მილოსელი ვენუსი |

მილოსი ძვ.წ. 130-100, პაროსის მარმარილო, სიმაღლე 204 სმ
ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ნაყოფიერების, სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი აფროდიტეს ანალოგი რომაულ პანთეონში.

ბერძნული ქანდაკების ამ შედევრს მისი პოვნის დროიდან მეტად ამაღელვებელი ისტორია აქვს. 1820 წელს კუნძულ მილოსზე იგი უბრალო გლეხმა ანტიკური თეატრის მახლობლად, საკუთარ ყანაში აღმოაჩინა ორ ჰერმასა და წარწერის ფრაგმენტებთან ერთად, რაც მაშინვე აცნობეს კონსტანტინოპოლში საფრანგეთის ელჩს.

ქანდაკება საფრანგეთსა და საბერძნეთს შორის განხეთქილების მიზეზად იქცა და ლამის გაემგზავრა კიდეც საბერძნეთში ბერძნული ხომალდით. როგორც ჰყვებიან, ბოლოს, დაპირისპირება მოხდა, მილოსის რეიდზე მყოფმა ფრანგული ხომალდის ქვემეხებმა გაისროლა და ასე მიაღწია ქანდაკებამ პარიზამდე, სადაც იგი ლუი XVIII-ს აჩუქეს. მან კი 1821 წელს ვენუსი მილოსელი ლუვრს უბოძა.

ჯერ კიდევ აღმოჩენის დროიდან, მარმარილო ორად იყო გატეხილი და აკლდა ხელები და მარცხენა ფეხი. მართალია, ეცადნენ ხელახალი გათხრებით დანაკლისი შეევსოთ, მაგრამ - ამაოდ.


ეს ზებუნებრივი აღნაგობის ულამაზესი ქალის ქანდაკებაა, რომელიც მნახველს ტორსის შემოტრიალებისას წარმოუდგება. ტორსის მოძრაობა ჰარმონიულად აირეკლება მთელ ფიგურაზე - მარცხენა ფეხით დაწყებული, თავით დამთავრებული.

ქალღმერთის მკაცრი გამომეტყველება უპირისპირდება მის მოძრავ შიშველ ტორსს („ბრწყინვალე, ზღვასავით ფართო მუცელი“ - როგორც ეს როდენმა განმარტა), რომელიც თითქოს უეცრად დაუსხლტა მძიმე ქსოვილს. მის თეძოებზე რბილ ნაკეცებად რომ ეშვება, სხეული ეყრდნობა მარჯვენა ფეხს და მოძრაობისთვის ათავისუფლებს - მარცხენას, მოხრილ მენჯსა და მხრებს, მაშინ, როდესაც თავი გვერდზე მსუბუქადაა გადახრილი.

ტორსის ელეგანტური მოძრაობა აღიქმება არა ფრონტალურად, რაც კლასიკური პერიოდის ბერძნული ქანდაკებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ კუთხიდან. ამ ვერსიას ვენუსის თვალების ასიმეტრიულობაც და ხელების შესაძლო მდებარეობაც ადასტურებს.

მოქნილი სილუეტი, შერწყმული სხეულის სავსე ფორმებთან, ელინიზმისათვის დამახასიათებელი ნატურალიზმის გამოვლინებაა, სადაც ფიგურის თავისუფალი მოძრაობის მეტი სიცხადით გადმოცემას დრაპირების ოსტატური დამუშავება განაპირობებს.

წყარო - ლუვრი - პარიზი [მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები]

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში