მალალა იუსაფზაი - მე ვარ მალალა |
„ორი შესაძლებლობა მქონდა: ჩუმად ვყოფილიყავი და დავლოდებოდი, როდის მომკლავდნენ, ან მეთქვა სათქმელი და ისე მოვმკვდარიყავი. მე მეორე ვარიანტი ამოვირჩიე – გადავწყვიტე, მელაპარაკა“, მალალა იუსაფზაი...
14 წლის პაკისტანელმა გოგონამ ღიად გაილაშქრა თალიბების უმკაცრესი წესების წინააღმდეგ ქალთა განათლების უფლებების დასაცავად. მინგორაში, სკოლიდან შინისაკენ მიმავალ გზაზე მალალას შეიარაღებული თალიბი დაესხა თავს და რამდენჯერმე ესროლა. მძიმედ დაჭრილ გოგონას სოლიდარობა მთელმა მსოფლიომ გამოუცხადა.
"მე ვარ მალალა" ავტობიოგრაფიაა, რომელშიც დიდი ყურადღება ეთმობა პაკისტანის ისტორიას, რიგითი პაკისტანელების ცხოვრებას თალიბანის მმართველობის დროს. დღეს მალალა ოჯახთან ერთად ინგლისში, ბირმინგემში ცხოვრობს და სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს. თუმცა ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც პაკისტანში ქალებს უსაფრთხოდ ცხოვრება შეეძლებათ.
მალალა იუსაფზაი 2014 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა.
***
გოგო, რომელიც სწავლის უფლებისთვის იბრძოდა, თალიბანმა კი მისი მოკვლა სცადა
***
***
ჩვენს კულტურაში ნებისმიერი მამაკაცი შენი „ძმაა“, ქალი კი - „და“. ჩვენ ასე აღვიქვამთ ერთმანეთს. როდესაც მამაჩემმა ცოლი შეირთო და სკოლაში მიიყვანა, მასწავლებლებმა „ბაბი“ ანუ „ჩემი ძმის ცოლი“ უწოდეს და მას შემდეგ ჩვენც ასე მივმართავთ.
***
ჩვენს საზოგადოებაში გოგონებს მხოლოდ ექიმებად ან მასწავლებლებად მუშაობა შეუძლიათ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამის უფლებას მისცემენ.
***
ჩემს ქვეყანაში ვაჟის დაბადებას თოფის გასროლით აღნიშნავენ, გოგონებს კი ფარდის მიღმა მალავენ. ჩვენს რეალობაში მათი დანიშნულება ხომ მხოლოდ სადილის მომზადებითა და ბავშვების გაჩენით შემოიფარგლება.
პუშტუნთა უმრავლესობისთვის ქალიშვილის დაბადება სამწუხარო მოვლენაა.
***
პუშტუნები პაკისტანსა და ავღანეთში გაბნეული ამაყი ხალხი ვართ. ჩვენ დღემდე იმავე წესებით ვცხოვრობთ, რომლებითაც საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრები ხელმძღვანელობდნენ. ამ წესების ერთგვარ კოდექსს პუშტუნვალი ეწოდება და ის გვავალდებულებს სტუმართმოყვარეობა გამოვიჩინოთ ნებისმიერი სტუმრის მიმართ. უმთავრეს ღირებულებად კი „ნანგი“, ანუ ღირსების შენარჩუნება ითვლება.
ყველაზე ცუდი რამ, რაც პუშტუნს შეიძლება შეემთხვეს, სახელის გატეხაა. პუშტუნი კაცებისთვის სირცხვილი ყველაზე დიდი სასჯელია. ჩვენში ამბობენ, ღირსების გარეშე ამ სამყაროს ფასი არა აქვსო. ისე გამეტებით ვმტრობთ და ვებრძვით ერთმანეთს, რომ ჩვენს ენაში სიტყვა ბიძაშვილი - ტარბურ - მტრის სინონიმია. თუმცა, ამის მიუხედავად, ყოველთვის მხარში ვუდგავართ ერთმანეთს იმ გარე ძალების წინააღმდეგ, რომლებსაც ჩვენი მიწების დაპყრობა სურს.
***
პუშტუნ მამაკაცთა უმრავლესობა ასე არასდროს იქცევა - საკუთარ ცოლთან პრობლემებზე საუბარი მამაკაცის სისუსტეზე მიუთითებს. ჩვენში ხშირად გაიგონებთ, როგორ დასცინიან ასეთ კაცებს, შეხე ერთი, ცოლს რჩევას ეკითხებაო.
***
მე და დედა სახლიდან ისე ვერ გავიდოდით, თუ ჩვენი ოჯახის წევრი, ან ნათესავი მამაკაცი, თუნდაც ის ხუთი წლის ბავშვი ყოფილიყო, თან არ გვახლდებოდა. ასეთი იყო ჩვენი ტრადიცია.
***
პუშტუნებს პირველობა უყვართ და, შეიძლება ითქვას, მოსვენებას კარგავენ, როდესაც რომელიმე ბიძაშვილი მათზე პოპულარული, მდიდარი ან გავლენიანი ხდება.
***
[მამას სტუდენტობის] პირველ კურსზე სტუდენტთა შორის ყველაზე ცხარე დებატები ერთი რომანის შესახებ გაიმართა. ეს იყო სალმან რუშდის „სატანური ლექსები“, რომელიც წინასწარმეტყველის (კურთხეულ იყოს სახელი მისი) ცხოვრებაზე შექმნილი პაროდია იყო.
მუსლიმებმა რომანი მკრეხელურად მიიჩნიეს და ისე დაუნდობლად გააკრიტიკეს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში თითქოს სხვა სალაპარაკო თემა არც არსებობდა. რაც ყველაზე უცნაურია, თითქმის არავის მიუქცევია ყურადღება იმ ფაქტისთვის, რომ წიგნი პაკისტანში არც გამოცემულა. მისი ყიდვაც კი შეუძლებელი იყო. თუმცა წიგნის წინააღმდეგ აგორებულ ნეგატიურ კამპანიას ხელი შეუწყო ურდუს ენაზე გამოცემულ გაზეთებში დაბეჭდილმა რამდენიმე სტატიამ, რომელთა ავტორიც - პაკისტანის სადაზვერვო სამსახურთან დაახლოებული მოლა - ირწმუნებოდა, რომ წიგნი ძალზე მკრეხელური იყო, წინასწარმეტყველის (კურთხეულ იყოს სახელი მისი) სახელს შეურაცხყოფდა, და ამ საბაბით მის წინააღმდეგ გალაშქრება თითოეული ჭეშმარიტი მუსლიმის მოვალეობას წარმოადგენდა.
სულ მალე სრულიად პაკისტანის მოლებმა წიგნი ერთხმად დაგმეს, მისი აკრძალვა მოითხოვეს და მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამართეს. ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი აქცია ისლამაბადში 1989 წლის 12 თებერვალს გაიმართა. დემონსტრანტებმა ამერიკული ცენტრის წინ ამერიკის დროშებს ცეცხლი წაუკიდეს, მიუხედავად იმისა, რომ თავად რუშდიცა და მისი გამომცემლებიც ბრიტანელები არიან. პოლიციამ ხალხის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა და რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
წიგნით გამოწვეული აღშფოთება მხოლოდ პაკისტანში არ მძვინვარებდა. ორიოდე დღის შემდეგ ირანის უზენაესმა სასულიერო ლიდერმა, აიათოლა ხომეინიმ, სალმან რუშდის ფათვა დაადო და ხალხს მისი მკვლელობისკენ მოუწოდა.
***
ჩვენს კულტურაში ადამიანის პირად სივრცეს არ აღიარებენ და არც მეგობართან ან ნათესავთან სტუმრობას გეგმავენ წინასწარ. სტუმარს შეუძლია, როცა უნდა მაშინ დაგადგეს თავზე და იმდენ ხანს დარჩეს შენთან, რამდენსაც თავად მოისურვებს.
***
ჩვენი ტრადიციის მიხედვით, ბავშვის დაბადებიდან მეშვიდე დღეს საოჯახო ზეიმი „ვომა“, ანუ ბავშვის დაბადების მეშვიდე დღის აღსანიშნავი წვეულება იმართება, როდესაც ოჯახის წევრებს, მეგობრებს და მეზობლებს სტუმრად მოსვლა და ახალშობილის ნახვა შეუძლიათ.
***
ჩვენს კულტურაში მიუღებელია გოგოს მიერ ბიჭის მიმართ ინტერესის გამოჩენა. თუ გოგო ბიჭს გაეარშიყება, მისი საქციელი ოჯახის სირცხვილად აღიქმება, მაშინ როცა მამაკაცების მხრიდან ყველაფერი დასაშვებად ითვლება.
***
ჩვენში კიდევ ერთი ადათი - სვარა - არსებობს, რომლის მიხედვითაც კლანებს უფლება აქვთ, დაზავების მიზნით მოქიშპე ტომს გოგონა მიართვან ძღვნად. ამგვარი ქცევა კანონით აკრძალულია, თუმცა ხალხში მაინც ცოცხლობს.
***
პუშტუნვალის კოდექსი გვასწავლის, რომ სამაგიერო უნდა მივუზღოთ მათ, ვინც რაიმეს გვავნებს; [...] პუშტუნვალის თანახმად, თუ რომელიმე კლანის წარმომადგენელ მამაკაცს სხვა კლანის წარმომადგენელი მოკლავს, ან რაიმეს ავნებს, აუცილებელია სისხლის აღების, ანუ ნანგის, წესის აღსრულება, რაც დამნაშავე კლანის რომელიმე მამაკაცის მკვლელობას გულისხმობს და ასე გრძელდება უსასრულოდ. დრო არ არის შეზღუდული.
ჩვენში ამბობენ: „პუშტუნებს შეუძლიათ შური ოცი წლის შემდეგ იძიონ და ბევრმა ეს მაინც ნაადრევ შურისძიებად მიიჩნიოს“.
საერთოდ, პუშტუნებზე უამრავი გამონათქვამი არსებობს. ისეთი, როგორიცაა, მაგალითად: პუშტუნის გადაგდებული ქვა წყალში ჟანგს არ მოიკიდებს. რაც იმას ნიშნავს, რომ პუშტუნები არაფერს ივიწყებენ და პატიებაც არ იციან. ალბათ ამიტომ არის, რომ ჩვენში ძალიან იშვიათად ვამბობთ „მანანას“, ანუ მადლობას. ჩვენი რწმენით, თუკი პუშტუნს ხელს გაუმართავ, ისიც სიკეთით გადაგიხდის, ისევე როგორც არავინ შეგარჩენს მისთვის მიყენებულ ზიანს. ჩვენ გვწამს, რომ სიკეთეს მხოლოდ სიკეთით შეგიძლია უპასუხო. გაწეულ სამსახურს უბრალოდ „მადლობით“ ვერ დააფასებ.
ჩვენს მხარეში ბევრი ოჯახი გალავანშემოვლებულ დასახლებაში ცხოვრობს, რომელსაც სათვალთვალო კოშკურები აქვს, რათა იქაური მტრის თავდასხმისთვის მუდამ მზად იყვნენ. ოჯახის შორის წარმოშობილ მტრობას ბევრი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
***
ჩვენთვის ჩალმა რაინდობისა და ჭეშმარიტი პუშტუნობის სიმბოლოა. ჩალმის დაკარგვა ან თავიდან მოძრობა დიდ შეურაცხყოფად ითვლება.
***
ჩვენს ქვეყანაში მოლები ბოროტად იყენებენ იმ ფაქტს, რომ ძალიან ცოტამ იცის არაბული, ამიტომ ისინი ხშირად არასწორ ინტერპრეტირებას უკეთებენ ყურანსა და ჰადისს.
***
„ნებით არც ერთი პუშტუნი არ ტოვებს სამშობლოს. წასვლას ან სიღარიბე აიძულებს, ან - სიყვარული“.
***
ქალს მხოლოდ მაშინ შეუძლია ხელმეორედ გათხოვება, თუ მის ქმარს გარდაცვლილად გამოაცხადებენ და არა - დაკარგულად.
***
პაკისტანში თუ ქალები იტყვიან, რომ დამოუკიდებლობა სურთ, ხალხს ჰგონია, ეს მამის, ძმის ან ქმრებისადმი დაუმორჩილებლობას ნიშნავს. სინამდვილეში ჩვენ მხოლოდ გადაწყვეტილებების თავად მიღება გვინდა. გვინდა, ჩვენს ნებაზე ვიაროთ სკოლაში ან ვიმუშაოთ.
***
პუშტუნებს გვწამს, რომ თუ ბრინჯს გასცემ, თვით ჭიანჭველები და ფრინველები, რომლებიც ძირს დაცვენილ მარცვლებს შეჭამენ, ილოცებენ ჩვენთვის.
***
ჩვენ გვწამს, რომ ალაჰს თმაჭაღარა მოხუცების გასაჭირი უფრო ახლოს მიაქვს გულთან.
***
ადამიანები ვერ ვხვდებით, რაოდენ დიდებულია ღმერთი. მან არაჩვეულებრივი ტვინითა და მგრძნობიარე, მოყვარული გულით დაგვაჯილდოვა. მოგცა ორი ტუჩი სალაპარაკოდ და გრძნობათა გამოსახატავად, ორი თვალი - ქვეყნიერების სილამაზისა და მრავალფეროვნების დასანახად, ორი ფეხი - სიცოცხლის გზაზე სავლელად, ორი ხელი - სამუშაოდ, ცხვირი - ნაზსურნელების შესაყნოსად და ორი ყური - ტკბილი სიტყვების მოსასმენად. მხოლოდ მარცხენა ყურში სმენის დაკარგვისას მივხვდი, რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის თითოეული ორგანო.
მადლობას ვუხდი ალაჰს ასეთი გამოცდილი, მარჯვე ექიმებისთვის, გამოჯანმრთელებისა და ამქვეყნად მოვლინებისთვის, სადაც გადარჩენისათვის ბრძოლა გვიწევს. ზოგი სიკეთის გზას ირჩევს, ზოგი - სიავის. ერთი კაცის ნასროლმა ტყვიამ ერთ წამში ტვინი გამისივა, სმენა წამართვა და სახის მარცხენა ნერვი გამიწყვიტა, მეორე წამს კი მილიონობით ადამიანმა დაიწყო ჩემთვის ლოცვა, ხოლო ნიჭიერმა ექიმებმა სიცოცხლე შემინარჩუნეს. მე კარგი გოგო ვარ. ყოველთვის ხალხის დახმარებას ვცდილობდი. ამას ჯილდოებისა და ფულისთვის არ ვაკეთებდი. ღმერთს სულ ამას შევთხოვდი: - მინდა, ხალხს დავეხმარო და გთხოვ, ამაში დამეხმარე.
თალიბმა ახლოდან სამ გოგოს ესროლა, მაგრამ ვერც ერთი ვერ მოკლა. უჩვეულო ამბავია და ხალხიც იმას ამბობს, რომ სასწაულებრივად გადავრჩი. [...] ვიცი, რომ სიკვდილისგან ღმერთმა მიხსნა. თითქოს ხელმეორედ დავიბადე. ხალხი ღმერთს შესთხოვდა ჩემს შველას და მეც გადავრჩი იმისთვის, რომ სხვებს დავეხმარო.
ამბავი ჩემზე თავდასხმისა და იმისა, რაც შემდეგ მოხდა, არის ამბავი მალალასი, გოგონასი, რომელსაც თალიბანმა ესროლა. სულაც არ მგონია, რომ ეს ჩემი ამბავია.
მალალა იუსაფზაი - მე ვარ მალალა
ქრისტინა ლემთან ერთად
მთარგმნელები: ლიკა ჩაფიძე, ნიკა სამუშია