მთაწმინდა | არჩილ სულაკაური
ოცდაათი წელი ვიცხოვრე იმ სახლში, რომელიც მტკვრის პირას იდგა. ხისრიკულებიან აივანზე მდგარს თითქმის ნახევარი თბილისი ხელისგულზე მედო. ჩემი აივნიდან მოჩნდა ორი ხიდი - მუხრანის დაკიდებული და ვორონცოვისა, მუხრანის ხიდს ქვემოთ - მარცხნივ მეტეხის ციხე და ტაძარი, მაჯრვნივ სიონის გუმბათი, უფრო ახლოს - ანჩისხატი; მოჩანდა ზემო და ქვემო უბანი, ნარიყალა, სოლოლაკის ნაწილი, მთაწმინდის უბანი, რუსთაველი, ზემელი, რუსული ეკლესია, ეკლესიის მიღმა ვერის სახურავები, ხოლო სახურავებს იქით თრიალეთის ქედის ბოლო ფერდობები, რომელთა წიაღში ზაფხულობით მზე ივანებდა. და ყველაფერს რასაც ჩემი აივნიდან ვხედავდი, თავს უყრიდა, აწესრიგებდა, ამთლიანებდა და აგვირგვინებდა მთაწმინდა, ანუ მამადავითი.
პატარა ბავშვი აივანზე ვიდექი და თვალს ვადევნებდი ფუნიკულიორის ტრამვაის პაწაწინა ვაგონების თითქმის შეუმჩნეველ მოძრაობას. განსაკუთრებით ვიძაბებოდი მაშინ, როდესაც ვაგონები ერთმანეთს უახლოვდებოდნენ. ყური მქონდა მოკრული, ოდესღაც, დიდი ხნის წინ ვაგონები ერთმანეთს შეეჯახნენო. ცხადია, ეს ჭორი იყო. მაგრამ მე მაინც ველოდებოდი ასეთი შემთხვევის განმეორებას. ფუნიკულიორის მთლიან სისტემას, ზევით და ქვევით ვაგონების მოძრაობას მე აღვიქვამდი, როგორც ბავშვებისთვის მოგონილ სათამაშოსა თუ გასართობს და გვარიანად ვერთობოდი კიდეც. ვაგონების გასაყართან მდგარი ეკლესია უფრო მოგვიანებით გავაცნობიერე.
ორი საუკუნის წინ მთაწმინდის ფერდობები ტყით ყოფილა დაფარული. ტყე შემდეგ გაუჩეხიათ და დაუწვავთ. ამ ბარბაროსობას რაც გადაურჩა, იმას თბილისელმა მენახშირეებმა მოუღეს ბოლო, თბილისის ბაზრებში გაყიდეს ნახშირად.
ჩემს ბავშვობაში მთაწმინდის ფერდობები ტიტველი იყო - ჟანგისფერი, მუქი, რუხი, ნაცრისფერი. ზაფხულობით ალაგ-ალაგ მწვანით იფარებოდა. ზაფხულის მიწურულს კი მწვანე ნელ-ნელა წითლდებოდა და მერმე შემოდგომის მზე შინდისფრად აელვარებდა.
განთიადის პირველი სხივები მთაწმინდის კალთებს ეფინებოდა და მანამდე იყო გაბრწყინებული, სანამ მზე თრიალეთისკენ გადაიხრებოდა. მერმე იწყებოდა ნამდვილი საოცრება: მთაწმინდა თანდათან ეხვეოდა ჯერ მოვარდისფრო, ხოლო შემდეგ მოლურჯო ბინდბუნდში, რომელიც მის ფერდობებს, კალთებს, მის უბეს ჩემთვის შეუცნობი იდუმალების ბურუსით ავსებდა. ამ იდუმალებაში დიდხანს ვერცხლისფრად გამოკრთოდა ეკლესია.
მაშინ არ ვიცოდი და არც შეიძლებოდა მცოდნოდა, რომ თბილისში ასი წლის წინ ცხოვრობდა ჭაბუკი, რომელმაც პირველად შენიშნა და იგრძნო მთაწმინდის შემოღამების უცნაური სილამაზე და განუმეორებლობა. ოღონდ ჩემსავით შორიდან კი არ დაინახა, არამედ მისი წიაღიდან იხილა, იგრძნო, განიცადა და არა მარტო განიცადა, პოეტური ძლევამოსილებით ახსნა ამ მშვენიერების იდუმალება. თუმცა ეს უფრო მეტია, ვიდრე მშვენიერება და სილამაზე.
ჩემთვის დღემდე აუხსნელი დარჩა მთაწმინდისა და მთვარის მაგიური თანაარსებობის, ერთიანობისა თუ ჰარმონიულობის საიდუმლო. მაშინ ასე მეგონა, თითქოს მთვარე მხოლოდ იმიტომ ჩნდებოდა ცაზე, რომ მთაწმინდა გაენათებინა, მისი კალთები და უბე აევსო ოქროსფერი სხივებით. ღამის წყვდიადს ბოლომდე კი არ დაენთქა ეს სილამაზე, უფრო გამოეკვეთა და აეელვარებინა.
მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი და არც შეიძლებოდა მცოდნოდა, რომ თბილისის ქუჩებში დადიოდა კაცი, რომელმაც პირველმა დაინახა და იგრძნო, მთაწმინდისა და მთვარის თანაარსებობისა თუ ჰარმონიულობის საიდუმლო, რასაც უბრალოდ „მთაწმინდის მთვარე“ დაარქვა. დაინახა იქიდან, საიდანაც ამის დანახვა თითქოს შეუძლებელი იყო. დაინახა შიგნიდან, მთაწმინდის უბიდან. არა თბილისის, არა მეტეხის, არა ნარიყალას, არამედ - მთაწმინდის მთვარე! როგორც ყველა გენიალური მიგნება თუ აღმოჩენა, ესეც თითქოს მარტივი და უბრალოა. იგი მარადიულია და ამ ორი ცნების ერთსახოვნება ჩვენს ცნობიერებაში იარსებებს მანამდე, სანამ არსებობს მთაწმინდა და არსებობს მთვარე.
მთვარის ცვალებადობას, კლებას თუ მატებას არ ჰქონდა მნიშვნელობა. სულერთია, როგორი იყო მთვარე: სავსე, ნახევარი თუ მილეული. სწორედ ეს ცვალებადობა და მოძრაობა ანიჭებდა ღამის მთაწმინდას მიმზიდველობას და დინამიურობას, აცოცხლებდა და საჭვრეტად მოსაწყენს არ ხდიდა. მას უძრავ დეკორაციად კი არა, სიცოცხლის, ანდა ცხოვრების, რაღაც მარადიულის ნაწილად აღიქვამდი.
ერთხელ საოცრად დიდი მთვარე დავინახე მთაწმინდის მთაზე დაშვებული. ვეებერთელა, ლამაზი, ოქროსფრად მოელვარე მარცხენა მხარეზე დააჯდა. არც მანამდე და არც მას შემდეგ მთაწმინდაზე დაკიდებული ამხელა მთვარე არ შემიმჩნევია. იმ ხანებში ბერძნული მითოლოგიით ვიყავი გატაცებული და უნებურად გამახსენდა აქილევსის ფარი, რომლის აღწერასაც ჰომეროსმა მთელი თავი მიუძღვნა. თითქმის ერთი წლის შემდეგ ლექსი დავწერე. ასე მთავრდებოდა: „ავალ მთაწმინდას, დავეყრდნობი იდაყვით მთვარეს, ვით ნაომარი აქილევსი ფარს ეყრდნობოდა“. მე ახლაც მომწონს ეს მოძრაობა: ნაომარი აქილევსივით ფარს დაყრდნობილი... მაგრამ, ალბათ, შეიძლებოდა სხვა მთაზეც დავყრდნობოდი ფარს ასე მოხდენილად.
მინდა აღვნიშნო მთაწმინდის კიდევ ერთი თვისება: გარინდება, ანუ დუმილი. სულ მეგონა, თითქოს ხმის ამოღება შეეძლო და სივრცეში მაცქერალი ერთი წუთით იყო დადუმებული, ან რაღაცას თუ ვიღცას უსმენდა გარინდებული. წლების მანძილზე ვჭვრეტდი ამ გარინდებას, ვუსმენდი დიდებულ დუმილს იქ, სადაც მტკვარი გამუდმებით მიედინებოდა და, როგორც იტყვიან, ხმაურობდა. ასე ითქმის, თორემ ეს ხმაური არ იყო. იგი ხან ფოთლების შრიალად აღიქმებოდა, ხან - წვიმის შხაპუნად, ხან - ჟღურტულად, ხან - დუდუნად და ბუტბუტად. მაშინაც კი, როდესაც ადიდდებოდა, მტვარი ხმაურით არ გაწუხებდა...
ესეც დიდი ხნის წინ იყო დანახული და განცდილი. საქართველოში ცხოვრობდა ოლიმპიელი, რომელმაც პირველმა გაიგონა მთაწმინდის დუმილი და პირველმა დაუკავშირა იგი მტკვრის „ხმაურს“. მან პირველმა აღიქვა ერთად მთაწმინდა და მტკვარი. სამუდამოდ აღბეჭდა ჩვენს გონებაში შორს მაცქერალი, დადუმებული მთაწმინდა, რომელიც მტკვრის დუდუნს უსმენს.
მთაწმინდის პირველაღმომჩენად დავით გარეჯელი უნდა ვიგულისხმოთ. თოთხმეტი საუკუნის წინ აქ გამოუქვაბავს სენაკი და პირველი ლოცვა აღუვლენია უფლისადმი. მე მგონია, რომ გამოქვაბული სწორედ მთაწმინდის ის უბეა, სადაც შემდეგ არა ერთხელ აუგიათ ტაძარი და ახლაც დგას ეკლესია. არავინ იცის, რა სიტყვებით ლოცულობდა ასურელი მამა, რას ევედრებოდა უფალს. ერთი კი ცხადია, მისი ლოცვა-კურთხევით მთაწმინდა მთელი თავისი დიდებულებით დღესაც გადმოჰყურებს თბილისს.
მთაწმინდა თბილისისაგან საკმაოდ შორს იდგა. როგორც ჩანს, საუკუნეების მანძილზე იგი იზიდავდა და თბილისიც ნელ-ნელა, შეუმჩნევლად მიიწევდა მთაწმინდისაკენ, ყველა გალავანი და ზღუდე გადალახა, რათა მის თვალსაწიერზე დამკვიდრებულიყო. ამ გზის გავლას პირველი ლოცვის დღიდან თოთხმეტი საუკუნე დასჭირდა.
მთაწმინდას მართლაც აქვს მიზიდულობის, მომნუსხველობის ძალა და მის მჭვრეტელს ყოველთვის სიკეთეს უნერგავს გულში. ოღონდ დიდხანს უნდა უცქირო.
როცა დიდხანს უმზერ, საღმოს მოლურჯო-მოვარფისფრო ბინდ-ბუნდში უსათუოდ დაინახავ: მთაწმინდა თავის უბეში მდგარი ეკლესიით საოცრად ჰგავს ღვთისმშობელს, რომელსაც კალთაში ყრმა იესო უზის.
წყარო: არჩილ სულაკაური - თბილისური ჩანახატები
წიგნი გამოსაცემად მოამზადა ლაშა სულაკაურმა, 2013წ.