ვოლტერი - მემნონი, ანუ ჭკვიანი კაცი

მემნონს ერთხელ თავში ფრიად ბრიყვული ჰაზრი მოუვიდა: სრული ჭკვიანი კაცი უნდა გავხდეო. ისეთი არავინ არის, რომ ეს სისულელე არ მოსვლოდეს აზრად. მემნონმა იფიქრა თავისთვის: 

„რომ კაცი ფრიად ჭკვიანი და, მაშასადამე, ფრიად ბედნიერი გახდეს, საჭიროა, ყოველგვარი ვნებათა ღელვა ყურ-მოჭრილ ყმად გაიხადოს და, როგორც ყველამ უწყის, ამაზე ადვილი ხომ არაფერია. უწინარეს ყოვლისა, ქალს თავის დღეში არ შევიყვარებ და, როდესაც უსრულესს სილამაზეს ვნახავ, ჩემს თავს ვეტყვი: მოვა დრო და ეს თურაშაული ლოყები დაუჭკნება, ეს ჟუჟუნა თვალები ჩაუცვივდება, იმის გიშრის თმას ჭაღარა გამოერევა, ეს მოღერებული ყელი გაუპრტყელდება და ღაბაბი ჩამოკიდება; მაშასადამე, ის-ღა დამშთენია, რომ ეხლავე იმავე თვალებით შევხედო, როგორითაც სიბერის ჟამს უნდა ვნახო, და უეჭველია, თავს-ბრუს ვერ დამასხამს.

ეს პირველი პირობა. მეორედ, ყველაფერში თავ-დაჭერილი ვიქნები, კარგ მსუქან ხორცისათვის სული ვერ წამძლევს, არც მშვენიერს ღვინოებს დავხარბდები, ვერც მეგობრების ხვეწნა-მუდარა დამიყოლიებს, - მაშინვე გავითვალისწინებ საზღვარ-გადასულობის შედეგს, დამძიმებულს თავს, ხურჯინივით გატენილს მუცელს, გონების, სიმრთელისა და დროის დაკარგვას. ამიტომ საჭმელს მხოლოდ მაშინა ვსჭამ, როცა საჭიროა; ჯანმრთელობა ყოველთვის ერთ ნაირი შემრჩება, გონებაც მუდამ საღი და შორს გამჭვრეტელი მექნება. ყველა ამ პირობის სისრულეში მოყვანა ისე ადვილია, რომ მისს მისაღწევად კაცს არავითარი თავ-განწირვა არ მოეთხოვება.

ახლა, ამბობდა მემნონი: ცოტა ფულზედაც ვიფიქრო: დიდ მოთხოვნილების კაცი მე არა ვარ; ჩემი ფულები ნინივიელს მებანკესთანა მაქვს მიბარებული; დამოუკიდებელი ცხოვრება ადვილად შემიძლია; ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ სხვისი შესახვეწი არა მაქვს-რა, - არც არავის შემშურდება და არც არავის ჩემი შეშურდება; აი, ესაა გვირგვინი ბედნიერებისა. მყავს მეგობრები, განაგრძო ისევ მემნონმა: არ შევსწყვეტ მათთან მისვლა-მოსვლას, ვინაიდგან ჩემთან სადავო არა ექნებათ-რა, ჩემს დღეში არ ვაწყენინებ და არც ისინი იზამენ ჩემს საწყენს; ეს სულ ადვილი მოსახერხებელია“.

მემნონმა თავისს ოთახში დაიხატა თუ არა ეს პატარა გეგმა ჭკვიანადაც გახდომისა, თავი ფანჯარაში გამოჰყო. სახლს ახლო მდგარს ჭანდრებს ქვეშ ორი მოსეირნე ქალი დაინახა. ერთი მოხუცი იყო და ეტყობოდა, არაფრის დარდი აწუხებდა, მეორე მოსეირნე ქალი-კი ახალ-გაზდა, ლამაზი და ძლიერ დაფიქრებული იყო: ოხრავდა, სტიროდა, თითქოს ყოველი გზა ხსნისა შეკრული ჰქონოდეს.

ჩვენს ჭკვიანს მემნონს გული სიბრალულით აღუვსო არა მისმა სილამაზემ (იგი დარწმუნებული იყო, რომ ასეთს სისუსტეს თავს არ მოუდრეკდა), არამედ იმ სასოწარკვეთილმა მდგომარეობამ, რომელშიაც ლამაზი ქალი იმყოფებოდა. მაშინვე სახლიდგან გამოვიდა და ახალ-გაზდა ნინივიელის წინაშე წარსდგა იმ აზრით, რომ თავისის სიჭკვიანით ნუგეში ეცა. ამ ლამაზმა არსებამ გულ-ამომჯდარის ხმით დაწვრილებით უამბო, როგორ უსამართლოდ სტანჯავდა მას თავის ბიძა (რომელიც არა ჰყოლია) და როგორ წაართვა ყველა თავისი ქონება (რომელიც არა ჰქონია) და ცალიერზე დასვა; ეს რა არის, შემდეგში კიდევ უარესს დღეს მიქადის ჩემი მტარვალიო.

„თქვენ ძალიან გულკეთილი კაცი უნდა ბრძანდებოდეთ, უთხრა ლამაზმა ქალმა: მოიღეთ მოწყალება, დაიმდაბლეთ თავი, მობრძანდით ჩვენსა და თქვენის საკუთარის თვალით ნახეთ ჩემი საქმე. ამას რომ იზამდეთ, დარწმუნებული ვარ, ჩემის საცოდავობით დაიწვით და დაუყოვნებლივ გამომიხსნით“.

მემნონმა უკან არ დაიხია და თან გაჰყვა, რათა იმისი საქმეები ყველა ჭკვიანურად განეხილა და გონიერი დარიგება მიეცა.

ქალმა მემნონი სურნელობით სავსე ოთახში შეიყვანა და ერთს განიერს სელზე დასვა. ორივენი ფეხი-ფეხზე გადადებულები ერთი მეორის პირდაპირ ისხდნენ. პირველად ქალმა დაიწყო ლაპარაკი. თვალები ძირს დახარა, რომელთაგან დრო-გამოშვებით ცრემლები სდიოდა. რა წამსაც მაღლა აიხედავდა, მემნონს შეხედავდა. მისი სიტყვები თვით ქვის გულის პატრონსაც მოარბილებდა და ეს ძალა მით უფრო ორკეცდებოდა, რაც ერთმანეთს თვალს თვალში უყრიდნენ. მემნონი ქალის ბედს დიდი გულ-შემატკივრობით ეპყრობოდა და მოიწადინა, რაც უნდა გამხდარიყო, ეს პატიოსანი და ბედკრული ქმნილება ტანჯვისაგან ეხსნა. გახურებულს ბაასში შეუმჩნევლად ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ, ფეხები ჩამოუსვეს: მემნონმა ასე ახლოდგან სცა ნუგეში და ისეთი გრძნობიერი დარიგებანი მისცა, რომ არც ერთს და არც მეორეს საქმეზე ლაპარაკი აღარ შეეძლოთ და არც ერთმა და არც მეორემ არ იცოდა, რა ამბავი ხდებოდა.

ორივენი ამ სანეტარო მდგომარეობაში იყვნენ. ამ დროს ქალის ბიძა შემოვიდა, როგორც მოსალოდნელი იყო, თავით ფეხებამდე შეიარაღებული; პირველად ბრაზ-მორეულად სთქვა - ორივე უნდა მოგკლათო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, თითქოს დამშვიდდაო: ამ სასჯელს ბლომა ფულები აგაცდენთო. მემნონი იძულებული იყო, რაც ებადა, ყველაფერი მიეცა.
თავისს თავს ბედნიერად სთვლიდა, რომ ასეთის მცირედის სასყიდლით ხიფათს თავი დააღწია; იმ დროს ამერიკა ჯერ კიდევ აღმოჩენილი არ იყო და უნუგეშო ქალები ისე საშიში არ იყვნენ, როგორც ჩვენს დროს არიან.

შერცხვენილი და სასოწარკვეთილი მემნონი სახლში დაბრუნდა. ვნახოთ, წერილი დახვდა - თავისი კარგი მეგობრები სადილად ეპატიჟებოდნენ.

„თუ სახლში დავრჩი, სთქვა მემნონმა, ამ ჩემის უბედურის შემთხვევის გამო დარდი თან გადამიტანს, ვერასა ვსჭამ და ავად გავხდები; ისევ ისა სჯობია, ჩემს გულითადს მეგობრებს უარი არ ვუთხრა და მათთან ერთად ზომიერად ვჭამო რამ; მათთან ტკბილს ბაასში დარდს გავიქარვებ და გადამავიწყდება ამ დილას ჩადენილი სისულელე“.

მემნონი წვეულებაზე მიდის; რა ნახვენ დაღვრემილს, ურჩევენ, ცხვირი ნუ ჩამოგიშვია, ღვინო დალიე და გამხიარულდებიო.

„ზომაზე დალეული ღვინო მკურნალია სულისა და გულისა“, ასე სჯიდა ჭკვიანი მემნონი.

მაგრამ საქმე იქამდე მივიდა, რომ დათვრა კიდეც. აბა, ახლა ვითამაშოთო, უთხრეს მეგობრებმა.

„წრეს არ გადასული“ თამაშობა და ისიც მეგობრებთან - დასაძრახი არ არისო, სთქვა თავისს გულში მემნონმა. ითამაშა, წააგო, რაც ჯიბეში ჰქონდა და იმდენივეც ვალად დაედო. თამაშობის დროს კინკლაობა ჩნდება; საქმე ძაან გამწვავდა; ერთმა მისმა გულითადმა მეგობარმა ხელი ჰკრა და ცალი თვალი წასთხარა. მოიყვანეს სახლში ჩვენი ჭკვიანი მემნონი, უფულო, ღვინით გალეშილი და ცალთვალა.

ღვინო მოინელა და თავისს თავს ცოტა ფხიზლობა შეატყო თუ არა, ნინიველს მებანკესთან მსახური გაგზავნა ფულის სათხოვნელად, რომ თავის გულითად მეგობრებისთვის ქაღალდში წანაგები ფული მიეცა. უთხრეს, მებანკე გაკოტრებულა და ასე მეტი სახლობა მწარედ დაუღონებიაო.

გაცოფებული მემნონი, ცალთვალ-ახვეული, მეფესთან საჩივლელად წავიდა, რათა ამ უკანასკნელს გაკოტრებული მებანკე სასტიკად დაესაჯა. შევიდა ერთს დარბაზში, სადაც რამდენიმე ქალი იჯდა. ყველას მეტის მეტი ამაყობა ეტყობოდა სახეზე, კიბეების ხაბარდები 20 ადლზე ნაკლები არც ერთისა არ იყო. ერთი მათგანი მემნონის ნაცნობი გამოდგა. ნახა თუ არა ცალ-თვალა მემნონი, პირი იქით მიიბრუნა და ზიზღით წარმოსთქვა: „ვაიმე, დედავ, ეს რა საშინელებაა!“

მეორე ქალი პირველზე უფრო დაახლოვებული ნაცნობი გამოდგა: „საღამო მშვიდობისა, ბ-ნო მემნონ, დიდად მოხარული ვარ თქვენის ნახვისა, მართლა, ბ-ნო მემნონ, ეს ერთი თვალი რამ დაგიშავათ?“ და პასუხს არც კი დაუცადა და ისევ ზურგი შეაქცია.

ასეთის მისალმებით საზოგადოდ გულ-დაწყვეტილმა მემნონმა სადღაც კუნჭულში ადგილი ამოირჩია და გადასწყვიტა, არავის სჩვენებოდა. მოუთმენლად უცდიდა მეფის გამოსვლას და მის ფერხთა წინაშე დაცემას. ცოტა ხანმაც განვლო და მეფე გამოჩნდა. მემნონი მიწაზე სამჯერ დაემხო და თავისი არზა მიართვა. მისმა უდიდებულესობამ მოწყალეს თვალით მოუსმინა თხოვნა, მაშინვე მოიხმო სატრაპი და უბრძანა, იმის საქმის ვითარება გამოეკვლია.

სატრაპმა მემნონი განზე გაიყვანა და ამაყად და კბილების ღრჭიალით შეუტია: „შე ბრუციანო ოხერო, ვინ გითხრა, მე დამტოვე და მეფესთან მიდიო; უფრორე ოხერი ხარ, რომ იმ პატიოსან მებანკის გასამართლებას ითხოვ, რომელიც ჩემის მფარველობის ქვეშეა და რომელიც ერთის ჩემის მოსამსახურე ქალის ძმისწულია. თუ გსურს, ეს მეორე თვალი მაინც შეგრჩეს, გირჩევ თავი დაანებე იმაზე ჩივილს.

ასე და ამ გვარად მემნონმა თუმცა დილით გადასწყვიტა, ქალის სილამაზესათვის თაყვანი არ ეცა, გადამეტებული არ ეჭამა, ქაღალდი არ ეთამაშნა, ჩხუბში არ გარეულიყო და თავისს დღეში სასახლეში არ წასულიყო, - მაგრამ საღამომდის ერთის მშვენიერის ქალის-მიერ მოტყუებული და გაძარცული იქმნა, კიდევაც დათვრა, ქაღალდიც ითამაშა, ჩხუბიც ასტეხა, ერთი თვალიც წაიხდინა და სასახლეშიაც იყო, სადაც მასხრადაც აიგდეს.

ვერ მიმხვდარა, რა ამბავი დაემართა, ლამის დარდმა გადაიტანოს, გული სრულიად მოუკვდა.

ბრუნდება სახლში; აქ ბოქაული დაუხვდა; იმის სახლიდგან ავეჯეულობას ალაგებდნენ მოვალეების დასაკმაყოფილებლად. ამის ნახვაზე გულს შემოეყარა და ერთის ხის ქვეშ წაიქცა. დილანდელი ქალიც თავის ბიჭითურთ აქ სასეირნოდ გამოსულა. ქალმა მემნონი თვალ-ახვეული რო ჰნახა, საშინლად გადიკასკასა. დაღამდა; მემნონს თავის სახლის კედლის გვერდით ბალახმა გაუწია ქვეშსაგებობა; ჯავრი არჩობს; ღონე მიხდილს ჩაეძინა. ძილში ერთი ციური არსება ეცხადება.

იგი არსება მთლად ბრჭყვინავდა; შვიდი მშვენიერი ფრთა ჰქონდა.

- ვინა ხარო? დაეკითხა მემნონი.

- შენი მფარველიო, მიუგო იმან.

- მაშ დამიბრუნე ჩემი თვალი, ჩემი ტანთ სიმრთელე, წინანდელი სიმდიდრე, უთხრა მემნონმა.

მემნონმა უამბო, თუ როგორ დაიბანა ხელი ყველაფერზე ერთის დღის განმავლობაში.

- აგეთი ამბები ჩვენს ქვეყანაში არ ხდება ხოლმე, მიუგო სულმა.

- თქვენ სადა სცხოვრობთ, ჰკითხა სასოწარკვეთილმა კაცმა.

- ჩემი სამშობლო, მიუგო სულმა, - მზეს ხუთი ათასს მილიონს ვერსზე შორავს და სირიუსის ერთს მახლობელს ვარსკვლავზეა.

- მშვენიერი ქვეყანაა, არა? სთქვა მემნონმა. ერთი ეს მითხარით, თქვენში კაცის ურცხვად მომატყუებელნი არ არიან? არც იმისთანა მეგობრები იქნებიან, რომელნიც თავის მეგობარს ფულს სტყუებენ და ცალს თვალსაც სთხრიან; არც გაკოტრებული მებანკეები იქმნებიან, არ იქნებიან აგრეთვე სატრაპები, რომელნიც იმის მაგიერ, რომ სამართალი მოგიპოვონ, მასხრად გიგდებენ?

- არა, მიუგო ვარსკვლავის მცხოვრებმა; აგეთი ამბები ჩვენში არ არის: ქალები თავისს დღეში არ გვატყუილებენ, რადგან მათი ხსენებაც არ არის ჩვენში; უზომო ჭამა-სმისაგან შეწუხებასაც არა ვგრძნობთ, რადგან საჭმელ-სასმელს სრულიად არა ვხმარობთ; რადგან ოქრო-ვერცხლს ჩვენში არავინ ხმარობს, ამიტომ არც გაკოტრებული მებანკეები გვყავს; თვალს ვერავინ მოგვთხრის ხოლმე, ვინაიდგან თქვენებრ ხორციელნი არა ვართ; და სატრაპებსაც არ შეუძლიანთ რაიმე უსამართლობა გვიყონ, რადგან ჩვენში ყველა თანასწორია და დიდ-პატარაობა არ ვიცით.

- თქვენში ყველაფერი კარგად ყოფილა მოწყობილი, ბატონო, უთხრა მემნონმა; მაგრამ ერთი ეს მითხარით - უქალ-უსაჭმელოდ დროს როგორ ატარებთ?

- რაც მცხოვრებნი ჩვენ გვაბარია, ყველაზე თვალ-ყური უნდა გვეჭიროს! და ახლა მე შენს ნუგეშად მოვსულვარ.

- ვაი მე, წამოიძახა მემნონმა. წინაღამეს რათ არ მოხვედი, რომ ამდენი ხიფათი თავიდგან აგეცილებინათ ჩემთვის?

- წინაღამეს შენს უფროსს ძმას ჰასანთან ვიყავ, მიუგო ციურმა არსებამ; ის შენზე უფრო საცოდავს მდგომარეობაში იმყოფება; მისმა უდიდებულესობამ ინდოეთის მეფემ, რომლის სასახლეშიაც ის იმყოფება, ცოტაოდენი დანაშულისათვის ორივე თვალი დასთხარა და ხელ-ფეხში ბორკილ გაყრილი საპყრობილეში ჩააგდო.

- ვაი იმისთანა ძმებს, რომელთაგან, მიუხედავად იმისა, რომ მფარველიცა ჰყავსთ, ერთი ცალის თვალით უმზერდეს ქვეყანას და მეორე კი ორსავე თვალით ბრმა იყოს; ერთი ბორკილით საპყრობილეში ეგდოს, ხოლო მეორეს ქვეშსაგებიც არა ჰქონდეს და ბალახზედ გორაობდეს!

- ფიქრი ნუ გაქვს, შენი ბედი ისევე დაგიბრუნდება; მართალია, სიკვდილამდე ცალთვალა დარჩები, მაგრამ ბედნიერი იმით იქნები, რომ ამას შემდეგ მაინც ბრიყულს გეგმას - უსრულეს ჭკვიან კაცად ყოფნისას - მეტად არ მიჰყვები.

- მაშ ეს მიუწვდომელი საქმე ყოფილა! მწარედ წამოიძახა მემნონმა.

- დიახ, იმდენადვე შეუძლებელია, როგორადაც შეუძლებელია, კაცი უსრულესი მარჯვე გახდეს ან უსრულესის ღონის მექონი შეიქმნას, უსრულესი შეძლება მოიპოვოს, ან კიდევ უსრულესი ბედნიერი გახდეს. ყველა ეს თვით ჩვენ არა გვაქვს; ხოლო არის ერთი ქვეყანა, სადაც ყველა ეს მოიპოვება, მაგრამ იმ დანარჩენს ასს მილიონს ქვეყანაში, რომელიც სივრცეში არის გაფანტული, ყველაფერი სიკეთე მეტ-ნაკლებობით მოიპოვება. ერთგან ნაკლები სიჭკვიანე და სიამოვნება, ვიდრე მეორე ალაგას, მესამედგან უფრო ნაკლებია და ასე ამ გვარად ვიდრე უკანასკნელამდე, რადგანაც ყველა შეშლილია.

- მეშინიან, უთხრა მემნონმა, ვაი თუ ჩვენი დედა-მიწაც ამისთანა იყოს, როგორიც ეხლა თქვენა ბრძანეთ.

- სრულიადაც არა, უპასუხა სულმა; ყველაფერი თავისს ალაგას უნდა იყოს.

- მაშ თუ ეგრეა, სთქვა მემნონმა, - ჩემის აზრით, ზოგიერთნი პოეტნი, ფილოსოფოსნი დიდად სცდებიან, რომ უნდათ დაამტკიცონ, ყველაფერი კარგადაა მოწყობილიო?

- ისინი მართალნი არიან, უპასუხა ზეციურმა ფილოსოფოსმა, - რადგან, როცა მაგას ამბობენ, მხედველობაში მთელის ქვეყნიერობის მოწყობილება აქვთ.

- ამას მხოლოდ მაშინ ვირწმუნებ, წამოილუღლუღა საწყალმა მემნონმა, როცა მეორე თვალის ჩინიც წამერთმევა.


ფრანგულით თარგმნილი - თედო სახოკიასი, 1891 წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში