ჯონ აპდაიკი - ბრაზილია

კოპაკაბანას ხალხმრავალ სანაპიროზე 19 წლის ტრისტაო - რიოს ღატაკ უბანში მცხოვრები მეძავის შვილი - შემთხვევით გაიცნობს იზაბელს - ცნობილი ბრაზილიელი პოლიტიკოსის 18 წლის ქალიშვილს. სხვადასხვა სოციალური წრისადმი კუთვნილებისა და განსხვავებული აღზრდის მიუხედავად, ურთიერთლტოლვა იმდენად მძაფრია, რომ ტრისტაო და იზაბელი გადაწყვეტენ - ისინი ბედისწერამ შეახვედრა ერთმანეთს და მათი სიყვარული ყველა გამოცდას გაუძლებს. გამოცდა კი - თან სრულიად მოულოდნელი - წინ არაერთია. 


ჯონ აპდაიკის (1932-2009) „ბრაზილია“ თანამედროვე ტრისტანისა და იზოლდას ვნებითა და სისასტიკით გაჯერებული ამბავია.

***

შავიც ყავისფერის ელფერია. და თუ კარგად დააკვირდები, თეთრიც. კოპაკაბანაზე - რიო-დე-ჟანეიროს ამ ყველაზე დემოკრატიულ, ხალხმრავალ და სახიფათო სანაპიროზე - ნებისმიერი ფერიცა თუ ელფერიც ერთ მოზეიმე, მზით გაოგნებულ, ადამიანის ხორცისფრად მთლიანდება და ქვიშას უკვე მეორე, ცოცხალი კანის ფენასავით ედება.

***

სილამაზე სახიფათოა და სწორედ ამიტომ გაუჩნდათ ქალებს სირცხვილის გრძნობა.

***

ეს ჩვენი სამყარო ნაქურდალის გროვაა. მთელი ქონება ქურდობითაა ნაშოვნი და ვისაც ყველაზე მეტი აქვს ნაპარავი, ზუსტად ისინი გვიწესებენ კანონებს დანარჩენებს.

***

ქალის გუნება-განწყობის უეცარი ცვლილება ხომ ის საფასურია, რასაც კაცები ამ არსებათა არამიწიერი სილამაზისა და მათთვის მიყენებული ტკივილის საფასურად იხდიან ხოლმე.

***

ბრაზილიაში ცოლს და ქმარს ერთმანეთს მარტო მაშინ კი არ ეძახიან, როცა მაინცდამაინც საკურთხეველთან დგებიან ხოლმე, არამედ უკვე მაშინაც, თუკი გული გულს პოულობს და ცნობს.

***

ჩვენი არსების ფსკერი მაინც მზად ხვდება ხოლმე ჩვენსავე კატასტროფებს.

***

ჭეშმარიტი ბრაზილიელი ბუნებით გამოუსწორებელი რომანტიკოსია, სრულიად არაპრაქტიკული, სიამოვნებაზე ეკეტება ჭკუა და სიცოცხლის ჟინსა თუ ხალისს ვერაფერი ჩაუკლავს.

***

ბრაზილიაში ბევრი არ გვყავს პოლიტიკური ლიდერი. ესპანელებისგან განსხვავებით, პორტუგალიელებს ახალ სამყაროში წესრიგი და დისციპლინა არ მოუტანიათ. და თუ ჩვენ იმათსავით სასტიკები კი არა, უბრალოდ უხეშები ვართ, ეგ იმიტომ, რომ იდეოლოგიის მოგონებაც გვეზარება. ჩვენი ეკლესიაც კი მეტისმეტად შემწყნარებელია. ქალთა მონასტრებიც ლამის ბორდელებად იქცა.

***

ვითარებებს სწრაფად ვეგუებით, იმდენად სწრაფად, სული ხორცს მოღალატედაც აცხადებს ხოლმე.

***

გარდასულ დროთა საიდუმლოებები, ძველ სიყვარულთა ამბები ხუნდება და ბოლოს ისევე გასდის ყავლი ახალგაზრდების თვალში, როგორც ნოსტალგიით შეპყრობილი რესტორნების კედლებზე შემორჩენილ ძველი რიოს ფოტოებს, სადაც ქუჩებში ჯერაც ტროლეიბუსები და წარსულს ჩაბარებულ მოდაზე გამოწყობილი ადამიანები მიდი-მოდიან.

***

არანაირ ცხოვრებას ისევ ხანმოკლე ჯობია. სასიკვდილო სარეცელზე ხომ ყველაზე გრძელი ცხოვრებაც წამივით მოგეჩვენება.

***

ბრაზილიის ზოგიერთი პრეზიდენტი ფაცხაფუცხით ტოვებდა ხოლმე თანამდებობას, სხვები, სამშობლოსადმი თავიანთი უსაზღვრო სიყვარულის დასამტკიცებლად, შუბლში იკრავდნენ ტყვიას, ვიღაცეებს კი სამხედროები უწყობდნენ გადატრიალებას ამერიკის შეერთებული შტატების საამებლად.

***

ყველა ხელისუფლება იმას ცდილობს, ნამდვილი სახე დაგვიმალოს. ისე თუ სიმართლე გინდა, ჩვენ ყველანი მხეცები, მკვლელები, ველურები და მეძავები ვართ.

***

სექსუალური მორალი საერთოდ არ არსებობს. ეს ცნება თავისთავად ოქსიმორონია.

***

რომანტიზმი ადამიანებს ერთმანეთთან კი აახლოებს, მაგრამ ერთად ცხოვრებაში მათ მხოლოდ რეალიზმი თუ დაეხმარება.

***

- საერთოდ, რაღა აზრი აქვს ცხოვრებას ამ მიწაზე? რაში ანაღვლებს ქვეყნიერებას, ამწუთასვე ამოგვხდება სული თუ ცოტა მოგვიანებით? რატომ უნდა ვიწვალოთ, თუნდაც კიდევ ერთი დღე?

- მაგის კითხვაც კი ცოდვაა, ჩვენ უბრალოდ ვალდებულება გვაქვს, უნდა ვიცოცხლოთ.

- არც იქაა ვინმე, - იყვირა იზაბელმა და ახლა ცას მიაშვირა თითი. - არავის ადარდებს ეგ შენი ვალდებულება! ღმერთი არ არსებობს და ჩვენი ცხოვრებაც საზარელი შემთხვევითობაა! იმთავითვე ტკივილით ვიბადებით და მერეც მხოლოდ ტკივილი, შიმშილი, ჟინი და შიში გვაბორიალებს უაზროდ და უმიზნოდ!

***

ჩრდილოეთ ამერიკის ხალხებისაგან განსხვავებით, პორტუგალიელები შავი კანის მიმართ ცრუმორწმუნეობრივ შიშს არ განიცდიან; არც აფრიკას გამიჯვნიან როდისმე. ბრაზილიელი მხლოდ საზარელ ზანგურ სიდუხჭირეს ემიჯნება, ქვეცნობიერად გაურბის მისგან ნაშობ დანაშაულებებს.

***

ტროპიკების ჰაერი მთელი დღის განმავლობაში თავისთავად გაფიქრებინებს, რომ ვერასდროს ვერაფრის ბოლომდე მიყვანას ვერ მოახერხებ და კაცის ხვედრიც მხოლოდ კვდომა და უძლურებაა. თუმცა ღამით მაინც ისადგურებს აღფრთოვანებისა და მოქმედების შესაძლებლობის განცდა. ატმოსფერო თითქოს მაინც იმუხტება რაღაცის განხორციელების მოლოდინით.

ინგლისურიდან თარგმნა - ზაზა ჭილაძემ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში