კირილ ზდანევიჩი - ნიკო ფიროსმანი |

ნიკო ფიროსმანი არის საქართველოს შესანიშნავი ეროვნული მხატვარი. ის ბევრისგან მიღებულია დღეს, მაგრამ ხალხის უმეტესი ნაწილისათვის თითქმის არც კი არსებობს. ათი წლის წინად ტფილისში ხშირად შეხვდებოდით ფიროსმანის სურათებს სასადილოებში და სამიკიტნოებში რკინის გზის სადგურის ირგვლივ; მისი სურათების ნახვა შეიძლებოდა აგრეთვე ქალაქის განაპირა უბნებში; ახლა, ეკონომიკური პირობების შეცვლის გამო, ბევრი სავაჭრო დაიხურა და აღარ არსებობს. ამის გამო სურათების ერთი ნაწილი დაიკარგა სრულებით; დანარჩენი კი გადავიდა კერძო პირების ხელში. ოცამდე მისი სურათი ინახება ნაციონალური გალერეის სარდაფში.

ფიროსმანისებური ძველი ტფილისის სახე დაიკარგა მისი სიკვდილის შემდეგ. ხალხის უმეტესობა, რომელიც ხშირად დადიოდა სამიკიტნოებში, ბაღებში და სარდაფებში, ძლიერ აფასებდა ფიროსმანს, უყვარდა და ამაყობდა მისი შემოქმედებით. ფიროსმანი იყო ჭეშმარიტად ეროვნული მხატვარი.

მართლაც, როგორი სიმდიდრით გადმოგვცემს ის ჩვენ ყოველდღიურ და ისტორიულ ცხოვრების სურათებს, როგორი შეკვეცილი და მძაფრი ოსტატობით ჰქმნის პორტრეტებს და ჟანრულ სცენებს! რას არ შეხვდებოდით ამ გრანდიოზულ ეპოპეაში, რომელიც ასე მძლავრად და მხატვრულად ასახიერებს საქართველოს ცხოვრებას რევოლუციამდე. რამდენიმე დიდი სურათით (ზოგიერთი თითქმის ორი საჟენია სიგრძით) ის გადმოგვცემს ძველი კახეთის ჩვეულებებს და ადათს: ქეიფს სუფრაზე და მოლზე, სხვადასხვა დღესასწაულს, ქორწილს, ცეკვას.

საზოგადოდ, საყვარელი მისი თემაა მდაბიო ხალხის ქეიფი ქართული პეიზაჟის ფონზე, მწვანილით და ყოველგვარი საჭმელებით სუფრაზე, ან და კიდევ რთველი და ნადირობა. მას აქვს სურათები ამგვარი წარწერით: „გიორგი სააკაძე პატიობს საქართველოს მტრებისაგან“, „შამილი თავის ამალით“, „თავ. ბარიატინსკის საომრათ გამგზავრება“, „რუსეთის და იაპონიის ომი“ და სხვ.

ნიკო ფიროსმანი - ქეიფი ვაზის ტალავერში
მას აქვს პორტრეტები: შოთა რუსთაველის, თამარ მეფის და თავადების ნაბდებით და ყანწებით ხელში.

ნიკო ფიროსმანი - შამილი და მისი მცველი, 1908 წ.
გარდა ამისა ის ხატავს: კინტო არღნით, ძიძა ძუძუმწოვარ ბავშვით ხელში, ქალი და ვაჟი, მეთევზეები, სოფლის ქალები, პროსტიტუტკები გაშლილი თმებით, მარაო ხელში, იადონი მხარზე, ჩინოვნიკები, მიკიტნები, მეურმეები, გლეხები, მუშები და მწყემსები. პორტრეტები, მიუხედავად იმისა, რომ ის მათ ხატავდა მეტის-მეტად უბრალოთ და პრიმიტიულ ტექნიკის საშუალებით, ხშირად ძლიერ გვანან ორიგინალს.

არის საოცარი რიგი მხეცების, სადაც სიმკაცრე, ველურობა, ან და გრაციოზული ტანის სიმჩატე, მოცემულია მკაფიოდ და მკვეთრად და იძლევა სრულ დახასიათებას; მაგ. ირმისა, ვერძისა, ლომის, ჟირაფის, დათვის, ღორის და სხვ. არის ბევრი პეიზაჟები; მაგ. ფუნიკულიორი, არსენალის მთა ღამით, შავი ზღვა, ტყეები და მთები.

გარდა ამისა, მკვდარი ბუნება: აღდგომის სუფრა შემწვარი ბატკნით, ფანტასტიური შეერთება ტიკისა და ქვევრის, ერთნაირი ზომის როგორც ხელადა და ჭიქა, ყურძნის მტევნები, მარილი და ატმები. საიდან გაჩნდა ეს „კინტო“, რომელ მხარიდან გამოქროლდა ჩვენკენ ეს გენიოსი, რომლის მსგავსი ცოტა მოიპოვება მსოფლიო მხატვრობაში. მართლაც, როგორ მოხდა, რომ ადამიანმა, რომელსაც არასოდეს არ უსწავლია არც ერთ სამხატვრო სკოლაში, რომელსაც არავინ არ უნახავს, გარდა ტფილისის მხატვრებისა (სხვათა შორის, ჩვენ ვიცით, თუ როგორი სკეპტიციზმით უყურებდა ის მათ) შეჰქმნა, იმისთანა მხატვრული ნაწარმოებნი, რომლებზედაც დღესაც სწავლობენ ახალგაზრდა ქართველი მხატვრები (მაგ. გუდიაშვილი და სხვ.).

ჭეშმარიტად, ფიროსმანი უნდა ჩაითვალოს ახალი ქართული მხატვრობის შემქმნელად. გამოვარკვიოთ რა ელემენტებიდან შედგება მისი შემოქმედება: პირველი ფაქტორი - ქართული ფრესკაა, აქ არის ბიზანტიის გავლენა, მაგრამ მას ფიროსმანი აძლევს თავისებურ ხასიათს; ფრესკა უფრო მსუბუქია და ცოცხალი, თვით კომპოზიციით, ღია და მხიარულ ფერადებით, განთავისუფლებული ბიზანტიურ სიმკაცრისაგან ხიბლავს თვალს ფრესკიდან სტატიურობა ფორმის, კომპოზიციის მონუმენტალობა, და ღია ფერადების ცისფერის და ლურჯისადმი სიყვარული.

მეორე ფაქტორი - მინიატურაა, აქ იწყება სიყვარული სპარსელების გრაფიულობისა (უკანასკნელთა გავლენა დიდია ქართულ მინიატურაზე). ლაქა თითქოს ბრტყელია, მაგრამ გამომეტყველი. ფერადები: შავი, მწვანე და ყვითელი. მიუმატეთ ამას კიდევ ის, რომ მის ნაწარმოებს თითქმის აკრავს დაღი ქანდაკებისა; საფლავების ქვის კარების, ბარელიეფების და უბრალო სათამაშოების ხასიათისა. ტრადიცია უბრალო აბრებისა. ფიროსმანთან ხშირად თავს იჩენს სიმეტრიული და თითქოს გარითმულ შეთანაბრებაში ზოგიერთ სურათებისა (ორი მწოლიარე ქალი, ორი მამაკაცი). დიდი ღვაწლი დასდო ფიროსმანმა იმით, რომ მან გააცოცხლა მშვენიერი ტრადიცია ფრესკის და შეაერთა დანაწილებული და დაშორებული ელემენტები ქართული მხატვრობის.

ამ მუშაობით იყო გამორკვეული ხალხის მხატვრული სიმდიდრე და ნაჩვენები გზა მომავალ საქართველოს მხატვრულ შემოქმედებისათვის. საძირკველი ჩაყრილია; ეხლა საჭიროა მხოლოდ შრომა! რთული ამოცანებით, მაგრამ იოლად მიღწეული კომპოზიცია, ყოველთვის მოულოდნელია მაყურებლისათვის, რა სიმდიდრეს წარმოადგენს ეს მოხერხებულ ოსტატობით!

სიბრტყეები ხან ჯვარედინდებიან, ხან მიდიან სპირალებად, ხან კიდევ ჩამოშვებულნი ზევიდან ქვევით ხვდებიან შემორკალული მრუდე ხაზით. მხატვრობა მსუბუქი და ბეჯითი, ძალდაუტანებელი ხატვა და დამორჩილება წვრილმანების საერთო კომპოზიციებისა, წარმოადგენენ ოსტატის მაღალ მიღწევას. ფერადები შემოქმედის ხშირად ძლიერ ინტენსიურია: მუქი ლურჯი, ღია ყვითელი, შავი, მწვანე და თეთრი; ეს ფერადები შედარებით უფრო ხშირია. ხანდისხან ღია წითელი, ქვიშნის და ყავისფერი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად რომელიმე ფორმა, თითქოს სადად არის შეღებილი, ფერადების დაშლა ყველგან დაცულია ფიროსმანთან; და ეს ახდენს მეტ მხატვრულ შთაბეჭდილებას.

ფაქტურა მრავალგვარია და დამოკიდებულია იმაზე თუ რისი გადმოცემა სურს მხატვარს. მატყლი, აბრეშუმი, ადამიანის სხეული, ხე, ტყავი, თმები, ზეცა; ტექნიკა ყოველთვის იცვლება. სხვადასხვა მოხერხებით ხმარობს ის ფერადებს. (უმთავრესი ნაწილი მისი ნახატებისა დახატულია შავ მუშამბაზე). ხშირად ხელოვანი, რომელიც ყოველთვის მეტის-მეტად მკაფიო და სხარტია გადმოცემათა საშუალებებში, ტოვებს ნიადაგს დაუაფარავს ფერადებით, რაც უფრო აძლიერებს ფაქტურას.

ნ. ფიროსმანი ოსტატია უმაღლესი ღირსების; მას არ სჭირდებოდა აკადემია (შეიძლება მას სრულიად მოეკლა ის, როგორც ბევრი სხვა).

პრიმიტივისადმი მისი მოსვლა განუყრელად გადახლართულია მის უბრალო და ბრძნულ მსოფლმხედველობასთან. კუბიზმის და ფუტურიზმის მიღწევათა შემდეგ, მარცხენა ფრთის შემქმნელნი იწევდნნენ სინთეზისაკენ, შემოკლებულ და გაწმენდილ ფორმისაკენ, - ეს არის პრიმიტივი. ამით აიხსნება ის დიდი სიყვარული, რომლითაც თანამედროვე მხატვრები ეპყრობიან ფიროსმანს.

ნიკო ფიროსმანის მამა იყო კახეთის მემამულე. ყმაწვილი თორმეტი წლიდან ცხოვრობდა ტფილისში. ამ ხანაში მას აღმოაჩნდება ნიჭი ხატვისა. 1900 წლამდე მან თავისი ცხოვრება სამსახურში და ვაჭრობაში გაატარა. მოულოდნელად ის დაღარიბდა და მას ეკარგება ყველაფერი, გარდა ტალანტისა.

თვით ბედმა უკარნახა ფიროსმანს ყოფილიყო მხატვარი. მას იწვევენ ყველგან, აჭმევენ და ასმევენ; სამაგიეროდ ის ხატავს სურათებს. ამგვარად, მეცენატს შეეძლო შეეძინა თვეში 10-20 მისი სურათი, ვინაიდან ფიროსმანი ჰქმნიდა სურათს ერთ ან ორ დღეში.

1912 წელში ზამთარში შეხვედრის დროს ის ლაპარაკობდა ჩვენთან საოცარ სიღარიბეზე, რომელიც მას აწუხებდა; ამბობდა აუტანელ პირობებზე, რომელშიც მას უხდებოდა მუშაობა და გვეხვეწებოდა როგორმე დავხმარებოდით მას.

„ვინმემ რომ მომცეს ერთი ოთახი და ფერადები, მე კიდევ ბევრ კარგ რამეს შევქმნიო“, - ამბობდა ის.

ფიროსმანი მოკვდა 1918 წელს და დასაფლავებულ იქნა კუკიის სასაფლაოზე. მისი საფლავი დაიკარგა. ამ მოკლე ხანში სახელმწიფო გამომცემლობა უშვებს მონოგრაფიას ამ შესანიშნავ მხატვარზე. დიდი დამსახურება ფიროსმანის სახელის აღდგენაში მიუძღვით გრ. რობაქიძეს, ტიციან ტაბიძეს და გიორგი ლეონიძეს, რომელთა წერილები მოთავსებული „ბახტრიონში“ და ენერგია მასალების შეკრებაში, მაჩვენებელია იმისი, თუ როგორი სიყვარულით ხვდება საქართველო ნ. ფიროსმანს.


წერილი გამოქვეყნებულია ჟურნალ „მნათობში“, 1924 წელს.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში