ლექსები | ნიკოლაი გუმილიოვი

მე და თქვენ

ვიცი, არა ვარ მე თქვენი თარგის,
ვარ სულ სხვა ქვეყნის ჯიში და მოდგმა.
და მომწონს არა გიტარის ჰანგი, 
არამედ ზურნის ველური მოთქმა.

სალონებში კი არა ვჩურჩულებ
მუქ კაბებსა და პიჯაკებს შორის,
ლექსებს ვუკითხავ ჩანჩქერს, ურჩხულებს
და მე მისმენენ ღრუბლები შორი.

მე მიყვარს, როცა არაბი მწირი
წყალს დაემხობა მძიმე ლოდივით,
არა ნაყალბევ სურათთა გმირი,
ცას რომ გაჰყურებს მშვიდი ლოდინით.

და მე ლოგინში კი არ მოვკვდები
ნოტარიუსის და მკურნალთ ხელში,
გამოქვაბულში დაველოდები
და იქ მომაგნებს სიკვდილის გეში.

არა მიტომ, რომ ავიდე აღმა
პროტესტანტული სამოთხის კარად,
არამედ, სადაც ქურდი და კახპა
თავს დამკივლებენ: „წამოდექ, ჩქარა!“



ბუნება

აჰა, ესერა, ბუნება მთელი,
რომელსაც სული არ აღიარებს:
მდელოზე თაფლის სურნელი ნელი
ერთვის ჭაობის შმორის მხვიარებს.

ქარს აიძულებს ველური გლოვა,
მგლის ყმუილივით ზარი გამართოს.
ფიჭვების თავზე ღრუბელთა გროვა
მართავს მარულას უმისამართოს.

ვხედავ: ლანდები ერთურთს ერევა,
ვხედავ და მახრჩობს ბოღმა და გესლი:
რა ღარიბ მრავალსახიერებად
მწიფს შემოქმედის ნაბნევი თესლი.

ო, დედამიწავ, ნუ ხუმრობ, მოდი,
შემოიძარცვე ეგ კაბა ძველი.
და იყავ, რაიც იყავი ოდით:
ცეცხლად ნაგზნები ვარსკვლავი მწველი!


მეექვსე გრძნობა

კარგია ღვინო, ჩვენ რომ ასე შემოგვციცინებს,
კარგია პურიც, ცხელ თონეში ჩვენთვის რომ ცხვება,
ქალიც, რომელიც ჯერ გვაწამებს მაცდურ სიცილით,
შემდეგ კი ძალუძს, რომ მოგვაგოს სიტკბო და შვება.

მაგრამ რა ვუყოთ განთიადებს, ნაირფერებად
იმ შემცივნებულ კამარებში რომ კრთიან უხმოდ,
სადაც სიმშვიდეს ვერ დაარღვევს მიწიერება.
ანდა ამ მართლაც უკვდავ ლექსებს რა უნდა ვუყოთ?

არც იკოცნება, არც იჭმევა და არც ისმევა.
დრო კი თავისთვის მიდის მაინც, არვის მორჩილი.
ჩვენ ხელებს ვიმტვრევთ, ვფორიაქობთ, მაგრამ ისევე
ყველაფრის მიღმა, მხოლოდ მიღმა სვლა გვაქვს მოსჯილი.

როგორც ბიჭუნა, თავის თამაშს რომ შეწყვეტს უცებ
და უთვალთვალებს მობანავე გოგონას სხეულს.
თუმც სიყვარული ჯერ არ იცის, გული კი უცემს
და გრძნობს იდუმალ რაღაც სურვილს, მტანჯველს და წყეულს.

როგორც ოდესღაც ზეაღმოხდა წივილის ტალღა
უსუსურსა და ლიპ ქმნილებას, როს მომნუსხველი
რაღაც ქავილი აგრძნობინა უეცრად ალღომ
ზურგსუკან, მხრებზე - ფრთები ჯერაც გამოუსხმელი.

ასე გრძელდება, ღმერთო, მაგრამ როდემდე განა? -
სხეული კივის, იტანჯება სული ბოგანო,
ბუნებისა და ხელოვნების დანის ქვეშ სანამ
მეექვსე გრძნობას გაუჩნდება რაღაც ორგანო.

ოცნებები
ბინადართაგან მიტოვებულ ქოხმახთა მიღმა,
იქ, სადაც შავად მეჩხერობდა მესერი ზველი,
ბერმა ყორანმა დაძონძილი გლახაკი იხმო, 
რათა გაენდო წეღანდელი ხილვები მწველი.

ყორანს თრგუნავდა შინაგანი მარადი შიში,
მაგრამ უნდოდა გლახაკისთვის ეამბნა მაინც
აუხდენელი ოცნებები, ნანახი ძილში,
ციხესიმაგრის ნანგრევებზე ეზმანა რაიც.

რარიგ ეახლა მათ ორივეს ნანატრი ბედი,
აღარც ახსოვდათ თავიანთი ყოფნა წყეული.
ის ვითომ ტალღებს მიაპობდა, ვით თეთრი გედი,
ხოლო გლახაკი უფლისწულად იყო ქცეული.

გლახაკი ჩუმად ქვითინებდა. ზეცა მაღლი
თანდათან ქუფრად მძიმდებოდა, დაბლა იწევდა.
და გზად ჩავლილი დედაბერი, ოდნავ დამფრთხალი,
გამალებით და მორიდებით პირჯვარს იწერდა.

***

არ ედგომებათ ჩემთან ყვავილებს,
ძლივს ვასწრებ მათი მშვენებით ტკბობას,
ორიოდ დღეში იწყებენ ჭკნობას,
არ ედგომებათ ჩემთან ყვავილებს.

არ ედგომებათ ჩემთან ჩიტებსაც.
იბუზებიან უხმოდ და უნდოდ.
დილით - ბუმბულის უსულო გუნდა...
არ ედგომებათ ჩემთან ჩიტებსაც.

მხოლოდ წიგნების მწკრივი რვა რიგად,
საუკუნეთა მოთენთვას მარადს
იცავენ მდუმარ გუშაგთა დარად,
როგორც კბილების მწკრივი რვა რიგად.

წიგნებს რომ ყიდდა, ის ბუკინისტი
ცხოვრებისაგან მოტყდა, დაოსდა.
... ვაჭრობდა წყეულ სასაფლაოსთან,
წიგნებს რომ ყიდდა, ის ბუკინისტი.

***

შავი ხავერდი, რომელზეც თითქოს
დარჩათ ალმასი მბზინავი ცერად.
ამ შედარებას თავისით ითხოვს
მგალობელ თვალთა ნატიფი მზერა.

ვით ფაიფურის უცხო საგანი,
მისი სხეულის ნატიფი კრთომა
არის, ვით თეთრი იასამანი
და მასზე მთვარის სხივების კვდომა.

ხელები, როგორც ცვილი ნათელი,
რომლებშიც სისხლი ჩქეფს ცეცხლის დარად,
როგორც ღვთისმშობლის ხატთან სანთელი,
ჩაუმქრალი და მთრთოლვარე მარად.

მსუბუქია და დაუდგრომელი,
როგორც სარკიდან ნასხლეტი სხივი,
ვით შემოდგომის ჩიტი, რომელიც
მზად არის, დათმოს ქვეყანა ცივი.


ჰოკუ

აი, ლამაზი ქალიშვილი, ნუკრისთვალება,
ცოლად მიჰყვება ამერიკელს. ნეტავ კოლუმბმა 
ეს ამერიკა რა ჯანდაბად აღმოაჩინა?!


პატარა სპილო

აი, შეხედე, საყვარელო, - პატარა სპილო,
დაბადებული ან ბერლინში, ანდა პარიზში,
რომელიც რბილად დააბიჯებს ბამბის თათებით
და უხმოდ უვლის ზოოპარკის პატრონის სადგომს.

ნუ შესთავაზებ ჯერჯერობით ფრანგულ ფუნთუშას,
ნუ შესთავაზებ ჯერჯერობით კომბოსტოს თავებს - 
მას შეუძლია მანდარინი მოწუწნოს მხოლოდ,
შაქრის ნატეხი ან კამფეტი სულ ერთი ციცქნა.

ნუ ატირდები, საყვარელო, შენ იმის გამო,
რომ ბრბო დასცინებს გამომწყვდეულს ამ გალიაში,
რომ მყრალ სიგარას შიგ ხორთუმში შეაბოლებენ
ვიღაც ნოქრები, გოგონების სიცილ-ხარხარით.

და არ იფიქრო, საყვარელო, რომ მოვა ის დღე,
როცა აიწყვეტს მძიმე ჯაჭვებს გაგიჟებული,
გამოვარდება ქუჩაში და ავტობუსივით
ზედ გადაუვლის აკივლებულ ადამიანებს.

არა, შენ, დაე, დაგესიზმროს: ის სისხამ დილით
ფარჩით, სპილენძით, ბუმბულებით მთლად აღკაზმული,
როგორც ის, მართლაც დიდებული, ოდესღაც, ძველად
რომ მიარწევდა ათრთოლებულ რომში ჰანიბალს.


მთარგმნელი - ვახუშტი კოტეტიშვილი

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში