ივანე მაჩაბლის გაუჩინარების ამბავი |

ივანე მაჩაბლის გაუჩინარების ამბავი... [1898 წ.]

"თ. ივ. მაჩაბელი გუშინწინ, 26 ივნისს, დილით ადრე, თითქმის 4 საათზე, გამოვიდა თავის სახლიდან და აღარსადა სჩანს. სახლში დაუტოვებია პორტმანე, საათი და ოქროსვე ღილები პერანგის მაჯებისა. ერთი სიტყვით, არავითარი ძვირფასი ნივთი თან არ წაუტანია. ამ ამბავმა მომეტებულად ააღელვა მისი ოჯახობა და მაშინვე დაუწყეს ყოველი მხრით ძებნა. აგერ მესამე დღე გადის და კიდევ ვერ უპოვნიათ.

ლაპარაკობენ, რომ ვითომ ზოგიერთ ნაცნობებს ენახოს თავადი მაჩაბელი 9 საათზე დილით სახაზინო თეატრთან და 10 საათზე - ფრეილინის ქუჩაზე, მაგრამ ნამდვილი არავინ იცის.

ამ უკანასკნელ დროს თავადი მაჩაბელი ძალიან კარგადა გრძნობდა თავის თავს. ავადმყოფობა სრულებით არ აწუხებდა. 1-ლ ივლისს იგი უნდა გამგზავრებულიყო ოჯახობით აბასთუმანში საზაფხულოდ.

შინაობაში სრულებით არავითარი საწყენი არ შეხვედრია რა, მხიარულად იყო, წინა ღამეს აკაკი წერეთელი იყო მასთან და სრულებით არავითარი შეწუხება არ ეტყობოდა სახეზეო.

გორის სინდიკატის საქმეს მხნედ მოეკიდა და მუშაობდაო. ყველასათვის სრულებით გაუგებარია, თუ რამ აიძულა თავადი მაჩაბელი ასე დაიმალოს სადმე და თავის მოყვარულ ოჯახობასთან, მცირედიც არის, ცნობა არ დაუგდოს თუ სად წავიდა.

ეძებენ ყოველგან, და როგორც კი რასმე შევიტყობთ, ჩვენც ვაცნობებთ ჩვენს მკითხველებს."

გაზეთი „ცნობის ფურცელი“, 1898 წ.

თავადი ივანე გიორგის ძე მაჩაბელი ჯერ კიდევ არსადა სჩანს. უკვე სრული ექვსი დღეა, რაც პოლიცია და ნათესავები დაეძებენ, მაგრამ ამაოდ: მაჩაბლის ავი და კარგი ვერავის გაუგია.

გუშინ-წინ ხმა გავრცელდა, რომ თავადი მაჩაბელი მტკვარში იპოვნეს დამრჩვალიო, მაგრამ ეს ამბავი ტყუილი გამოდგა.

[...]

დღეს მეცხრე დღეა, რაც თავ. ი. მაჩაბელს დაეძებენ და ვერსად უპოვიათ, ამ ამბის გამო ათას გვარი მითქმა-მოთქმაა და ერთი ერთს ჰფიქრობს და ამბობს, მეორე - სხვას.

დაბეჯითებით ნათესავთა და ნაცნობთ იციან მხოლოდ ის, რომ თავ. ი. მაჩაბელი პარასკევს, 26 ივნისს, დილის 4 საათზედ, გამოვიდა სახლიდგან გარეთ. თუმცა ჩვეულებადა ჰქონდა, რომ ლოგინიდგან ადგომისთანავე თითონვე ასწორებდა ხოლმე საწოლს, მაგრამ ამ დღეს კი ხელიც არ უხლია ლოგინისათვის. სახლში დაუტოვებია პერანგის ოქროს ღილები, საათი, ფული, რაცა ჰქონია, და ცხენის რკინის გზის აბონემენტის ბილეთებიც-კი. გორის მემამულეთა ამხანაგობის საქმეები, რომლის დირექტორადაც იყო, სრულს წეს-რიგზედ დაწყობილ-დალაგებული დაუტოვებია სახლში.

სახლიდგან გამოსვლისთანავე წინ შეჰხვედრია პოლიციელი, რომელსაც ქუდი მოუხდია და უკითხავს, საით მიბრძანდებით, თავადო, ასე ადრიანადო, მაგრამ თავადს ხმა არ გაუცია და, პოლიციელის გარდმოცემით, დაუხვევია გოლოვინის პროსპექტისაკენ.

26 ივნისსავე, ნაშუადღევის 1 საათზედ, უნახავს თ. მაჩაბელი მკურნალს მამინოვს, რომელსაც კარგად ჰსცნობია იგი, ავლაბრის ხიდისაკენ მიმავალი და სალამი მიუცია. თავ. მაჩაბელსაც მიუცია სალამი მამინოვისათვის და სრულიად დამშვიდებულს განუგრძვია გზა. დაბეჯითებით მხოლოდ ეს იციან.

მთავარ-მართებელის თანაშემწის ბ-ნის ფრეზეს ბრძანებისამებრ დეპეშები დაეგზავნათ მაზრების უფროსთ, დაეგზავნათ აგრეთვე სურათები და ტფილისის პოლიცმეისტერმა კიდევ განკარგულება მოახდინა, რომ ყოველი ხევი და დანგრეული სახლები დაათვალიერეთ, იქნება სადმე აღმოჩნდესო, მაგრამ ვერსად ვერ ჰნახეს.

მუშტაიდის ბაღიდგან მოყოლებული კარგა დიდს მანძილზე ეძებეს მტკვარში. 16 გვამიც იპოვეს მოცურავეებმა, მაგრამ თავადი ი. მაჩაბელი მაინც არსად აღმოჩნდა.

[...]

გუშინ-წინ, 3 ივნისს, ტფილისის 200 პოლიციელი ქალაქში თავ. ივ. მაჩაბელს დაეძებდა. პოლიციელთ დილის 6 საათიდგან ქალაქის ყველა მივარდნილი ადგილი და ხევი დაიარეს და დაჩხრიკეს, მაგრამ დაკარგულის კვალსაც-კი ვერ მიაგნეს.

გუშინ პოლიცმეისტერის განკარგულებით გაგზავნილ იქმნენ ცხენოსანი დარაჯები ქალაქის გარშემო, მინდვრებსა, ხევებსა და არხებში მაჩაბლის მოსაძებნად. თავ. მაჩაბელს მაზრის პოლიციაც დაეძებს.

როგორც შევიტყეთ, ისეთი კაცებიც აღმოჩნდნენ, რომელთაც პოლიცმეისტერს გამოუცხადეს, რომ მაჩაბელი 29 ივნისს მცხეთის რკინის გზის სადგურზედ ვნახეთო. ამის გამო გუშინვე ტფილისის პოლიცმეისტერმა მიჰმართა მცხეთის ბოქაულს და სთხოვა, გამოიძიე, მანდ ხომ არ არის, ან არ ყოფილა თავადი მაჩაბელიო.

[...]

როგორც მკითხველებმა უწყიან, ამას წინად ხმა გავრცელდა ტფილისში, რომ უკვალოდ დაკარგული თავ. ი. გ. მაჩაბელი მცხეთაში უნახავთო.

დღეს ეს ამბავიც ტყუილი გამოდგა, მცხეთის ბოქაულმა აცნობა ტფილისის პოლიცმეისტერს, რომ, როგორც გამოვიკვლიე და გამოვიძიე, თავ. მაჩაბელი მას აქეთ, რაც დაიკარგა, მცხეთაში სრულიად არა ყოფილაო.

ეხლა პოლიმეისტერის განკარგულებით შესდგა მოცურავეთა მთელი დასი, რომელმაც უნდა ეძებოს თავ. მაჩაბლის გვამი მტკვარში. ეს დასი გუშინ, 15 ივლისს, ნავებისა, კეტებისა და სხვა შემწეობით უკვე შეუდგა საქმეს.

რადგანაც დღემდის მაჩაბელი ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი იპოვნეს, ჰფიქრობენ, რომ თავი დაირჩო და იმისი გვამი წყალში ან ქვას, ან სხვა რასმეს იქნება წამოდებულიო.

[...]

ტფილისის პოლიცმეისტერის მიერ მოწვეულმა წყალში მოცურავეებმა გუშინ, 17 ივლისს, გაათავეს თავ. ი. მაჩაბლის გვამის ძებნა მდ. მტკვარში ვერიდგან ყარაიაზამდე. ამ რამდენისამე დღის ძებნის დროს მტკვრის ძირში ბევრი სხვა-და-სხვა დაძირული ნივთეულობა იპოვნეს, სხვათა შორის ორის ადამიანის თავის ჩონჩხი, მაგრამ თავ. მაჩაბლის გვამი-კი არსადა სჩანს.

ეხლა ეჭვი აღარა აქვთ, რომ თავ. მაჩაბელს მტკვარში არ დაურჩვია თავიო. ამას გარდა პოლიციას ამას წინად შეატყობინეს, რომ სოფ. წავკისის ახლოს ხევში აგერ ორი კვირაა ვიღაც თეთრ-ტანისამოსიანი კაცი ჰზის და ამ ხევს არ ჰშორდებაო. ეგონათ თავ. მაჩაბელი იქნებაო. გაგზავნეს კაცები და აღმოაჩინეს, რომ ამ ხევში მართლაც ერთი ვიღაცა უცნობი სულით ავადმყოფი სცხოვრობსო. ეს სულით ავადმყოფი ქალაქში ჩამოიყვანეს და მისი მცნობი არავინ აღმოჩნდა.

[...]

უკვე თვე და შვიდი დღეა მას შემდეგ, რაც თავ. ივ. გ. მაჩაბელი დაიკარგა და დღესაც იმის კვალისთვის ვერ მიუგნიათ. თავადის ნათესავებიც, პოლიციაც ბევრს ეცადა, მაგრამ მაჩაბელი მაინც არსად აღმოჩნდა.

ეხლა, როგორც შევიტყეთ, ტფილისის პოლიცმეისტერს თავ. მაჩაბლის მოძებნა ბოქაულის თანაშემწის ბ-ნ ბაბალოვისათვის მიუნდვია, რომელიც 26 ივლისიდგან უკვე შესდგომია საქმეს.

[...]

ქალაქში ხმა დადის, რომ თავ. ი. გ. მაჩაბელი არ დამრჩვალა, არამედ ცოცხალია და იმისს მახლობელთ არ დაუკარგავთ იმედი იმისის პოვნისა.

📗 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი III [1896-1900 წწ.]

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში