ერნესტ ჰემინგუეი - შექსპირი და კომპანია |

იმხანად წიგნების ფული არ გამაჩნდა, და „შექსპირისა და კომპანიის“ ბიბლიოთეკიდან გამქონდა წიგნები. ეს გახლდათ ბიბლიოთეკაც და წიგნის მაღაზიაც სილვია ბიჩისა, ოდეონის ქუჩაზე, მე-12 ნომერში. იმ ქუჩაზე, სადაც ცივი ქარი დათარეშობდა, ეს იყო თბილი და მყუდრო ადგილი; დიდი ღუმელი, მაგიდები და წიგნების თაროები, ვიტრინაში გამოფენილი ახალი წიგნები, კედლებზე ფოტოები გარდაცვლილი თუ ცოცხალი მწერლებისა... ყველა ფოტოსურათი მოხალისის გადაღებულსა ჰგავდა და გარდაცვლილი მწერლებიც ცოცხლებივით გამოიყურებოდნენ.

სილვიას ცოცხალი სახე ჰქონდა, თაფლისფერი თვალები სიმკვირცხლით პატარა მხეცუნას მიუგავდა, მხიარულებით კი ახალგაზრდა ქალიშვილის, ლამაზი შუბლიდან უკან გადავარცხნილი წაბლისფერი ხუჭუჭა. თმა ყურებს ქვემოთ ჰქონდა შეკრეჭილი და ყავისფერი ჟაკეტის საყელოს სწვდებოდა. ლამაზი ფეხები ჰქონდა, კეთილი ქალი იყო, მხიარული, ცნობისმოყვარე, უყვარდა ხუმრობა და ჭორები. ჩემს ნაცნობთაგან ამ ქალზე კარგად არავინ არ მომპყრობია.

პირველად რომ შევედი მის მაღაზიაში, ძალიან გაუბედავი ვიყავი, ბიბლიოთეკაში ჩასაწერი ფულიც არა მქონია. წინდი მერეც შეგიძლიათ შემოიტანოთ, როცა ფული გექნებათო, და ბარათი შემივსო, წიგნები, რამდენიც გნებავთ, წაიღეთო, მითხრა.

არავითარი საფუძველი ჩემი ნდობისა არა ჰქონია. არ მიცნობდა, მისამართი, რომელიც მე მივეცი - კარდინალ ლემუანის ქუჩა 74 - მხოლოდ ჩემს სიღარიბეზე მეტყველებდა. მაგრამ სასიამოვნო ქალი იყო, მომხიბლავი, თავაზიანი; მის ზურგსუკან ჭერამდე ამართულიყო და ეზოსკენ მიქცეულ ოთახშიაც გადიოდა თაროები და თაროები, რომლებზედაც ბიბლიოთეკის მთელი სიმდიდრე ელაგა.

მე ტურგენევით დავიწყე, „მონადირის ჩანაწერების“ ორი ტომი წამოვიღე და დ.ჰ. ლოურენსის ერთ-ერთი ადრეული რომანი, მგონი „შვილები და საყვარლები“. სხვა წიგნებიც შემომთავაზა სილვიამ, თუკი გჭირდებათ, წაიღეთო. მე ავირჩიე კონსტანს გარნეტის გამოცემული „ომი და მშვიდობა“, დოსტოევსკის „მოთამაშე“ და სხვა მოთხრობები.

- სულ თუ აპირებთ ამათ წაკითხვას, მაშინ მალე ვეღარ შემოივლით, - მითხრა სილვიამ.

- ფულის გადასახდელად მოვალ, - ვუპასუხე მე, - შინ მაქვს ფული.

- განა მაგას გეუბნებით, - მითრა მან, - როცა მოგიხერხდებათ, მაშინ გადაიხდით.

- ჯოისი როდის მოდის ხოლმე თქვენთან? - ვკითხე მე.

- თუ მოვა, დღის ბოლოს იცის შემოვლა, - მიპასუხა სილვიამ, - ჯერ არ გინახავთ?

- ერთხელ ვნახეთ მიშოს რესტორანში, ოჯახით იყო, - ვუთხარი მე, - მაგრამ ჭამის დროს ხალხისთვის ყურება უხერხულია, თან კი მიშოს რესტორანი ძვირი გახლავთ.

- თქვენ შინ სადილობთ?

- მეტწილად. კარგი მზარეული გვყავს.

- თქვენს მახლობლად მგონი არც კი უნდა იყოს რესტორნები.

- დიახ. თქვენ საიდან იცით?

- ლარბო ცხოვრობდა მანდ, - მიპასუხა მან, - სხვამხრივ ძალიან მოსწონდა იქაურობა.

- უახლოესი იაფფასიანი რესტორანი პანთეონის გვერდით გახლავთ.

- თქვენს უბანს არ ვიცნობ. ჩვენ შინ ვსადილობთ. გვეწვიეთ მეუღლესთან ერთად.

- ჯერ დაიცადეთ, ფულს თუ გადავიხდი, - ვუთხარი მე, - ისე კი, დიდ მადლობა მოგახსენებთ.

- ნუ იჩქარებთ, ნელა იკითხეთ.

ჩვენ ოროთახიანი ბინა გვეჭირა კარდინალ ლემუანის ქუჩაზე, არც ცხელი წყალი გვქონია, არც კანალიზაცია. ამის მაგივრობას რაღაც ბაკი სწევდა, და არც თუ მოუხერხებელი იყო იმათთვის, ვინც მიჩიგანის საპირფარეშოებს არის მიჩვეული. ფანჯრიდან მშვენიერი ხედი იშლებოდა. იატაკზე კარგი ზამბარებიანი ნაალი გვეგო, კედლებზე გაკრული სურათებიც მოგვწონდა. კარგი ბინა იყო, ნათელი და ხალისიანი.

წიგნები რომ მივიტანე შინ, ცოლს ვუამბე, ასეთი შესანიშნავი ადგილი აღმოვაჩინე-მეთქი.

- ამ საღამოსვე უნდა წახვიდე, ტეტი, და ფული მიუტანო, - მითხრა ცოლმა.

- რაღა თქმა უნდა, - დავუმოწმე მე, -ერთად წავიდეთ. იქიდან კი სანაპიროზე ჩავალთ და გავისეირნებთ.

[...]

- ამიერიდან, რაც ქვეყანაზე წიგნებია, ჩვენც გვექნება წასაკითხად, და სამოგზაუროდ რომ წავალთ, შეგვეძლება თან წავიღოთ.

- მერე წესიერი იქნება ეგ?

- რატომაც არა.

- ჰენრი ჯეიმსიც ექნებათ?

- რა თქმა უნდა.

- რა კარგია, რა ბედზე აღმოაჩინე ეგ ბიბლიოთეკა.

- ბედი მუდამ ჩვენთან არის, - ვუთხარი მე, მაგრამ სულელივით ხეზე არ დამიკაკუნებია, თუმცა სახლში ყველაფერი ხისა გვედგა.

📖 ერნესტ ჰემინგუეი - „განუყრელი დღესასწაული“
ინგლისურიდან თარგმნა - ვახტანგ ჭელიძემ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში