თედო სახოკია - ივანე მაჩაბელი [მოგონება]
ბრძოლა ილ. ჭავჭავაძესა და ივ. მაჩაბელს შორის თითქოს მინელდაო და ამ უკანასკნელმა სათავადაზნაურო ბანკს, ამ ბრძოლის ერთ-ერთ მიზეზს, საბოლოოდ დაანება თავი. ივ. მაჩაბელი ტფილისს მოშორდა, გორის მაზრის მეურნეთა „სინდიკატს“ ჩაუდგა სათავეში და თავისებური სისწრაფით, საქმის ცოდნითა და სიყვარულით წაიყვანა ნაკისრები საქმე.
სამწუხაროდ, ივანე მაჩაბელი 1897 წელს ავად ხდება პლევრიტით. ამავე წლის 15 ივნისს იმ დროის ცნობილი ხირურგი ვოინო ოპერაციას უკეთებს, ერთი ნეკნის ძვალს გაუჭრის და გულმკერდის ღრუში დაგროვილ ბალღამს გარეთ სადინელ გზას მისცემს ფილთას საშუალებით.
ვალ. გუნიას „ცნობის ფურცელში“ ერთი თვის განმავლობაში თითქმის ყოველ დღე იბეჭდებოდა ავადმყოფის მდგომარეობის ამბავი. ივ. მაჩაბელი სიკვდილს გადაურჩა, მოკეთდა, მაგრამ საბოლოოდ მორჩენას ბევრი უკლდა. იავადმყოფა 1898 წელსაც, კარგა ხანს ლოგინი ლესა. კიდევ მოიკეთა და საბოლოოდ ღონის მოსაკრებად გადასწყვიტა ოჯახობით აბასთუმანში გაეტარებინა 1898 წლის ზაფხული. ქალაქიდან გასვლა პირველ ივლისისათვის იყო დანიშნული.
ამ პერიოდში შექსპირის თარგმნას დასტრიალებდა თავს. ლოგინიდან ახლად წამომდგარი, ფერმკრთალი, 24 ივნისს ჟურნალ „მოამბის“ რედაქციაში შედის და სტოვებს დასაბეჭდად შექსპირის ტრაგედიის „კორიოლანოს“ თარგმანის ხელნაწერს, რომელიც ჟურნალის იმავე წლის მე-8, მე-9 და მე-10 ნომრებში იბეჭდება, ივ. მაჩაბლის დაკარგვის შემდეგ.
ივ. მაჩაბელი მეტად კარგ გუნებაზეა, ავადმყოფობისაგან შენელებული ჩვეულებრივი სიმკვირცხლე უბრუნდება, უხარია აბასთუმანში გამგზავრება, ამდენი ავადმყოფობის შემდეგ ძალღონის დაბრუნება და მუშაობისათვის გაორკეცებული ენერგიით შედგომა.
25-ს საღამოს აკაკი ეწვევა სტუმრად. მისი ოხუნჯობა უფრო ამხიარულებს იქაურობას. ივახშმებენ, ნარდს ითამაშებენ და საათის ორზე მოსასვენებლად წავლენ-წამოვლენ. ფიქრად არავის მოსდის, თუ რა საშინელი ტრაგედია უნდა წარუძღვეს 26 ივნისის გათენებას.
გორის „სინდიკატის“ საქმეებისა და სამასი თუმნის გადასაბარებლად ივანე მაჩაბლის მიერ დაბარებული თავისი ცოლის ძმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი, მაშინ გორის თავად-აზნაურობის მარშალი, 26 ივნისს დილით ჩამოდის, პირდაპირ ივანე მაჩაბლის ოთახში შედის და სიძე ოთახში რომ არ დახვდება გაოცებული მიაშურებს სასადილოს, სადაც დაუხვდება უკვე ამდგარი და დილის ყავის მზადებაში გართული დაი - ანასტასია, მეუღლე ივანე მაჩაბლისა. ძმა გაოცებული ეკითხება დას ივანეს სადმყოფობას, რადგან ივანე მაჩაბლის ოთახს ერთი კარგი ბაღისაკენა ჰქონდა, იფიქრეს, ბაღში თუ გავიდა გასასეირნებლადო, მაგრამ რაკი ვერც იქ იპოვეს, ისევ ოთხს დაუბრუნდნენ, სადაც დაუხვდათ ივანე მაჩაბლის ზედსატარებელი ნივთები: ოქროს საათი, ოქროსავე ღილები პერანგისა, ტანისამოსი, ხოლო თვით ნივთების პატრონისა კვალიც კი გამქრალიყო.
აქედან იწყება წუხილი, განგაში, რომ ივანე მაჩაბლის დაკარგვის საიდუმლოებისათვის ხელჩასაკიდი ახსნა-განმარტება მიეცათ, რომ ამ მოულოდნელი და თან უცნაური უბედურებისათვის თუ სულ არა, ოდნავ მაინც აეხადნათ ფარდა.
მთელს ქალაქში ელვის სისწრაფით მოედო ხმა ივანე მაჩაბლის დაკარგვისა, ხელად ითხზებოდა ერთი-მეორეზე საკვირველი ამბავი: „ალბათ“, „შესაძლებელია“, „იქნება“, „ვინ იცის“, და არც ერთ მოსაზრებას, ობიექტურად რომ აგეწონათ, გულდამშვიდებით რომ გაგესინჯათ, ნატამალი ლოგიკისა არ უდგებოდა. მაგალითად, იმ დილას 9-10 საათებში ივ. მაჩაბელი ერთსა და იმავე დროს უნახავთ სულ სხვადასხვა ადგილას: ოპერის თეატრთან, ვერის ხიდთან, სოსიკო მერკვილაძეს დილის 5 საათზე უნახავს ივანე მაჩაბლის სახლიდან ახლომდებარე სადგურისაკენ მიმავალი: თავშიშველი, აშფოთებული, ნახევრად ჩაუცმელი და (იფიქრეთ: სააგურეს ქურაში ჩასავარდნად და თავის მოსასპობად).
მესამე დღეს, კვირას, 28 ივნისს, ვალერიან გუნიას გაზეთი „ცნობის ფურცელი“ (#570) ივანე მაჩაბლის შესახებ შემდეგ, ჩემ მიერ მოწოდებულ ცნობას ათავსებს.
თ. ივ. მაჩაბელი გუშინწინ, 26 ივნისს, დილით ადრე, თითქმის 4 საათზე, გამოვიდა თავის სახლიდან და აღარსადა სჩანს. სახლში დაუტოვებია პორტმანე, საათი და ოქროსვე ღილები პერანგის მაჯებისა. ერთი სიტყვით, არავითარი ძვირფასი ნივთი თან არ წაუტანია. ამ ამბავმა მომეტებულად ააღელვა მისი ოჯახობა და მაშინვე დაუწყეს ყოველი მხრით ძებნა. აგერ მესამე დღე გადის და კიდევ ვერ უპოვნიათ.
ლაპარაკობენ, რომ ვითომ ზოგიერთ ნაცნობებს ენახოს თავადი მაჩაბელი 9 საათზე დილით სახაზინო თეატრთან და 10 საათზე - ფრეილინის ქუჩაზე, მაგრამ ნამდვილი არავინ იცის.
ამ უკანასკნელ დროს თავადი მაჩაბელი ძალიან კარგადა გრძნობდა თავის თავს. ავადმყოფობა სრულებით არ აწუხებდა. 1-ლ ივლისს იგი უნდა გამგზავრებულიყო ოჯახობით აბასთუმანში საზაფხულოდ.
შინაობაში სრულებით არავითარი საწყენი არ შეხვედრია რა, მხიარულად იყო, წინა ღამეს აკაკი წერეთელი იყო მასთან და სრულებით არავითარი შეწუხება არ ეტყობოდა სახეზეო.
გორის სინდიკატის საქმეს მხნედ მოეკიდა და მუშაობდაო. ყველასათვის სრულებით გაუგებარია, თუ რამ აიძულა თავადი მაჩაბელი ასე დაიმალოს სადმე და თავის მოყვარულ ოჯახობასთან, მცირედიც არის, ცნობა არ დაუგდოს თუ სად წავიდა.
ეძებენ ყოველგან, და როგორც კი რასმე შევიტყობთ, ჩვენც ვაცნობებთ ჩვენს მკითხველებს“.
ამის შემდეგ იწყება თავგადადებული ძებნა დაკარგულისა. ძებნაში მონაწილეობას იღებს როგორც ადმინისტრაცია, ისე მთელი ქართველი საზოგადოება. მენავეებსა და მეთევზეებს ერთი მტკაველი არ დაუტოვებიათ მტკვრის ფსკერისა, რომ გულმოდგინებით არ გაეჩხრიკათ, ვერის ხიდიდან ყარაიამდე. თვრამეტი დამხრჩვალის გვამი აღმოაჩინეს, მაგრამ მათ შორის ივ. მაჩაბლის გვამი არ აღმოჩნდა.
უნახავთ ივ. მაჩაბელი მცხეთაში. გავრცელდა ხმა მისი წასვლისა ამერიკაში, საქართველოდგან აყრილ და კანადაში დასახლებულ დუხობორებთან, რომელნიც თურმე დიდი ხანია ეპიტიჟებოდნენ ივ. მაჩაბელს თავისთან თავიანთ მეთაურად, როგორც მცოდნეს რუსულისა და ინგლისურისას. სასამართლოს არხანგელსკისაკენ მდებარე რაღაც მამათა მონასტერიდან ვითომ წერილიც მოუვიდა და ვიღაც ატყობინებდა ივ. მაჩაბლის ყოფნას მონასტრის თაბუნში... ყველა ამ ხმას საშინელი მისტიფიკაციის სუნი უდიოდა და თვით ძიება საქმისა უხამს ხასიათს ღებულობდა.
პოლიცია-სასამართლომ ბევრი იძია, ბევრი იკვლია, მაგრამ სწორედ საინტერესო მომენტამდე რომ მივიდა და ადამიანს ეგონა - ეს არის გვეშველა, დახლართული კვანძი უნდა გაიხსნასო, სწორედ ამ საინტერესო მომენტში წყდება გამოძიება. საქმეში ჩაერევა ვიღაცის გავლენიანი ხელი, თითქო ვისიმე ინტერესი მოითხოვს: დავადოთ საცო პირსა ჩვენსა“.
როგორც ვსთქვით, მერკვილაძე იყო ერთად-ერთი ადამიანი, რომელსაც 26 ივნისს დილით ყველაზე ადრე ენახა ივანე მაჩაბელი, სააგურისაკენ მიმავალი. მერკვილაძის ინფორმაცია, სამწუხაროდ, ამას იქით არ მიდიოდა. რაც ენახა, ბევრს უთხრა და ბევრს გაუზიარა თავისი მოსაზრება. საზოგადოებაც ძალაუნებურად ჯერდება მისგან მოწოდებულ მწირ ცნობას.
გაიარა დრომა და ხანმა. საზოგადოებამ მოიგლოვა ასეთი დიდი კაცის დაკარგვა.
მივესალმე. მოვიკითხე.
- სამი დღეა მოუთმენლად გელი, შე კაი კაცო, შენი ნახვა მინდა, შენი პოვნა კი ისე გაჭირდა, შე დალოცვილო! - მისაყვედურა ავადმყოფმა.
ბოდიში მოვიხადე.
- აჰა, გავიგე თუ არა, მოვედი მეთქი.
ეგ იყო და ეგ. შეიკრა პირი, თითქო ტყვია ჩაიდუღაო. თვალები ძირს დახარა. მე მაინც ვუყურებ, აი, ეხლა იტყვის რასმე, აი ეხლა-მეთქი. სრული ერთი საათი გავატარეთ ამ გაჯიბრებულ დუმილში. ერთი საათი - ერთი საუკუნის სადარი.
მეტი ვეღარ გავუძელ ამ მდგომარეობას. ვეღარ გავუძელ მის სულიერ ბრძოლას, მშვიდობით-მეთქი, მშვიდობითო. ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვა, მეტი არაფერი.
ამის შემდეგ ერთმა კვირამ განვლო, რომ სოსიკო მერკვილაძე გარდაიცვალა და, უნდა ვიფიქროთ, თან ჩაიტანა საფლავში თავისი საიდუმლო...
მაგრამ დღეს, ორმოცი წლის შემდეგ, როცა ივანე მაჩაბლის, ამ იშვიათი ადამიანის, მეგობარი თითქმის თითო-ოროლაა დარჩენილი, მე, ამ ტრაგედიის მოწმე, ივანე მაჩაბლის უსაზღვროდ პატივისმცემელი, მასთან და მის ოჯახთან დაახლოვებული, განსაკუთრებით მის სიცოცხლის სამ უკანასკნელ წელიწადს, მე, როგორც ადამიანმა, რომელმაც ვიცოდი მისი შინაური მდგომარეობა, მაქვს უფლება საჯაროდ განვაცხადო შემდეგი:
1) ივ. მაჩაბელს თავის ხელით თავის სიცოცხლე არ მოუსპია. 2) ივ. მაჩაბელს თავი მტკვარში არ დაუხრჩვია, 3) გაძარცვის აზრით მასთან გარეშე არავინ შესულა და მისთვის ხელი არ უხლია და 4) ივანე მაჩაბელს მოწინააღმდეგე (ბანკის ნიადაგზე) ბევრი ჰყავდა, მაგრამ არც ერთი ისეთი, რომ მის წინააღმდეგ ხელი აღემართა და სასიკვდილოდ გაემეტებინა.
მაგრამ ასეა თუ ისე, ათასი რომ ვუტრიალოთ საგანს, ცხადი ერთია: შესრულებული ფაქტის წინაშე ვდგევართ, უდროოდ ხელიდან გამოგვეცალა ადამიანი, რომლის გული მთელი თვისისი არსებით სძგერდა თვისის ხალხის, თვისის ქვეყნის კეთილდღეობისათვის, ადამიანი, სავსებით მომზადებული, აღჭურვილი ნიჭით, შეგნებით ამ ქვეყნის სამსახურისათვის, ადამიანი რომელმაც ბევრი გააკეთა და უმეტესის გაკეთება შეეძლო.