გრიგოლ რობაქიძე - ხედავ ფიროსმანს და გჯერა საქართველო
გრიგოლ რობაქიძე - „ნიკო ფიროსმანი“
თანადროულ ევროპის კულტურას ახასიათებენ: ჰამლეტის მოწყვეტილობა ძირებისაგან და ფაუსტის ლტოლვილობა თაურებისათვის. მიწის საშო ევროპაში ამოიშრიტა. ყოველ შემთხვევაში იგი დამწირების ხანაშია. „შვილი“ მოწყდა „მამას“ და ნაყოფი უნაყოფოა. მიწის დასნეულებას განუკურნებელს თან სდევს მარტოობა უკანასკნელი, და ევროპიული ხასიათი ფესვებშია მელანქოლიური. არ არის საკვირველი, თუ იქ დაიბადა სასტიკი წყურვილი პირველყოფილებისა ანუ პირველმიწისა.
რუსსო მოუწოდებს: „ბუნებასთან დაბრუნება“. ტოლსტოი მოუხმობს: „გაუბრალოება“. პირველი სანტიმენტალიზმის იერით, მეორე რაციონალიზმის შეფერვით - ორივე ერთსა და იმავეს ლაპარაკობენ არსებითად: გამთელება პირველმიწისაგან. ასანიშნავია ორი ფაკტი ახლო წარსულიდან. პოლ კლოდელ მიდის ჩინეთში და აღმოსავლეთის რიტმებით ანაყოფიერებს თავის პოეტურ ხილვებს. პოლ გოგენი მიდის ტაიტიში და ველურთა შორის ეზიარება მიწის ხელუხლებ წიაღებს. ორივეს შემოქმედება იღებს ახალ დენას.
ევროპამ უკვე შეიტყო, რომ „ველური“ არ არის ცნება ეტნიური საფეთის. ველური პირველ ყოვლისა ბავშვია და ბავშვთან ყოველთვის არის სიმართლე. ყოველს მის ნაკვეთს აზის ბეჭედი პირველადის, სწორის, მართალის. აქ არის „პირველი სიტყვა“, აქ არის გულის გახსნა უკანასკნელი. ამისათვისაა, რომ ველურის ქმნილი ასეთი ექსპრესიით მოქმედობს: როგორც დიდი ლოდი, როგორც წყარო მაგარმუხლიანი, როგორც რტოები ირმის რქებისა. უკვდავი ჰომეროს: მარადი ბავშვი და მარადი სასწაულმოქმედი. ველურის მიერ ამოჭრილი შველი თუ მამონტი თევზის ძვალზე - აი პირველი ავარდნა ქმედითი თრობის. ცხადია: ევროპის ხელოვნება მოწყურებული დაეწაფებოდა ამ ნიადაგის თაურებს.
ამაში არ უნდა ვხედავდეთ „უკან დახევას“. აქ უფრო „სიმბოლოა“, ვიდრე რეალობა. არც იმას უნდა ვხედავდეთ აქ, თითქო ეს „მოყირჭება“ იყოს: შავი პური თეთრი პურის შემდეგ. აქ სრულიად სხვა ფენომენია: ნდომა უკანასკნელი გულახდილობის და მსოფლიოში შვილურად გადნობის: ბოლოს და ბოლოს - ნდომა უკანასკნელი მთელობის.
ასეთია პრიმიტივიზმის ხაზები.
მის გაძლიერებას არქეოლოგიურ აღმოჩენებმაც შეუწყვეს ხელი, განსაკუთრებით - კრიტოსის აღმოჩენებმა. კრიტოსის კულტურა, ევანსის აღმოჩენათა შემდეგ, შთაგონების უშრეტ წყაროდ გადაიქცა ევროპის ხელოვნებისათვის. განა გამოუთქმელი სიხარული არ იქნება, იხილო თვალის-მომჭრელი სამაჯური, რომელიც, ვინ იცის, ათას წლების უკან რომელიმე წარმართ ქალღმერთის თლილ ხელს ამშვენებდა. კრიტოსის კულტურის ნაშთი, რასაკვირველია, არ არის ისეთი სისრულის, როგორც პრაქსიტელის ჰერმეს, მაგალითად, მაგრამ მასში ბავშვის ხელი, უდარდელი და სწორი, ზეკაცით არის მოქნეული. ეს კი ყველაფერია. კრიტოსის ვაზაში ჩამოსხმულია მატყვევებელი დენა ქმედითი ძალის: მის ხაზებში მოსჩანს ძველი ეგვიპტეცა და გადასული ქალდეაც. თვითონ კრიტოსი გადარჩენილ ახალშენად იგულვება კატასტროფიულად დაღუპულ ატლანტიდისა. ეს კიდევ უფრო ამახვილებს მის ჯადოსნობას.
***
ნიკო ფიროსმან პრიმიტივისტია. არა იმ აზრით, როგოც მაგალითად, გოგენ. იგი თვითონ არის პრიმიტივი. მას არ გაუვლია რომელიმე სკოლა. საეჭვოა რომ მას რაიმე ტეხნიკა გაევლოს ხატვისა თუ ხაზვის. იგი იყო უბრალო და ნათელი. მოუსმინეთ ერთს მესარდაფეს:
„ნიკალა იყო პატიოსანი კაცი მეტად, უბინაო, ავადმყოფი, ღარიბი. ბევრჯერ მიჭმევია საწყლისთვის პური. კეთილი კაცი იყო. არავის ახსოვს მისგან წყენა. დადიოდა დაგლეჯილი. უყვარდა მეტად ლექსები (ილია ჭავჭავაძის და ვაჟა-ფშაველასი, სხვისი ცნობით - გ.რ.) საიდან იყო, დანამდვილებით ვერ ვიტყვი, დაახლოვებით 50 წლის იქნებოდა. გუშინაც კი მომაგონდა: ნეტავი ჩვენი ნიკალა ცოცხალი იყოს, ამ გამონგრეულ კედელს დამიხატავდა და იაფად გამომიყვანდა-მეთქი. ბევრ არაყს სვამდა საწყალი. იტყოდა: მიყიდეთ საღებავები და ამა და ამ სურათს დაგიხატავთო. მართლაც დახატავდა და მოიტანდა“.
ამ უბრალო სიტყვებს არაფერი მიემატება. აქ მოცემულია მთელი ფიროსმან: ნამდვილი ვიზიონერი, თვალღია სიზმარის დაჭერა რომ სურს არაყით სავსე ჭიქასთან. მით უფრო საცნაურია მისი ფენომენი. ეგვიპტის უსახელო ფრესკო, აფრიკის რომელიმე კერპი, კრიტოსის ვაზა: ამ რიგში უნდა დაინახო ფიროსმანის ხატული. მაშინ მისი ხილვა ნამდვილ შთაბეჭდილებას მოგცემს.
მთავარი მოტი ფიროსმანის არის ქართული „მიწა“. მე არ შემიძლია მეორე სახელი დავასახელო, გარდა ვაჟა-ფშაველასი, რომელსაც ასეთი სიძლიერით ეგრძნოს მიწის „დედობა“. დღეობა, ღრეობა, ყურძნის კრეფა, ქათმები, ბავშვები, ცხოველები, კალო, - აქ არის მხატვარი ფიროსმან. აქ არის მოცემული ნამდვილი ქართული ტემპერამენტი: ხალასი მზით დაფერილი, აქ თქვენ ძვირად ნახავთ მელანქოლიას. აქ მხოლოდ სიცოცხლეა: ხალისით, გულახდით, ნადიმით. ფიროსმან ქართული ყოფის ეპიური თვალია. ამ თვალის მზერამ მოგვცა დიდი და შესანიშნავი ტილოები.
„ყურძნის კრეფა“ სურნელოვანია საწნახელის სურნელით. აქ ყველაფერია: კრეფა, წურვა, ლხინი. სურათს ამთავრებს ბავშვი დათვის ბელით. უკანასკნელი ხაზი კიდევ უფრო ამახვილებს სურათში მოცემულ მიწის პირველყოფას და მის ბავშვურ ათამაშებას.
ამავე რკალს ეკუთვნის მისი „ქორწილი კახეთში“. კიდევ უფრო შესანიშნავია მესამე დიდი ტილო: „ღრეობა“. კომპოზიციის მხრით ეს სურათი თითქმის ყველა მის სურათზე უმძლავრესია და ურთულესი. ურმებით მოსვლა-ციხე-ეკლესია-ქეიფი: ყველაფერი ერთი რკალით არის მოშვილდული. მინდა კიდევ აღვნიშნო მისი ტილო - „დიდი მარხვა“. საგულისხმოა, რომ მხატვარს ლოცვა ბუნების შუაგულში აქვს გადატანილი. ლოცვა გაშლილ ჰაერში მოწმობს ფიროსმანის ერთგულებას მიწის მიმართ. ასანიშნავია ორი პატარა ბავშვი: ერთი ხელებაპყრობილი და მეორე პირქვედამხობილი. მლოცველთა ჯგუფებში ამ პატარა დეტალს შეაქვს მძაფრი ექსტაზი. შედევრია უცილო.
ხოლო ფიროსმან „ქალაქელიც“ არის: ამ სიტყვის, როგორც საერთო, ისე „ტფილისური“ მნიშვნელობით. ვიზიონერსა და განმარტოებულს და არაყის მსმელსა „სამიკიტნო“ უყვარდა. აქ ნახა მან ტფილისის ბოჰემა კინტოს ლხენაში. რასსიული სხვადასხვა ხაზია კოლორიტიან ყარაჩოღელში. ალბად ეს თუ „აწვალებს“ მას. თითქო უდარდელია, მაგრამ მაინც რაღაც აწუხებს. ქეიფი, როგორც ერთგვარი არტისტიზმი, დამახასიათებელია ამ უცნაურ კასტის. ფიროსმანის კინტოების სერიები დაუვიწყარია თავის ექსპრესიით და უცნაური პროფილებით.
აქ ფიროსმანმა დიდი გავლენა იქონია ლადო გუდიაშვილზე. ამ სერიებში ყველაზე უფრო მე მომწონს ფართოდ გაშლილი ქეიფი ხუთის თუ ექვსი კინტოსი. მეზურნეები, მედოლე, ბიჭს ხილი მოაქვს, გოგოს ყვავილები, მოხუცს ხელადა ღვინით სავსე, კინტოებს ხელში ყანწები, ბალახზე გაშლილ სუფრაზე მწვანილი, ყველი, თევზი: ყველა ეს დიდის კომპოზიციით გამართული. კიდევ უფრო გაქანებულია ტილო: „Белыи духан“. გუდიაშვილის ერთი სურათი თითქო ამ ტილოს ვარიაციაა. არ შემიძლია აქვე არ ავნიშნო პატარა ქალაქელი ბიჭი. ამ ესკიზში თითქო მთელი რასსიულობაა ყარაჩოღელთა დადაღული.
ქალაქს „მხიარული“ ქალებიც ახასიათებენ. ფიროსმანმა მოგვცა წყვილად ორთაჭალის გოგოები. საგულისხმოა მეტად, რომ ნათელი ფიროსმან ამ ცოდვის შვილებს უცოდველ ყვავილებთან აწვენს და მხრებზე უბიწო მტრედებს დააფრენს.
ქალაქის ტიპია აგრეთვე „მეეზოვე“: ოდნავ გამწყრალ სახეზე მოსჩანს მგველის თავისებური სპლინი. სურათი მარტივია უაღრესად და მძაფრად მეტყველი.
კინტოების ქეიფი ბალახზე გაშლილ სუფრაზე ყველაზე უფრო იხატება ხილში და მწვანილში. შესაძლოა ამ ფაქტმა წარმოშობა ფიროსმანის „ნატიურმორტები“. ერთს რკალში: ხელადა, ტიკჭორა, ყანწი, ბოთლი, კიტრი, ყველი, მწვანილი, ჭიქა, მწვადი, ხილი, თევზი. ნატიურმორტებში სჩანს ფიროსმანის უდიდესი ტეხნიკური მიღწევა. ერთი მათგანი (საკუთრება მხატვრის კირილ ზდანევიჩის) ფორმალური სისრულის მხრით არ ჩამოუვარდება არც ერთს ნატიურმორტს თვითონ სეზანისას. მაგრამ რაც უფრო საგულსიხმოა, ფიროსმანს აქვს არა მარტო „კვდარი ნატურა“, არამედ „მოკლული ნატურაც“. აქ არის ნიუანსი. ფიროსმან იძლევა რაღაც ახალს. ნატიურმორტებს საერთოდ ახასიათებს სიკვდილის სურნელი. ფიროსმანის ნატიურმორტები სუფრაა მხოლოდ, რომელიც მოელის მოქეიფეთ. თუმცა ის სევდა აქაც არის, რომელიც უჩინრად ეჭრება ხოლმე ყოველ ლხინს. მაგრამ „მოკლულ ნატურაში“ ფიროსმან იძლევა უდიდეს „საცოდაობას“.
სრულებით ფენომენალურია ამ მხრით მისი „აღდგომის კრავი“ (სხვადასხვა ვარიაციით). „საცოდაობა“ აქ იწვევს უზენაეს სიყვარულს. ამ სურათის ხილვის შემდეგ გეცოდება ყოველი და გიყვარს ყოველი. პირადად ჩემთვის, როგორც პოეტისათვის, „აღდგომის კრავი“ სამუდამოდ დაუვიწყარი რჩება.
ფიროსმანს უყვარს მეტად ცხოველები. ასანიშნავია: „ჟირაფი“: უცხო, მედიდური, სხვა გონებით სავსე თვალები, ბოლოს და ბოლოს საშიშარი. „დათვი ბელებით“: არის მოცემული სითოვლე. „დათვი მთვარიან ღამეში“: უმაგალითო პეიზაჟი, დათვი შეჩერებული წაქცეულ ხეზე, თითქო უეცრად გაღვიძებული სომნაბულა და ძარღვებშეშინებული. „ირემი“ - ორი ვარიანტი, - განსაკუთრებით პირველი, გადაჭრილ ხის გვერდით: საკვირველია ერთი დეტალი: ირემს უნებლიეთ გავა ოდნავ ჩამოჭრილი აქვს. კიდევ უფრო საგულისხმო: ირემი თითქო ხისგან არის გამოჭრილი, მაგრამ იმავე დროს უმძაფრესი სიცხოველითაა შეკუნთული ცხოველ არსებად. ეს „შეკუნთვა“ ისეთი ძალით არის მოძაბული, რომ მთელი ირემი თითქო ხტომაა მარტო. ფიროსმანს აქვს კიდევ მესამე ირემი - ხატულა: უჩვეულო სევდით ავსილი თვალები. „ვირი დატვირთული“: შეშა-ტვირთი მაგარი ტეხნიკით არის დახატული. ვირის მზერა და საპასუხო ცქერა ბიჭისა - აქ ნატეხია მთელი ეპოსის. „აქლემი“, რომელიც სპარსელს მიჰყავს დატვირთული: საოცარია გახუნებული ფერი და სიდიადე აქლემის. „კრუხი და ბავშვი“: შესანიშნავია წიწილების სიცხოველე.
ფიროსმანი იცნობს ლანდშაფტებსაც. ასანიშნავია ერთი შედევრი: ორი რიგით ხეები, ყურძნის მტევნებით დატვირთული, შუაგულში დიდი ჭური, უკან სახლი, იქით კი - სინათლის ღელეები თითქო მომსქდარი. ნათელი ფიროსმან ამ სინათლეშია ბოლომდის.
***
ასეთია ფოროსმან: „ველური“ და ბავშვი. მის პრიმიტივში მოცემულია „უშუალობა“ თითქმის აბსოლუტური. ეს არ არის ფრაზა. ეს ონტოლოგიურ ფაქტად მეჩვენება. ფიროსმანის ქმნილი ნატეხია ბუნების. მასში, ასე ვთქვათ, ჩამოსხმულია თვითონ შთაგონება. იგი სხეულია უკანასკნელის. შთაგონებასა და მის სხეულს შორის მანძილი არ არის: ასე ძლიერია მხატვრის შთაგონებულობა. ფიროსმანის აკულტურობას და მის ტეხნიკურ უხერხულობას თითქმის ვეღარც ამჩნევ: ხედავ მხოლოდ რომელიღაც უმაღლეს სიმართლეს. ფიროსმანის ნახატები ბუნებურობის ფაქტებია: წყაროს თვალი თუ ირმის ჩლიქი. ჭეშმარიტად: გენიალური ბარბაროსია იგი ბავშვის ქალწულური სულით.
ორი სიტყვა ფიროსმანის საღებავებზე. იგი უმეტეს წილ მუშამბაზე ხატავდა. აქედან თავისებური ფიროსმანური აფერვა (მხატვარ დ. შევარდნაძის მართალი შენიშვნით). შესაძლოა აქ უნდა ვეძიოთ ფიროსმანის სიყვარული ჭაობის ფერისა.
უცნაურია თვითონ ხვედრი მხატვრის: თითქო იგი კი არ მოკვდა, არამედ დაიკარგა. თითქო მისთვის, რომ მისი ხატული „უსახელოდ“ დარჩენილიყო, როგორც ყოველი ნაშთი დიდის პრიმიტივისა.
ხედავ ფიროსმანს - და გჯერა საქართველო.
„ნიკო ფიროსმანიშვილი“, საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობა, 1926 წ.