ნიკოლოზ გაბაონი - აივნიანი ქალაქი |

ნიკოლოზ გაბაონი ფსევდონიმია საქართველოში აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსთა სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოს ვალერიან გაბაშვილისა. იგი 1911 წელს, ციმბირში გადასახლებული პოლიტპატიმრის ოჯახში დაიბადა. მამა, ნიკოლოზ გაბაშვილი, 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს მთვრობის წევრი, 1924 წელს ოკუპანტების წინააღმდეგ აჯანყებულთა რიგში იდგა. 1942 წელს იგი გადაასახლეს. ვალერიან გაბაშვილს მტრის შვილის მძიმე ხვედრი ერგო.

მოგვიანებით, ვალერიან გაბაშვილმა ლიტერატურულ ფსევდონიმად მამის სახელი - ნიკოლოზი აიღო, გაობანი კი გაბაშვილების გვარის უძველესი ფორმაა.

„აივნიანი ქალაქი“ ვალერიან გაბაშვილის მიერ ახალგაზრდობაში დაწერილი ერთადერთი რომანია, რომლითაც მან პროზაში ისევე დაუდგა XIX საუკუნის თბილისს ძეგლი, როგორც იოსებ გრიშაშვილმა - პოეზიაში.

„აივნიანი ქალაქის“ ფურცლებზე წარმოდგენილი არიან ისტორიული და ძველი თბილისის განუმეორებელი ხიბლის კოლორიტული პერსონაჟები. მასში დასმული საქართველოსა და თბილისის ისტორიის ზოგიერთი პრობლემა დღესაც აქტუალურია.

***

გულშემოყრილი ყმაწვილი ბერებმა იმ ადგილას იპოვნეს, სადაც გარყვნილი დედაკაცის მიერ შეურაცხყოფილმა მამა დავითმა კვერთხი დაჰკრა და წყარო გააჩინა. აქ დროული და ჯერ ისევ ახალგაზრდა ქალები მოდიოდნენ. წყაროს წყალს ეწაფებოდნენ და ღმერთს შვილის წყალობას ევედრებოდნენ. აქ მამაკაცთაგან არავინ ჩანდა, რადგან ქალების რიტუალის დარღვევას ერიდებოდნენ.

ბალახებში გაშოტილ მწირს კი ყურადღებას არავინ აქცევდა. [...] მაგრამ მწირი მოვალე იყო, დროდადრო, იქ, მაღლა, ტაძრის გალავანში კოკით წყალი აეტანა და ეკლესიის მსახურებთან ერთად კენჭები დაერიგებინა გასათხოვარი და უშვილო ქალებისათვის. ძველისძველ ჩვეულებას ქალები იმით ასრულებდნენ, რომ ეკლესიას გარშემო სამჯერ უვლიდნენ და ბედის გამოსაცდელად კენჭებს კედლებზე აკრავდნენ.

ყოველ ხუთშაბათს მამადავითის დაკლაკნილ ბილიკებზე ერთიმეორეს თეთრი ბატებივით მისდევდნენ თავდახრილი, თეთრ ჩადრებში გახვეული და ფეხშიშველი მლოცველი ქალები. ამ დღეს ტაძრის ეზო გასათხოვარი ქალწულებით და უშვილო დედაკაცებით ივსებოდა.

[...]

ასულმა მორცხვად მიაკრა თეთრი კენჭი კედელს და მეტად გაუხარდა, რომ კენჭი კედელზე მაგრად დამაგრდა და დაბლა არ ჩამოვარდა. ეს წესი გასათხოვარი ქალის რიტუალი იყო ქორწინების დასაჩქარებლად.

***

იმ დროს თბილისის ქუჩები ვიწრო, მოუკირწყლავი და ოკრობოკრო იყო. წვიმის დროს ქუჩებში აუღებელი ტალახი, ლაფი და ჭოჭი დგებოდა. ევროპელი მოგზაურები თბილისში სამ რამეს ამჩნევდნენ: ლამაზ ქალებს, აბანოებს და გაუვლელ ტალახიან ქუჩებს. გამვლელები კედელ-კედელ დაიარებოდნენ, ქვიდან ქვაზე ხტებოდნენ, ფეხშიშველა პატარა ბიჭების დახმარებით ლოდებზე გადებული ფიცრებით ქუჩის ერთი მხრიდან მეორე მხარეზე გადადიოდნენ და ისე სველდებოდნენ, როგორც მეთევზეები. ეტლი ქალაქში სპილოსავით იშვიათი იყო. ამიტომ სტუმრები მეჯლისებში ფეხით მიდიოდნენ, ანდა ცხენებზე და მუშის კურტნებზე ისხდნენ, განსაკუთრებით ავდარში, როცა წვიმდა ან თოვდა.

***

- განათლებაში ფრანგები ყოველთვის რევოლუციას გულისხმობენ, - ირონიულად განაგრძო ინგლისელმა მოგზაურმა, - ჩვენ, ინგლისელებს კი, მხოლოდ გზა გვჭირდება, ოღონდ გზის გასწვრივ, მის ორსავე მხარეს, სიღარიბე და სიბნელე უნდა სუფევდეს, რათა ლონდონში კარგად და მდიდრულად იცხოვრონ.

***

ფირუზა დახლიდარს მტკვარში ცურვას ასწავლიდა. ქალაქელმა ცურვა უნდა იცოდეს, ამბობდა ცხოვრების ავანჩავანს გაცნობილი მეწვრილმანე. თუ ვინიცობაა, ნავიდან ან ტივიდან წყალში გადავარდა ან გადააგდეს, ნაპირს მშვიდობით მიაღწიოსო.

***

ქალაქელებს მოსწონდათ დევ-გმირების ფათერაკიანი თავგადასავალი. ქალს ისე არავინ არ გაათხოვებდა, რომ მზითევში „ყარამანიანი“ არ გაეტანებინა.

***

მოედანზე ბაირაღს სწევდნენ და ვაჭრობა ჩაღდებოდა. ბაზარში ამ დროს სიარული ძნელი იყო, რადგან აუარებელი მყიდველი და გამყიდველი მიდი-მოდიოდა, ყველგან ადამიანთა თავების მორევი ჩნდებოდა; ყეინებივით გამურული მენახშირეები ერთ ადგილზე თითქოს განგებ აჩერებდნენ ნახშირის ტომრებით დატვირთულ თავიანთ სახედრებს და გზებს ისეთნაირად კრავდნენ, რომ ყველა მათ უყვიროდა, ლანძღავდა და აგინებდა.

სახედრებს შორის „გროშუა ბიჭები“ დარბოდნენ, ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ და ყვირილით ერთმანეთს მუშტრებს სტაცებდნენ, რათა ნახშირის ტომრები თვითონ მოეგდოთ მხრებზე და მუშტრის სახლებში მიერბენინებინათ. ბაზრის ქვითკირის მაღალ კედლებთან აქლემები იდგნენ და დროგამოშვებით კისრებზე ჩამოკიდებულ ზარებს აწკარუნებდნენ. განუწყვეტლივ გაისმოდა მეაქლემეების, მენახშირეების, მეურმეების, მედროგეების, მემაწვნეების, „გროშუა ბიჭების“ და ფეხზე მოვაჭრეების ყვირილი, დუქნებთან ყურისწამღები ყაყანი და ჟრიამული იდგა.

***

თბილისი იმთავითვე თავისი ქარვასლებით იყო განთქმული. ყველაზე კეთილგანწყობილ ქარვასლად არწრუნის ქარვასლა ითვლებოდა, იარაღის რიგში, სიონის ტაძრის მახლობლად. ამ ქარვასლას საუცხოო შადრევანი ჰქონდა. სწორედ აქ, 1837 წელს, ჩირაღდნებით და შილიგნებით გაჩირაღდნებული ქარვასლის აღმოსავლურად მორთულ დარბაზებში, თბილისის სოვდაგრობამ ნიკოლოზ I-ს საარაკო ვახშამი გაუმართა.

არწრუნის ქარვასლის პირდაპირ ბატონიშვილების ძველის-ძველი ქარვასლა მდებარეობდა, სადაც თავრიზიდან, გილანიდან, არდებილიდან და რეშტიდან ირანული და შუააზიური საქონელი მოჰქონდათ. სარქისოვის ქარვასლაში, რიყეზე, ნუხიდან და ყარაბაღიდან მოტანილი აზიური ტანსაცმლით ვაჭრობდნენ. ასევე ცნობილი იყო სედინოვების ქარვასლა ბნელ რიგებში, ბებუთოვების და სარაჯევის ქარვასლები სომხის ბაზარში. ყორმახზამ მელიქოვის ქარვასლას ღარიბების ქარვასლას ეძახდნენ, რადგან ის ღარიბულად იყო მოწყობილი და შიგ მხოლოდ ღარიბი მედუქნეები ვაჭრობდნენ. ფურო გვიან გაჩნდნენ შიოევის ქარვასლა აბანოს ხიდთან, მირიმანოვის - თათრის მოედანზე, შემდეგ იაკობ ზუბალოვის და პარსელ ტერმოსესოვის ქარვასლები და ვანქის ქარვასლა ვანქის ტაძრის შორიახლო. ამ ქარვასლებში ვაჭრობა დუღდა და გადმოდუღდა.

ქარვასლების ქვემო და ზემო სართულების დუქნებთან, გადმოხურულ ბნელ გალერეებში და ურიცხვ კიბეებზე აუარებელი ხალხი ირეოდა. ყველგან აღებ-მიცემობის ფუსფუსი და გნიასი იდგა. დუქნების წინ პატარა ბიჭები მუშტრებს კალათებს აგლეჯდნენ და თავ-თავისი საქონლის ქებას გაჰკიოდნენ. ყველგან ნაირ-ნაირად ჩაცმული ხალხი მოჩანდა. ქარვასლებში ყოველ ცისმარე დღეს მოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის და ხალხის ვაჭრები ცხენების, ჯორებისა და აქლემების ქარავნებით. დარიალის გზაზე ცხენიანი ჩალვადრები იყვნენ გაბმულნი, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ძველ გზებზე აქლემების ქარავნები მოდიოდნენ: ფრანგები, გერმანელები, ინგლისელები, რუსები, სომხები, ებრაელები, თურქები, სპარსელები, მთიელ-დაღესტნელები, ბუხარელები, ჩინელები, ავღანელები და ინდოელებიც, რომლებსაც შორეული ინდოეთიდან აქლემებით ინდური საქონელი მოჰქონდათ, ბაქოში საღვთო ცეცხლებს თაყვანს სცემდნენ და მერე ქალაქ თბილისისკენ მოისწრაფოდნენ.

ქალაქში ყოველ განთიადზე ზარების რეკვით შემოდიოდნენ აქლემების ქარავნები აზიელი ვაჭრებისა, ხოლო ქართლელი მეურმეები ყოველდღე საძნე ურმებით ეზიდებოდნენ რედუტ-კალეში კონსტანტინეპოლიდან, ლონდონიდან, მარსელიდან და ჰამბურგიდან ხომალდებით მოტანილ ევროპულ საქონელს. დარიალის გზაზეც მილი მილზე იყო გაბმული ჩალვადრების ცხენებისა და რუსული პოვოსკებისა. მათ უმთავრესად რუსეთის ფაბრიკებში დამზადებული ტილო და ფართლეული მოჰქონდათ. სოვდაგრები ქარვასლებში გაფაციცებით ვაჭრობდნენ. გამდიდრებულნი სოლოლაკის ბაღებს უწყალოდ სჩეხდნენ და იტალიური სტილის მრავალსართულიან სახლებს აშენებდნენ.

***

ბაზრისა და ქარვასლების ადამიანები ფულზე ლოცულობდნენ, ფული კერპად გაეხადათ, ფულს ელტვოდნენ, ფულისკენ მიისწრაფოდნენ, ფულის გამო ერთმანეთს მტრობდნენ, ფული თესდა შუღლსა და შურს, მტრობასა და სიძულვილს, ბოროტებასა და დანაშაულს, განსაცდელსა და უბედურებას, მაგრამ არავინ არაფრის წინაშე არ იხევდა, რათა ფული მოეხვეჭა და ხელთ ეგდო. გამოუცდელმა დახლიდარმა ისიც შეამჩნია, რომ სუსტს ყოველთვის ძლიერი სძლევდა, ღარიბს - მდიდარი, მოკრძალებულს უსირცხვილო სჯობნიდა, მორიდებულს - თავხედი, გულწრფელს - მატყუარა, პატიოსანს - თაღლითი, პირიანს - ფიცის გამტეხი, პირღიას - მარჯვე და მოხერხებული, პურადსა და შემბრალეს - ხარბი და გაუმაძღარი.

ქალაქში გადმოვარდნილი ნაგლეხარისთვის ეს ისეთი მოულოდნელი აღმოჩენა იყო, რამაც მთელი მისი ტეტიური სულისკვეთება მძაფრად შეარყია, შეაშფოთა, განაცვიფრა და ღრმად ჩააფიქრა.

***

აბანო 

თბილელი მანდილოსნები აბანოში ისე მიისწრაფოდნენ, როგორც ევროპელი ქალები კონცერტზე ან ოპერაში.

სამშაბათს ქალების დღე იყო. ამ დღეს ციხის აბანოს მიდამოები თეთრჩადრიანი დედაკაცებით თეთრდებოდა. აუზებთან ან ამოღრმავებულ კლდესთან ფეხმოკეცილნი ისხდნენ: დედები და ასულები, დედამთილები და სიდედრები, დები და რძლები, მულები და მაზლისცოლები, დეიდები და მამიდები, ნათლიდედები და ნათლულები, მსხვილფეხობა და წვრილფეხობა.

აბანოში ყველანი თავიანთი ქულფათებით მოდიოდნენ, პაწაწინა ბიჭები და გოგონები ერთმანეთში იყვნენ არეულნი. აბანოს სპარსული სტილის თაღები ზანზარებდნენ ქალების ლაპარაკით, ყაყანით, ყვირილით, სიცილით, კისკისით, სიმღერით და ჩხუბით. ზოგი ჩიბუხს წევდა და ზოგი ბურნუთს. ზოგნიც ქარვის ან გიშრის კრიალოსნებს მარცვლავდნენ. მასლაათობდნენ. ქაღალდს და ლოტოს თამაშობდნენ. დაქიმითებულივით ჭამდნენ ხმელ ხილს: ნუშს, ნუღლს, შაქარყინულს, ქიშმიშს, ფისტულს, ჩირს, ნიამფურს, ბატიბუტს, აღჯანაბადს და ქაღზაბადამს.

ქმრები, ვაჟები, მაზლები, მძახლები, ქვისლები, ცოლისძმები და სიძეები გარედან თარფს თარფზე უგზავნიდნენ თავიანთი ოჯახების მანდილოსნებს „გული გაიხარეთო“. თუ ტიტლიკანა და დასაპნილ ქალებში ბევრი ჭინკას ჰგავდა (პუშკინი და დიუმა მართალს ამბობდნენ), ბევრიც თავისი სილამაზით ლომს ფერხთით დაიწვენდა.

***

ქალს არავინ არაფერი ჰკითხა.

ჩვეულების მიხედვით, ნიშნობის ბეჭდები ქალ-ვაჟის დაუსწრებლად გაცვალეს.

[...]

- დედი, მე გათხოვება არ მინდა.

- შენი ნება არ არის, შვილო! - თანაგრძნობითა და სიბრალულით უპასუხა დედამ, რომელსაც დაუქალებელი შვილი გასათხოვრად არ ემეტებოდა, გული ეთანაღრებოდა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ ადათსა და ჩვეულებას წინ ვერ დაუდგებოდა.

- ბედს ვერსად გავექცევით, შვილო. ბედის წიგნი ზეცაში იწერება, ქორწინებასაც ღმერთი ახდენს...

***

მაისში, ამაღლებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვარსიმონამ თავისი ახალგაზრდა ქალბატონი მშობლების დაუკითხავად მეზობლებთან გადაიყვანა. იმ დღეს გასათხოვარ გოგონებს ვიჭაკის წყლით თავიანთი მომავალი ბედი უნდა გამოეცნოთ.

[...]

- ეხლა ის დროა, ვიჭაკის წყლის მომტანი დავასახელოთ.

გოგოებმა დიდი ამბით ამოირჩიეს თავიანთ შორის ვიჭაკის წყლის შემგროვებელი. მას შვიდ სხვადასხვა წყაროზე უნდა ჩაესხა წყალი საგანგებო ჭურჭელში და უკან ისე უნდა მოეტანა, რომ წვეთი არ დაექცია.

***

როცა დაობლებული ქალი დიდი სიმდიდრის პატრონი ხდება, ნათესავიც მტრად უხდება და ეკლესიაც. შორეული ნათესავები გამოჩნდებიან, ქონებაში წილის დადებას ეცდებიან, მაგრამ [...] უფრო საშიშარი ეკლესიაა. მღვდელმთავრებს, მღვდლებს და ბერ-მონაზვნებს თვალი იმ ოჯახებზე უჭირავთ, სადაც მამაკაცები არ არიან. ქვრივ-ობლებს, მათი აზრით, დიდძალი სიმდიდრის გაფრთხილება და მოვლა არ შეუძლიათ. ფული სოვდაგრებზე მეტად უყვართ. გასაკვირი აქ რა არის? განა ეკლესია-მონასტრებს ქარვასლები, ბაზრები, დუქნები, წისქვილები და მამულები არა აქვთ? ვახშის დადებასა და მომატებაში მონასტრის ბერებს ვინ აჯობებს? სულ იმას ცდილობენ, ქონებას ქონება მიუმატონ. ჯერ შეწირვებით დაიწყებენ, მერე, ვისაც შეუჩნდებიან, ქონების წილის დამტკიცებასაც მოსთხოვენ.

***

დიდი საქმე პატარა კაცების შემწეობით კეთდება. ამდენი კანონები იმისთვის არსებობს, რომ ქისა მუდამ გახსნილი გვქონდეს, მაშ, ამოდენა მოხელეებმა რითი იცხოვრონ? სამსახურის კიბეზე როგორც აცოცდებიან, თუ დიდკაცებს თავის მხრივ ფეშქაშები არ მიართვეს?

***

საერთოდ, ჩვენს საუკუნეში ცხოვრება აუტანელი და მოსაწყენი გახდა, რადგან არ შეგვიძლია ადამიანური ღირსება უფრო მაღლა დავაყენოთ, ვიდრე ამას ჩვენი ყოველდღიური უფერული ცხოვრება მოითხოვს. თქვენ თვითონ განსაჯეთ, პატიოსნება ხასიათის სისუსტედ არის მიჩნეული, საკაცობრიო მისწრაფებანი კი - სიგიჟედ.

***

მეცხრამეტე საუკუნის 50-იან წლებში თბილისმა ევროპული იერი მიიღო. სოლოლაკმა და გარეთუბანმა უკან მოიტოვა ანჩისხატის უბანი, თათრის მოედანი, მეტეხი, აბანოების რიგები, ხარფუხის აღმართ-დაღმართები და ნარიყალა.

ძველი ქალაქი, თავისი პატარა აივნიანი სახლებით, სადღაც ქვემოთ, მტკვარზე მიკრული აღმოჩნდა, ხოლო ახალი ქალაქი ახალ უბნებში ღონივრად შლიდა მხრებს, ფართოვდებოდა, ლამაზდებოდა და მშვენდებოდა.

ქალაქი აქეთ შაიტახტისკენ მიიწევდა, იქით - მამადავითისაკენ. სწრაფად ქრებოდნენ ჯაგრანი და ხევ-ხუვები ვერის მიდამოებში.

ნიკოლოზის, ერევნისა და ალექსანდრეს მოედნებზე, ხანის, ველიამინოვის და ინჟინრების ქუჩებზე ხუროთმოძღვრები იტალიური სტილის ქვის სახლებს აშენებდნენ, ვენეციური და ფლორენციული შენობები თავს იწონებდნენ ძველი, პირდაუბანელი ქუჩებისა და შუკების შორიახლო.

თბილისი იერსა და ელფერს იცვლიდა.

„ირაკლის ფაიტონის“ (მამაპაპური ურმის) გვერდით ეტლებიც გამოჩნდნენ. ყურთმაჯებიან სოვდაგრებს და ჩოხაახალუხიან თვადაზნაურებს გვერდში ახალგაზრდა „ხახვის ფრანტები“ ამოუდგნენ. გამრავლდნენ პოლიციელნი, მოხელენი, წვრილი მრეწველნი, ჯამბაზები, ქურდები, როსკიპები, გლახები და გაურკვეველი ხელობის ადამიანები.

გაჩნდა ევროპული სანახაობანი და გასართობები.

დიდკაცობა კეთილშობილთა საკრებულოში ერთობოდა, მოხელენი რუსულ დრამატულ თეატრში ატარებდნენ დროს, ვაჭრები და ხელოსნები მოხეტიალე მსახიობების ბალაგანებს ეტანებოდნენ, მდაბიონი და ძველი ყაიდის ვაჭარ-ხელოსნები - ყარაგოზას ჩრდილების თეატრს, ნაღლს, სალაყბოს, კრივსა და არიფანას.

საკრებულოში ბანქოს თამაშობდნენ. ისინი, ვინც მწვანე მაგიდებს არ უსხდნენ, ცეკვით ერთობოდნენ. მეფისნაცვლის თეატრად გადაკეთებულ მანეჟში რუსული დასი ფარისებს, ვოდევილებს და მელოდრამებს წარმოადგენდა. ხალხმრავლობა იყო ევროპელი ემიგრანტების სასტუმროებში, რესტორნებსა და ყავახანებში.

ხალხის ფუსფუსი თბილისის მოედნებსა და ბულვარებზე ნაშუადღევს იწყებოდა.

ზოგნი სეირნობდნენ, ზოგნი გრძელი ხის მწვანე სკამებზე ისხდნენ, ზოგნი უთავბოლოდ დაბორიალებდნენ და ზოგნი ახლადაყრილ ცაცხვებქვეშ ნაცნობებს უცდიდნენ და წამდაუწუმ საათს დასცქეროდნენ.

ხელიხელგაყრილი ქალ-ვაჟნი სანახაობათა საყურებლად გარბოდნენ, ხნიერნი ნელი ტაატით დასეირნობდნენ და ერთმანეთს მდაბლად თავს უკრავდნენ.

ვოლტიჟორ ჟან პოლს ერევნის მოედანზე ბალაგანა ჰქონდა გამართული, გერმანელი შულცის მხატვრულ კაბინეტში თბილისელებს ჰამბურგიდან ჩამოტანილ სანთლის ფიგურებს უჩვენებდნენ. ნიკოლოზის მოედანზე მექანიკოს კრამერის პატარა თეატრში თოჯინებს ათამაშებდნენ. ჯამბაზი ფრანც ბრონი სათამაშო ქაღალდების საშუალებით ხელის სისწრაფის დემონსტრირებას ახდენდა და გულუბრყვილო მაყურებლებს თვალს უცვფირებდა.

***

რუსები ჩვენში ვაჭრებმა მოიყვანეს, თორემ ხელმწიფის სალდათებს მარტო ჩვენი მთები დააფრთხობდა. ამ სიშორეზე ტყუილად რათ წამოვიდოდნენ? წინ ვაჭარი მოდის, უკან სალდათი მოსდევს. შამილიც ანგიჩანი ვაჭრების ფულით გვეომება და გვიმაგრდება. [...] პოლიტიკა ჩვენს დროში სოვდაგრების ფულით კეთდება!


Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში