ემილ ზოლა - თვითმკვლელობა პარიჟში |

ემილ ზოლას დაუწერია პაწია აღწერა გადამდებ სნეულებათა გავრცელებულის თავის მკვლელობისა პარიჟში. ეს აღწერა მოგვყავს მთლად:

პარიჟს თავისი ტრაგიკული წყლული აქვს. ეს წყლული თავის მკვლელობა და საზოგადოდ მკვლელობაა, რომელიც მეტად არის გავრცელებული საეჭვო უბნებში.

არასოდეს სიცოცხლეში ისე სამძიმო ტვირთი არა ყოფილა ადამიანისათვის, როგორც ეხლა არის. დიდთა სოციალურ ცვლილებათა შემდეგ არა ერთხელ უჩენია თავი კაცთა ძულებას ცხოვრების მიმართ, სურვილს, რომ სამარისებურის ძილით მიიძინონ და განშორდნენ ყოველსავეს ამ ქვეყნიურს. ეს რაღაც მოარული სენია, რომელსაც თან სიკვდილი დააქვს. ეს მოარული სენი თავის მოკვლისა ჟამსავით ვრცელდება და არ იციან-კი სათავე და დასასრული სადა აქვს, საიდგან მომდინარეობს.

პარიჟში ხშირად ისეთი დღე გამოერევა ხოლმე, რომ ათი კაცი იკლავს თავს; ორთა შუა რიცხვით დღეში ორი და სამი მაინც იპოვება ამისთანა. ამ ქალაქს უწერია ბედად ამ საშინელის სენის ნიშანი: უზრუნველი და დარდიმანდი ცხოვრება მკვიდრთა, დაფარული ტანჯვა და გვემა, ერთი ალიაქოთი და ღრიანცელი, რომელიც ქვითინსა და მწუხარებას ძნელად გააგონებს ხოლმე თვალ-ყურის მდევნელს. ისინი, რომელთაც სასო წარკვეთიათ, მოდიან აქ თავის მოსაკლავად, თითქო პარიჟი დიდი ოკეანე იყოსო. ვიმეორებ, არასოდეს ეს მოარული თავის მკვლელობა ისე არა ყოფილა გამძვინვარებული, როგორც ეხლაა.

ადამიანნი ხიდიდგან წყალში სცვივიან სიღარიბისა და სიგიჟისაგან. იმათს გვამს სენაში ნავებით იჭერენ. მეორენი თოკს არჩევენ; ზოგნი ჭალაკთა ახლო-მახლო ირჩობენ თავს, უმეტესობა-კი არ არჩევს და პირველსავე მოხერხებულს ადგილზედ ეკონწიალება. დარჩობილებს პოულობენ კარების უკან, ბანების ქვეშ, დერეფნებში. ამას წინად ერთი კაცი იპოვნეს, რომელიც თავისს სოროში, მეხუთე სართულზედ, ასასვლელად აღარ გარჯილიყო და იქვე კიბის მოაჯირზე ჩამოერჩო თავი. თავის მოწამლვა უფრო იშვიათია. მხოლოდ დედაკაცები სჭამენ ან თრიაქსა და ან გალესილს, წყალში გახსნილს წუმწუმას (წუმწუმა - ასანთი, ამ შემთხვევაში - გოგირდი). ეს საშუალება ხშირად არა ჰშველის. ქალები აგრეთვე ძარღვებს იხსნიან თბილს წყალში და ნელ-ნელა ესალმებიან სიცოცხლეს. წარსულს კვირას ერთმა თექვსმეტი წლის ყმაწვილმა ქალმა მოიწადინა ამ გვარად მოკვლა თავისა უნუგეშო სიყვარულის გამო.

მაყალი გაღვივებულის ნახშირით, ეს იაფი და ადვილი საშოვნელი საშუალება თავის მოკვლისა, უფრო ღარიბებისთვის არის. როცა ხელოსანის სახლიდგან ნახშირის სუნი გამოდის, მაშინვე წამოიძახებენ ხოლმე: „იქ ვიღაცა კვდებაო!“ გასტეხენ ხოლმე კარებს და ხშირად გადაარჩენენ სიკვდილს საწოლზე მისვენებულს უმწეოსა და ღარიბს კაცს.

დანით იშვიათად იჭრიან ყელს: დიდი გაბედულობა და მამაცობა უნდა, რომ კაცმა მჭრელი მახვილი დაიკრას. დამბაჩა უფრო სახეიროა: გამოსწიე თითი და გათავდა. ამასთანავე თუ პირველმა ტყვიამ უმტყუნა, სხვაც არის განზრახვის განსახორციელებლად.

ძეგლებსაც თავი დაანებეს. მთელს წელიწადში იშვიათად მოიძებნება ერთი, ან ორი ადამიანი, რომ მდინარეს გადაეშვას Notre Dame-ს ტაძრის სიმაღლიდგან და ან ვანდომის სვეტიდგან. მშვენიერება კია ასე თავის მოკვლა, იმ სიმაღლიდგან გადმოფრენა, ძირს დაშვება! ამ დროს თავს ბრუ ესხმის ადამიანს და უეცრად სააქაოდგან საიქიოს ამოჰყოფს თავს.

მთელის რვა დღის განმავლობაში დედაკაცი ხელ-საქმეს, სამუშაოს ეძებდა, შემდეგ ერთი წრყვა ნახშირი აიღო ნისიად და გააღვია. დაწვა ლოგინზედ, გულზედ მიისვენა და მიიხუტა ორი თეთრ-ყირმიზი გოგონა, - და სამი გვამი იპოვნეს, გადახვეულნი, გალურჯებულნი, გაფიცხებულნი.

ორმა ოთხმოცის წლის მოხუცმა, ცოლმა და ქმარმა, რაღაზედაც იმედი გადიწყვიტეს და სიკვდილს აღარ დაელოდნენ; სჩქარობდნენ, უნდოდათ მალე მისულიყვნენ იმ ქვეყანას და საშინლად დაისახიჩრეს თავი სამართებლებით. როცა კაცი სრულს ღონეზეა, ძარღვებში სისხლი უდუღს, გულის ძგერას ისპობს და სიკვდილს ამჯობინებს, - ეს კიდევ არაფერი. ხოლო მოხუცის, ცალის ფეხით სამარეში მყოფის ძალად სიკვდილი კი ადამიანს აღშფოთებს. ჰკითხულობთ: რა ეჩქარებოდა, როცა ცხოვრების გზა გაევლო და ცოტაოდე მოთმინება-ღა იყო საჭირო, რომ ბოლოს მოჰლოდინებოდაო?

ამაზედ სამწუხარო და სავალალო კიდევ უფრო სხვაა - ბავშვის სიკვდილი. დაუსრულებელის მწუხარებით გევსება და გექენჯნება გული. მთელი ტანჯვა-წვალება დედის უნდა გამოევლოს, რომ ყმაწვილმა სიკვდილი მოიწადინოს. მოდი და ნუ წარმოიდგენ საშინელს ტანჯვას ბავშვის გულისა და გონებისას, რომელიც იმ აზრს დასდგომია, რომ სიცოცხლე ჩალად არა ჰღირსო.

აი აქ არის დაკარგული იმედი, ფესვშივე მოკვეთილი ხე, უარ-მყოფელობა და შელახვა სიცოცხლისა. ამ სენმა ბავშვებამდეც მიაწვდინა ხელი. ათის წლის ყმაწვილმა დაირჩო წყალში თავი, რადგან ოსტატმა გაისტუმრა, დაითხოვა ადგილიდგან და მშობლებთან დაბრუნებისა ეშინიან, ცემა-ტყეპას მოელის. მეორემ იმიტომ დაირჩო თოკით თავი, იმისი და იმაზე მეტად უყვარდათ მშობლებს. დასასრულ, თორმეტის წლის სასწავლებლის მოწაფემ მარყუშად შეკრული თოკი ჩამოიცო კისერზედ და არავინ იცის რად. იქნება ამ უკანასკნელმა იმიტომ მოისპო სიცოცხლე, რომ ფილოსოფიურის მსჯელობით გადასწყვიტა: ამ ქვეყნად ცხოვრება მეტად მოწყენილი და უქმიაო!

რა შესაბრალისი ფალასია სიცოცხლე! ყველა როგორ დაათრევს ამ კონკს! ყმაწვილებიც-კი ფეხსა ჰკრავენ! ყმაწვილები თავს იკლავენ, უარ-ჰყოფენ სიცოცხლის სიხარულს, არ უნდათ გაიცნონ ცხოვრება. მოხუცნი ჰნანობენ, რომ სცოცხლობენ და კვლავ სიცოცხლეს უფრთხიან. სძულთ სიცოცხლე, სასაფლაოზე საუკუნო ძილს ესწრაფიან, თუმცა ქვეყნად მზე ათბობს და ანათებს.

ამასთან სხვის სისხლშიაც ისვრიან ხელებს. თავისს თავს იკლავენ, ჰკლავენ სხვებსაც. ზოგიერთებს თითონვე უნდათ სიკვდილი; მეორენი შიშით ჰკანკალებენ, როცა მკვლელის დანა დაეძგერებათ, და ყველანი-კი პარიჟის მორგის ცივს ქვებზედ წვებიან.

სისხლი იღვრება იმათიც, ვინც ძრწოლით ეთხოვება სიცოცხლეს, და იმათიც, ვისაც სიკვდილი უხარის, ამ ქვეყნიურის ტანჯვის ხსნა ჰგონია.

შავს ლაქასა სტოვებს ეს სისხლი პარიჟში.

გაზეთი „ივერია“, 1889 წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში