აკა მორჩილაძე - მამლუქი

ერთ-ერთი შუააზიური რესპუბლიკის ავტონომიური ოლქის, ქირბალის, უკანასკნელი ხანის ვაჟიშვილი ბედისწერამ პატარა ქართულ ქალაქში მიიყვანა და სამუდამოდ დააკავშირა ერთ ჩვეულებრივ ქართველ ბიჭთან. ამ ორ პერსონაჟთან ერთად მკითხველის თვალწინ კიდევ ერთხელ გაიელვებს XX საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს ტრაგიკული ამბები.

***

ჩემი ქალაქის ენა მეტიჩარა, ხალისიანი, ოდნავ გაწელილი, ცოტა გლეხური და ცოტათი თაღლითური ენაა.

რახან ჩვენი ქალაქი ვაჭრობა-ბაზრობის ძველისძველი ადგილია, თაღლითობაც შორიახლოს ტრიალებს. თუ ამას ციხის სიახლოვეს დავუმატებთ, საკვირველი ბევრი არაფერი დარჩება: ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ დასავლური ლაპარაკი ისედაც ორმაგ ან ეგებ სამმაგ ხლართებს და კვანძებს შეიცავს.

***

ბიჭობაში არის ხოლმე დრო, როცა ვიღაც, უცხო უფროსისკენ მიგიწევს გული. ის უფრო რბილი და გამგები ჩანს, მან უფრო მეტი იცის, ვიდრე შენიანებმა. ყოველ შემთხვევაში, ასე გგონია.

***

იცით, როგორ ტირიან ქალები ჩვენს ქალაქში და იცით, როგორ უჩუყდებათ გული ბიჭებს, როცა მამა უკვდებათ? ქალები ჩვენს ქალაქში არ ტირიან, ისინი კივიან. ისინი ცხოვრებას ამთავრებენ, როდესაც კაცი უკვდებათ და აღარასოდეს იხდიან შავს, თუ, რა თქმა უნდა, სიცოცხლის გაგრძელებას აპირებენ. ბებიაჩემი ხუთ თვეში გარდაიცვალა, ყველაფერი დაამთავრა მამაჩემის შემდეგ.

ჩვენს ქალაქში ერთ წელიწადს ტელევიზორს და რადიოსაც არ რთავენ, როცა ქუჩაზე ვიღაც კვდება. ეს გლოვის ჩვენებაა. ბიჭები კი ვერაფერს ხვდებიან, როცა მამა უკვდებათ. ისინი გრძნობენ რაღაც ნაღველს და ხვდებიან, რომ რაღაც ადგილი უნდა დაიჭირონ. დიდი, ცარიელი ადგილი. ტკბილად ახსენდებათ მამის რისხვა და დარდით - მასთან მეგობრობის სურათები.

***

დიპლომი მნიშვნელოვანი იყო. რატომ, არავინ იცის. ალბათ რაღაც საზოგადოებრივი მდგომარეობისთვის. კაცი რომ დაოჯახდება, იმის შემდეგ მის საუნივერსიტეტო დიპლომს აღარავინ იხსენებდა, მაგრამ მანამდე ეს რაღაცას ნიშნავდა.

***

ჯარიდან ორი კვირით ადრე გამომიშვეს და მე კი, შინ წამოსვლის ნაცვლად, პეტროზავოდსკისკენ გავფრინდი. იქ გოგო მყავდა, ნიუტა.

აქ გოგო ვერ მეყოლებოდა. არ იცი ჩვენი ქალაქის ამბავი? პირდაპირ ცოლი უნდა შეირთო.

***

ჩვენთან სათვალიანი გოგო ვერ გათხოვდებოდა და დიაბეტიანი ბიჭი ცოლს ძნელად შეირთავდა. ასაკს უნდა დალოდებოდა და მერე უპოვიდნენ ვიღაცას, თავისნაირს.

***

ჩვენს ქალაქში რას იტყვი, რატომ არ ვსვამო? ან ავად ხარ, ან დათრობის გეშინია. სხვა პასუხი არ არსებობს, დათრობის კი რატომ უნდა გეშინოდეს?

***

მივხვდი, რომ სინამდვილეში ეს ქვეყანა სულ სხვანაირია. ამას ეგებ ყოველი ადამიანი გრძნობდა იმ დროში, მაგრამ შემჩნევა ბევრს არავის უნდოდა, იმიტომ, რომ თუ შეიმჩნევ, რაღაც უნდა გააკეთო კიდეც.

***

ცხოვრებაშიც ეგრეა. ყველაფერს წაიღებენ... შენ კიდევ უნდა იჯდე და იცხოვრო, ვითომ არაფერი მომხდარა. ამით უნდა იცხოვრო... თუ არადა, მაშინ უნდა იომო.

***

ისეთი ქალაქები, როგორიც ჩვენი იყო, საუკუნოდ იმახსოვრებენ ჩაშლილ ქორწინებებს და დაფარულ სიყვარულებს. საერთოდ, ნებისმიერ ამბავს, მაგრამ ამათ - განსაკუთრებით.

***

იყო ასეთი გაგება ჩვენს ქალაქში. შეიძლება ითქვას, ეს ჩვენი ხალხის მთავარი სიამაყე იყო - კაცის არდაჭერინება.

***

ჩვენს ქალაქში ცოლის მოყვანის სამი გზა არსებობდა: გარიგებისა, სიყვარულისა და მოტაცებისა.

გარიგება ის იყო, რომ ბიჭს და გოგოს რამდენჯერმე წვეულებაზე შეახვედრებდნენ ერთმანეთს და თუ ყაბულს იქნებოდნენ და ერთი-ორჯერ მარტონიც გაივლ-გამოივლიდნენ, ნიშნობაც გაიმართებოდა, რაც ორივე ოჯახს დააკმაყოფილებდა.

სიყვარულის გზა უფრო რთული იყო: ეგებ ამათ ბავშვობიდანვე უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ოჯახებს დიდად არ უნდოდათ მათი ქორწინება. თუკი ოჯახები ძალიან გაჯიქდებოდნენ, ბიჭი და გოგო სადმე გაიპარებოდნენ ხოლმე, უფრო რომელიმე ნათესავის სახლში. გოგო ქალწულობას დაკარგავდა და მორჩა, ვინღა იტყოდა, ჩემს შვილს არ გავატანო?

იყო მესამე გზაც, როცა გოგოს დიდად არ მოსწონდა ბიჭი, მაგრამ ბიჭს გაგიჟებით უყვარდა. ამიტომ, მეგობრების დახმარებით მოიტაცებდა, რასაც, ასევე, მათი ქორწილი მოჰყვებოდა, რადგან საქმე ისევ ქალწულობას ეხებოდა. აბა, რომელი მშობელი დაიბრუნებდა ასეთ გოგოს, ბიჭს კი უჩივლებდა? მოტაცებაზე კაი მაგარი ციხე იყო, მაგრამ არ გამიგონია, ვინმეს ეჩივლოს.

***

მილიციელს ყველა ცნობს ჩვენთან, ფორმა რად უნდა?

***

ქართველებმა მივარდნა იცით. საქმის მაშინვე მოთავება გიყვართ. საქმე კიდე... ცხოვრება იმსიგრძეა.

***

ყოველი ადამიანის ცხოვრებას წარსული აყალიბებს: თავგადასავალი, რომელიც ოდესღაც გადახდენია და რომელიც მთავარი გამომდგარა მის მრავალ თავგადასავალს შორის.

***

ახალგაზრდა კაცისთვის ძნელია ადამიანის ხასიათზე ლაპარაკი. რაღაცეებს გრძნობ, ხედავ, მოგწონს, ენდობი, მაგრამ რომ გითხრან, აბა, ამ კაცის ხასიათზე ილაპარაკეო, ვერ იტყვი. სახელს ვერაფერს დაარქმევ.

***

ქალაქში სასაფლაოზე რომ ვერ მიხვალ, შენი ქალაქი არ არის.

***

ასე ყოფილა, ცხოვრებამ რაღაცეები უნდა მოახდინოს და მეტი ჩანს.

***

ხომ იცი, როგორია ჩვენში ახალცოლმოყვანილი კაცის ამბავი? ყოველდღე ვიღაც მოდის.

დილიდანვე სუფრაა გაშლილი და მიდის სმა და დროსტარება. შენ ეგებ სულაც არ გინდა, მაგრამ მთელ დღეს ცოლთან კი არა, მეგობრებთან და ნათესავებთან ატარებ, სადღეგრძელოებს ისმენ და თავს უქნევ. სინამდვილეში კი, ერთი სული გაქვს, როდის დაღამდება და როდის მიხვდებიან სტუმრები, რომ მათი წასვლის დროა.

***

ჩვენში ასეა ხოლმე, რომ უშვილობის შემთხვევაში ექიმთან მხოლოდ ქალები დადიან. კაცებს ამას ვერ გაუბედავ. იმთავითვე ამბობენ, მე არაფერი მჭირსო, და თუკი ექიმები იტყვიან, ქალის მხრივ ყველაფერი წესრიგშიაო, მაშინ ოჯახები ბედს მიენდობიან, რადგან თითქმის წარმოუდგენელია, რომ კაცი ისე დამცირდეს, ამ საქმეზე ექიმთან მივიდეს. შინაგანად ძალიანაც რომ უნდოდეს, ერთადერთი გზა აქვს: ეს საიდუმლოდ უნდა გააკეთოს. როცა ქალები ჭორაობენ ხოლმე ასეთ რამეებზე და ქალის მხარეს არიან, ნიშნის მოგებით იტყვიან, ექიმმა უთხრა, შენი ქმარი მოიყვანე აქო.

***

ქალაქში კაცი სხვადასხვანაირად უნდა მოიქცეს. თუ პატარა ქალაქში ღიმილი და ყველასთან გამოლაპარაკებაა საჭირო, დიდ ქალაქში, პირიქით, შეუმჩნეველი უნდა დარჩე და თავჩახრილმა იარო.

***

არა მგონია, ომი იმ დროს მთავრდებოდეს, როცა გამოაცხადებენ, დამთავრდაო. იმის შემდეგ დიდხანს გრძელდება ხოლმე.

***

შენი ქვეყანა რომ იბრძვის, ასე პირდაპირ ძნელად იტყვი, ეგ ომი სისულელეა, ასე არ ომობენ და საერთოდ, ჩემი ომი არ არის-მეთქი.

***

ცხოვრებაში იმდენ რამეს აკეთებ ისე, რომ არ გინდა, მერე და მერე უფრო იმატებს. ბოლოს კი სულ იმას აკეთებ, რაც არ გინდა...

***

ცხოვრებაში ისე ხდება, რომ ღმერთი ბევრჯერ მოგაკითხავს. თუ უპასუხოდ გაუშვი, წასულია საქმე...

***

ადამიანების ცხოვრება ისეთია, რომ ყველაფერი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ თან სხვადასხვაა. მთავარში ჰგავს, ვერსად გაექცევი.

***

თბილისში არ იცვლება არაფერი, რაც იყო, ისევ ის არის.

***

ასე მგონია, რომ ცხოვრებაში ბოლო არაფერს აქვს. გგონია, რომ რაღაც დამთავრდა, მაგრამ დრო გავა და ეს ამბავი დამთავრებული არ ყოფილა. მგონი სიკვდილიც ვერ ამთავრებს. მოკვდება კაცი, მაგრამ ის, რაც მისთვის მთავარი იყო, ეგებ არც მოკვდეს.

საერთოდ, მგონი სიცოცხლეს სულ ტყუილად ვუფრთხილდებით. ისე არ უნდა იყოს, რომ სიცოცხლე რაღაც მთავარზე წინ იდგეს. თავგანწირვას და ასეთ ხმამაღალ რამეებს კი არ ვგულისხმობ, არამედ იმას, რაც შენთვის ძვირფასია. იმიტომ, რომ, როცა კვდები, რაც შენთვის ძვირფასია, არ კვდება. ის სიცოცხლეს აგრძელებს და იმ ადამიანს ეძებს, ვისთვისაც ასევე ძვირფასი შეიქნება.

***

ყველა ადამიანს აქვს რაღაც დაფარული და ეს დაფარული შეიძლება ისეთი საოცარი გამოდგეს, რომ მერე ინანო კიდეც, რატომ არ შევამჩნიეო.

***

ყველა ადამიანს თავისი ჩრდილი აქვს. ეს ის არის, რაც არ უნდა, რომ იყოს. შეიძლება თავის ჩრდილს მთელი ცხოვრება ებრძოდეს, მაგრამ ის ალაგ-ალაგ მაინც იჩენდეს თავს. ჩრდილი შეიძლება სულაც არ იყოს ცუდი და ბოროტი, უბრალოდ, ადამიანს ის არ უნდოდეს. მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ცხოვრებამ უბრძანოს, რომ სწორედ ჩრდილს წაჰყვეს. იმ დროს ჩრდილი უზარმაზარი და უკიდეგანო იქნება.

ადამიანი იფიქრებს, რომ ეს არ უნდოდა, მაგრამ ჩრდილსაც ვერ გაამტყუნებს, იმიტომ, რომ ჩრდილი ამდენ ხანს ერთგულად მოჰყვებოდა გვერდით და იმის მიუხედავად, რომ ადამიანი უარყოფდა მას და გაურბოდა, მაინც ათას რამეში ეხმარებოდა. შეიძლება ისეც გამოდგეს, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ჩრდილი უფრო მართალი ყოფილიყო, ვიდრე ადამიანი...

***

ეტყობა ისე გეშინია იმის, რომ უკან იყო, რომ ახლა რაც გაქვს, ბედნიერება გგონია. ამის შეგრძნებას რომ დაკარგავ, მერე ის, რაც არის და ის, რაც იყო, ერთი და იგივეა.


Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში