ფროიდი, ლორკა და ჰიტლერი სალვადორ დალის შესახებ... |

ფედერიკო გარსია ლორკა - „ოდა სალვადორ დალის“ 

ოჰ, დალი, დაე, ჟღერდეს ხმა შენი დათაფლული!
თუმცა, ნორჩია ფუნჯი შენი და უმწიფარი ტილოები შენი,
მაგრამ ვადიდებ მიზნისკენ გატყორცნილ შენსავე ისრებს.

... ვადიდებ შენს სათნო, ფრანგული მოდგმის 
ზვიად, დაღდაუსმელ გულს...

ამიტომ ვუმღერ იმ საერთო აზრს,
რამაც შეგვყარა ძნელბედობის თუ ლხინის ჟამსა,
ეს ხელოვნების შუქი როდია, თვალებს რომ მოგჭრის.
ნუთუ ეს სიყვარული, მეგობრობა თუ დუელია?

1926 წ.

***

„გმადლობთ, რომ გუშინ ასეთი პატივსაცემი ადამიანების გაცნობის საშუალება მომეცით. აქამდე სიურრეალისტებს, რომელთაც მე, სავარაუდოდ, თავიანთ მფარველ წმინდანად ამირჩიეს, შეშლილებად ვითვლებით... ახალგაზრდა ესპანელი, გულწრფელი ფანატიკოსის თვალებით და უზადო ტექნიკური ოსტატობით, შეხედულებას რადიკალურად შემაცვლევინებს. ძალიან საინტერესო იქნებოდა, ანალიტიკურად შეგვესწავლა ამ ტიპის ფერწერული ნამუშევრის გენეზისი. თუმცა, კრიტიკული თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ცნება „ხელოვნება“ ყოველგვარ განმარტებას უკუაგდებს, თუკი მატერიალური არაცნობიერისა და წინარეცნობიერის გადამუშავებას შორის რაოდენობრივი ურთიერთობა გარკვეულ ჩარჩოებში არ შენარჩუნდება“, - ზიგმუნდ ფროიდი, წერილი შტეფან ცვაიგს (1938 წლის 20 ივლისი).

***

„თუკი ასე ხატავენ, ესე იგი, ასე ხედავენ, ამიტომაც ეს უბადრუკები შინაგან საქმეთა სამინისტროში სიცოცხლეს უნდა გამოასალმონ, ან საპატიმროში უნდა გამოკეტონ, რათა განიწმინდონ, ჩვენ კი მათი სავალალო მემკვიდრეობა თავიდან ავიცილოთ. თუკი ვერ ხედავენ იმას, რასაც ხატავენ და ამის მიუხედავად, სტილს მაინც არ იცვლიან, მაშინ ასეთ ხელოვანებს იმ ბოროტმოქმედების მსგავსად უნდა მოვექცეთ, რომლებიც სახელწმიფოს საფრთხეს უქმნიან“, - ადოლფ ჰილტერი.

***

„ალბათ, მხოლოდ დალისთან ერთად არის შესაძლებელი გონება გაგვეხსნას და შევიგრძნოთ, თუ როგორ მივექანებით ველური ცის კარიბჭისკენ... დალის ხელოვნება არნახულად ჰალუცინაციური, რეალური საფრთხის მომცველია. მან აბსოლუტურად ახალი არსებები დამახინჯებული ინტერპრეტირების მსხვერპლად აქცია, რაც დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ, როცა ვხედავთ, რომ ამ არსებების მიღმა არაფერი ხდება და უნდა ვაღიაროთ, რომ მისი გამრავლებული თუ გამდნარი ფორმები სხვა არაფერია, თუ არა მსხვერპლი“, - ანდრე ბრეტონი.

***

„დალი ფროიდის შემოქმედებას კარგად იცნობდა და ნოტარიუს მამას მუდამ ებრძოდა, დედა კი ჯერ კიდევ ბავშვობაში გარდაეცვალა. მისი ტილო, რომელზეც წარწერაა, სავსებით ბუნებრივად გამოიყურება, რის გამოც სალვადორ დალი სიურრეალისტებს შორის უმნიშვნელოვანეს მხატვრად იქცა. მაშინ, როცა ანდრე მასონის მოხეტიალე ხაზი შეჩერდა და მხატვარი თითქოს ჩაიკარგა კიდეც, ჟოან მირომ აღმოაჩინა, რომ ხატვა სურდა და სულ მუდამ ერთსა და იმავეს ხატავდა. მაგრამ მოვიდა დალი და ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო“, - გერტრუდ სტაინი.


Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში