ოლივერ კრომველი | ინგლისის სამოქალაქო ომი

„მიენდე ღვთის ნებას და შეინახე დენთი მშრალად“

ოლივერ კრომველი - საპარლამენტო ჯარის სარდალი ინგლისის სამოქალაქო ომის დროს. როიალისტების დამარცხება უმეტესად, მის დამსახურებად მიიჩნევა. მან დაიმორჩილა უელსი, ირლანდია და შოტლანდია. დიდი როლი შეასრულა ახალი მოდელის ჯარის შექმნაში, რომელიც მისი სიკვდილიდან საუკუნეების შემდეგაც ინგლისის, როგორც ძლევამოსილი სამხედრო სახელმწიფოს მთავარ საყრდენს წარმოადგენდა.

1599 წლის 25 აპრილს ჰანტინგდონში დაბადებული კრომველი, ვიდრე 1628 წელს პარლამენტის წევრად აირჩევდნენ, მემამულე ფერმერი გახლდათ. 20 წლის ასაკში რელიგია შეიცვალა და პურიტანად მოქცევის შემდეგ, გულანთებული იბრძოდა ეკლესიაზე რომაული კათოლიციზმის ყოველგვარი გავლენის ამოსაძირკვად.


კრომველის ჯარი

როცა კათოლიკეებისადმი კეთილგანწყობილ ჩარლზ I-სა და პარლამენტს შორის სამოქალაქო ომი დაიწყო, კრომველმა კემბრიჯის ციხესიმაგრე აიღო. თუმცა ის უკვე 40 წლის იყო და არანაირი სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა, თავის ჯარში მხოლოდ „ღვთისნიერ და ძლიერი ხასიათით გამორჩეულთ“ იღებდა, რადგან სწამდა, რომ ოდენ რელიგიურად გულანთებულ მეომრებს შეეძლოთ უფრო გამოცდილი, სამეფო ჯარის დამარცხება. ის გულმოდგინედ წვრთნიდა თავის ლაშქარს.

ორლულიანი რევოლვერებითა და 3-ფუტიანი ორლესული მახვილებით შეიარაღებულმა მისმა ჯარმა მალე მიაღწია წარმატებას, რადგან მოქნილობითა და მანევრირების უნარით გამოირჩეოდა, საჭიროების მიხედვით უკან იხევდა, მაგრამ იერიშზეც სწრაფი გადადიოდა, როგორც კი მოწინააღმდეგეს სისუსტეს აღმოუჩნდა.

არჩეული ტაქტიკა კარგი შედეგების მომტანი აღმოჩნდა - მან კრომველს როიალისტებზე არაერთი გამარჯვება მოუტანა 1643 წელს, აღმოსავლეთ ინგლისში: გრენთემთან, ბერლი ჰაუსთან, გეინსბოროსა და უინსბისთან ბრძოლებისას. 1644 წელს კრომველსი კავალერიამ საპარლამენტო ძალების გადამწყვეტი გამარჯვება მოუტანა მერსტონ მურთან. ამის შემდეგ, ოფიცრები, რომლებიც პარლამენტის წევრობისთვის იღებდნენ გასამრჯელოს, ე.წ. „თვითუარყოფის დადგენილების“ საფუძველზე გადადგნენ და ახალი მოდელის ჯარში მხოლოდ ისინი დარჩნენ, ვისაც ბრძოლის ველზე განსაკუთრებულად გამოუჩენია თავი.


რევოლუციის დაცვა

1645 წლის 14 ივნისს ახალი მოდელის ჯარმა ნესბისთან როიალისტთა ჯარი შემუსრა. 1648 წელს, როცა მეორე სამოქალაქო ომი დაიწყო, კრომველმა ჩაახშო ამბოხება უელსში და 16 აგვისტოს პრესტონთან გააანადგურა ინგლისში შემოჭრილი, შოტლანდიელთა მეფის მომხრეები.

კრომველი იმ 135 კაციან სასამართლო კოლეგიის წევრი იყო, რომელმაც 1649 წელს მეფის სასიკვდილო განაჩენს დაუჭირა მხარი. შემდეგ მან დააშოშმინა ირლანდია და დენბართან და ვუჩესტერთან დაამარცხა ჩარლზ I-ის შვილის ჯარი.

მას სამეფო ტახტს სთავაზობდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად, ლორდი-პროტექტორი გახდა, რაც მეფის დარი პასუხისმგებლობის გარეშე, მას სამხედრო დიქტატორის ძალაუფლებას ანიჭებდა. ამერიკაში მდებარე კათოლიკურ ესპანურ იმპერიაში პურიტანული რევოლუციის ექსპორტირების მიზნით, კრომველმა ესპანიოლაზე სამხედრო ექსპედიცია გაგზავნა. მოლაშქრეებმა კუნძულის აღება ვერ მოახერხეს და მის ნაცვლად, იამაიკა დაიპყრეს. კრომველი იყო აგრეთვე პირველი ინგლისურ-ჰოლანდიური ომის ინიციატორი, რომელიც 1652 წელს დაიწყო და წარმატებით დასრულდა 1654 წელს.

ოლივერ კრომველი 1658 წლის 3 მაისს ლონდონში, მალარიისგან გარდაიცვალა და საიდუმლო ვითარებაში, ვესტმინისტერის სააბატოში დამარხეს ოფიციალურ დაკრძალვამდე ცამეტი დღით ადრე. ის პოსტზე შვილმა, რიჩარდმა შეცვალა, ოღონდ - გაცილებით შეზღუდული უფლებამოსილებით.

მას შემდეგ, რაც 1661 წელს ჩარლზ II ტახტზე აიყვანეს, კრომველის ნეშტი საფლავიდან ამოთხარეს, სოფელ ტაიბერნში „ჩამოახრჩვეს“, როგორც მეფის მკვლელი, შემდეგ კი სახრჩობელის ძირში დამარხეს. მისი თავი სარზე წამოაცვეს და ვესტმინისტერის დარბაზში მოათავსეს, საიდანაც ჩარლზ II-ის მეფობის დასრულებამდე აღარც ჩამოუხსნიათ.


მერსტონ მურის ბრძოლა, ოლივერ კრომველი

დაშოშმინება უსასტიკესი ხერხებით

მერსტონ მურთან ბრძოლისას (1644 წ.) ოლივერ კრომველის კავალერიამ პრინცი რუპერტის ცხენოსნები მიფანტ-მოფანტა. შემდეგ მან თავისი შენაერთები გადააჯგუფა და პარლამენტის თავკაცის, თომას ფერფაქსის დასახმარებლად მარჯვენა ფლანგისკენ გაეშურა, ამასთანავე, როიალისტთა ჯარის ცენტრს ალყა შემოარტყა. ამ ბრძოლაში 3-დან 4 ათასამდე როიალისტთა მეომარი დაიღუპა, კრომველმა უამრავი მათგანი დაატყვევა და დიდძალი იარაღიც ჩაიგდო ხელთ ნადავლის სახით; ამ ყველაფრის შედეგად, ის საპარლამენტო ჯარის ნამდვილ ლიდერად იქცა.

მერსტონ მურის ბრძოლა, ოლივერ კრომველი

კრომველის მიერ უსასტიკესი ფორმით ირლანდიის დაშოშმინება ნაწილობრივ იმ ხოცვა-ჟლეტის საზღაური იყო, რომლის მსხვერპლადაც მანამდე ინგლისის მოსახლეობა იქცა. 1649 წლის სექტემბერში მან დუბლინის მახლობლად, დროგედას გარნიზონი გაწყვიტა, თუმცა სისასტიკე ადრეც - 1645 წელს ინგლისში, ბეისინგ ჰოლთან გამოუვლენია. ის წერდა, რომ „ეს მოქმედება მომავალში სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად იყო საჭირო“. და თუმცა დაუნდობელმა მოქმედებამ ყველა გააოგნა და მტრობის გაღვივებას შეუწყო ხელი, მოწინააღმდეგის ქალაქების მიწასთან გასწორება და პირწმინდად გაძარცვა იმდროინდელი ბრძოლის წესად იქცა, რომელიც ყოველგვარი წინააღმდეგობის გატეხვას ისახავდა მიზნად.

კრომველი იშვიათად გადადიოდა იერიშზე, თუ არ იყო დარწმუნებული საკუთარ უპირატესობაში. მაგრამ 1650 წელს, დენბართან 12 000 მეომრით თითქმის ორჯერ მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგეს შეებრძოლა. მან საუცხოოდ გამოიყენა კოკისპირული წვიმა და ქარიშხალი, ჩარლზ II შოტლანდიელს შეუტია და მისი ჯარი დაამარცხა. მომდევნო წელს ვუსტერთან ამ ჯარის შემორჩენილი ნაწილებიც გაანადგურა და საბოლოოდ დაუქვემდებარა მთელი ბრიტანეთი ერთიან მმართველობას.


ნაიჯელ ქოთორნი - „გამარჯვება - 100 გამოჩენილი მხედართმთავარი“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში