აკაკი წერეთელი - დიმიტრი ყიფიანი |
სულ სხვა ბუნებისა და გუნების იყო, ვიდრე გრიგოლ ორბელიანი, განსვენებული დიმიტრი ყიფიანი. სააბაშიო, საბატონო აზნაურიშვილს, უბრალო ჩამომავლობისას, უფრო მეტი ნიჭი და მეცადინეობა ეჭირვებოდა, ვიდრე რომელიმე გვარისშვილს, რომ ცხოვრებაში ბიჯი გადაედგა!.. შთამომავლობით არა მიუძღოდა რა!.. მომხრე არავინ ჰყოლია და თავისთავად უნდა გაეკვლია გზა მომავლისა.
პირველი ბიჯი მანც ციმბირისაკენ გადადგა. ახლგაზრდობა ვოლოგდაში გაატარა, მაგრამ დაბრუნების შემდეგ კი ისეთი მხნეობა და ნიჭი გამოიჩინა, რომ ჩინოვნიკობას თავში დაუდგა... მთავარმართებლის კანცელარიის მმართველობა ჩაიგდო ხელში, გაითქვა სახელი და გაძლიერდა.
ქართველობას მისთვის, გარდა სიცოცხლისა, არა მიუცრია რა!.. ყოველიფერი რუსობამ მოახვეჭინა, მაგრამ დახეთ გულგაუტეხლობას, იმას სამშობლო მაინც არ დავიწყებია, იმ თავიდან ამ ბოლომდე, სიყრმიდან სიბერემდე, სულ თურმე საქართველოზე ჰფიქრობდა - ცოტას ჰფიქრობდა პირადობაზე. დიდკაცობა და ძალა მიტომ უნდოდა, რომ ხალხში მეტი გავლენა ჰქონებოდა და მეტი სარგებლობა მოეტანა საქართველოსათვის.
იმან კარგად იცოდა, რომ იმ დროში კაცი გენიოსიც რომ ყოფილიყო, თუ მის ადამიანობას რუსის ბეჭედი არ ექნებოდა დაკრული, არავინ რას გაუგონებდა. მის წინ ორი გზა იდვა: მარცხნით ბიუროკრატიული, მთავრობისაგან გატკეცილი, ია-ვარდით მოფენილი და პირადად საბედნიერო; მეორე - მარჯვნით, მესამოცე წლის მოღვაწეობის ნაჩხირკედელავები, უსწორ-მასწორო, სახიფათო და პირადად სავნებელი.
საპირადო ბედნიერების საფეხურზე შემდგარი ყიფიანი უშიშრად გადავიდა ამ სახიფათოზე და ჩაირიცხა ახალ მოღვაწეებში, სიტყვით, კალმით, საქმით, სულითა და გულით მათთან იყო ისიც.
„ორი ნესვი ერთი ხელით არ დაიჭრებაო“, - დღეს-ხვალიობით, თანდათანობით, ააყრევინა მთავრობას გული, გაირისხა და თავი მოაშორებინა. ირაკლი გრუზინსკისა არ იყოს, ქართულ ლიტერატურულ საღამოზე სალამურის დამკვრელად რომ გამოვიდა, მაშინ რომ ყიფიანმა მუნდირი გაიხადა და ჩერქეზული ჩაიცვა ზედ ვარსკვლავით, სასაცინო პროტესტი იქნება, თუ დღევანდელის თვალით შევხედავთ; მაგრამ მაშინ კი საგულისხმო იყო და იმას ჰნიშნავდა, რომ იმან მით მაშინდელ ბიუროკრატიას პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადა.
სწორედ მაშინ დასწერა ალეგორიული ზღაპარიც: „არაბული ცხენი“, სადაც თავისი თავი ჰყავდა გამოხატული და მისი მომავალი ცხოვრების პროგრამაც დასურათებული. მაგრამ, რომ ჰფიქრობდა, ის აღარ გამოუვიდა. მთავრობამ რომ ხელი აიღო, მისიანებმაც ზურგი უჩვენეს და დარჩა მარტოდმარტო ბრძოლის ველზე.
მაშინ კი დაინახა, რომ თვითონ ვეღარ შევიდოდა სამკალში, ნაყოფს ვეღარ მოესწრებოდა და შეუდგა მარტოდმარტო მხოლოდ თესვას, რომ მის ნათესს ოდესმე თავი ეჩინა, დამწიფებულიყო და სხვებისათვის მაინც აეღებინებინა ხელში ნამგალი. ეს არის იდეური ბრძოლა, რომელიც არ ეტანება ხორციელ ძალმომრეობას და ამას დაადგა ყიფიანიც.
არც ერთი დაწესებულება არ არის ჩვენში, რომ მეთაურობა ყიფიანს არ ეკუთვნოდეს; ბანკი, ქშწ-კ გამავრცელებელი საზოგადოება, თეატრი და სხვანი, სულ მისის ინიციატორობით არის დაწყებული.
ერთხელ ქუთაისს მივდიოდი რკინისგზით და, მესამე კლასი რომ გავიარე, იქ შევხვდი დ. ყიფიანს. მოვუჯექ გვერდით. მეტად დაღონებული იყო. ბევრი რამ შემომჩივლა და, სხვათა შორის, მითხრა: „ვფართხალობ, მაგრამ ფართხალსაც ძალი უნდა და მე კი შემომაკლდაო“. მაშინ ქუთაისში გუბერნიის მარშალი უნდა აერჩიათ და შევეკითხე: „იმერეთის მარშლობას არ იკისრებთ-მეთქი?“
- რატომ არა, მაგრამ ხელმოკლედა ვარ, საშუალება არა მაქვს და უქონლობა დიდი ხელის შემშლელიაო.
- რომ საშუალებაც გამოგიძებნოთ-მეთქი?
- მაშინ დიდის სიამოვნებითო!.. - მომცა სიტყვა და გამითავა.
ჩავედი ქუთაისს და მივაშურე გ. ღოღობერიძეს. იმ დროს, როგორც უხუცესი, ის ითვლებოდა ახალთაობის მეთაურად. გადავეცი ჩემი განზრახვა. შევკრიბეთ იმ ღამესვე მეკენჭეები და გადავეცით გულში ნადები. იმერლები დიდის თანაგრძნობით მიეგებნენ ამ ამბავს, გარდა ერთი-ორი ჩინოვნიკისა, მაგრამ ისინი რაღას გახდებოდნენ? შედეგი ის იყო, რომ ერთხმად არჩეულ იქნა დ. ყიფიანი და ჯამაგირიც ოთხასი თუმანი დაენიშნა.
იმერეთში რომ ჩამოვიდა ყიფიანი, არ ვიცი რას გამოელოდნენ მისგან იმერლები, მაგრამ ძალიან აღტაცებით კი დაუხვდნენ. მთელი დღე ლიტანიობდნენ. სხვათა შორის, ჩასვეს ფაიტონში, თვითონაც ჩასხდნენ ფაიტონებში და „ვაშას“ ძახილით სამჯერ ჩამოატარეს ირგვლივ ბულვარი. მთელი ქალაქი საყურებლად გამოვიდა. ამან გაამხნევა მოხუცი, გაუახლა ყმაწვილური ოცნებები და ბევრს რამესაც უქადდა იმერეთს!.. იმას ეგონა, თუ ის, რაც აღმოსავლეთ საქართველოში ვერ ნახა, ადვილად მოიპოებოდა დასავლეთში და მხნედ შეუდგა საქმეს!..
მაგრამ ეს „სოფელი განა დიდხანს ვისმე ახარებს“ - იმ ხანებში გულმოსულმა ექსარხოსმა, რექტორის სიკვდილის გამო, შეაჩვენა ქართელობა. იმ წირვაზე ქართველი დიდებულებიც იყვნენ, მაგრამ კრინტიც არ დაუძრავსთ და ყიფიანმა კი შორიდან მოსწერა წმინდა მამას მრისხანე საყვედური. ეს წერილი ჩაუვარდა მთავრობას ხელში, შეუკეცა წინანდელი უსიამოვნებაც და ავტორი ყიფიანი გადაასახლეს სტავროპოლს, პატიმრად.
რამდენიმე დღის წინეთ გაგზავნისა, ქვიშხეთს მიველ, ვნახე და მისმა მხიარულმა სახემ გამაოცა. „ერთი იმ თავითო და მეორე ამ თავითო! - მომაყვირა სიცილით - პატიმრობით დავიწყე ცხოვრება და პატიმრობითვე ვათავებო!..“ დაღრეჯილობა რომ შემატყო, სიცილით მითხრა: „ნუ გშურს ჩემთვის ეს ღვთის წყალობაო! უკეთსს ჯილდოს მე ვერც კი მოვიფიქრებდიო!.. ეს ერთი საუკუნეა, რაც ქართველები ცუდკაცობისთვის იგზავნებიან ციმბირში და ჯერ იდეურად არავინ დასჯილაო და დეე, პირველი მერცხალიც მე ვიყოო!.. მართალია, პირველ მერცხალს ხანდახან სუსხი დაჰკრავს და გაზაფხულს ვეღარ ესწრება, მაგრამ მაინც პირველი მახარობელია და გაზაფხული მაინც მოვაო!..“ - სთქვა და ჩაფიქრდა.
მართლა რომ იწინასწარმეტყველა თავის თავზე: იქ, სტავროპოლში, პატიმრობის დროს მოჰკლეს!.. ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს და იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს!
და ვინ? რად? სრულიად საჭირო არ არის ამაზე ვიფიქროთ მაშინ, როდესაც ვიცით, თუ რისთვისაც!.. ამას მომავალი უკეთ გამოიკვლევს მაშინ, როდესაც ყიფიანის ნათესი თავს იჩენს, ნაყოფს მოიტანს და დაწესებულებებს ჩვენც ისე ცალმხრივად აღარ დავუწყებთ ყურებას, როგორც დღეს: ბანკი მარტო სადახლო დუქანი აღარ გვეგონება, წერა-კითხვის საზოგადოება - სასაცინო გასართობი!.. დღევანდელი ამბოხება, თუმცა ჯერჯერობით კი უკუღმართი და უთანასწორო, მაგრამ მაინც ხალხის გამოღვიძების ნიშანი, თავდებია ამისი.
აი, სწორედ იმისთანა დევ-გმირზე, როგორიც იყო განსვენებული დიმიტრი ყიფიანი, ითქმის, რომ „მოვიდა ქვეყნად და ქვეყანსაც ბევრი რა არგოო!..“.
წყარო - საშვილიშვილო მოკავშირე - დიმიტრი ყიფიანი
ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება, „ზეკარი“, 2007 წ.