ლადო გუდიაშვილი - სატირული გრაფიკა 1940-1950 |

ლადო გუდიაშვილის მდიდარსა და მრავალფეროვან შემოქმედებით მემკვიდრეობაში გამორჩეული ად­გილი სატირულ-გრაფიკულ სერიას უკავია (XX საუკუნის 40-50-იანი წლები. ტონირებული ქაღალდი, ფანქარი, ტუში). 


გრაფიკული შემოქმედება მხატვრისთვის სიცოც­ხლის მანძილზე ყოველდღიური რეალობის ბუნებრივი პროცესი და ცოცხალი მოთხოვნილება იყო. მხატვრის ოჯახის წევრების გადმოცემით, ის არასოდეს იცილებდა ფანქარს, ყველაფერს, რასაც ირგვლივ ხედავდა, ყველა თავის ჩანაფიქრს, ხაზის საშუალებით ქაღალდზე გადმოსცემდა. გრაფიკული შემოქმედება მისი ცხოვრების ყველა პერიოდის თანმხლებია. 

გუდიაშვილისათვის ხაზით აზროვნება, გრაფიკის სახვითი შესაძლებლობების ვირტუოზული ფლობა, მუსიკოსის აბსოლუტური სმენის მსგავსად, მისი ნიჭის ბუნებრივი და მთავარი დამახასიათებელი მხარეა. ხაზის უზადო ოსტატობა მას გენეტიკურად ეროვნული ხელოვნების ტრადიციებთან აკავშირებს.

***


„ბევრ რამეს, რაც მე შევქმენი, რაც გავაკეთე, რაც იყო და როგორც იყო, უპირველეს ყოვლისა, მე ვუმადლი ჩემს მეგობარს, - მეუღლეს - ნინო გუდიაშვილს... იგი მუდამ თავდადებით, ფანატიკური რწმენით ჩემდამი, ჩემი მომავლისადმი, აკეთებდა ყოველივეს და თუ მე ბევრი რამ, ასე თუ ისე, გადავიტანე, ბევრ რამეს გავუძელი და მცირეოდენი რამ შევქმენი, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით მუდამ ნამდვილი მეგობარი იდგა... მე მისგან თვით სიცოცხლით ვარ დავალებული“, - ლადო გუდიაშვილი, „მოგონებების წიგნი“, თბილისი, 1979 წ.

***


სტალინიზმში გადაზრდილი მარქსიზმ-ლენინიზმი და ფაშიზმი მსოფლიოში გაბატონებისთვის იბრძოდნენ. ორი დიქტატორული სისტემა დაუნდობლად ანადგურებდა თავისუფალ აზრსა და სიკეთეს, ამკვიდრებდა მორჩილებასა და დეგრადაციას. ლადო გუდიაშვილი, როგორც ხელოვანი, ვერ ურიგდება სიმახინჯით აღსავსე რეალობას და პროტესტის გამოსახატად ქმნის სატირული გრაფიკის ციკლს - ეპოქის მოვლენების ალეგორიულ ქრონიკებს, რაც ქართული სახვითი ხელოვნების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

***

ლადო გუდიაშვილი - სატირული გრაფიკა

ლადო გუდიაშვილის მდიდარსა და მრავალფეროვან შემოქმედებით მემკვიდრეობაში გამორჩეული ადგილი სატირულ-გრაფიკულ სერიას უკავია (XX საუკუნის 40-50-იანი წლები. ტონირებული ქაღალდი, ფანქარი, ტუში).

გრაფიკული შემოქმედება მხატვრისთვის სიცოცხლის მანძილზე ყოველდღიური რეალობის ბუნებრივი პროცესი და ცოცხალი მოთხოვნილება იყო.

მხატვრის ოჯახის წევრების გადმოცემით, ის არასოდეს იცილებდა ფანქარს, ყველაფერს, რასაც ირგვლივ ხედავდა, ყველა თავის ჩანაფიქრს, ხაზის საშუალებით ქაღალდზე გადმოსცემდა.

გრაფიკული შემოქმედება მისი ცხოვრების ყველა პერიოდის თანმხლებია.

გუდიაშვილისათვის ხაზით აზროვნება, გრაფიკის სახვითი შესაძლებლობების ვირტუოზული ფლობა, მუსიკოსის აბსოლუტური სმენის მსგავსად, მისი ნიჭის ბუნებრივი და მთავარი დამახასიათებელი მხარეა. ხაზის უზადო ოსტატობა მას გენეტიკურად ეროვნული ხელოვნების ტრადიციებთან აკავშირებს.

გუდიაშვილის გრაფიკული მემკვიდრეობა მრავალმხრივია. მის მიერ შექმნილი მხატვრული სამყარო მდიდარი, მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანია. აღმოსავლური გავლენებით აღბეჭდილი გუდიაშვილის ილუსტრაციები შოთა რუსთველის პოემისათვის - „ვეფხისტყაოსანი“ და სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებისათვის - „სიბრძნე სიცრუისა“, მხატვრის ინდივიდუალობის წყალობით, განსაკუთრებული ორიგინალობით გამოირჩევა.

ლადო გუდიაშვილი - სასაფლაოს ქიმერები, 1942 წ.
ლადო გუდიაშვილის რომანტიკული მსოფლაღქმა განაპირობებდა მხატვრული აზროვნების მეტაფორულობასა და ალეგორიულობას. ალეგორიულობა XX საუკუნის კულტურისა და ხელოვნების დამახასიათებელი მხარეა. ალეგორიულია პიკასოს „გერნიკა“, სიურრეალისტების „ზმანებანი“ და ბევრი სხვა. ამასთან ერთად, ყველა შემოქმედი ინდივიდუალური ალეგორიული სტილის შემქმნელია.

ლადო გუდიაშვილი - ქალური თილისმით მოჯადოებული სიბრძნე, 1942 წ.
ლადო გუდიაშვილის გრაფიკული სერია სატირული პროტესტის ხასიათისაა, რომელიც ღრმა პირადული განცდის შედეგია. თავისი ქვეყნისა და ხალხის სიყვარული დაეხმარა მას, გამოეხატა საკუთარი ხედვა იმდროინდელ რეალობაზე. მხატვარმა ამ სერიის ფურცლებზე ასახა საზოგადოების სულიერი და ფიზიკური ტრაგედია. გრაფიკული სერიის მხატვრული სახეები და სიტუაციები მხატვრის მდიდარი ფანტაზიის წყალობით ალეგორიული ფორმით განასახიერებს თავისი დროის მკაცრი რეალობის მანკიერ მხარეებს - სიცრუეს, სიბრიყვეს, პატივმოყვარეობას, ფსევდოგანსწავლულობას, ბოროტებას, ძალადობას, სიხარბეს, ყველაფერ იმას, რაც თესდა შიშს და კლავდა სიყვარულსა და გულწრფელობას ადამიანთა შორის. შეიძლება ითქვას, რომ იმ დროის არც ერთ ისტორიულ დოკუმენტს არა აქვს ისეთი ზემოქმედების ძალა, როგორიც გუდიაშვილის ფურცლების ვიზუალურ გამომსახველობას.

ლადო გუდიაშვილი - სუსანას გაყოფა, 1942 წ.
სერიის ყველა ფურცელი ხასიათდება სახეობრივი მრავალმნიშვნელობით. ალეგორიულობის მიღმა გამოიცნობა პოლიტიკური სატირა, შეიგრძნობა ძველი ქართული ანდაზებისა და თქმულებების გავლენა და მხატვრის ცხოვრებისეული გამოცდილება. გუდიაშვილი საუბრობს ეზოპეს ენით და მხატვრულ სახეებად განაზოგადებს რეალობის მანკიერ მხარეებს: წამბაძველობასა და მონურ მორჩილებას (მაიმუნის სახე), სისულელესა და სიბრიყვეს (ვირის სახე), ბოროტების ძალებს (მახინჯი გროტესკული სახეები), მშვენიერებასა და სილამაზეს (ქალის სხეული). ყველა ფურცელზე მხატვარი იძლევა მშვენიერისა და სიმახინჯის, ადამიანურისა და ცხოველურის, გონისა და ინსტინქტის ანტითეზას.

როდესაც ათვალიერებ გუდიაშვილის ფურცლებს, უნებლიედ გაგონდება დიდი ესპანელი მხატვარი ფრანსისკო გოია, მაგრამ გუდიაშვილი XX საუკუნის ქართველი მხატვარია, რომელმაც თავისი ქვეყნისა და ხალხის გასაჭირი ეროვნული სახვითი ენით გამოხატა...

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში