პირველი რესპუბლიკა - დროშა და გერბი |

საქართველოს ეროვნული საბჭოს და საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 10 სექტემბრის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის დროშისა“

1. საქართველოს რესპუბლიკას აქვს თავისი დროშა სამფეროვანი: წითელის (შვინდის ფერის), შავის და თეთრის ფერისა.


2. დროშას შეადგენს: თეთრი ბუნი თავში ბირთვითა და შუბის წვერით, ალამი წითელი (შვინდის ელფერისა) შავი და თეთრი თანასწორი ზოლებით ზემო კუთხეში ბუნთან; შავი და თეთრი ზოლები შეადგენს ალამის განის ნახევარს და სიგრძის ორ მეხუთედს.

***


საქართველოს ეროვნული საბჭოს და საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 4 ოქტომბრის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის დროშის პროექტის შედგენის ხარჯისა“

მიეცეს სახელმწიფოს ხაზინიდგან მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეს საქართველოს დროშის პროექტის შედგენისათვის გასამრჯელოდ სამი ათასი (3000) მანეთი.

***

საქართველოს ეროვნული საბჭოს და საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 27 დეკემბრის კანონი „სამხედრო დროშისა“

1. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო დროშა შესდგება კვადრატული ფორმის თეთრი ალმისაგან, რომლის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს რესპუბლიკის ღერბი გვირგვინში; ალამს შემოვლებული აქვს შვინდისფერი არშია, გარშემორტყმულია ვერცხლის ზოლით; ალამს აქვს სამი შვინდისფერი კუწუბი, ვერცხლის ზოლ-შემოვლებული. დროშის ბუნი შინდისფერია, მოოქროვილ-ლახვრიანი, რომელზედაც ცალმეტად ჩამოშვებულია ორი ოქროს ფოჩი.

2. ეს კანონი ძალაში შედის დღიდან მიღებისა.

***

საქართველოს ეროვნული საბჭოს და საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 20 სექტემბრის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის ღერბისა“

1. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას აქვს თავისი სახელმწიფოებრივი ღერბი.

2. ღერბად არის თეთრი გიორგი შვიდი მნათობით.

***


საქართველოს ეროვნული საბჭოს და საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 27 დეკემბრის კანონი - „აღწერილობა საქართველოს რესპუბლიკის ღერბისა“

1. შვინდისფერ ადგილიანს რგვალ ფარზედ თეთრი გიორგი ოქროს ჩლიქებიან თეთრ ცხენზედ.

მარჯვენა ხელში შესატევად მომარჯვებული ოქროს შუბი ვერცხლის ლახვრიანი.

ცისფერი ჯავშანი, რომელსაც აქვს ვერცხლის უჯრედები; ჯავშნის ქვეშ მიხაკის ფერის ტყავის პერანგი; სახელო და ბოლო მოსასხამი თეთრი.

მარცხენა მხარზედ თეთრი ფერი სახიანი; შალვარი ალისფერი, ოქროს წაღები;

უნაგირის ქვეშ ვეფხვის ტყავის ყაჯარი; უნაგირი ოქროსი და უზანგი ვერცხლისა;

ღერბის თავში რვა კუთხიანი ვერცხლის ვარსკვლავი; მის მარჯვნივ ვერცხლის მთვარე, მარცხნივ ოქროს მზე; მთვარის და მზის აქეთ-იქით ორ-ორი რვა კუთხიანი ვერცხლის ვარსკვლავი.

ცხენის ქვევით შავი მთის მწვერვალი. ფარის გარშემო შავი არშია, თეთრ-წინწკლებიანი, ოქროს ზოლებში ჩასმული.

2. ეს კანონი შედის ძალაში დღიდან მიღებისა.


წყარო - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში