პორტრეტი - კამილ პისარო

იმისათვის, რომ გავიგოთ პისაროს შემოქმედების მთელი მრავალფეროვნება, უნდა გვახსოვდეს, რომ პისარო სხვა დიდ იმპრესიონისტებზე თითქმის ათი წლით ადრე დაიბადა, უნდა გვახსოვდეს, რომ, მონეს შემარტებით აღფრთოვანებულმა, მან ხელი შეუწყო იმპრესიონიზმის ჩამოყალიბებას, რომ მან გავლენა მოახდინა სეზანსა და სიორაზე, თუმცა შემდეგ თვითონ განიცადა მათი გავლენა,და რომ გოგენითავის მხატვრულ განათლებას მას უნდა უმადლოდეს, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ დაშორდა მას.

უნდა გვახსოვდეს აგრეთვე, რომ პისაროს ძალიან უჭირდა თავისი ფერწერით ოჯახის რჩენა, 1870-1890 წლების პერიოდში ხშირად უკიდურეს გაჭირვებასაც განიცდიდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ღრმა რწმენით, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, თვის თავში დაეჭვებულიც კი, შეუპოვრად განაგრძობდა თავისი სტილის დახვეწას და როგორც მას ეჩვენებოდა, სრულყოფას.

პისაროს სიტყვები: „მე ვიგრძენი, რომ მას შემდეგ, რაც თვალი ამეხილა, ჩემმა შეგნებამ თავისუფლება მოიპოვაო“, - მშვენივრად გადმოგვცემს, რა ღრმად იყო დაკავშირებული მისი ხელოვნება მის სულიერ სამყაროსთან. თავდაპირველად პისარო ნატურალისტი იყო, მაგრამ ადრევე მიხვდა, რომ ხელოვნება არ ემორჩილებოდა ბუნების კანონებს და სრულიად სხვა, ავტონომიურ რეალობას წარმოადგენდა.

***
კამილ პისარო - ”თრთვილი”, 1873 წ.
კრიტიკოსები, 1870 წლიდან მოყოლებული და თვით პისაროს სიკვდილის შემდეგაც კი, ვულგარულობას და პროზაულობას სდებდნენ მას ბრალად ფერწერაში.

***
კამილ პისარო - ”წითელი სახურავები”, 1877 წ.
პისარო იმ აზრისა იყო, რომ პოეტურობა ისევე შეიძლება ახასიათებდეს გლეხს, როგორც პრინციპულობა - პრინცს.

დიურემ ამის გამო ასეთი სიტყვები მისწერა მას 1873 წელს:

„თქვენ გაქვთ... ბუნების ინტიმური და ღრმა შეგრძნების უნარი და ისეთი მძლავრი ფუნჯი, რომ ყოველი თვენი კარგი სურათი ყოველთვის რაღაც აბსოლუტურად მტკიცეა“, - იმისაგან განსხვავებით, რასაც იგივე დიურე მონეს „ფანტასტიკურ თვალს“ უწოდებდა.

***
კამილ პისარო - ”პონტუაზი, თოვლი”, 1879 წ.
დიურე და დეგა, პისაროს სურათების ორი მყიდველი, რომელთა სახელიც ჩვენ ვიცით, პისაროს სურათებს მონესა და სისლეის სურათებს ამჯობინებდნენ.

***
კამილ პისარო - ”გოგონა წკეპლით”, 1881 წ.
თავისი შემოქმედების დასაყრდენს პისარო პოულობდა იმ იდეალებში, რაც საერთო იყო ყველა იმპრესიონისათვის, და სალონისაგან დამოუკიდებელთა გამოფენებში, რომლსიადმი ერთგულებაც მხოლოდ მან შეინარჩუნა 1886 წლამდე. დამოუკიდებელთა ეს მანიფესტაციები იმიტომ იზიდავდა პისაროს, რომ იმპრესიონისტთა მოძრაობას იგი თანადროულ საზოგადოებაში არსებული ბოროტებასთან ბრძოლის ერთ-ერთ ფორმად განიხილავდა. ამ გამოფენებს პისარო იმდენად მატერიალური შემოსავლის წყაროდ არ თვლიდა (ეს იმედი ამაო იყო), რამდენადაც იმ მხატვრული დოქტრინის განმტკიცების საშუალებად, რომელიც მას მტკიცედ სწამდა. როდესაც 1877 წლის გამოფენამ, რომელიც უდავოდ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გამფოენა იყო იმპრესიონისტებისა, არავითარი მატერიალური სარგებლობა არ მოუტანია მათ, სეზანი და რენუარი ამ ჯგუფიდან გავიდნენ, მომდევნო წელს კი ასევე მოიქცნენ მონე და სისლეი. პისარო კი დარჩა, რათა დეგასთან ერთად ჯგუფში ახალშემოსული წევრებით დაეგმანა განგრეული ადგილი. მაგრამ მისთვის უცხო იყო შური ძველი მეგობრების წარმატებებისადმი. ასე მაგალითად, 1879 წელს იგი რენუარზე წერდა:

„მგონი, იგი მოდაში შემოდის. მით უკეთესი. გაჭირვება ძალიან მძიმე ასატანია“.

პისარო შემწყნარებელი იყო სხვა ადამიანებისადმი, მაგრამ არა საკუთარი თავისადმი. 1880 წელს ჟურნალი „L’Artiste” ასე წერდა მასზე:

„იგი ორმოცდაათი წლისაა, თავი მოციქულის თავს მიუგავს და ყოველთვის საქაღალდე აქვს იღლიაში ამოჩრილი. ამიტომ ამბობდნენ „ახალ ათენში“ მისი მისამართით: „სალამი მოსეს... მას თან მოაქვს სჯულის ფიცარი“.

***
კამილ პისარო - ”დიდი ხიდი, რუანი”, 1896 წ.
1886 წლის შემდეგ პისარო კვლავ გაემართა თავის შეგრძნებათა უშუალოდ გამოხატვის საძიებლად და ფერადი წერტილი მძიმით შეცვალა, ხოლო ფერადი ლაქების მკვეთრი დაყოფა - გარდამავალი ტონებით. 1891 წელს, სიორას სიკვდილის შემდეგ, პისარო უარს ამბობს მიიღოს „ნეოიმპრესიონიზმის ლიდერის“ წოდება, რომელიც მას შესთავაზეს.

***
კამილ პისარო - ”შემოდგომის დილა, ქალი ერნის ბაღში”, 1897 წ.
საყოველთაო აღიარება, რომელსაც მონემ და რენუარმა დიდი ხნით ადრე მიაღწიეს, პისაროსთან მხოლოდ 1892 წელს მოვიდა. წარმატებას და კეთილდღეობას წლების ტანჯვის შემდეგ ეღირსა.

კამილ პისარო - ”მონმარტის ბულვარი, მარდი-გრა”, 1897 წ. 
კამილ პისარო - ”მონმარტის ბულვარი, პარიზი”, 1897 წ. 
კამილ პისარო - ”ოპერის მოედანი პარიზში, წვიმა”, 1896 წ.
კამილ პისარო - ”ოპერის ქუჩა”, 1898 წ.


ლიონელო ვენტური - მანედა-ლოტრეკამდე

თარგმნა ლილი კალანდაძემ
გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში