ჯორჯ ვაშინგტონი - ომი ამერიკის დამოუკიდებლობისათვის |

„მშვიდობის შენარჩუნების საუკეთესო გზა ომისთვის მზადყოფნაა“

ჯორჯ ვაშინგტონი არ მიეკუთვნებოდა სარდალთა იმ რიგს, რომლებიც ტაქტიკისა და სტრატეგიის დიდი ნიჭით გამოირჩევიან, სამაგიეროდ ჰქონდა უნარი, გაძღოლოდა არმიას, რომლის ჯარისკაცებიც „ნახევრად მშივრები, მუდამ ჩამოძონძილები, ყოველგვარ გასამრჯელოსა და გამოცდილებას მოკლებულნი იყვნენ, ზოგჯერ ცოცხალი არსებებისთვის სრულიად გაუსაძლის პირობებსაც კი უძლებდნენ“, თუკი ის ამის საჭიროებას კარგად აუხსნიდა, და შეეძლოთ, ფრანგების ლამის უმნიშვნელო დახმარებით, კარგად გაწვრთნილ, კარგად ეკიპირებულ, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო არმისაც კი მორეოდნენ.

ვირჯინიაში 1732 წელს დაბადებული ვაშინგტონი თამბაქოს პლანტაციის მფლობელის შვილი და ნორტჰემპტონშირიდან ჩასული იმიგრანტის შვილიშვილი გახლდათ. თექვსმეტიდან ცხრამეტ წლამდე შენანდოას ველის უმეტესად აუთვისებელ ტერიტორიაზე მიწის მზომლად მუშაობდა. 1754 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში, როგორც ვირჯინიის მილიციის (სახალხო ლაშქრის) მაიორმა, ოჰაიოს მდინარეზე ფრანგების წინააღმდეგ.

ბრძოლა ბრიტანელებთან ერთად

მომდევნო წელს, როგორც ვიცე-პოლკოვნიკი და გენერალ ბრედოკის ადიუტანტი, ძლივს გადაურჩა სიკვდილს, როცა მათი შენაერთის კოლონას ფრანგები ჩაუსაფრდნენ და შეტაკებისას, ბრედოკი მოკლეს.

ვაშინგტონი პოლკოვნიკად დააწინაურეს და დასავლეთ ვირჯინიაში ბრიტანული საზღვრის დაცვა ჩააბარეს, სადაც შვიდწლიანი ომის განმავლობაში დაჰყო.

ომის დამთავრების შემდეგ ბრიტანულ რეგულარულ არმიაში ჩარიცხვაზე უარი უთხრეს, შინ, მაუნტვერნონში დაბრუნდა, პოლიტიკურ საქმიანობას მიჰყო ხელი და 1758 წელს ვირჯინიის სამოქალაქო საკრებულოს წევრად აირჩიეს. როცა ბრიტანელებმა კოლონისტებს საკუთარი თავდაცვისთვის საჭირო სახსრების მოსაპოვებლად გადასახადი დაუწესეს, ვაშინგტონი ამას შეეწინააღმდეგა და 1774 წელს კონსტინენტურ კონგრესში (13 კოლონიის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც რევოლუციის დროს მომავალი შეერთებული შტატების ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენდა) ვირჯინიის წარმომადგენლად მიავლინეს.

ამერიკული ჯარის სათავეში

ლექსინგტონისა და კონკორდის ბრძოლების შემდეგ, რომლებითაც ამერიკის რევოლუციური ომი დაიწყო, ვაშინგტონი სამხედრო ფორმით კონგრესში გამოცხადდა და საკუთარი სამსახური შესთავაზა.

კონტინენტური არმიის სარდლად ერთხმად დანიშნულმა, 1775 წლის ივლისში დაამარცხა ბრიტანელები ბოსტონთან, მომდევნო წლის მარტში კი საბოლოოდ განდევნა იქიდან.

შემდეგ ნიო იორკისკენ აიღო გეზი, მაგრამ 27 აგვისტოს ლონგ-აილენდთან ბრძოლისას დამარცხდა და სულ რაღაც 3000 მეომართან ერთად, პენსილვანიისკენ დაიხია. შობის ღამეს, 1776 წელს, ვაშინგტონმა წარმატებით გადალახა გაყინული დელავერის მდინარე და გერმანელი დაქირავებული ჯარისკაცებით დაკომპლექტებულ ტრენტონის ბრიტანულ გარნიზონს დაესხა, სადაც 900 კაცი დაატყვევა.

კიდევ ერთი თუმც მცირემასშტაბიანი გამარჯვება მოიპოვა ბრიტანულ კოლონაზე პრინსტონთან თავდასხმისას 1777 წლის 2 იანვარს.

ამ წარმატებებმა მას ძალა შთაბერა და ვაშინგტონმა ბრიტანელთა საბოლოოდ დასამარცხებლად მათი ძალების გამოფიტვის ტაქტიკა აირჩია. მაგრამ კიდევ ერთი - ბრენდვაინში განცდილი მარცხის შემდეგ „ველი-ფორჯისკენ“ (ამერიკის კონტინენტური არმიის ბანაკი პენსილვანიაში) დაიხია, სადაც მის ჯარს გაუსაძლის პირობებში ზამთრის გატარებამ მოუწია. მისმა ემისრებმა ევროპაში დაიქირავეს პრუსიელი ოფიცერი, ბარონ ფონ შტაუბენი, რომელმაც საფუძვლიანი წვრთნის შედეგად, რევოლუციური ლაშქარი კარგად ორგანიზებულ, ნამდვილ არმიად აქცია.

1778 წელს ბრიტანელების წინააღმდეგ ომში საფრანგეთი ჩაება. მისმა ფლოტმა სამეფო ფლოტით განპირობებული ბრიტანელთა უპირატესობა გააბათილა და მხარეებს შორის წონასწორობა შექმნა.

კაროლინაში ჩატარებული რამდენიმე ბრძოლის შემდეგ, ბრიტანელებმა გენერალ კორნუოლისის მეთაურობით, უკან დაიხიეს და ვირჯინიაში, იორკტაუნის ნახევარკუნძულზე დაბანაკდნენ, ხოლო ვაშინგტონს ამ დროს გენერალი ჰენრი კლინტონი ნიუ იორკში ჰყავდა „ჩაკეტილი“. ფრანგულ-ამერიკული ჯარების მიერ დამარცხებულმა კორნუოლისმა ბრძოლა შეწყვიტა. სწორედ ეს აღმოჩნდა ამ ომში გადამწყვეტი ბრძოლა.

დამოუკიდებლობის დღე

დასაწყისში მოპოვებული რამდენიმე წარმატების მიუხედავად, 1776 წელს ვაშინგტონი მიხვდა, რომ მის ხელთ არსებული ძალებით ბრიტანეთის დამარცხებას ვერ შეძლებდა, ამიტომ გადაწყვიტა, ამერიკული სტრატეგია „ყველა შემთხვევაში, გადამწყვეტი ბრძოლის თავიდან აცილება“ უნდა დაყრდნობოდა. იმას, რასაც „პოზიციურ ომს“ ეძახდა, უნდა ეიძულებინა ბრიტანელები, კვალში ჩასდგომოდნენ მის ჯარს იმ იმედით, რომ დაქანცავდნენ და რესურსების გარეშე დატოვებდნენ. და მართლაც, იორკტაუნამდე მას არც ერთი დიდი ბრძოლა არ მოუგია.

1781 წელს, გენერალმა კორნუოლისმა 7500-კაციანი ბრიტანული ჯარით ვირჯინიაში მდებარე იორკტაუნის ნახევარკუნძულზე დაიხია იმ მიზნით, რომ ნიუ იორკში მყოფ გენერალ კლინტონთან ზღვით დაკავშირების საშუალება ჰქონოდა.

იქ ის 7000 ამერიკელი და 7000 ფრანგი მეომრით დაკომპლექტებულმა არმიამ დაამარცხა. ამ დროს, ოცდათექვსმეტი გემისგან შემდგარი ფრანგული ფლოტი მის დასაცავად მიმავალ მომცრო ბრიტანულ ფლოტს გადაეღობა. საკვების სიმცირისა და მოწინააღმდეგეზე ორჯერ ნაკლები სამხედრო ძალის მქონე კორნუოლისი იძულებული გახდა, დანებებოდა.

ნაიჯელ ქოთორნი - „გამარჯვება - 100 გამოჩენილი მხედართმთავარი“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში