უმბერტო ეკო - პრაღის სასაფლაო

ოკულტისტები, სატანისტები, მასონები, იეზუიტები, რევოლუციონერები, საფრანგეთის, იტალიის, პრუსიისა და რუსეთის საიდუმლო სამსახურები, ანტისემიტიზმის აფეთქებისა და ფაშისტური ისტერიის ზღვარზე მყოფი ევროპა, კონსპირაციული თეორიები, მსოფლიო შეთქმულების შიში...

სრულიად დაუჯერებელი და ამავე დროს რეალურად არსებული პერსონაჟებით სავსე, წარმოუდგენელი ინტრიგებით ნაქარგი სიუჟეტი მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. რომანის ერთადერთი გამოგონილი პერსონაჟი სიმონინო სიმონინია. გამოგონილი, მაგრამ ყველაზე ნამდვილი და „მარად ჩვენ შორის მყოფი“.

***

ფრანგები იმდენად ამპარტავნები არიან, რომ ფრანგის გარდა ყველა ველური ჰგონიათ, საყვედურის მოსმენაც არ შეუძლიათ. თუ გინდა, ფრანგს საკუთარ თავზე ცუდი ათქმევინო, სხვა ერი უნდა მოიხსენიო ცუდად, მაგალითად, თქვა, ჩვენ, პოლონელებს, ესა და ეს ნაკლი გვაქვსო; და რადგან არ შეუძლიათ, ვინმეს რამეში ჩამორჩნენ, თუნდაც ცუდში, მაშინვე გეცემიან, უჰ, ჩვენ, ფრანგები, უარესები ვართო! მაშინ კი იცოცხლე, მოაღებენ პირს, გალანძღავენ ფრანგებს და ვერც კი ხვდებიან, რომ ხაფანგი დაუგე.

[...]

ამაყობენ სახელმწიფოთი, რომელსაც ძლიერს უწოდებენ, თუმცა, მუდამდღე მისი დამხობის მცდელობით ერთობიან: არავინაა მათსავით მარდი ბარიკადების აღმართვაში, მიზეზიც არ სჭირდებათ საამისოდ და უმეტესწილად არც იციან, რატომ და რისთვის აკეთებენ ამას, უკანასკნელი ნაძირალას მოწოდებაზე გამოიყრებიან ქუჩაში. ფრანგმა არ იცის, რა უნდა, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ის არ უნდა, რაც აქვს. სათქმელი გამოსახატავად კი მარტო სიმღერა შეუძლია.

***

კაცი მღვდლად ან ბერად მარტო იმიტომ მიდის, რომ უსაქმურად იცხოვროს. უქნარობა კი გარანტირებული აქვთ, რადგან უამრავი არიან. ერთი მღვდელი რომ მოდიოდეს, მაგალითად, ათას კაცზე, იმდენი საქმე ექნებოდა თითოეულს, ვერც გულხელდაკრეფილი იჯდებოდა და ვერც მთლიან ყვერულს ჩანთქავდა ერთ ჭამაზე. ყველაზე რეგვენი მღვდლებიდან კი ხელისუფლება გამორჩეულად რეგვენებს შეარჩევს და ეპისკოპოსებად დანიშნავს ხოლმე.

დაბადებიდან გარს გეხვევიან: ჯერაა და, გინდა თუ არა, უნდა მოგნათლონ, სკოლაში წახვალ - იქაც დაგხვდებიან, თუ შენმა ტუტუცმა მშობლებმა საეკლესიო სასწავლებელში მიგაბარეს, მერე - პირველი ზიარებაო, კატეხიზმოო, ზეთის ცხებაო; საკუთარ ქორწილშიც მღვდელი გადგას თავზე და გარიგებს კიდეც, საწოლში როგორ მოიქცე, მეორე დღეს კი აღსარებას ჩამოგართმევს და წვრილად გამოგკითხავს, აბა, რამდენჯერ მოახერხეო, რომ თავის ბინძურ ფანტაზიას სააღმსარებლოშიც ლუკმა წაუგდოს. შეძრწუნებულები გველაპარაკებიან სექსზე, თავად კი ყოველ დილით ინცესტით წაბილწული ლოგინიდან გამოძვრებიან და ხელებსაც არ იბანენ, ისე ეზიარებიან უფლის სისხლსა და ხორცს, რომელსაც მერე მოფსამენ და მოჯვამენ კიდეც.

გიკიჟინებენ არაამქვეყნიურ საუფლოზე, თუმცა, თავად, თუ რამეს დასწვდნენ, ხელიდან ვეღარ გააგდებინებ.

ცივილიზაცია სრულყოფას ვერ ეღირსება, ვიდრე უკანასკნელი ეკლესიის უკანასკნელი ლოდი ქვეშ არ მოიყოლებს უკანასკნელ მღვდელს და დედამიწა ამ მანკიერი ხროვისგან არ გათავისუფლდება.

***

ადამიანები არასდროს სჩადიან ბოროტებას ისე სრულყოფილად, ისეთი ენთუზიაზმით, როგორც მაშინ, როცა რელიგიის სახელით მოქმედებენ.

***

დროს კი ითხოვს, მაგრამ როცა საჭმელს აკეთებ, ნეტარება ჭამამდე იწყება და კერძის მომზადება წინასწარ მის გასინჯვას ნიშნავს.

***

ბუნტისთავების ცნობა ისედაც არ იყო ძნელი: მეტისმეტად სასახრჩობელე იერი ჰქონდათ. არც ერთი ნამდვილი ქურდბაცაცა არ ჰგავს ქურდბაცაცას. ბუნტისთავს კი ვინაობა შუბლზე აწერია.

***

პარიზი ის აღარაა, რაც ადრე იყო, სხვა ქალაქია მას შემდეგ, რაც მისი ყოველი კუთხიდან მოჩანს ის ფანქრის სათლელივით წამოყუდებული ეიფელის კოშკი.

***

ხელოვანი ადამიანი შორიდანაც კი აუტანელია, გაუთავებლად აქეთ-იქით იყურება, ცმუკავს, აინტერესებს, იცნეს თუ არა გარშემომყოფებმა.

***

დიუმა მართლა ღრმად იცნობდა ადამიანის სულს. რისკენ მიისწრაფვის თითოეული ჩვენგანი, თანაც მით უფრო ძლიერად, რაც უფრო დათრგუნული, უიღბლო და ჩაგრულია თავად? - იოლად ნაშოვნი ფულის, ძალაუფლების (ოჰ, რაოდენი ნეტარებაა შენს მსგავსზე ბატონობა, მისი დამცირება!), შურისძიებისკენ. ადამიანს შურისძიება სწყურია თუნდაც სულ მცირე წყენისთვის, წყენა კი ვის არ განუცდია ცხოვრებაში? და აი, დიუმა „მონტე-კრისტოში“ გვიჩვენებს, როგორ შეიძლება, უსაზღვრო სიმდიდრე, შესაბამისად - უსაზღვრო ძალაუფლება, ჩაიგდო ხელთ და შენს მტერს სათითაოდ აზღვევინო შეცდომები. ადამიანი ყოველთვის ფიქრობს, კი, მაგრამ რატომ მაინცდამაინც მე ამითვალწუნა ბედისწერამ (ან რატომ არ მანებივრებს ისე, როგორც ვისურვებდი), რატომ არ მომცა ის, რაც სხვებს, იმათ, ჩემზე ნაკლებად რომ იმსახურებდნენო? დამნაშავის პოვნა იმიტომაა აუცილებელი, რომ ადამიანს საკუთარი უიღბლობა და წარუმატებლობა მისივე შეზღუდულობის ბრალი არ ეგონოს. დიუმა ყველა დათრგუნულს (ადამიანსა თუ მთელ ერს) უხსნის საკუთარი მარცხის მიზეზს. ვიღაცეებმა, სხვებმა, ქუხილის მთაზე შეკრებილებმა, დაგეგმეს შენი გაუბედურება...

***

შეთქმულების აღმოჩენას თუ მოვისურვებდი, არაფრის გამოგონება არ დამჭირდებოდა, იმას უნდა მივყოლოდი, რაც ხალხმა ისედაც იცოდა, რასაც უჩემოდაც ადვილად გაიგებდა. ხალხს მხოლოდ იმის სჯერა, რაც უკვე იცის. ამაშია შეთქმულების უნივერსალური ფორმის მშვენიერება.

***

მთავრობის ხალხს ზედმეტი ინფორმაციით არ უნდა დაუტვირთო გონება, მათ მარტივი, მკაფიო აზრები უნდათ, შავი და თეთრი, კეთილი და ბოროტი. თანაც, ბოროტი მხოლოდ ერთი უნდა იყოს.

***

საყოველთაო არჩევნები ხომ ერთადერთი და უებარი საშუალებაა დემოკრატიის წინააღმდეგ: მასში სოფლების მოსახლეობაც მონაწილეობს, რომელიც საკუთარი მოძღვრის სიტყვას ვერ გასცილებია და მას უგდებს ყურს.

***

საიდუმლო სამსახურს ყოველთვის ურჩევნია, ხელთ ჰქონდეს დოკუმენტი (თუნდაც მაშინვე არ გამოამზეუროს ის), რომლითაც ხელისუფლებაში მყოფ პირებს დააშანტაჟებს, ვითარებას აამღვრევს და სასურველ დროს მის მკვეთ ცვლილებას გამოიწვევს.

***

პოლიტიკას ხშირად მოკრძალებული სახელმწიფო მოხელეები განსაზღვრავენ და არა ისინი, ვინც ხალხს ჰგონია გადაწყვეტილების მიმღები...

***

ვგრძნობდი, მომავალში სულ უფრო ხშირად მომიწევდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა და ვფიქრობდი, რომ გამოსაგონებლად ყველაზე მიმზიდველი ახალი ამბები სწორედ მუქთახორების ვარაუდები იქნებოდა: ისინი ხომ გაზეთების გავრცელებულ დამაჯერებელ ცნობებს არ ენდობიან.

***

- მალე შეხვდებით გენერალ გარიბალდის, - მითხრა დიუმამ, მისი სახელის ხსენებაზე აღფრთოვანებით გაუბრწყინდა თვალები. - ქერა წვერითა და ცისფერი თვალებით იესოს ჰგავს, ლეონარდოს „საიდუმლო“ სერობიდან“. დახვეწილია, თავაზიანი, უსაზღვროდ თბილი ხმა აქვს. მშვიდი ადამიანი ჩანს, მაგრამ საკმარისია, მისი თანდასწრებით „იტალია“ და „დამოუკიდებლობა“ ახსენო, ვულკანივით გამოიღვიძებს, ცეცხლსა და გიზგიზა ლავას აფრქვევს. იარაღს არ ატარებს, მაგრამ თუ ბრძოლა გაჩაღდა, პირველსავე ხმალს დასწვდება, რომელიც ხელში მოხვდება, იშიშვლებს და მტერს ეკვეთება. ერთადერთი სისუსტე აქვს: მიაჩნია, რომ ბოჩეს (სიცილიური თამაში ბურთებით) თამაშში ბადალი არ ჰყავს.

[...]

დიუმა აპოლონივით აღმიწერდა გენერალს, მე კი მომეჩვენა, რომ გარიბალდი არცთუ ისე მაღალი და ქერა იყო; მართალი გითხრათ, მოკლე, გაღუნული ფეხები ჰქონდა და, თუ მისი სიარულის მანერით განვსჯით, რევმატიზმიც აწუხებდა. დავინახე, როგორ გაჭირვებით შეჯდა ერთხელ ცხენზე, ორი კაცი ეხმარებოდა.

***

მეტისმეტად მომხიბლავ წინამძღოლებს კი, როგორც წესი, მალე აყრევინებენ თავებს: ასე მოითხოვს სახელმწიფოს მშვიდობიანი ცხოვრება.

***

ჯიბეგაფხეკილი პარიზელისთვის ხელმისაწვდომ სიამოვნებას არ ვიკლებდი: ბულვარებში დავეხეტებოდი. აღმაფრთოვანებდა პარიზის ქუჩებში მოფუსფუსე ათასი ჯურისა და წარმომავლობის ადამიანზე დაკვირვება. ცოტა იყო ისეთი, ვინც საქმეზე მიიჩქაროდა, უმრავლესობა ხალხის თვალიერებით ერთობოდა. მდიდარ პარიზელ ქალებს გემოვნებით ეცვათ, თუმცა იმდენად ქალები არ იქცევდნენ ჩემს ყურადღებას, რამდენადაც მათი ვარცხნილობა. სამწუხაროდ, ამ ტროტუარებზე მდაბიო დიაცებიც უხვად ირეოდნენ და მამაკაცების გამოთაყვანებაშიც აშკარად უკეთ იყვნენ გამეცადინებულები, ვიდრე არისტოკრატი ქალები.

ყველანი მეძავები იყვნენ, მაგრამ ნამდვილი, ბინძური ბოზები მოგვიანებით ბორდელიან ტრაქტირებში გავიცანი. ამ ქალებზე მხოლოდ შეძლებულ მამაკაცებს მიუწვდებოდათ ხელი. ათასნაირ ეშმაკეულ მეცნიერებას მიმართავდნენ მსხვერპლის გამოსაჭერად. მოგვიანებით ერთმა ჩემმა ინფორმატორმა გამარკვია ამ საკითხში. ოდესღაც პარიზის ბულვარებში თურმე მხოლოდ ეგრეთ წოდებული „გრიზეტები“ - ქერქეტი ყმაწვილი ქალები დაიარებოდნენ. წმინდანები ნამდვილად არ ყოფილან, მაგრამ უანგარო სიყვარული სცოდნიათ, სამკაულსა და ფარჩა-აბრეშუმს არ ითხოვდნენ, ალბათ, იმიტომაც, რომ საყვარლები მათზე ჯიბეგაფხეკილები ჰყავდათ. შემდეგ „გრიზეტები“ პრაქტიკულად გამქრალან და მათ ნაცვლად „ლორეტები“, „ბიშები“ და „კოკეტები“ გამოჩენილან. ისინი „გრიზეტებზე“ მხიარულები და განათლებულები სულაც არ ყოფილან, სამაგიეროდ ქიშმირსა და ძვირფასეულობას გახლდნენ დახარბებულები.

მე რომ პარიზში ჩავედი, „ლორეტი“ უკვე „კურტიზანს“ ჩაენაცვლებინა. კურტიზანები უმდიდრეს საყვარლებზე, ძვირფას კარეტებსა და ალმასებზე ნადირობდნენ. ბულვარზე კურტიზანს იშვიათად თუ შეხვდებოდი. ესენი იყვნენ „ქალები კამელიებით“: მათი მორალური პრინციპი იყო უგულობა, სისასტიკე, უმადურობა. ბოლომდე წურავდნენ უბადრუკ ცვედნებს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ უხდიდნენ, რომ ოპერის ლოჟაში მომხიბლავ ქალთან ერთად გამოჩენილიყვნენ.

***

მოწინააღმდეგე დაჯგუფების კონტროლის ერთადერთი საშუალება მისი მართვის სადავეების ხელში ჩაგდებაა. კიდევ უფრო ეფექტიანი გზა მისი დაფინანსებაა. მტრის ხელმძღვანელობა შენი ბიუჯეტიდან უნდა იღებდეს ჯამაგირს. სახელმწიფოს მტრის გეგმები ღვთის ნებით არავის გადაეშლება თვალწინ. ვიღაცამ თქვა, აღარ მახსოვს, ვინ (შეიძლება, სულ ოდნავ გადაამეტა): ნებისმიერი საიდუმლო დაჯგუფების ათი წევრიდან სამი ჩვენი ჯაშუშია (ნუ მიწყენთ ამ სიტყვას, ფაქტია, ხალხია ასე გეძახით), ექვსი - რწმენით გულანთებული იდიოტი და ერთი - მართლა საშიში ადამიანიო.

***

ყველა სამინისტროში, ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში მოიძებნება ვირთხა, რომლის საშუალებითაც ინფორმაცია გაჟონავს. როგორც წესი, ასეთ ქვემძრომს არ ანადგურებენ, სახელმწიფო სამსახურები მას ყალბ ინფორმაციას ავრცელებინებენ, როცა სჭირდებათ. მაგრამ ასეთი ტიპი მაინც საშიშია.

***

ნებისმიერი ქვეყნის კონტრდაზვერვას იმისა სჯერა, რაც არაერთხელ სმენია, სრულიად ახალ ამბავს კი ყურსაც არ ათხოვებს.

***

ჯაშუშის გაუვნებლება თუ გინდა, კი არ უნდა მოკლა, ყალბი ინფორმაცია უნდა მიაწოდო. ამისთვის გვჭირდება ორმაგი მოთამაშეები.

***

რა არის საჭირო იმისთვის, რომ პოლიცია ბოლომდე ენდოს ინფორმატორს? შეთქმულების გახსნა!

***

პარიზელებს აგერ უკვე საუკუნეზე მეტია, ბარიკადების მოწყობა ეხალისებათ და არავის ანაღვლებს ის, რომ ნებისმიერი ბარიკადი ერთი ჭურვის მოხვედრაზე ნაცარტუტადაა ქცეული. ბარიკადებს ადამიანები იმისთვის აგებენ, რომ გმირად იგრძნონ თავი. [...] მაგრამ უმრავლესობა ჩემსავით გაიპარება და ბოლოს მხოლოდ შტერები რჩებიან, რომლებსაც ადგილზე მიახვრეტენ.

***

ნამდვილი აგენტი ინფორმაციას კარგად მალავს, მაგრამ არასოდეს ანადგურებს, რადგან ყოველთვის შეიძლება დასჭირდეს ვინმეს დასაშანტაჟებლად.

***

ბომბივით ინფორმაცია ერთად არ უნდა გაუშვა: თუ პირველი შთაბეჭდილება ძალიან ძლიერია, შემდეგ ულუფებს ხალხი ვეღარ აღიქვამს. ყლუპებად უნდა მიაწოდო ცნობები მკითხველს და ყოველი ახალი ცნობა წინასაც გაუღვივებს და გაუცოცხლებს გონებაში.

***

დგება წამი, როცა შიგნით ტყდება რაღაც, აღარც ენერგია გრჩება და აღარც სურვილი. ამბობენ, უდნა იცოცხლოო, მაგრამ სწორედ სიცოცხლეა პრობლემა, რომელსაც საბოლოო ჯამში თვითმკვლელობამდე მიჰყავხარ.

***

ადამიანების მთავარი თვისება ისაა, რომ მზად არიან, ყველაფერი დაიჯერონ. ყველაფრის დაჯერების ეს საყოველთაო მიდრეკილება რომ არა, როგორ იარსებებდა ეკლესია ორი ათასი წლის მანძილზე?

***

თუ რამეზე ლაპარაკობ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ის რაღაც არსებობს.

***

თუ კანონი ბევრჯერ არ დაგირღვევია, მას წარმატებით ვერ ემსახურები. [...] ასე ვთქვათ, მეტისმეტად „სუფთა“ პოლიციელს არ უნდა ენდო. ქვეშაჯვიები არიან.

***

მტერი რომ იცნო და მისი გეშინოდეს, სახლში უნდა გყავდეს, ან მეზობლად მაინც. [...] მტერია საჭირო, რომ ხალხს იმედი ჩაუსახო. არ მახსოვს, ვინ თქვა, პატრიოტიზმი გარეწართა უკანასკნელი თავშესაფარიაო. ის, ვისაც მორალური პრინციპები არ გააჩნია, როგორც წესი, დროშას აფრიალებს; თავისი რასის სიწმინდეზე ყველას მეტას სწორედ ბუში გაჰყვირის.

ეროვნება ღატაკთა ერთადერთი ავლადიდებაა. საკუთარი ეროვნების შეგრძნება დღეს სიძულვილს, განსხვავებულის სიძულვილს ეფუძნება. საჭიროა სიძულვილის, როგორც სამოქალაქო ვნების, გაღვივება. მტერი ერის მეგობარია. საკუთარი უბადრუკობის გასამართლებლად სიძულვილის ობიექტია საჭირო. სიძულვილია ჭეშმარიტი, პირველქმნილი გრძნობა. პათოლოგიური მდგომარეობა სიყვარულია. ამიტომ მოკლეს ქრისტე: ბუნების წინააღმდეგ ქადაგებდა. შეუძლებელია, სამუდამოდ გიყვარდეს ვინმე. მარადიული სიყვარული განუხორციელებელი იმედია და მასში ისახება მრუშობა, კაცის კვლა, ღალატი... სიძულვილით კი, თავისუფლად შეიძლება, მთელი ცხოვრება გძულდეს ვინმე: მთავარია, იყოს, იარსებოს, რომ მარად გაგიღვივოს ვნება გულში. გულს სიძულვილი ათბობს.

***

პლანეტის ნებისმიერ გრძედსა თუ განედში იგივე ხდება: ვერავინ იწვევს ხალხში საომარ ვნებებს უფრო წარმატებით, ვიდრე პოლიცია.

***

ჯაშუშის ან შეთქმულის გამოსავლენად სამხილებზე ნადირობა სულაც არაა აუცილებელი. ბევრად უფრო მარტივი და იაფია, თავად შექმნა სამხილი ან, თუ შესაძლებელია, თავად ჯაშუშიც.

***

თავისუფალია თუ არა პრესა, ხალხი ამას ვერც კი იგებს, როცა საკუთარ სამუშაოსა და სიღარიბესაა მიჯაჭვული.


მთარგმნელი - ხათუნა ცხადაძე

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში