ვაჟა-ფშაველა - ჩემი პოემების შესახებ |

(გამოუქვეყნებელი თავი წერილიდან „ფიქრები „ვეფხის-ტყაოსნის“ შესახებ“)

საკვირველი მკვლევარნი აღმოუჩნდნენ „ვეფხის-ტყაოსანს“, ამ უკვდავ ნაწარმოებს უკვდავის ადამიანისას და ლამის ბედაურზე მჯდომი ავტორი დიდებული პოემისა, ჯაგლაგა დონკიხოტის როსინანტზე შესვან.

ვინ ბრძანდებიან ეს ვაჟბატონები? გგონიათ უცხოელნი იყვნენ? არა. ნამდვილი ქართველები, ქართულის სისხლისანი: ისტორიკოსები, მეცნიერები და თუ ნამდვილი მცოდნენი არ არიან ქართული ენისა, პრეტენზიას მაინც დიდს იჩენენ. ჯერ იყო და ბ. მარმა ამ 20 წლის წინად ამცნო ქვეყანას, რომ მას ვითომ ბრიტანიის მუზეუმში ენახოს სწორედ ვეფხისტყაოსნის მსგავსი ნაწარმოები. ველით დღს-ხვალეობით ბ. მარისაგან დაპირებულს ძღვენს, მაგრამ არ იქნა, ვერ ვეღირსენით, ან რას უნდა ვეღირსოთ, როცა არსად არაფერი მოიპოვება?!

იმას მოჰყვნენ სხვა გამქიქებელნი, რომელნიც სასწორს მარისაკენ ჰხრიან, - ყალბი ადგილების აღმომჩენნი, რომელთაც მართლაც და ყალბ ადგილებს წიხლითა და ქისტის ცემით ნამდვილ პოეტის გონების და გრძნობის ნაჟურიც ზედ მიაყოლეს...

ამ გარემოებამ მე, ცოტა არ იყოს დამაფიქრა და გინდ უზრდელობაში ჩამომართვათ, გინდ განდიდების სურვილი მომახვიოთ თავსა და დამძრახოთ, მე მაინც ჩემი უნდა ვსთქვა. რა გაიგება თუ ათას წელს არ გასძლებს ჩემო ნაწარმოებები, ასს ხომ გასძლებს და რად ვისმე უნდა გაუხადო ისინი თავ-სამტვრევად, საქექ-საჩხრეკად, როცა შეიძლება საიდუმლო ჩემის შემოქმედებისა ეხლავე ვაღვიარო, თუ რაშიმე ვიცრუე თანა-მედროვენი ცოცხლები არიან და შეუძლიანთ პირში ბურთი ჩამჩარონ, გამამტყუვნონ და სიმართლე გამოირკვეს. მე, რასაკვირველია, რუსთაველი არ გახლავართ: სად იალბუზი და სად კვერნაკი?! მაგრამ კვერნაკი, ცოტად თუ ბევრად, უფრო გავს იალბუზს, ვიდრე ტირიფონის მინდორი. მზე მზეა, მაგრამ მას სულ უკანასკნელი ჭიტა ვარსკვლავი უფრო მიემსგავსება, ვიდრე სხვა რამ საგანი ცის სივრცეზე, ვინაიდგან ვარსკვლავი და მზე ერთს ბუნების კანონს ემორჩილებიან და მათი ბუნება ცოტა თუ ბევრად ერთი მეორისას ეთანხმება... ამიტომ თამამად ვიტყვი, არ შეიძლება დიადს შოთას შემოქმედებას ჩემი შემოქმედება, როგორც ჯაგლაგი პოეტისა, ცოტად თუ ბევრად არა ჰგავდეს და მაშასადამე რად იქნება ცოდვა, დანაშაული, დასაძრახისი ჩემის შემოქმედებისა მკითხველს რომ გავუზიარო? რა არის აქ დასამალი და დასაფარავი?! რაშია გამოსადეგი ჩვენი შემოქმედება, რომ პოეტებმა საიდუმლოების ნისლით და ჯანღით შევბუროთ? უამისოდ მათ ვითომ ძალა და მნიშვნელობა დაეკარგებათ? სრულიადაც არა.

როგორც „ვეფხის-ტყაოსანი“ არაფერს დაჰკარგავს ერის გულში, მას არ მოაკლდება სიყვარული ერისა თუნდა ათასმაც დაამტკიცოს მისი სპარსულიდან „ნათარგმანობა“, ისე ჩვენი ნაწარმოები თუ ნამდვილად პოეტურია, არაფერს წააგებს, პირიქით, იქნება კიდეც მოიგოს, შემოქმედების საიდუმლოება რომ გამოვამჟღავნოთ. ეს გამომჟღავნება შეიძლება გამოიყენონ „ვეფხის-ტყაოსნის“ მკვლევართ, თუ მოიწადინეს, რასაკვირველია, ამით სარგებლობა და არ უკუ აგდეს იგი როგორც „არა მეცნიერული“ საბუთი, და საკუთარ სახელების თვისებაზე აშენებული დასკვნა არ ამჯობინეს შემოქმედების პროცესის შესწავლას.

„ბახტრიონი“, მაგალითად რამ დამაწერინა? რა მასალა მქონდა ხელთა? საიდან წარმოიშვნენ პოემის გმირები? აი, რაზე უნდა გესაუბროთ სიმართლით, უნაკლოდ, გადაუჭარბებლად. ხალხური თქმულება დაწვრილებით მასალას არაფერს იძლევა ბახტრიონის აღებისას, იმ დროს მებრძოლთა სახელებიც კი დაკარგულია, გარდა ზეზვასი (თუშია). ზეპირ-გადმოცემა ჰღაღადებს, რომ ფშაველებისათვის ამ ღვაწლისთვის ნაჩუქარი აქვთ პანკისი, ალვანი და სხვ. ეს ერთი. მეორე სახალხო ლექსები:

„ბიჭი ვარ გოგოლაური (ზოგ ვარიანტშია - თუში ვარ მე მეთაური)
რად მწუნობ ტალავარზედა
წინ-წინ მე გადავფრინდები
ბახტრიონს გალავანზედა.
მე მოვკლავ თარაქამასა 
ზედ მივალ ფალავანზედა.“

კიდევ:

„პანკისს იყრება ლაშქარი
ბელადსა ღონდებიანო
ზეზვავ, შე გაფრინდაულო,
ლურჯას შენ გიქებდიანო...
წინ თუშნი, უკან ხევსურნი,
ფშაველნ ნელ-ნელა დიანო.
ჯავრობენ თუში შვილები:
„ხევსურნი არ გინდიანო!“
- მაგას რად იტყვით, თუშებო,
ომი ჩვენც ქვე გვწადიანო.
ფშველნი, უკვენ ხევსურნი
ბახტრიონს გადადიანო.“

***

„დალივეს თათრის ლაშაქარი,
თავებს უკვენა ჰყრიანო.
მეორე დილა გათენდა
თუშებიც ჩამოდიანო.
„სად ეყარენით თუშებო,
სადიაცენო, თმიანნო?!“

***

„ზეზვა რა სანახავია (თათრებო)
მოკლული თქვენის ხელითა
მაშინ კარგ იყო ზეზვაი
როცა მოგდევდათ ცხენითა,
მოგდევდათ, მოგაწუხებდათ
მოგჩხვლეკდათ შუბის წვერითა!“

ყველად მეტი გამბედაობა „ბახტრიონის დაწერისა მომცა იმ შემთხვევამ, თუმცა მაშინვე ეს ზემორე მოყვანილი ლექსებიც ვიცოდი და ხალხური მშრალი თქმულებაც ბახტრიონის აღებისა, რომ ხელში ჩამივარდა „კალმასობა“. წავიკითხე ის ადგილი, სადაც ბერი იოანე ხელაშვილი შეჰხვდება ლალის ყურისაკენ მიმავალ ორ ფშაველს და გაუბამს მათ საუბარს. ამან მუჯლუგუნი წაჰკრა ჩემ ფანტაზიას, გაათამამა, როგორც უტყუარმა დოკუმენტმა მთიელთა გმირობისამ და გაბედულად ამაღებინა ხელში კალამი. ურიგო არ იქნება ეს ადგილი ამოვწეროთ:

„მიმავლობასა შინა იხილა ორნი ფშაველნი მიმავალნი ბახტრიონისაკენ და მათ იცნეს იოანე, რომელიც ენახათ ალავერდს და მოვიდნენ იოანესთან და შენდობა მოითხოვეს. მაშინ ერთმა მათგანმა უთხრა იოანეს, უცხოდ აამე გულსა ჩემსა, და ჩვენი დედოფალი კარგად აქეო, მე ასე არ ვიცოდი, თუ ამდენის სატანჯველით იმ წყეულმან შაჰ-აბასმან ჰსტანჯა ჩვენი დედოფალიო. ის დედოფალი ლაშქრის ჯვრის მოსავიც იყო, თუ არაო, გვითხარიო. იოანე. ლაშქრის ჯვრის მოსავი იქნებოდა, რასაკვირველია, რომ ლაშა გიორგის ქალობა ეთქმოდაო და იმან მოგაქცივათ თქვენ, რომელიც იქ ფშავში მარხია და თავის უნჯ ყმად გამოგელოდათ. ეს დედოფალიც ქეთევან თქვენის გულისათვის ეწამა და სისხლი დააქცია, წყეულმან შააბას, რომ კახეთი მოაოხრა მერეთ თქვენზედ გადმოგზავნა ჯარი. პირველად ბაჩალზედ წამოვიდნენ და თქვენ იმ ფშავის გადასავალში დაჰხვდით და გამოაბრუნეთო და მერე გაჯავრებულმან კიდევ ფშავის არაგვის წყალზედ ასი-ათასი კაცი გამოგზავნა თქვენ წასახდენად და ის ჯარი მოვიდა შუაფხოს ქვევით რომ წყალის პირზედ დიდი კლდის ქვაბებია, იქამდის მოაწივა იმათმა მხერდრობამ და თქვენ წმინდის ლაშქრის ჯვრის და წმინდის ქეთევან დედოფლის მადლით ჰსძლიეთ და გააქციეთ იქიდამ ის მტერი და ესე ოდენი მტერი გასწყვიტეთ, რომელ მთლად ის წყალი სულ სისხლმან ასე შაღება, რომ აღარ დაილეოდა და სულ ხოცით მოჰყევით ჟინვალის ხიდამდისინა და აქეთ თქვენთვის ვეღარავის შემოუბედნიაო. ეს სულ იმათის მადლით არის და უნდა ძლიერ გიყვარდეთ ბაგრატიონები, რომ თქვენთვინ ასე თავ-დადებით ყოფილანო და თქვენ ჰყვარებიხართო“ და სხვ.

ასეთსავე ქება-დიდებას ასხამს ბერი ხელაშვილი თუშებს („კალმასობა“). აი ყველა ის მასალა, რომლითაც მე ვხელმძღვანელობდი „ბახტრიონის“ წერის დროს, ხოლო გმირები პოემისა - ლუხუმი, ხომარეული, სუმელჯი, კვირია, სანათა, გარდა ზეზვასი, ხალხურ ლექსებში ერთიც არ არის ნახსენები, რომ იმათ მიეღოს რაიმე მონაწილეობა ბახტრიონის ბრძოლაში და არც კი არიან თანამედროვენი ამ ბრძოლისა, თუმცა კი გმირებად იხსენიებიან ხალხურ ლექსებში სრულად სხვა ბრძოლაში, სხვა დროს - ასეთები არიან ლუხუმი, ხოშარეული. ხოლო სუმელჯი და სანათა ეკუთვნიან იმ შავსა და ბნელს დროს, როცა ფშვლები და თუშები ერთი მეორესა ჰლაშქრავდნენ, არ იყო მათ შორის ძმობა და თანხმობა, თოფი მაშინ ხმარებაში არა ყოფილა, არამედ მშვილდ-ისარი და ბოძალდი. თქმულება ხალხური და ლექსი ასე განმარტავენ, რომ თილისძის ბელადობით მოსული თუშის ლაშქარი მთლად გასწყვიტეს ფშავლებმა, მხოლოდ სარდალიღა გადურჩათ ცოცხალი და შინ როცა მივიდა, დედას უამბობს თუშების დამარცხების ამბავს ფშვლების მიერ:

„დაგვალევინა ხოშარის გორმა 
იქ წყლის არ გამოდენამა
ვიწრო-ვიწრომა ხევ-ხუვმა
მოკლედ ფშვლების დენამა
წოწკურაულის ისარმა
სანათაიასა ენამა
ნელად მოვიდა სუმელჯი
სუმელჯი სუროღვიანი
გაიხვნა ისრის ქოჯონნი
ლაღის არწივის ფრთიანი - 
ესროლის, გამოაგორის
თუში ფეხ-ჩითაიანი.“

ეს ორივე გმირი - სუმელჯი და სანათა მე შევურიე „ბახტრიონის“ გმირებში; სანათა როგორც ენით, სიტყვით გამამხნევებელი დიაცი და სუმელჯი კი როგორც თავის ქვეყნისათვის მებრძოლი ვაჟკაცი. კვირია და ლელა არიან საკუთარი ფანტაზიის ნაყოფნი. იმათი ხსენება არც ხალხურ ლექსში და არც ზეპირ-გადმოცემაში არსად არ მოიპოვება: დედაკაცს რომ რაიმე როლი ეთამაშნოს ბახტრიონის აღებაში, ამაზე არც ლექსები, არც ზეპირ-გადმოცემა არავითარ ცნობას არ იძლევა.

„გოგოთური და აფშინა“ - ეს პოემა საკუთარმა ინციდენტმა დამაწერინა, გოგოთურად ვგუობდი თავის თავს. ხედავთ საქმე სანამდის მიდის, მხოლოდ სახეში მყვანდა ის გოგოთური, რომელცი მართლა სცხოვრობდა ამ მეცხრამეტე საუკუნეში, იყო მცხოვრები სოფელ ყოფჩისა, როგორც პოემაშია მოხსენიებული, იყო ძალიან ღონიერი, მძლავრი და მშრომელი ადამიანი. იმისი მოტანილი ბრტყელი სიპი ქვა დღესაც გდია კოპალის სამლოცველოსთან და ორ კაცს გაუჭირდება ასაწევად, იყო წყნარი და სათნოიანი ადამიანი, როგორც გამიგონია. იმის ვაჟკაცობისა მხოლოდ ის მსმენია და, რომ ერთხელ ქურდ-ბაცაცობისათვის შეეპყრო ორი ხევსური, მოეყვანა სახლში შეკონილები. ცოლისთვის ეთქვა: სალაფავი გააკეთე ამ ძაღლებს უნდა ვაჭამოვო. სალაფავი ცარიელ წყალში ნადუღარი ქატოა. მართლაც ძაღლის საჭმელ გეჯაში ჩაესხა ქურდ ხევსურებისათვის და დაედგა წინ:

„ეს ჭამეთ, ქურდი და სხვის სარჩოს მიმტაცებელი ამის ღირსაო!“

ხევსურები თურმე შაეხვეწნენ, ოღონდაც, გოგოთურის ჭირიმე, ძაღლის სალაფავს ნუ გვაჭმევ და ჩვენს სიცოცხლეში აღარ ვიქურდებთო. გოგოთურმა შეიწყნარა მათი თხოვნა, ჩამოართვა ფიცი და გაანთავისუფლა. ეს ხევსურები ორი ერთკაცად - აფშინად გარდავქმენ და ამ გვარად პოემა დაიწერა...

„სტუმარ-მასპინძელი“ - ზეპირ-გადმოცემამ მომცა მხოლოდ ერთი ადამიანის, ზვიადაურის, სახელი და ერთი ეპიზოდი, სახელდობრ ის, როცა მას ქისტები თავიანთ მკვდრის, დარლას, საფლავზე ჰკლავენ, ხანჯარს ურჭობენ ნელა-ნელა ყელში და ცდილობენ როგორმე შეაშინონ, მოდრიკონ, რომ მსხვერპლი მსხვერპლად გამოდგეს, მაგრამ ზვიადაური ქვავდება და გაიძახის: „ძაღლი იყოს თქვენის მკვდრისადა!“ დანარჩენი პოემაში საკუთარი ფანტაზიის ნაჩმახი გახლავთ.

„გველის მჭამელი“ - ამ პოემისათვის ხალხის თქმულებამ მომცა მხოლოდ შემდეგი მასალა: მინდია ქაჯეთს იყო ტყვედ; დამტყვევებელთ მოუხარშეს გველი და აჭამეს, რომ მოეწამლათ. მაგრამ საწამლავმა, ქაჯების მიერ შემზადებულმა, ზიანის მაგივრად არგო მინდიას: ხევსური შეიქნა ბრენი, იმას ესმოდა ყველა მცენარეთა-ყვავილების ენა, ამის წყალობით იმან შეისწავლა ექიმობა და პირველი ჯანაოზი დადგა: ყველა მცენარე შესძახოდა: მე ამა და ამ სნეულების წამალი ვარ, ამ გვარად სახმარიო და ისიც ამ ყვავილებს აგროვებდა და ყოველგვარ სნეულს არჩენდა. ამის მეტს ხალხური თქმულება მინდიაზე არაფერს არ გვეუბნება.

საზოგადოდ, უნდა ვსთქვა, რომელ ლეგენდას, თუ ზღაპარს გაუვლია ჩემის ფანტაზიის მანგანაში, რომელიც თავისებურად შემიმუშავებია, კვალი დაუმჩნევია მკითხველების გულ-გონებაში და, რომელიც პირდაპირ გამილექსია - არც ერთს შეგნებულ მკითხველს, როგორც მაგ. „ნახევარ-წიწილა“, ჩემთვის სახელად არ მოულოცია. აქედამ ცხადია, რომ პოეტმა თუ ყოველივე თავისებურად არ შეიმუშავა, თავის გრძნობა-გონების საკუთრებად არ გადააქცია, ამაოდ დაშვრება, მის ნაწარმოებს არავინ ჭკვათა-მყოფელი ხელოვნურს არ უწოდებს. ეს ჭეშმარიტება დღესავით, მზესავით აშკარაა. ჩემთვის ძალიან ადვილად გასაგებია ის მოვლენა, რომ ლეგენდას ფაუსტზე ათასი ჰყავდა ავტორი, მაგრამ იმათი ნაწარმოებები შთაინქნენ უფსკრულში, ხოლო ფაუსტის ნამდვილი ბატონ-პატრონი შეიქმნა გიოტე. რადა? რისთვის? მადა, რომ ეს ლეგენდა ჩაუვარდა ხელში დიადის ტვინისა და გრძნობის პატრონს, იმან შეასხა მას ახალი ხორცი და შთაბერა სული ცხოველი. რას იტყვით? როგორ გგონიათ?

ფაუსტზე არსებულმა ლეგენდამ განადიდა, შექმნა გიოტე, გამოააშკარავა მისი გენიოსობა, თუ ფაუსტმა განადიდა, ახლად შექმნა და უკვდავ ჰყო ეს ლეგენდა? რა უფლება გაქვთ არ დამეთანხმოთ, რომ უგიოტეოდ „ფაუსტი“ არ ექნებოდა კაცობრიობას? მაშასადამე, თავი და თავი ავტორი ყოფილა და არა ლეგენდა. ეს ლეგენდაც რომ არ ყოფილიყო, ის აზრი, რაც „ფაუსტშია“ გამოთქმული, მაინც გამოითქმოდა გიოტეს პირით და ფაუსტსაც შეიძლება სხვა რამ სახელი ჰრქმევოდა.

ჟურნალი „მნათობი“, 1934 წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში