კუკიის ანაბანა | ტიგრან ამირიანი
თბილისი გამოირჩევა იმით, რომ აქ ყოველთვის იპოვნით წაშლილი მეხსიერების ტოპოსებს, მაგრამ, ამავდროულად, არსებობს სრულიად განსხვავებული სოციოკულტურული და ეთნიკური ფენების წარმომადგენელთა კერძო მეხსიერების შემჭიდროვების, შეკუმშვისა და დაშრევების ადგილები და ძეგლები.
ერთ-ერთი ასეთი საოცარი ადგილი კუკიის სასაფლაოა, რომელიც ქალაქის მარცხენა სანაპიროზე, ჩუღურეთში მდებარეობს. სასაფლაო ე.წ. „ახალი სოფლის“ ადგილზეა, რომელსაც მოგვიანებით კუკია ეწოდა.
ერთ-ერთი მოსაზრებით, ამ სიტყვით წარმართულ რიტუალებში გამოყენებულ თოჯინას აღნიშნავდნენ.
XIX საუკუნეში სოფელი თბილისს შემოუერთდა და მის განაპირა უბნად იქცა.
სასაფლაოს ასაკი სხვადასხვა მონაცემებით 300-400 წელს ითვლის. ნებისმიერ შემთხვევაში, საფლავის ქვები მოწმობს, რომ აქ არა უბრალოდ სასაფლაო, არამედ თავისებური მოგონებების მუზეუმია, სადაც სტილისტურად და ეპოქალურად განსხვავებული სკულპტურები სახელების, ისტორიებისა და ბიოგრაფიების კოლექციას ქმნის.
XVIII საუკუნის საფლავთა ნაშთები თითქმის არ დარჩენილა. საფლავთა ძირითადი ნაწილი XIX-XX საუკუნეებს მიეკუთვნება. ზოგიერთ ქვაზე დრო ნელ-ნელა შლის წარწერებს. მომსვლელები და მესაფლავეები კი ამოკვეთილ ქვებს ცარცს ავლებენ, რათა აქ დაკრძალულთა სახელები ამოიკითხონ.
უკანასკნელ ასწლეულში საფლავთა რიცხვი ნელ-ნელა იზრდებოდა, სხვადასხვა კონფესიის შესაბამისად გამიჯნული სასაფლაოების ტერიტორიები ფართოვდებოდა და ერთმანეთს უახლოვდებოდა, ვიდრე საბოლოოდ არ გაერთიანდა ერთი სახელის ქვეშ.
დღეს ეს შთამბეჭდავი ტერიტორიაა ახალი კუკიის პანთეონითა და წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიით, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში აშენდა. საბჭოთა ხელისუფლებამ კუკიაზე რამდენიმე მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესია დაანგრია, მაგრამ კათოლიკური სამლოცველოების ადგილას, დღეს აქ რამდენიმე ქართველ და სომეხ კათოლიკეთა საფლავია შემორჩენილი.
კუკიის სასაფლაო გადაურჩა სტატუსით დიფერენცირებას, რომელიც ხშირად ახასიათებს ქალაქებს: აქ არ არის განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს, ცნობილ და უცნობ ადამიანთა შორის. კუკია ცოცხალი ორგანიზმია, სადაც დრომ დააახლოვა და ერთმანეთში შეურია კათოლიკეთა, ლუთერანთა, მართლმადიდებელთა, მოლოკანთა, ებრაელთა, გრიგორიანთა და სხვათა საფლავები.
აქ ნახავთ ქვებს ასირიული წარწერებით, რომელთა გვერდებზე ფრანგული წარწერაა. გერმანელ ჯარისკაცთა საძმო სასაფლაოს ობელისკი გერმანულად გვამცნობს კავკასიაში, ომში, დაღუპულთა შესახებ. აქ ქართული ანბანი მთელი თავისი მრავალფეროვნებით სომხურის გვერდით არსებობს, რომლის მეზობლად, თავის მხრივ, კირილიცას ამოიკითხავთ. წარწერებია იტალიურ, პოლონურ, უკრაინულ და სხვა ენებზე. კუკია ადგილია, რომელიც ინახავს ცალკეულ ადამიანთა ხსოვნას, სივრცე, სადაც ქაოტურად, ანბანთა ერთგვარი მონაცვლეობით იქმნება ცალკეულ ისტორიათა მოზაიკა სხვადასხვა ენაზე; სადაც ეთნოსები, რელიგიები, პროფესიები და ასაკი ქმნის მრავალხმიანობას, რომელიც ქალაქის ჭეშმარიტი მეხსიერებაა.
სწორედ სხვადასხვა ენის პოლიფონია, სხვადასხვა ანბანის თანაარსებობა, მათი ყოველდღიური გამოყენება აძლევს მოქალაქეებს საშუალებას, გვიამბონ საკუთარი თავის შესახებ, თავად იქცნენ ამბებად. ანბანის ეს მრავალფეროვნებაა ცალკეულ თბილისელთა შესახებ ხსოვნა და სწორედ ამგვარ ძეგლთა ანსამბლი არის ამ ქალაქის მეხსიერების მნიშვნელოვანი შემადგენელი.
წყარო: ტიგრან ამირიანი - „კუკიის ანაბანა“
სახელოვნებო-დოკუმენტური პროექტი
გეოეარი, თბილისი, 2017წ.