დათო ქარდავა - მტკვარი და მისი ორი ნაპირი | დაბადება...

ლეგენდა თბილისზე (მონადირე მეფით, ბაზიერებითა და ცხელ წყაროში დამდუღრული ხოხბითა და მიმინოთი) ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავია. თუმცა, მეცნიერების მტკიცებით, რომ არა მტკვარი და ხელსაყრელი გეოგრაფიული პირობები, მეფის ბრძანების მიუხედავად, ვერ გაშენდებოდა ქალაქი, რომელიც, დემნა შენგელაიას თქმით, თავისი აზრითა და მნიშვნელობით მეტია, ვიდრე სხვა რომელიმე ქართული ქალაქი. 

მრავალი საუკუნის განმავლობაში მტკვარი იყო თბილისის – მისი ყოფისა და კულტურის – ნაწილი, მისი სასიცოცხლო ძარღვი, რომლის ორივე ნაპირზე სიცოცხლე დუღდა, ჩქეფდა და თავად მტკვარივით აზვირთებული მიედინებოდა. თუმცა ეს მხოლოდ მანამ, სანამ კომუნისტებმა მტკვარი „გრანიტის აკვანში“ არ ჩააწვინეს და საავტომობილო მაგისტრალებით არ ჩახერგეს მის ტალღებამდე მისასვლელი გზები. შედეგად მტკვარი დაიკარგა, გაქრა თბილისელთა ყოფიდან... 

ეს წიგნი მტკვრის ილუსტრირებული ბიოგრაფიაა, მისი კულტურული თავგადასავალი თბილისის ფარგლებში; და თან ერთგვარი მცდელობაა, ქალაქს დაუბრუნოს დაკარგული, მივიწყებული, ყველასგან მიტოვებული „დედამდინარე“, როგორც მიხეილ ჯავახიშვილი უწოდებდა მტკვარს.

***

„მდინარეები ფეხადგმული გზებია, რომლებიც მიდიან და მივყავართ იქ, საითაც გზა გვიძევს“, - ბლეზ პასკალი, „აზრები“

„მე ვიცნობ მდინარეებს უძველესს, როგორც სამყარო და უფრო ძველს, ვიდრე კაცის სისხლი მოდინება მის ვენებში“, - ლენგსტონ ჰიუზი, „ზანგი მდინარეებს უმღერის“

„დიახ, წყალი და ფიქრი რომ საუკუნოდ განუყრელნი არიან, ეს ყველამ იცის“, - ჰერმან მელვილი, „მობი დიკი“

„მტკვრის ღურღუს ქაფიანს თბილისი ჩაჰყურებს, შიგ მთვარის მთრთოლავი აჩრდილი ჰკიდია, ვით აღმოსავლელი ქალღმერთის საყურე“, - ნოდარ დუმბაძე, „ღამე მტკვრის პირას“

***

დაბადება

„თბილისქალაქი - ორი ნაპირი ამ უცნაური მდინარისა“, - აკა მორჩილაძე, „გადაფრენა მადათოვზე და უკან“

„მტკვარი მიჰყვებოდა თვის ტალღათა ხმაურს“, - ლადო გუდიაშვილი, „მოგონებათა წიგნი“

„განა მართლა წყალია
მოდუდუნე მტკვარი?
მთვარის ნაგუთნარია,
მთვარის თეთრი კვალი“, 
- იოსებ ნონეშვილი, „მოდით, ძმებო მგოსნებო

გასაკვირი იქნებოდა, მიწისა და წყლისგან შექმნილი ადამიანი უწყლო და უმიწო ადგილზე რომ დასახლებულიყო. თბილისს, მტკვრისა და მისი ორი ნაპირის სახით, არც წყალი აკლია და არც - მიწა, თუმცა, ცხადია, ქალაქის - მსხვილი დასახლებული პუნქტის შექმნისთვის მხოლოდ ეს ორი ელემენტი არ კმარა.

მტკვრის სიგრძე სათავიდან (ყიზილ-გიადუკის კალთებიდან) კასპიის ზღვამდე 1515 კილომეტრია, მაგრამ საოცრება, რომლის სახელი თბილისია, მდინარის სულ რაღაც 35 კილომეტრიან მონაკვეთზე - ავჭალიდან ორთაჭალამდე გვხვდება.

თანაც, მდინარეცაა და მდინარეც. თუ ვიქტორ ნოზაძის „ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეტყველებას“ ვერწმუნებით, მტკვარი ედემის ოთხი მდინარიდან (ფისონი, გეონი, ტიგროსი, ევფრატი) ერთ-ერთია. ქართველ მეცნიერს ნაშრომში მოტანილი აქვს პროფესორ ფრანც კაულენის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც „ფისონი“, ანუ ბისონი უნდა იყოს ძველად ცნობილი „კურუს“, ანუ „კურ“, ახლანდელი სახელით „მტკვარი“, რომელიც არაქსთან იმავე ურთიერთობაშია, როგორც ტიგროსი - ევფრატთან.

„კურ“ (მტკვარი) გამოდის იმ ადგილიდან, რომელიც შავი ზღვის სანაპიროდან ძალიან დაშორებული არაა და, როგორც სტრაბო ამბობს, იგი ჰყოფს არმენიას ალბანიისაგან და არაქსთან შეერთებული ჩადის კასპიის ზღვაში. ამის მიხედვით, ევფრატისა და ტიგროსის, არაქსისა და მტკვრის მხარე იყო ის ქვეყანა, რომელსაც „ედემი“ ერქვა და სადაც სამოთხე - პარადისი წარმოედგინათ“.

სამოთხე - პირველი ადამიანის ნეტარსამყოფელი, ცხადია, მდინარის გარეშე ვერ იქნებოდა, რადგან ღვთაებრივ წალკოტს სარწყავი სჭირდებოდა. ვიქტორ ნოზაძეს მოხმობილი აქვს მოსაზრება, რომ „პირველად ეს უნდა ყოფილიყო ერთი მდინარე და მხოლოდ უფრო გვიან შეიქმნა წარმოდგენა, რომ ედემში ოთხი მდინარე იყო. ზოგის აზრით, ეს ოთხი მდინარე გაჩნდა მას შემდეგ, რაც ღმერთმა ადამ და ევა სამოთხიდან გამორეკა. ზოგის აზრით კი, ეს ოთხი მდინარე მხოლოდ წარღვნის შემდეგ შეიქმნა“.

ვიქტორ ნოზაძის მტკიცებით, როცა ავთანდილი თინათინის სახსოვარ მარგალიტს ეალერსება („პირსა დაიდვა, აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი“), პოემის ავტორი „ბისონში“ მტკვარს გულისხმობს“.

არსებობს მტკვრის „დაბადების“ განსხვავებული, მატერიალისტური ვერსიაც. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ „ისტორიულ-გეოლოგიური თვალსაზრისით თბილისი და მისი მიდამოები წარმოადგენს ე.წ. მესამეული ეპოქის ზღვის ფსკერს. კავკასია ოდესღაც ზღვით ყოფილა დაფარული. ამ გეოლოგიურ ეპოქაში, რომელსაც კაინოზოურს უწოდებენ, დაიწყო მთების შექმნის ინტენსიური, მაგრამ ხანგრძლივი პროცესი. ამის შედეგად გაჩნდა ის მთები, რომლებიც თბილისს გარს აკრავს და რომლებსაც დემნა შენგელაია ზურგგაცვეთილ აქლემებს ადარებს:

ტფილისის გეგმა ჟან შარდენის მიხედვით, XVII ს.
„ტფილისის ირგვლივ წვანან ზურგგაცვეთილი აქლემები: მთაწმინდა, შავნაბადა, თელეთი, თაბორი, კოჯორი, მახათა, ლოტკინის გორა...“ („ტფილისი, დ. შენგელაია).

მეცნიერების მტკიცებით, სწორედ აქ, ამ მთებს შორის, თბილისის ტაფობში, დროთა განმავლობაში გზა გაუკაფავს მდინარე მტკვარს.

თბილისი რომ ზღვის ფსკერი იყო და ამ ზღვაში რომ ვეშაპი ბინადრობდა, კარგად იციან თანამედროვე ქართული ლიტერატურის მოყვარულებმაც. აკა მორჩილაძე მადათოვის ტრილოგიის ბოლო, მესამე წიგნში („ვეშაპი მადათოვზე“) წერს:

„ადრე სულ ზღვა იყო თბილისის ადგილზე. მერე დაშრა და ვეშაპი მტკვრის ფსკერზე დარჩა“.

მტკვრის ნაპირებზე (თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში) ათზე მეტი ქალაქია გაშენებული, თუმცა, მდინარემ მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე მოხაზა ისეთი კონტურები, რომელთა წყალობითაც სპარს პოეტ საფი ხალხალის (მე-18 ს.) რომ დავესესხოთ, სამოთხის მეტოქე და ედემის ბაღზე აღმატებული ქალაქი იშვა. იმის გათვალისწინებით, რომ გეოგრაფიაც ბედისწერაა, თქმა არ უნდა, მტკვარი თბილისის პირველი ხუროთმოძღვარია, მტკვრის კალაპოტი - ქალაქის მაორგანიზებელი. საწყისი ანუ განვითარების პირველი (პრეისტორიული) გეგმა კი ასე გამოიყურება:

„მტკვრის მარჯვნივ თრიალეთის ქედის შტოებია, მარცხნივ - მთავარი კავკასიონის სამხრეთ ქედის განაპირა განშტოებანი. ამ ქედებმა შექმნეს თბილისის მთიანი საზღვრები. მხოლოდ ერთი მხრიდან, ჩრდილოეთიდან, რა მხრიდანაც მტკვარი მოედინება, მისი საზღვარი გაშლილია, სამი დანარჩენი მხრით კი თბილისს მთები ზღუდავს: აღმოსავლეთით მახათას მთაგრეხილი აკრავს, სამხრეთით - სოლოლაკისა, რომლის ერთ-ერთი მთიდან (ძველად თაბორს უწოდებდნენ) გამოდის თბილი წყაროები. დასავლეთით კი თბილისს ციცაბოკალთებიანი მთაწმინდა საზღვრავს“ („თბილისის ისტორია“, ავტ. შ. მესხია, დ. გვრიტიშვილი, მ. დუმბაძე, ა. სურგულაძე).

ტფილისის გეგმა ტურნეფორის მიხედვით, 1700 წ.
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, მტკვარი საქართველოს უდიდესი მდინარეა. აი, რას წერს ქართველი გეოგრაფი მე-18 საუკუნეში შექმნილ მეცნიერულ ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“:

„არს ყოველთა აქაურთა მდინარეებთა მტკვარი უდიდესი, რომელი განვლის საშუალ ქვეყანასა ამას, რომელი გამოსდის კოლას, ყულნუ-მთას, გამოვლის სამცხეს, ქართლსა, ჰერეთსა, რანს შორის, განვლის მოვაკანს, მიერთვის რახსს ჯავათს, და სალიანს ქვევით ერთვის კასპიის ზღვასა, ხოლო ქართლსა შინა არს განით მტკვარი სამ-ოცი, სამ-ოც და ათი ოთხ-მოცი მხარი, და ადგილს უმეტესიცა, და სიღრმით ადგილ-ადგილ განისვლების ფონად, სადაცა უმეტეს განვრცელდების, მუნ დის ჩქარადცა, და სადაცა დამდოვრდების, არს ფრიად ღრმა“.

ცხადია, რომ არა მტკვარი და მისი მიხრა-მოხრა, გავარვარებულ ტაფობში ქალაქი ვერ გაშენდებოდა.

„სწორედ მდინარემ შეუწყო ხელი მოსახლეობის დამკვიდრებას თბილისის დღევანდელ ტერიტორიაზე. ჯერ ერთი, მტკვარში ბევრგვარი თევზი ყოფილა: განთქმული თართი ანუ ზუთხი, ორაგული, ფარგა და სხვ. ამის გარდა, მტკვარი რწყავდა ნაპირებს, ანაყოფიერებდა მათ და ამით ხელს უწყობდა მცენარეულობის გაშენებას. მტკვრით შეიძლებოდა ასევე ტვირთის გადაზიდვა სხვადასხვა მიმართულებით. ყველა ეს ბუნებრივი პირობა ხელს უწყობდა თბილისის მიდამოებში ჯერ პირვანდელი მოსახლეობის გაჩენას, შემდეგ კი ქალაქის წარმოშობასაც.

გრავიურა, ტფილისი XIX საუკუნის პირველი ნახევარი
თბილისს მოსახერხებელი მდგომარეობაც ჰქონდა. იგი იმ გზაზე იყო, რომელიც მტკვრის ხეობით და აღმოსავლეთით ამიერკავკასიით საქართველოს აღმოსავლეთისა და სამხრეთის ქვეყნებთან აკავშირებდა. აქედანვე გადიოდა გზა ჩრდილოეთ ალბანიაში ანუ დღევანდელ აზერბაიჯანში“ („თბილისის ისტორია“, ავტ. შ. მესხია, დ. გვრიტიშვილი, მ. დუმბაძე, ა. სურგულაძე).

ცხადია, თბილისის ლანდშაფტისა და არქიტექტურული თავისებურების ფორმირებისას მტკვარი მარტო არ ყოფილა. მტკვრის გარდა თბილისს პატარა მდინარეებიც ჩამოუდის: წავკისის წყალი, ვერე და ავანაანთხევი - სამივე მტკვრის მარჯვენა შენაკადია. წავკისის წყალი სოლოლაკის ხევში ჩადის. ძველად მას ლეღვთახევი რქმევია, შემდეგ კი დაბახანის ხევი დაურქმევიათ, რაკი ძველად მის შესართავთან მტკვრის პირას დაბაღები (მეტყავეები) ტყავეულობას ალბობდნენ და გამოსაქნელად ამზადებდნენ.

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, ვერეს ძველად „სკვირეთის მდინარეს უხმობდნენ“. ავანაანთხევი სოლოლაკში იღებს სათავეს. წინათ იგი დღევანდელ პუშკინისა და ბარათაშვილის სახელობის ქუჩაზე ჩამოდიოდა, ამჟამად კი მათ ქვეშაა მოქცეული და მტკვარს ბარათაშვილის ხიდთან ერთვის. 1850 წელს გაზეთი „კავკაზი“ წერდა:

„26 ივლისს მოვიდა კოკისპირული წვიმა, წყალმა სოლოლაკში მოიტაცა ძროხა, გაატარა ერევნის მოედნის ქვეშ გაყვანილ ვეებერთელა ხვრელში და ჩაიტანა მუხრანის ხევთან“.

მტკვარი არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთლიანად საქართველოს უპირველესი მდინარეცაა. მეტიც, მიხელ ჯავახიშვილს რომ დავესესხოთ, მტკვარი საქართველოს დედამდინარეა. 1925 წელს მწერალს უბის წიგნაკში ჩაუწერია:

„დედა-მდინარე (მტკვარი, ჩემია)“.


აკი წლების შემდეგ პოეტმა მურმან ლებანიძემაც მოსწრებულად შენიშნა: ჭოროხს, ენგურს, რიონს, ტეხურას, იორსა და არაგვს, დედა-მტკვართან ხმის ამოღების უფლება არ აქვთო.

შეიძლება ითქვას, ქართველებისთვის მტკვარი იგივეა მდინარეებში, რაც თბილისი - ქალაქებს შორის, და განა ყველამ არ ვიცით და მით უფრო, თბილისელებმა, რომ ჩვენი ქალაქი ჩვეულებრივი ქალაქი არ არის. აკი წლების წინ მწერალი დემნა შენგელაია ამბობდა:

„თქმულა და ჩვენც გავიმეორებთ, რომ ისე, როგორც ძველი რომაელი თავის რომს, ქართველი კაციც თავის თბილისს დღესაც თბილისს კი არა, ქალაქს უწოდებს. ქალაქში მივდივარო, რომ იტყვის, უნდა იცოდე, თბილისში მიდის, რადგან ეს ქალაქი მეტია თავისი აზრითა და მნიშვნელობით, ვიდრე სხვა რომელიმე ქართული ქალაქი. თბილისი ჩვენთვის დღესაც ის არითმეტიკული მნიშვნელია, ურომლისოდაც მთელი საქართველოს წილადები, ესე იგი, კუთხეები, არაფრით არ შეიკრიბება“ („ლიტერატურული საქართველო“, 1965 წ. 11 ივნისი).

ასევეა მტკვარიც. შემთხვევითი არაა, რომ ძველად როგორც „ქალაქი“ იყო თბილისის სინონიმი, ასევე „წყალი“ - მტკვრისა. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამ სახით მოიხსენიებს „ქართლის ცხოვრების“ ავტორი ლეონტი მროველი მდინარე მტკვარს:

„ხოლო ამან ადერკი მეფემან უმატა სიმაგრეთა ქართლისათა ქალაქთა და ციხეთა, და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ქალაქისა წყლისა მიერ და იმიერ“.

მტკვრის მნიშვნელოვან დახასიათებას იძლევა იაკობ გოგებაშვილი ყმაწვილებისთვის შედგენილ „ბუნების კარში“:

„მტკვარში გემების სიარული შეუძლებელია, რადგან ძლიერ ჩქარა მიდის და კლდეებით სავსეა იმისი ნაპირები. ძველ დროში კი მტკვარი გემთსავლელი მდინარე ყოფილა; კასპიის ზღვიდან სურამამდე თურმე პატარა გემები დადიოდა, მაგრამ მტკვარი სხვა მხრივ არის სასარგებლო: ამის ბოლოში ძალიან ბევრ თევზს იჭერენ. ტივების ზიდვითაც მტკვარი შესანიშნავს სარგებლობას აძლევს ქართველებსა“.


ფრანგი მოგზაურის, ჟან შარდენის თქმითაც, მტკვარი, რომელსაც გეოგრაფები უმეტესწილად „კირსა“ და „კორუსს“ უწოდებდნენ, გლობალურადაც მნიშვნელოვანი მდინარე ყოფილა:

„ეს მდინარე უფრო სასარგებლოა სპარსეთის ყველა მდინარეზე იმით, რომ საკმაოდ დიდ მანძილზეა და გამოსადეგი ნაოსნობისათვის, რომლისთვისაც არც ერთი სპარსეთის მდინარე არ ვარგა. ძველი ისტორიკოსები მოგვითხრობენ: ამ მდინარეში სპარსეთის შესანიშნავი მეომარი კირსი ჩააგდეს ყმაწვილობის დროს, მდინარემ არ ჩასძირა და ამიტომაც სახელად კირსი დაარქვესო. ეს ამბავი, ჩემი აზრით, მით უფრო დასაჯერებელია, რომ მთელ ამ მხარეებში, რომლებზეც ახლა ვლაპარაკობ, ამ მდინარეს საზოგადოდ შაჰ ბაჰმენ-სუს უწოდებენ, ესე იგი, მეფეთ-მეფის, ბაჰმენის მდინარეს; ბაჰმენი კი მეფე კირსას სახელია, სპარსეთის მემატიანეები კირსს ამ სახელით იხსენიებენ“. (ჟ. შარდენი, „საქართველოში მოგზაურობა“).

მტკვარი ანუ კირსიო, წერს ფრანგი მოგზაური. როგორ მოხდა, რომ საკუთარი სახელი „მტკვარი“ თარგმნას ექვემდებარება და ენების შესაბამისად, ხან „კურად“, ხან კი „კორად“ ითარგმნება?

ამ კითხვის პასუხად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატმა ვ. გვახარიამ 1963 წლის 27 დეკემბერს გაზეთ „თბილისში“ გამოაქვეყნა წერილი სათაურით „რატომ ეწოდება მტკვარს რუსულად „კურა“? ქართველი მეცნიერი წერს:

„მტკვარს, საქართველოს მთავარ მდინარეს, სახელი ქართველებმა დაარქვეს, მაგრამ ისე მოხდა, რომ მისი ქართული სახელწოდება არ გავრცელდა და მსოფლიოს ყველა ენაზე (მათ შორის რუსულადაც) ამ მდინარეს „კურას“ ან „კურს“ უწოდებენ.

ერთი შეხედვით, მტკვრის ქართულ და რუსულ სახელწოდებებს შორის თითქოს არავითარი კავშირი ან მსგავსება არ არსებობს (მტკვარი-კურა), მაგრამ როგორც ეს გვიჩვენეს მკვლევარებმა, სახელწოდება „კურა“ ყოფილა ნაწარმოები ამ მდინარის ქართული სახელწოდებიდან „მტკვარი“.

როგორია მტკვრის კურად გადაქცევის გზა?

ქართული ენისათვის დამახასიათებელ სიტყვაში რამდენიმე თანხმოვნის თავმოყრა; მაგალითად, „მტკვარში“ ერთმანეთს მისდევს ოთხი თანხმოვანი - მტკვ. სხვა ენები, რომლებიც ძველად გარს ერტყნენ ქართულს, ვერ იტანდნენ თანხმოვანთა ასეთ თავმოყრას და მათ შორის ჩართავდნენ ხმოვანს, ან რომელსამე თანხმოვანს უკუაგდებდნენ ხოლმე. ჩვენ შემთხვევაში სიტყვა „მტკვარმა“ ბერძნულ და თურქულ ენებში გადასვლისას დაკარგა ორი თანხმოვანი „მტ“ და მიიღო სახე - კვარი. თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ კომპლექსი „ვა“ ქართულშიც კი წინათ ხშირად იცვლებოდა „ო“ ხმოვნით (მაგალითად ცხვარი-ცხორი), და ასე გადადიოდა უცხო ენებში, ცხადი გახდება, თუ როგორ იქცა სიტყვა „მტკვარი“ კორად“: მტკვარი-მტკორი-კორი.

ძველი ბერძნები (მაგალითად, სტრაბონი) მტკვარს კორს უწოდებდნენ. დროთა განმავლობაში სახელწოდება „კორიც“ გადასხვაფერდა და იქცა „კურად“. რუსულ ენაში მტკვრის სახელწოდება შევიდა ბერძნულიდან და ამიტომაც მას რუსულად „კურას“ უწოდებენ“.

მტკვარს თბილისის ტერიტორიაზე ესაზღვრება ქალაქის ძველი და ახალი უბნები. მარცხენა სანაპიროზე: ავჭალა, დიდუბე (ალექსანდერსდორფი), კუკია, ჩუღურეთი, რიყე, ისანი (ავლაბარი), ნავთლუღი. მარჯვენა სანაპირო: დიღომი, ვაშლიჯვარი, საბურთალო, ვერე, გარეთუბანი, კალოუბანი, კალა, აბანოთუბანი, ხარფუხი, ორთაჭალა, ფონიჭალა.


Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში