თეოდორ ჟერიკო - მედუზას ტივი

1819 წ. ტილო, ზეთი, 419 X 716 სმ
1816 წლის შუა პერიოდში, ფრეგატი „მედუზა“ (La Meduse), რომელიც სენეგალისაკენ მიეშურებოდა, კაპო-ბიანკოს ნაპირებიდან მოშორებით, შუა ზღვაში გაიხერგა, თუმცა, რამდენადაც ცნობილია, ზღვა წყნარი იყო.

ოფიცრებმა სამაშველო ნავებით უშველეს თავს. მგზავრები და მეზღვაურები მიატოვეს, მათ კი გადაწყვიტეს, ტივი შეეკრათ, რათა გარდაუვალი სიკვდილისათვის დაეღწიათ თავი. ასე ააგეს ოცი მეტრი სიგრძისა და შვიდი მეტრი სიგანის პლატფორმა, რომელზედაც ორმოცდაათამდე კაცი აზვავდა.

ცამეტი დღის განმავლობაში, ზღვაში ხეტიალის შემდეგ, მათგან მხოლოდ თხუთმეტი შეძლებს გადარჩენას. სამხედრო ხომალდი „არგუსი“ მხოლოდ მათ მიუსწრებს ცოცხლებს.

ტილოზე მხატვარი მათი შველის მომენტს გამოსახავს, ვინც იმ უბედურებას გადაურჩა: ტივი ნაწილობრივ უსულო გვამებით დატვირთული, ბნელი და მღელვარე ზღვის წყალს აქაფებს, ხოლო შორს, ჰორიზონტზე, პატარა გემის ლანდი მოჩანს.

საღებავის სქელი ფენებისა და შუქჩრდილის ძლიერი კონტრასტებით, ჟერიკო ოსტატურად გადმოგვცემს შიშის, სიკვდილის უგუნურებისა და ავბედითობის განცდებს, რომლებიც უბედური შემთხვევის მსხვერპლთა სახეებზე ჩნდება და სცენას მძიმე დრამატულობას ანიჭებს.

ნაწარმოები მართლაც წარმოადგენს ავადმყოფობით, აგონიითა და სიგიჟით გამოწვეული სიმახინჯეებისა და გამომეტყველებათა ზედმიწევნითი კვლევის შედეგს, რომელსაც ჟერიკო საცხაედრეებსა და საგიჟეთებში აწარმოებდა და, ნანახის მიხედვით, სკურპულოზურად შესრულებულ ჩანახატებს ქმნიდა.

ფრეგატ „მედუზას“ ტრაგიკული დაღუპვა ჟერიკომ მძიმე და ამაღელვებელი ატმოსფეროთი გააცოცხლა. იმ დროისათვის გაუგონარი სისასტიკით, რომელიც მოვლენას უტყუარად ასახავდა.

სურათის ქვედა ნაწილში ტივი წყლის ზედაპირს ეხება და ვხედავთ დაუცველ, გალურჯებულ სხეულებს, როგორც მოწმობას იმ დრამისა, იმ პატარა ნაოსნობას რომ მოჰყვა.

***

აქ მამის ფიგურა წამოწეულა, დაფიქრებული ბედის უკუღმართობაზე, შვილი, ის შიშველი ჭაბუკი რომ წაართვა, რომელიც ხელით უჭირავს, ტალღებმა რომ არ მოსტაცოს.

***

ფიგურები, რომელთაც წინა პლანზე ვხედავთ, სურათის კომპოზიციური სტრუქტურის საფუძველს ქმნიან. თხრობის დიაგონალური განვითარების კულმინაციას წარმოადგენს ხელში აფრიალებული ქსოვილით გამოსახული ჭაბუკი, რომელმაც გადარჩენის იმედით უკანასკნელი ძალა მოიკრიბა. მისი სხეული უხეშად შეჭრილა განთიადის ცაში.

***

ქარისაგან აზნექილი აფრის ჩრდილში, ოთხი პერსონაჟი ანძასთან ერთად კომპოზიციის ვერტიკალურ ღერძს ქმნის.

***

ჯგუფი ერთმანეთთან გადაჯაჭვული მკაფიოდ გამოხატული ჟესტებითაა დაკავშირებული. სიბნელეში, პროფილში წარმოდგენილი კაცი, ჯგუფის ცენტრში, თავისი ჟესტით, ერთგვარ შემაკავშირებელ ფიგურად გვევლინება კომპოზიციის ორ ნაწილს შორის: ერთი, სადაც სიკვდილის უნუგეშობა გამეფებულა, და მეორე, რომელიც სიცოცხლის იმედითაა გაჯერებული.

***

კაცი უგრძნობი სახით შეჰყურებს პეროსნაჟს, რომელიც ხელის მოძრაობით იმ შორეული გემის ლანდზე მიუთითებს, რიჟრაჟის შუქზე ტალღებს შორის რომ გამოიკვეთბა, ხოლო ტივის თავზე ღრუბლები მძიმე ჩრდილებს ქმნიან, რაც მეტ სიცხადეს ანიჭებს მკაცრი და თავშეკავებული, თითქმის მონოქრომული ფერების მძიმე მონასმებით შექმნილ, ნახევრად შიშველ სხეულებს.

წყარო - ლუვრი - პარიზი [მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები]

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში