ბენია ჩხიკვიშვილისა და შალვა ნუცუბიძის შელაპარაკების ამბავი
- კაცო, მე წავიკითხე, რომ გაზეთში დაგიწერია, ჩხიკვიშვილს თავი ფაჩულიასთან (ცნობილი იყო ფაჩულიას დუქანი) ხომ არ ჰგონია, ღვინოს სამოვარით რომ სვამსო...
- დავწერე, მერე რა?!
- საბუთი გქონდა რამე?
- უსაბუთოდ ლაპარაკი სოციალ-დემოკრატების საქმეა. მე ჰაერზე არაფერს ვამბობ.
- ჰოდა, მაგ საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ. აგერ ჩემდათავად სამსონს ვასახელებ (ჩხიკვიშვილმა ხელი ფედერალისტ სამსონ დადიანს დაადო), შენ ვინც გინდა ის მოიყვანე და გავარჩიოთ, ჩვენს შორის ვინაა მტყუანი.
- რა პრობლემაა, - მიუგო შალვა ნუცუბიძემ, - მაგრამ ვერ გავიგე, რა არის აქ გასარჩევი? შენც კარგად იცი, მე ეს ვთქვი შენი რეპლიკის პასუხად, სხდომაზე - ლაზღანდარა ხარო, რომ მომაძახე...
- მანამდე შენ თვითონ დამიძახე ჯიბგირი. ესე იგი, თავის დაძვრენა გინდა და უკან მიგაქვს შენი სიტყვები? - გაიფხორა ბენია ჩხიკვიშვილი.
- კაცო, შენ შარზე ხომ არა ხარ? რა თავის დაძვრენაზე მელაპარაკები? გეუბნები - ვთქვი, დავწერე, და თუ ძალიან გაგიხარდება, დამფუძნებელი კრების ტრიბუნიდანაც გაგიმეორებ...
ამ დროს ჩხიკვიშვილმა მუშტი დაარტყა შალვა ნუცუბიძეს თვალში და ხელი გაიკრა რევოლვერზე. ჩხიკვიშვილი გააკავეს სამსონ დადიანმა და ნიკოლოზ ელიავამ. ნუცუბიძემ სტაცა ხელი სკამს, რა დროსაც ის გააკავა დეპუტათტა ჯგუფმა და მისი ნასროლი სკამი ბენიას ასცდა. კონფლიქტი ამით არ ამოწურულა, სამსონ დადიანმა ბენიას დაუყვირა:
- ვინც ამ საქმეს იკადრებს, იგი არაა ღირსი დეპუტატობის.
ამან კიდევ უფრო გადარია ჩხიკვიშვილი და რევოლვერზე კიდევ ერთხელ წაივლო ხელი და თან იძახდა:
„პუსტიტე მენია, ზასტრელიუ მერზავცა!“
მას არ ჩამორჩა არც სამსონ დადიანი, რომელიც გამშველებლებს მოუწოდებდა - „გაუშვით ეგ ლაჩარი, გვესროლოსო“.
შემდეგ, როგორც ბენია ირწმუნებოდა, სამსონ დადიანმა ამ ყველაფერს დედის გინებაც დააყოლაო. სოციალ-ფედერალისტები ამტკიცებდნენ, რომ ბენია ჩხიკვიშვილმა შალვა ნუცუბიძეს ხელი არა აფექტის მდგომარეობაში, არამედ წინასწარი განზრახვით დაარტყა“.
დიმიტრი შველიძე - თავშესაქცევი ისტორიული ამბები
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2015წ.