ვინსენტ ვან გოგის საძინებელი არლში...

1888 წელს, ვინსენტ ვან გოგი საფრანგეთის სამხრეთში, კერძოდ კი არლში გადასახლდა. მხატვარმა პატარა სტუდია იქირავა და ამავე წლის ოქტომბერში საკუთარი საძინებლის ხატვა დაიწყო. 

მხატვარი ბევრს ლაპარაკობს მასზე თავის წერილებში:

„ამჯერად ეს, უბრალოდ, ჩემი საწოლი ოთახია; მთავარი როლი აქ ფერმა უნდა შეასრულოს, რომელიც მისი გამარტივებული გააზრებით უფრო მაღალ სტილს ანიჭებს საგნებს და სიმშვიდისა და ძალის საერთო შთაბეჭდილებას ქმნის. ამ სურათის ხილვამ უნდა დაამშვიდოს ადამიანის გონება, ანუ, უფრო სწორად - მისი ფიქრები.

ოთახის კედლები მკრთალი იისფერია. იატაკი წითელი კვადრატებისგან შედგება, ხის საწოლი და სკამები ყვითელია, ყვითელი ზეთის ფერისა. ზეწარი და ბალიშები ძალიან ღია ფერის მომწვანო-ლიმნისფერია. ვარცლი - ლურჯი, კარები - იასამნისფერი. ეს არის და ეს. ამის გარდა, ამ ოთახში, რომლის დარაბებიცდახურულია, ვერაფერს ვერ დაინახავთ. ავეჯის ზომამ ასევე უნდა გამოხატოს ურყევი სიმშვიდე. კედლებზე პორტრეტები, სარკე, პირსახოცი, და რაღაც ტანსაცმელი ჰკიდია. ჩარჩო თეთრი უნდა იყოს, რადგანაც სურათზე არაფერი არ არის თეთრი.

ეს თითქოს ჩემი რევანშია იძულებითი დასვენების შემდეგ, რომელიც ჩემს თავს მოვუწყვე. მთელ ხვალინდელ დღეს ამ სურათზე მუშაობას მოვახმარ, მაგრამ შენ ახლავე შეგიძლია დაინახო, რამდენად უბრალოა ჩემი შთანაფიქრი. ყოველგვარი ჩრდილი ან ნახევარჩრდილი გაუქმებულია; ყველაფერი წმინდა ფერით არის შეფერადებული, როგორც აღმოსავლურ ფერად გრავიურებზე“.

აღსანიშნავია, რომ კრიტიკოსეთა აზრით, მხატვრის მიერ ტილოსათვის შერჩეული ფერთა „უცნაური“ გამით, ვან გოგი კომფორტსა და უსაფრთხოებას უსვამდა ხაზს, თუმცა...

ვინსენტის შემოქმედების მკვლევარებს სხვაგვარი ახსნა აქვთ. მათი აზრით, ნახატზე მუშაობისას, ვინსენტი ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტებს იღებდა, ეს კი ფერების აღქმაში უშლიდა ხელს.

არტისტების მიერ აღდგენილი ვინსენტ ვან გოგის საძინებელი არლში






Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში