ერნესტ ჰემინგუეი - ზომასთან დაკავშირებული პრობლემა |
...დიდი ხნის მერე, მას შემდეგ, რაც ზელდამ თავისი პირველი, ე.წ. ნერვული აშლილობა გადაიტანა, ერთდროულად მოვხვდით პარიზში და სკოტ ფიცჯერალდმა სადილად დამპატიჟა რესტორან მიშოში, ჟაკობისა და წმიდა მამათა ქუჩების კუთხეში.
ძალიან სერიოზული რამე უნდა გკითხო, ამაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არაფერი არსებობს ქვეყნად და სრული სიმართლე უნდა მითხრაო.
[...]
ბოლოს, ალუბლის ტორტს რომ შევექცეოდით და უკანასკნელ სურა ღვინოს ვამთავრებდით, სკოტმა მითხრა: „იცი, რომ ზელდას გარდა ჩემს დღეში არავისთან ვწოლილვარ?“
- არა, ეგ არ ვიცოდი.
- თითქოს გითხარი ერთხელ.
- არა, ბევრი რამ გიამბნია ჩემთვის, მაგრამ ეგ არა.
- სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა.
- კი, ბატონო, გისმენ.
- ზელდამ მითხრა, ისეთი აგებულების ხარ, რომ ვერც ერთ ქალს ბედნიერებას ვერ მიანიჭებ, ჩემი ავადმყოფობის თავი მიზეზიც ეგ არისო. ეს ზომის პრობლემააო. ვეღარ მომისვენია, რაც ეს მითხრა, და სიმართლის გაგება მსურს.
- გავიდეთ, - ვუთხარი მე.
- სად?
- ტუალეტში.
დარბაზში შემოვბრუნდით და ჩვენს მაგიდას მივუსხედით.
- სავსებით ნორმალური აგებულება გქონია, - ვუთხარი მე, - ყველაფერი რიგზეა. შესაწუხებელი არაფერი გაქვს. შენ ზემოდან დაჰყურებ და იმიტომ მოკლე გეჩვენება. აბა ლუვრში შედი და ქანდაკებებს დააკვირდი, მერე კი შინ მიბრუნდი და სარკეში შეათვალიერე თავი.
- იქნებ არაპროპორციულაი ეს ქანდაკებები.
- რა ბრძანებაა, მშვენიერი ქანდაკებებია. ძალიან ბევრი ინატრებდა ამისთანა აგებულებას.
- მაშ, რატომ მითხრა?
- იმიტომ, რომ კალაპოტიდან ამოგაგდოს. ეგ ძველთაძველი ხერხია ადამიანისათვის თავგზის ასაბნევად. სკოტ, შენ მთხოვე, სიმართლე მითხარიო, მე ათასჯერ მეტის თქმა შემეძლო, მაგრამ სრული სიმართლე ეგ არის, ეგ გჭირდება შენ. ექიმთან მიდი, თუ გინდა.
- ექიმი არ მინდა. მე მინდოდა, შენ გეთქვა სიმართლე.
- ახლა ხომ გჯერა ჩემი?
- არ ვიცი, - მითხრა მან.
- ლუვრში წავიდეთ, - ვუთხარი მე, - აქვე არ არის! ქუჩას დავუყვებით, ხიდს გადავივლით და მივალთ.
წავედით ლუვრში, დაათვალიერა ქანდაკებები, მაგრამ მაინც დაეჭვებულ იყო.
- იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, თავიდან რა ზომისაა, - ვუთხარი მე, - მთავარია, რა ზომისა გახდება. თანაც მიდგომის კუთხეზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, - ავუხსენი, როგორ უნდა გამოეყენებინა ბალიში, და სხვა რამეებიც ვასწავლე, რის ცოდნაც გამოადგებოდა.
- ერთი ქალია, - თქვა მან, - ისე კარგად იყო ჩემთან, მაგრამ ზელდამ რომ ეს მითხრა...
- დაივიწყე, რაც ზელდამ გითხრა, - ვურჩიე მე, - ზელდა გიჟია. არაფერი შენ არ გჭირს. საკუთარი თავის რწმენა ჰქონდეს, და რაც იმ ქალს უნდოდეს, ის გააკეთე. ზელდას შენი დაღუპვა გადაუწყვეტია.
- შენ კარგად არ იცნობ ზელდას.
- კეთილი და პატიოსანი, - ვუთხარი მე, - ნუღარაფერს ვიტყვით. მაგრამ აქ იმიტომ მოვედით, შენ რაღაც უნდა გეკითხა, მეც ვცადე პატიოსნად მეპასუხა.
მაინც დაეჭვებული იყო...
📖 ერნესტ ჰემინგუეი - „განუყრელი დღესასწაული“
ინგლისურიდან თარგმნა - ვახტანგ ჭელიძემ