იან ვერმეერი | ასტრონომი

1668 წ. ტილო, ზეთი, 50 X 45 სმ
ვერმეერი წარმოგვიდგენს თავის სახელოსნოში, კვლევისა და ფიქრის დროს საკუთარი სამეცნიერო ხელსაწყოებით გარშემორტყმულ მეცნიერს. მისი მზერა და ხელი უშუალო კავშირშია მაგიდაზე მოთავსებულ ცის გლობუსთან, რომელზეც მოჩანს ჩრდილოეთ ჰემისფეროს თანავარსკვლავედები (მარცხნივ - დიდი დათვის თანავარსკვლავედი, ცენტრში - დრაკონი და ჰერკულესი და მარჯვნივ - ლირა). 

ხელსაწყო უკიდურესი სიზუსტით გადმოსცემს დედამიწისა და ცის სფეროს მოდელების უბრწყინვალესი კონსტრუქტორის, XVII ს-ის I ნახევრის ევროპაში მოღვაწე იოდუკის ჰუნდიუსის ნახაზს, რომელიც თავისი გლობუსების აგებისას დანიელი ასტრონომის, თიუგო ბრაას (Tycho Brahe) კვლევებს ეყრდნობოდა.

სამუშაო მაგიდაზე გადაშლილ წიგნში შეგვიძლია ამოვიცნოთ ადრიაან მეტიუსის მიერ შედგენილი ნაშრომი სახელწოდებით: ვარსკვლავთა გამოკვლევისა და დაკვირვების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მხატვრის ინტერესშია, ხოტბა შეასხას მეცნიერების დონეს, რასაც გონებისა და ხელის სრულყოფილი ურთიერთკავშირით გადმოგცემს, ვერმეერი წარმოაჩენს თავის თანამედროვე სამეცნიერო ნაშრომთა ზედმიწევნით ცოდნას.

ასტრონომი გამოსახულია პროფილში, ოდნავ გაბუნდოვანებულად, თითქოს მასზე მუშაობის დროს მხატვარს თვალები ჰქონდა მოჭუტული. ესაა ეფექტი, რომელიც რეალობის აღქმას ახშობს, საგანს მისი, როგორც ინდივიდუუმის ბუნებისაგან აშორებს და იდეალიზებულ ფიგურად, ამ შემთხვევაში, მეცნიერების უნივერსალურ სიმბოლოდ გვისახავს.

რეალობისა და სიზმრის კავშირს შუქჩრდილები და ფერები განსაზღვრავს, რომელთაც ვერმეერი სრულიად ახალ გამომსახველობას სძენს, ხან თხელი საფრის სახით საღებავების დელიკატური და აქტიური განაწილებით, ხანაც „ფუნჯის წვერის“ ნაზი შეხებით, რაც თმასა და წინა პლანზე ოქროთი მოსირმულ მწვანე ქსოვილზე შუქის თამაშს იწვევს.

სურათზე სინათლე, თითქოს გარედან აღწევს. ყოველი საგანი განათებულია და შუქი მთელ კომპოზიციას ოქროსფერი მტვრის ნაწილაკებივით ედება.


წყარო - ლუვრი - პარიზი [მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები]

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში