად, ისინი ამბობენ, „იზმებთან“ კავშირი არ გვაქვსო, შემდეგ აცხადებენ, ჭეშმარიტი კონსერვატორები ვართო, რასაც ყვირილითა და ღაბაბის თახთახით მოაყოლებენ, ჩვენ საწყალი ხალხის შვილები ვართო, ბოლოს დაამატებენ, კერძო წამოწყებას ვემხრობითო.

ბუნდოვანი განცხადებები უნდა გააკეთონ, რომ მარადიული გახადონ. ყველანაირ სიტუაციას უნდა მოერგონ და ყოველგვარი უსიამოვნება აიცილონ, ამიტომ არა მარტო აუდიტორიას ატყუებენ, თავსაც იტყუებენ: ოფიციალური ცნობების მთავარი მახასიათებელი წარმავალობა და ბუნდოვანებაა: მათი მიზანი არ არის, ასწავლონ და გაანათლონ, არამედ ილაპარაკონ, მრავალი განცხადება გააკეთონ და მნიშვნელობა არასოდეს დაკარგონ, როგორიც არ უნდა იყოს იგი: ვერავითარ უხერხულობას ვერ ხედავენ იმაში, რომ სათქმელი ჩაახშონ გამოუცნობი, ბუნდოვანი, ყალბი, გაუგებარი და უბადრუკი სიტყვები, რომლებიც ყველაფერზე ლაპარაკობენ და არაფერს ამბობენ. მათი თავები და სხეულები ძირითადად მათ სიტყვებს ემსგავსებიან ან იქნება პირიქითაა, არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი ბურუსითაა მოცული, მათი სიტყვებიცა და სახეებიც, ღაბაბებიცა და ფაშვებიც, გამომეტყველებაცა და უკანალიც, ყველაფერი, ყველაფერი მწებვარე და ორთქლით გაჯერებულია.

***

ისეთი გაურკვეველი ხდებით, რომ მეშინია, მალე არ გაქრეთ კიდეც! მხოლოდ განცხადებას აკეთებთ; არ ცდილობთ ახსნათ, ვინმეს გააგებინოთ ან ვინმე დაითანხმოთ, მხოლოდ აცხადებთ, არ იღებთ ვალდებულებას, უგუნურად იქცევით, როგორც ბაყაყი, რომელმაც მოინდომა ხარზე დიდი ყოფილიყო.

საძირკველს უნდა დაეყრდნო და წინ ნაბიჯ-ნაბიჯ, გონივრულად იარო, რათა ადამიანებს აუხსნა, გააგებინო, და შენი აზრები დაიცვა, რათა ჭეშმარიტებას მიაღწიო, როგორიც არ უნდა იყოს ის. თქვენ კი ტრიალებთ და მიმართულებას ვერ ირჩევთ, თანმიმდევრობა არ გაგაჩნიათ, ფრანივით ამაოდ ბზრიალებთ; ამ ბზრიალ-ტრიალში ყველაფერი ერთმანეთში ირევა: მიზანი და საშუალება, თვალსაზრისი და იდეოლოგია, სახელი და ღირსება, ძალაუფლება და მონური მორჩილება; ყველაფერი ისეა ერთმანეთში ათქვეფილი, რომ რაც არ უნდა ეცადო, ვერ გამოარჩევ!

რაც შეეხება თქვენს მსმენელს, თქვენივე მითითებით ისინი პლატონის გამოქვაბულის საბრალო არსებებს დაემსგავსნენ: სინათლეს ზურგს აქცევენ და ლანდები აშინებთ! ყველაზე უარესი ისაა, რომ მათთვის, ვინც ხვდება, ეს რა ლანდებიცაა, სიმართლე ისევე მიუღწეველია, როგორც მათთვის, ვისაც ეს ლანდები ნამდვილი ჰგონია: უნარი არ შესწევთ ნამდვილი არსებებისა და საფრთხობელების ლანდები ერთმანეთისგან განასხვავონ: მხოლოდ ჟესტიკულაცია და ლანდების განუწყვეტელი შეჯახება შეინიშნება და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ასე მანამ გაგრძელდება, სანამ მოგისმენენ, სანამ თქვენნაირ ადამიანებს დაუგდებენ ყურს.

თარგმნა ირინა ლაბაძემ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში