ნიკო ფიროსმანაშვილი - „სარდაფების მოქალაქე“ |

[გარდაცვალებიდან 20 წლის შესრულების გამო; ნიკო ფიროსმანაშვილი დაიბადა 1860 წელს სოფელ მირზაანში]

ნიკო ფიროსმანაშვილი ახალი ქართული მხატვრობის უაღრესად თავისებურ სიმაღლეს წარმოადგენს: იგი განკერძოებით დგას თვისი ეპოქის გაბატონებულ შემოქმედებით პრინციპებისგან, საკუთარი მსოფლგაგებით, მხატვრული ხედვით და განცდით. ფიროსმანაშვილის შემოქმედების ამგვარ ხასიათს არ ედვა საფუძვლად მხატვრული მემკვიდრეობის კრიტიკული დაძლევა, მაღალი ოსტატობის გზით მიღწეული ნოვატორობა. პირიქით, მას საწინააღმდეგო „ბედის-წერა“ საზღვრავდა, სახელდობრ შემოქმედებითი ტალანტის სიძლიერე, მაგრამ თავისებურ სოციალურ ჩარჩოში მოქცეული განუვითარებელი დარჩა ბოლომდე.

ნ. ფიროსმანაშვილისათვის, როგორც მდაბიო ხალხის წრიდან - გლეხის ოჯახიდან გამოსულისათვის, უკუღმართი ცხოვრების წყვდიადში გადაკეტილი აღმოჩნდა ყველა გზა საკუთარი შესაძლებლობის გაშლისათვის.

ადრე დაობლებულმა ბავშვობა შინა-მოსამსახურის როლში გაატარა თბილისელი ვაჭრის ოჯახში. ამ პერიოდში შესწავლილი წერა-კითხვით, მხატვრობაში დამოუკიდებელი ვარჯიშობით ამოიწურა მთელი მისი განათლება.

დამოუკიდებელი ცხოვრებაც მეტად მკაცრი და „უბედო“ გზით განვლო. პირველი ცდები - ერთ-ერთ ნაცნობთან ერთად სამღებრო-სამხატვრო სახელოსნო გაეხსნა - მარცხით დამთავდა: რუსული და ევროპული კულტურით გატაცებული საზოგადოება ვერ მიიზიდა ახალგაზრდა მხატვარმა თავისი „დაბალი ხელოვნებით“.

შემდეგ დამტარებლის (შიკრიკის) და უფრო დიდი ხნით კი მატარებლის გამცილებლის მოვალეობას ასრულებს. აქედან ბაზრის ცხოვრებას უბრუნდება - სარძევეს ხსნის ვერაზე; მაგრამ მარცხი აქაც განმეორდა: ფუნჯსა და ფერებზე შეყვარებული მხატვარი ვერ გამოდგა ვაჭრის როლში, ვერ შეეგუა პატარა ჩარჩის „ბედს“.

ამ მიჯნის აქეთ იგი მხოლოდ სარდაფებში მოსჩანს, სადაც თან დააქვს ფერები და ფუნჯი, სწერს აბრებს და სურათებს. აქ თენდება და ღამდება მისთვის. უოჯახო და მოხეტიალე. უმეგობროდ და უნათესაოდ დარჩენილი მაგარი სასმელებით თავდავიწყებას შეეჩვია - „სვამდა რომ ეხატა და ხატავდა რომ ესვა“.

მის ირგვლივ მხოლოდ ერთი წრე ტრიალებდა, ეს იყო წრე სარდაფის ადამიანებისა, ხელოსნებისა, წვრილი ვაჭრებისა.

ასეთი ცხოვრებით ფიროსმანაშვილს, ბუნებრივია, არ ჰქონდა ფართო მხატვრული ჰორიზონტი, კულტურა. იგი, რომელსაც ფუნჯის ხმარება არ უსწავლია ოსტატის მზრუნველობით, რომელიც არ იცნობდა მხატვრობის არცერთი კლასიკოსის შემოქმედებითს პრინციპს, და რომელმაც თავისი დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო ბაზრით, ქუჩებით, გააგრძელა სარდაფებში და დაამთავრა იქვე - იფარგლებოდა პრიმიტიული ტექნიკით, მოვლენებისა და საგნებისადმი უშუალო დამოკიდებულებით.

ეს მომენტები ერთი მხრით მხატვრის ირგვლივ მოძრავი წრე, პირადი ცხოვრების გზა, მეორე მხრივ - პრიმიტივიზმი, მხატვრად მხატვრობის შესწავლის გარეშე ყოფნა - ასეთია ის ძირითადი მომენტები, რომლებმაც ფიროსმანაშვილის შემოქმედების პროფილი ასე მკვეთრად გამიჯნეს მისი ეპოქის, როგორც მთლიანად ევროპეიზმით გატაცებულ ქართულ, ისე მსოფლიო მხატვრობის გზებიდან.

ფიროსმანაშვილის შემოქმედება თემატიკისა და ჟანრების მრავალფეროვნებით ხასიათდება. იგი შეიცავს სარდაფების, სოფლისა და ქალაქის ცხოვრების ამსახველ სიუჟეტებს, თბილისის ტიპებს, მათგან განსაკუთრებით მდაბიო ხალხის წარმომადგენელთა სახეებს, პეიზაჟს, ცხოველებს, ნატურმორტს, პორტრეტებს, აბრებს მოხატულს სხვადასხვა სცენებით და სხვ.

სინამდვილე ამ მრავალფეროვნებაში უშუალო ჭვრეტითაა გადმოცემული: მხატვარი ისე ანსახიერებს საგნებსა და მოვლენებს, როგორც ისინი უბრალო, მარტივ ხედვაში მოსჩანან ყოველგვარი აზროვნული გარდაქმნის გარეშე. მის სურათებში ბუნება და ცხოველები სხვაგვარი სიცოცხლით ცოცხლობენ, ვიდრე ადამიანები. დიდი სიყვარული და უშუალო განცდა თან ახლავს ბუნების განსახიერებისათვის გამიზნულ მისი ფუნჯის ყოველ მოძრაობას, განსაკუთრებული სიძლიერით და ლირიზმით მეტყველებს დეკორატიული ფორმებით წარმოდგენილი მისი პეიზაჟი.

ფიროსმანაშვილს უყვარს ადამიანი, უდიდესი ჰუმანური განცდით ეპყრობა მას. იგი თვის ფერებში, რომლებსაც ყოველთვის თვითონვე ამზადებდა უიაფესი მასალებით, ცდილობს სიხარულის პოეტი იყოს, მაგრამ ამავე დროს იგი გრძნობს მის პიროვნულ „ბედს“, ეპოქის საერთო სუნთქვის სიმძიმეს და ამ ტკივილთა გამო მისი ფუნჯიც უძლური ხდება. მას უფრო ეხერხება აფრქვიოს სევდა, ბოჰემა, მელანქოლია, როგორც პროტესტი მიმართული გაბატონებული სოციალური გარემოს წინააღმდეგ, სამაგიეროდ, მას უყვარს სიმპატიურად აჩვენოს მდაბიო ხალხი, იქადაგოს მეგობრობა და ადამიანობა.

შემოქმედების მეთოდი, რომელიც ფიროსმანაშვილს მითითებულ მხატვრულ ხედვას ედო საფუძვლად, არ ეფარდება არც ერთ ცნობილ პრინციპს. იგი თუმცა სინამდვილის აპოლოგეტია, მაგრამ ამავე დროს არ შეიცავს მის არც მხოლოდ ნატურალისტურ, არც მხოლოდ რეალისტურ გაშლას. იგი სიმბოლიზმსაც უკავშირდება, მაგრამ ეს უკანასკნელიც ელემენტის სახით მოსჩანს მასში. აღნიშნულის მიუხედავად, მას აქვს მაინც ძირითადი სწრაფვა, სახელდობრ, სწრაფვა - იყოს რეალისტური, აჩვენოს სინამდვილე. და თუ ეს მისწრაფება ფიროსმანაშვილის შემოქმედებაში ფრთებშეკვეცილი რჩება, ძირითად მიზეზს არაერთხელ აღნიშნული პრიმიტიულობა წარმოადგენს.

განსაკუთრებული სიძლიერით მოსჩანს ფიროსმანაშვილის შემოქმედებაში ხალხური საფუძვლები, დემოკრატიული შემოქმედებითი სუნთქვა.

ფიროსმანაშვილის სარდაფების მოქალაქის, ლოთი მეაბრის როლში გარდაიცვალა. სამი დღე ებრძოდა იგი სიკვდილს ბნელ სარდაფში უპატრონოდ მიგდებული.

შემთხვევით აღმოჩენილი აქედან საავადმყოფოში წაიყვანეს. მაგრამ „საწყალი ნიკალას“ გზა უკვე დამთავრებული აღმოჩნდა: ერთი დღის შემდეგ 1918 წლის 22 აპრილს (5 მაისს) სარდაფების ხელოვანს უკანასკნელი ამოსუნთქვა ხვდა წილად...

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში