მარიო ვარგას ლიოსა - „ბოლო ჟამის ომის“ შესახებ |

რომ არა ეუკლიდის და კუნია 1, ეს რომანი არ დაიწერებოდა. 1972 წელს მისმა წიგნმა Os Sertoes („სერტანები“ 2) კანუდოსში გაჩაღებული ომი, ერთი ტრაგიკული პიროვნების ცხოვრების ისტორია და ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მთხრობელი აღმომაჩენინა. 

თავიდან წიგნი კინოსცენად მქონდა ჩაფიქრებული (თუმცა, იმ სცენარის მიხედვით ფილმი არ გადაუღიათ), რვა წლის შემდეგ კი მან რომანის სახე მიიღო და ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ, ემოციებით აღსავსე ლიტერატურულ თავგადასავლად გადაიქცა, რადგან მასზე მუშაობისას ლონდონისა და ვაშინგტონის ბიბლიოთეკებში ვიჯექი, რიო-დე-ჟანეიროსა და სალვადორის მტვრიან არქივებში ვიქექებოდი, ბაიისა და სერჟიპის სერტანების მწველ სიცხეს არ ვეპუებოდი. თან ჩემი მეგობარი, რენატუ ფერასი დამყვებოდა და ასე, ერთად შემოვიარეთ ყველა ის ადგილი, სადაც, ლეგენდების მიხედვით, კონსეილეირუს (მოძღვარს) გაევლო და ექადაგა.

სწორედ იმ ადგილებში მოვისმინე იქაურ მცხოვრებთაგან კანუდოსზე უამრავი ამბავი, რომლებსაც ისინი აღელვებულნი მიამბობდნენ, მაგალითად, ის, რომ აქამომდე ესმოდათ, როგორ ცხრილავდნენ ქვემეხები აჯანყებულთა სანგრებს, როგორ ზანზარებდა არემარე და აპოკალიფსი შეიძლებოდა ნებისმიერ დროს დამდგარიყო ამ უფოთლო, მხოლოდ ეკლიანი ბუჩქებით გაჯერებულ უდაბნოში.

ჩვენთან შესახვედრად სოროებიდან მელიები მოძვრებოდნენ, გზად მათხოვრები, მოხუცები და მოხეტიალე მსახიობები გვხვდებოდნენ და შუა საუკუნეების რომანსებს გვიმღეროდნენ.

ის, სადაც ადრე კანუდოსი იყო, ახლა ხელოვნური ტბა ლივლივებს და მის ნაპირებზე, როგორც იმ სასტიკი, დაუნდობელი ბრძოლების უტყუარ დასტურს, ჯერ ისევ პოულობენ ხიშტებს, ტყვიებსა თუ აფეთქებული ჭურვების ნაგლეჯებს.

ამ რომანზე მუშაობისას ბევრი ბაიელი მეხმარებოდა და ხელს მიმართავდა; იმათგან, რენატუს გარდა, უმადურობა იქნებოდა, სამი მაინც არ დამესახელებინა: ანტონიუ სელესტინუ, ჟოზე დი კალაზანსი და ჟორჟი ამადუო.

რომანის წერა 1977 წელს დავიწყე. კემბრიჯის უნივერსიტეტის ჩერჩილის სახელობის კოლეჯის ერთ-ერთ სართულზე, ხოლო დავასრულე 1980 წლის ბოლოსათვის, ვაშინგტონის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, სადაც Wilson Center-ის წყალობით მოვხვდი.

შენობის თავზე ზეცას შევარდნები სერავდნენ, მისი აივნიდან კი აბრაამ ლინკოლნის ქანდაკება სწორედ იმ პოზაში მოჩანდა, როგორითაც იგი შეერთებული შტატების მანასასთან ბრძოლის მონაწილე ჯარისკაცებს მიმართავდა.

მარიო ვარგას ლიოსა
ლონდონი, 2000 წლის ივნისი



1 - ეუკლიდის და კუნია (1866-1909) - ბრაზილიელი მწერალი, ჟურნალისტი, სოციოლოგი, ისტორიკოსი, განათლებით სამხედრო ინჟინერი, რომელიც თავად გახდა კანუდოსის აჯანყების დამხობის თვითმხილველი. 1902 წელს მან ამ მოვლენების შესახებ გამოსცა წიგნი „სერტანები“.

2 - სერტან(ებ)ი - მრავლობითი ფორმა პორტუგალიური სიტყვისა sertao, desertao-ს შემოკლებული ფორმა, რაც უდაბნოს, თითქმის დაუსახლებელ, ინფრასტრუქტურას მოკლებულ, მიყრუებულ ადგილს ნიშნავს. ისტორიულად, იხმარებოდა ევროპელებისთვის ნაკლებად ცნობილი, კონტინენტური ბრაზილიის შიდა რაიონების აღსანიშნავად.

ესპანურიდან თარგმნა ელისაბედ ყვავილაშვილმა

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში