ტატო წულუკიძის ჩამოხრჩობა |
[ცნობილი ტფილისელი ყაჩაღისა და ავაზაკის - ტატო წულუკიძის ჩამოხრჩობის სცენა, აღწერილი გაზეთ „დროებაში“, 1880 წელს.]
[არსებობს მოსაზრება, რომ ტატო წულუკიძე წარმოადგენს ილია ჭავჭავაძის მოთხრობაში „სარჩობელაზედ“ ასახული ჩამოხრჩობილი ყაჩაღის პროტოტიპს.]
***
„დღეს, 28 იანვარს, დილის 11 საათზე, ხოჯევანის სომხის სასაფლაოს იქით გორაზე ჩამოახრჩეს მთელს კავკასიაში განთქმული ავაზაკი ტატო წულუკიძე.
პარასკევ დილით გავრცელდა ქალაქში ხმა, რომ პეტერბურღის უმთავრეს სამხედრო სასამართლომ არ აპატია ტატოსაო და ამ დღეებში უნდა ჩამოაღრჩონო. მეორე დღეს კი სთქვეს, რომ ორშაბათს ჩამოახრჩობენო.
გუშინ, კვირას, დიდძალი ხალხი მოაწყდა ხოჯევანის სასაფლაოს შესატყობლად - მართლა აკეთებენ ტატოს ჩამოსახრჩობად ეშაფოტს, თუ არაო.
დღეს, გათენებიდამვე დაიწყო ხალხმა იქითკენ დენა. მთელი ახლო-მახლო გორები ხოჯევანის სასაფლაოსკენ მოფენილი იყო ხალხით. უანგარიშო ფაეტონები და დროშკები. ერთი კინტო არ დარჩენილა მგონი ქალაქში. ყველა მიეჩქარება, მირბის, თითქო ოქროს განძის ნახვას მოელიანო!.. ტატოს ყველა იცნობდა. ყველას უნდოდა შეეტყო - როგორ ჩამოახრჩობენ იმას, როგორ დაიჭერს ის თავს უკანასკნელ განსაცდელის ჟამს...
გუშინ, კვირა საღამოს, გამოუცხადეს თურმე ტატოს, რომ ხვალისთვის მზათ უნდა იყვეო. როცა თავის ბედის-წერა შეიტყო, ერთი ფერი ეცვალაო, მაგრამ იმწამსვე შეიმაგრა თავი - თითქო არაფერიაო. რა ღამეს გაატარებდა ის წუხანდელ ღამეს! რა ძილი და მოსვენება ექნებოდა!
დღეს, დილის მეცხრე საათზე მეტეხის ციხეს მიაყენეს დროგი, რომელზედაც უნდა დაესვათ ტატო და ადგილზე წაეყვანათ. მარჯვედ, მხნეთ გამოვიდა ის ციხიდამ, უკანასკნელ ნახევარ საათის განმავლობაში ელაპარაკებოდა რაღაცაზედ მოძღვარსა და მერე შეუკრთომლად და მხნედვე ავიდა დროგზე და წამოიყვანეს ხოჯევანისაკენ.
მეთერთმეტე საათის ნახევარზე შავბედითი დროგი თავის მსხვერპლით დანიშნულ ადგილზე მიიყვანეს.
ხალხში თავ-დაჭერილი ჩოჩქოლი და მოძრაობა შეიქნა.
1892 წ. |
[ამავე თემაზე - ტფილისის #1 ყაჩაღი - ტატო წულუკიძე]
ეშაფოტს ოთხ-კუთხივ ჯარი არტყია ასე, რომ მაყურებლები თითქმის ნახევარ ვერსზედ არიან ეშაფოტისაგან მოშორებულნი. ბევრს დურბინდი უჭირავს ხელში და უყურებს.
მარჯვედ, შეუკრთომლად ავიდა ეშაფოტის კიბეებზედ. მხოლოთ ახლოს მაყურებელნი შენიშნავდნენ იმის პირის-სახეზე განსაკუთრებულ სიყვითლეს და თვალების ამღვრევას... სხვებრ არაფერში არ ეტყობოდა, რომ ის გრძნობდა, რომ რამდენიმე მინუტის შემდეგ აღსასრული მოელოდა.
პროკურორმა წაუკითხა სასამართლოს განაჩენი. მღვდელმა უკანასკნელი სიტყვა უთხრა.
როცა ყველაფერი მომზადება გათავდა, ტატომ პაპიროზი მოითხოვა; მისცეს; ერთხელ ხელიდამ გაუვარდა, დასწვდა, აიღო ხელში და ბოლომდინ მოსწია...
ბოლსო ჯალადი (პალაჩი) შეუდგა თავის საქმეს: შეუკრა უკან ხელები და ფეხები, ჩამოაცვა კისრამდინ ტომარას მსგავსი პერანგი და ცოტა ხანს ესე იყო გაჩერებული... პირის-სახე ახდილი ჰქონდა.
კიდევ ერთი წამი... ჯალადმა მიიყვანა თოკთან... გამოსწია თოკი... ჩამოაცვა კისერზე და იმავ წამს სკამი გამოაცალეს ფეხებიდამ და ხელი ჰკრეს... ჰაერში ჩამოეკიდა. მაგრამ ამავე წამს მოისმა იმის ხმა:
- კარგათ გამიკეთეთ თოკი, თქვე მამა..!
აღმოჩნდა, რომ თოკი კისრის მაგიერად, ნიკაბზე მოედვა ჯალადს და არ აღრჩობდა. ჯალადი მივარდა, გამოსწია თოკი და მაგრად მოსდვა ყელზე.
ერთი ფეხი, არც ხელი არ გაუნძრევია, ისე წაიღრჩო და გათავდა... ახდილი პირის-სახე საშინელი სანახავი იყო: მთელი სახე გაულურჯდა, თვალები წამოუვარდა... მაგრამ ისეთი შესაძრწუნებელი სურათია, რომ ნუღარ ვუყურებთ, თვალი ავარიდოთ...
ერთის წამის განმავლობაში ეს მთებზე მოფენილი უანგარიშო ხალხი თითქო ქვათ იქცა, თითქო გაშეშდა... როცა ყველაფერი გათავდა, აქა-იქ ჩოჩქოლი და მოძრაობა მოისმა.
- აბსუს ბიჭო! დაიძახა ერთმა;
- სხვებიც გააფუჭა, თვითონაც გაფუჭდა! სთქვა მეორემ.
- აბა რა გინდოდა, ძმავ! მაგრამ ჰე... უარესებიც არიან, ბედნიერად ცხოვრობენ! სთქვა მესამემ თავის გუნებაში.
- გაფუჭდეს ის, ვინც ეგ მაგისთანა ბიჭი გააფუჭა!..
საზოგადოთ, ხალხში სიბრალულისა და შეწყნარების ხმა ისმოდა... მაგრამ რაღა დროს! ეს ჩვენი საზოგადო წყობილების ნაწარმოებია, ჩვენი შვილია, ჩვენ მივიყვანეთ ეშაფოთამდინ, ჩვენ ჩვენის ხელით ჩამოვახრჩვეთ, - და ახლა გვებრალება, თითქო ვწუხვართ იმის ბედზე... ჩვენი თავი, ჩვენი ცხოვრება უნდა გვებრალებოდეს, გვაწუხებდეს...“
ს.მ. (სერგეი მესხი)
გაზეთი „დროება“, 1880 წ.