ლექსები | ოსიპ მანდელშტამი

მოცემული მაქვს მე სხეული, რა ვქნა, რა ვუყო?
ასე მთლიანი, ასე ჩემი, ვის რა გავუყო?
მისთვის რომ ვსუნთქავ და ცოცხალი კაცი მქვია მე,
მითხარი მაინც, ვის ვუმადლო მე ეს სიამე?

მე ვარ მებაღეც და ყვავილიც გაშლილი ფართოდ,
ამ სამყაროულ ბნელ დილეგში მე არ ვარ მარტო.
მარადისობის მინებს ორთქლად დაეფინება
ეს ჩემი სითბო, ჩემი სუნთქვის ჩუმი დინება.

გამოისახვის მასზე რაღაც ნაზი ხატება,
რომლის შეცნობა შესაძლებელს აღემატება.
დაე, ედინოს მას დრო-ჟამი, ნალექის მსგავსი,
მაინც ვერასდროს ჩამორეცხოს ეს ნაზი ხაზი.

***

ლენინგრადი

მე დავუბრუნდი ქალაქს ჩემსას და კვლავაც ვიკვლევ
ნაცნობს, ვით ცრემლებს, ვით ბავშვობის შეშუპულ ჯირკვლებს.
ისევე აქა ხარ, ლენინგრადში, მოკრიფე გონი,
ყლაპე ფარნების ბლანტი შუქი, ვით თევზის ქონი.

ისევ იცანი დეკემბრის დღე, ცივი და ქუფრი - 
გაზავებული კვერცხის გულთან ავბედი კუპრი.
ო, პეტერბურგო, მე არ მინდა სიკვდილი ჯერაც,
ჩემს ტელეფონის ნომრებს ისევ ინახავ, მჯერა.

ო, პეტერბურგო მე ყოველგვარ ღონეს ვიღონებ
და ამ ნომრებზე გარდაცვლილთა ხმებს გავიგონებ.
შავი კიბის მკვიდრს საფეთქელში მიჩნდება ბზარი
როდესაც მირტყამს ხორციანად ნაგლეჯი ზარი.

და მთელი ღამე მე სტუმართა ლოდინს ვუნდები
ყრუდ მოჟღარუნე კარის ჯაჭვის ცივი ხუნდებით.

***

გაიხსნენ დიდი თვალები ტოლი,
რომლებშიც სევდა იყო ჩამდგარი,
ძილს გამოერკვა ნაზი ლანგარი
და გადმოღვარა თავისი ბროლი.

მოთენთილობა - წამალი ტკბილი, 
ოთახი ჩუმი და უსაუბრო.
საოცარია, ციცქნა საუფლომ
როგორ მოიცვა ამდენი ძილი?!

სასიამოვნო ზმანებებს აწეწს
ცოტა ღვინო და მაისი მკვეთრი - 
და უნაზესი თითები თეთრი
მოციცქნის ნამცხვრის პაწაწა ნამცეცს.


მთარგმნელი - ვახუშტი კოტეტიშვილი

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში