ზურაბ აბაშიძე - ცივი ომი, წარსული თუ დღევანდელობა?
ამბობენ, რომ 1940-იან წლებში სტალინმა კრემლში სასულიერო პირი მიიღო, რომელიც შეხვედრაზე სამოქალაქო ტანსაცმლით მისულა. ამის გამო სტალინს „უხუმრია“:
შენ გეტყობა, ჩემი უფრო გეშინია, ვიდრე ღმერთისო.
II მსოფლიო ომის მიწურულს დასავლეთის ქვეყნების ლიდერებსაც, უპირველეს ყოვლისა ვაშინგტონსა და ლონდონში, ალბათ, ეს კითხვა ტანჯავდათ: ღმერთის რისხვა უფრო საშიში იყო, თუ სტალინის პოლიტიკა?
***
II მსოფლიო ომში გამარჯვებული „დიდი სამეულის“ (სსრკ, აშშ, დიდი ბრიტანეთი) ლიდერებიდან, როგორც ჩანს, ყველაზე დიდი რომანტიკოსი ფრანკლინ რუზველტი იყო. მას სჯეროდა, რომ მოკავშირეები ომის შემდგომაც გააგრძელებდნენ თანამშრომლობას, რაც მსოფლიოს ხანგრძლივ მშვიდობასა და კეთილდღეობას მოუტანდა.
***
უინტსტონ ჩერჩილი თვლიდა, რომ „კაცობრიობის ისტორიაში ყველა ტირანიათა შორის ყველაზე საშინელი, დამანგრეველი და საზიზღარი ბოლშევიკური ტირანიაა“.
***
სტალინს გადაწყვეტილი ჰქონდა ევროპაში არა გავლენის სფეროს გაფართოება, არამედ გერმანიის ოკუპაციის ჩანაცვლება კომუნისტური რეჟიმით. ეს კი აშკარად ამსხვრევდა რუზველტის ოცნებებს მომავალ ჰარმონიულ მსოფლიოზე. ორი კვირით ადრე გარდაცვალებამდე, იმედგაცრუებულ პრეზიდენტ რუზველტს უთქვამს: სტალინმა ყველა ის პირობა დააღრვია, რომელიც იალტის კონფერენციაზე მოგვცაო.
***
რუზველტს ასეთ ფრაზასაც კი მიაწერენ: „ამერიკის ტრადიცია ბრიტანეთის მიმართ უნდობლობაა და ზიზღიცო“.
***
პოსტდამის კონფერენცია რამდენიმე საინტერესო ეპიზოდით შევიდა ისტორიაში. მაგალითად, ის ფაქტი, რომ კონფერენციის მსვლელობისას ჩერჩილი ლონდონში გაემგზავრა და იქ არჩევნებში დამარცხდა, ყველასათვის, განსაკუთრებით კი საბჭოთა დელეგაციისთვის, შოკის მომგვრელი უნდა ყოფილიყო. დიდ ბრიტანეთს კონფერენციაზე შემდეგ ახალი პრემიერი - კლემენტ ეტლი წარმოადგენდა.
***
ტრუმენი ცდილობდა დაერწმუნებინა სტალინი აშშ-ის კეთილგანწყობასა და მეგობრობაში. როდესაც მოლაპარაკებატა ერთ-ერთი რაუნდის დროს სტალინის შეუვალ პოზიციაზე ტრუმენმა მკაცრი რეაგირება მოახდინა, მას სახელმწიფო მდივანმა იქვე დაწერილი პატარა ბარათი გადასცა: „გთხოვთ, ნუ აწყენინებთ სტალინს“.
***
ჯორჯ ფროსტ კენანი აკეთებდა უაღრესად საინტერესო პროგნოზს: კრემლის მომავალი მმართველები ერთ მშვენიერ დღეს მივიდოდნენ იმ დასკვნამდე, რომ საჭირო იყო ამ რეჟიმის შეცვლა. მიხეილ გორბაჩოვის საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელად არჩევამდე და ამ პროგნოზის აღსრულებამდე ორმოცამდე წელი რჩებოდა!
„თუკი კომუნისტური პარტიის ერთობა დაირღვევა, საბჭოთა რუსეთი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო, უმალ ყველაზე სუსტ და უბადრუკ ქვეყნად გადაიქცევა“, - წინასწარმეტყველებდა კენანი.
***
1946 წლის 6 მარტს, აშშ-ში ვიზიტად მყოფმა ჩერჩილმა მისურის შტატის ქ. ფულტონში წარმოთქვა სიტყვა, რომელიც საბჭოთა კავშირში უმალ დასავლეთის მიერ „ცივი ომის“ გამოცხადებად აღიქვეს:
„შტეტინიდან ბალტიის ზღვაზე და ტრიესტამდე ადრიატიკის ზღვაზე, - მთელი კონტინენტის გადაკვეთით ევროპაში დაეშვა რკინის ფარდა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დედაქალაქები, რომელთა ისტორია მრავალ საუკუნეს ითვლის, ფარდის იქითა მხარეს აღმოჩდნენ. ვარშავა და ბერლინი, პრაღა და ვენა, ბუდაპეშტი და ბელგრადი, ბუქარესტი და სოფია - ეს მშვენიერი ქალაქები და მოსახლეობა... საბჭოთა გავლენის სფეროში მოექცა. ეს გავლენა სხვადასხვა ფორმით მჟღავნდება, მაგრამ მას თავს ვერავინ აღწევს. პირიქით, ეს ქვეყნები სულ უფრო მეტად ექვემდებარებიან არა მხოლოდ მოსკოვის კონტროლს, არამედ მის პირდაპირ ზეწოლას... დამიჯერეთ, ძალიან ცოტა დრო გვრჩება, ჩვენ არ უნდა დავუშვათ მოვლენების თავისთავადი განვითარება და იმ წუთის ლოდინი, როდესაც რაიმეს შეცვლა უკვე გვიან იქნება.
(მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ჩერჩილი ბრიტანეთის თემთა პალატაში ოპოზიციის ლიდერი იყო, მას ფულტონში პრეზიდენტი ტრუმენი ახლდა, რაც ხაზს უსვამდა ჩერჩილის განსაკუთრებულ პოლიტიკურ ავტორიტეტს).
***
პრეზიდენტმა ტრუმენმა მიიღო სტალინის გამოწვევა და 1946 წლის მარტშივე გამოაცხადა ახალი დოქტრინა - „შეერთებული შტატების პოლიტიკა იმ თავისუფალი ადამიანების დასაცავად, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ შეიარაღებული უმცირესობების ან გარეშე ძალების მიერ დაპყრობის მცდელობას“.
იმავდროულად, აშშ-მა დიდი ბრიტანეთის მოთხოვნის საპასუხოდ, სამხედრო და ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინა საბერძნეთსა და თურქეთს. სამიოდე თვის შემდეგ კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოაცხადა ევროპის ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინა საბერძნეთსა და თურქეთს. სამიოდე თვის შემდეგ კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოაცხადა ევროპის ეკონომიკური და სოციალური აღორძინების გეგმა, რომელსაც ფეხზე უნდა დაეყენებინა ომის შედეგად გაჩანაგებული და დანგრეული კონტინენტი. მარშალის სიტყვებით, ეს გეგმა „მიმართული იყო არა რომელიმე ქვეყნის ან დოქტრინის, არამედ შიმშილის, სიღარიბის, უიმედობის და ქაოსის წინააღმდეგ“.
მომდევნო წლებში მარშალის გეგმის ფარგლებში აშშ-მა ევროპის ქვეყნების აღორძინებისთვის 13 მილიარდ დოლარამდე გამოყო, რაც მაშინდელი კურსით ასტრონომიული თანხა იყო. ამ დახმარებამ მოკლე ვადაში ევროპა ფეხზე დააყენა და დასავლეთ ევროპის ინტეგრაციასაც ჩაუყარა საფუძველი.
ჰენრი კისინჯერის აზრით, მხოლოდ ისეთ იდეალისტ, ახალგაზრდა და შედარებით გამოუცდელ ქვეყანას, როგორიც შეერთებული შტატებია, შეეძლო მხოლო საკუთარ თავზე ეტვირთა გლობალური ეკონომიკური აღორძინების პროგრამა. სწორედ ასეთი ქვეყნის სამომავლო ხედვამ უზრუნველყო ამერიკელების მიერ ამ ვალდებულების აღება, რამაც ისინი „ცივ ომში“ საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა.
***
„ვაშინგტონის ხელშეკრულების“ უმთავრესი დებულება ჩამოყალიბდა მე-5 მუხლში, რომელშიც ნათქვამია, რომ „შეიარაღებული თავდასხმა ერთ-ერთ ან რამდენიმე მხარეზე ევროპაში ან ჩრდილო ამერიკაში განხილული იქნება, როგორც აგრესია ყველას წინააღმდეგ“, ანუ დევიზი „ყველა ერთისათვის, ერთი ყველასათვის“ ნატოს მთავარ ლოზუნგად იქცა.
***
1949 წლის მაისში ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული საოკუპაციო ზონების გაერთიანების შედეგად შეიქმნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, რაც სტალინმა დასავლეთის აშკარა გამოწვევად მიიჩნია. მან ნატოსა და გფრ-ის შექმნას 1949 წლის 29 აგვისტოს ყაზახეთის უდაბნოში ატომური ბომბის გამოცდით უპასუხა. ამით სტალინი კმაყოფილი ჩანდა. მისთვის მთავარი ხომ ძალთა ბალანსის შენარჩუნება იყო.
***
სამხედრო ტყვეების შესახებ არც ჩერჩილი ფიქრობდა: „სამხედრო ტყვე ის ადამიანია, რომელიც ყველნაირად ცდილობს შენს მოკვლას და როდესაც ეს მას არ გამოუვა, გემუდარება, რომ შენ არ მოკლა იგი“.
***
თუკი ომის დროს ამერიკულმა პრესამ სტალინს სიმპათიური მეტსახელი „ბიძია ჯო“ შეურჩია, ახლა იგი მათთვის კვლავ წითელი დიქტატორი იყო.
***
***
ადენაუერის ფიგურა და გფრ-ის წარმატებები დიდ გაღიზიანებას იწვევდა მოსკოვში. მე კარგად მახსოვს, თუ როგორ გვიხატავდა ადენაუერს საბჭოთა სატირულ-იუმორისტული ჟურნალი „კროკოდილი“.
კანცლერს კბილების ნაცვლად რაკეტები ჰქონდა, სისხლიანი ხელებით კი მშვიდობისმოყვარე გდრ-ის ტერიტორიას ეპოტინებოდა. ადენაუერის „რევანშისტულ-მილიტარისტულ რეჟიმს“ მშვიდი ძილის საშუალება არ უნდა მიეცა საბჭოთა მშრომელებისათვის. ამიტომ, როდესაც იგი 1955 წელს მოსკოვში ვიზიტით ჩავიდა და საბჭოთა ახალ ხელმძღვანელებს - ხრუშჩოვსა და ბულგანინს შეხვდა, საბჭოთა მოქალაქეებს ყველაზე მეტად ის აინტერესებდათ, თუ როგორ გამოიყურებოდა სინამდვილეში ადენაუერი.
***
„Есть человек – есть проблема, нет человека – нет проблемы“, - ამ შემზარავ ფრაზას სტალინს მიაწერენ.
***
1955 წლის 14 მაისს ვარშავაში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ, რომლის საფუძველზეც სსრკ, პოლონეთი, გდრ, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და ალბათნეთი ერთიან სამხედრო სტრუქტურაში გაერთიანდნენ. მომდევნო 35 წლის მანძილზე ვარშავის პაქტი ე.წ. სოციალისტური ბანაკის მთავარი დასაყრდენი და ნატოს უძლიერესი მეტოქე იყო.
(ალბანეთი 1968 წელს გავიდა ხელშეკრულებიდან)
***
პოლონეთის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობაზე ვლადისლავ გომულკას დანიშვნას საბჭოთა დელეგაცია ჯერ ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მასზე გაკეთდა არჩევანი. პოლონელ კომუნისტებს ამ საკითხის თაობაზე დისკუსიები „ზედმეტად“ რომ გაუგრძელდათ, ხრუშჩოვმა უბრძანა საბჭოთა მარშალ კონევს (ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი) ტანკები დაეძრა ვარშავის მიმართულებით. შეძრწუნებულმა პოლონელმა კომუნისტებმა სასწრაფოდ დაამტკიცეს გომულკა პირველ მდივნად.
„ამის შემდეგ ჩვენ გავეცით ბრძანება, რათა ტანკები შეეჩერებინათ და შევუერთდით პოლონელი ამხანაგების კრებას“, - იგონებს ხრუშჩოვი და „თბილად“ დასძენს:
„მომდევნო პერიოდში ჩვენ შევძელით გაგვეკვალა მეგობრობის გზა, რომელიც ჩვენი ხალხების გულებს აერთიანებდა, რადგან ეს იყო ჩვენი საერტო ბრძოლა ყველა ჯურის იმპერიალისტების, დასავლეთ გერმანიის რევანშისტებისა და საერთოდ, სოციალიზმის მტრების წინააღმდეგ.
***
დიდი რეჟისორი - სტანისლავსკი ამბობდა, „თუკი სცენაზე თოფი გამოჩნდება, მან აუცილებლად უნდა გაისროლოს“.
***
ვინც ფლობს ჭეშმარიტებას იდეოლოგიაზე, ფლობს ძალაუფლებასაც - იდეოლოგიური უპირატესობის გასამტკიცებლად, მაომ ხრუშჩოვის ანტისტალინისტურ პოლიტიკაზე უარი თქვა და იმის მტკიცებას შეუდგა, რომ საბჭოთა კავშირი კარგავდა რევოლუციურ შემართებას, რაც დასავლეთის იმპერიალისტების ინტერესებს შეესაბამებოდა:
„თუ ისინი ხმალს ხელიდან აგდებენ, ჩვენ ავიღებთ მას. თუ საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა თავს დაესხას სტალინს, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“.
***
1957 წელს მაომ ჩინელებს ასეთი პოეტური ლოზუნგი შესთავაზა:
„დაე იხაროს ასმა ყვავილმა, დაე ასი სკოლა გაეჯიბროს ერთმანეთს“.
ეს იყო მოწოდება საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობისა და დემოკრატიზაციისკენ, რაც ჩინელებმა უმალვე სიამოვნებით აიტაცეს.
მაგრამ, დემოკრატიზაციის სწრაფად „გამომცხვარ“ ექსპერიმენტს მაომ ასევე სწრაფად და დაუნდობლად მოუღო ბოლო. როგორც სულ მალე გაირკვა, ეს ტაქტიკური ნაბიჯი მას თავისი მტრების გამოსააშკარავებლად, ანუ როგორც მან ბრძანა - „გველების სოროებიდან გამოსატყუებლად“ სჭირდებოდა. მაოს დემოკრატიული გულუბრყვილობა ჩინელებს ძვირად დაუჯდათ. ქვეყანას მასობრივი რეპრესიების ტალღამ გადაუარა, რამაც ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილი იმსხვერპლა.
მაომ 1966 წელს ახალი კამპანია, ამჯერად „კულტურული რევოლუცია“ წამოიწყო. ამ კამპანიის მიზანი მაოს ძალაუფლების შემდგომი გაძლიერება, კომპარტიასა და საზოგადოებაში ოპონენტების განადგურება იყო.
ამჯერად მან შეტევა ჯერ ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ავტორიტეტზე - კონფუციზე მიიტანა, რომელიც დაახლოებით 2500 წლის წინ ცხოვრობდა. კონფუციანელობა უძველესი ჩინური ტრადიციების, ზნეობრივი ფასეულობებისა და ცხოვრების წესის ერთ-ერთი მყარი სვეტია. მაო დაუნდობლად შეუდგა მის მორყევას. კონფუცი და მისი მიმდევრები რეაქციონერებად გამოაცხადეს, მათ წინააღმდეგ ფანატიკოსი ხუნვეიბინები („წითელი დამცველები“) და ძაო-ფანები („შფოთისთავები“) დარაზმეს.
ახალი რევოლუციის დაუნდობელმა ტალღამ საზოგადოების ყველაზე მოაზროვნე ნაწილს გადაუარა. ფიზიკურად უსწორდებოდნენ მეცნიერებს, მასწავლებლებს, ცნობილ პიროვნებებს, ყველას, ვისაც სახეზე ამჩნევდნენ „ღალატს“. ის ვინც ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა, სოფლად გადაასახლეს და „აღმზრდელობითი“ მიზნებით კომუნებში შერეკეს.
ერთადერთი ნაშრომი, რომლის წაკითხვა და ზეპირად ცოდნა ახალგაზრდებს მოეთხოვებოდათ, მაო ძედუნის ცნობილი „წითელი წიგნი“ იყო. ამ წიგნს ხუნვეიბინები ყველგან აფრიალებდნენ, ის იყო მათი ცოდნის მთავარი წყარო და იარაღი.
***
მოსკოვისათვის ყველა რთულად „მოსათვინიერებელი“ კომუნისტური ალბანეთის ლიდერი - ენვერ ხოჯა აღმოჩნდა. მან ღიად გამოუცხადა უნდობლობა მოსკოვს და ჩინეთის ერთადერთ ევროპელ მოკავშირედ გამოაცხადა თავი.
ხოჯას პარანოია ჩინელებსაც კი უკვირდათ. მან გასამხედროებულ ბანაკად აქცია ეს ლამაზი საკურორტო ქვეყანა და ბეტონის ბუნკერები აავსო იგი.
ალბანეთი 1980-იანი წლების ბოლომდე, ანუ ე.წ. სოციალისტური ბანაკის დაშლამდე არსებობდა მსოფლიოსგან იზოლირებულად.
***
ჟურნალისტის კითხვას, უპერსპექტივო ხომ არ იყო აშშ-ის გაკომუნისტების საბჭოური მცდელობა, ნიკიტა ხრუშჩოვმა მრისხანე ტირადა მიაყოლა:
„იმის მაგივრად, რომ მე მისმინოთ, თქვენ პროვოკაციულ კითხვებს მისვამთ და თვლით, რომ მე ძაღლი ვარ და მთვარეს ვუყეფ. არა, მე ძაღლი კი არ ვარ, არამედ უდიდესი სახელმწიფოს ხელმძღვანელი!“
ხრუშჩოვის განსაკუთრებული განრისხება იმან გამოიწვია, რომ ამერიკის მხარემ, უსაფრთხოების მოსაზრებით, უარი უთხრა მას საბავშვო „დისნეილენდის“ დათვალიერებაზე. ვიზიტი კინაღამ ჩაიშალა.
***
მსგავსი, რაც 1960 წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე მოხდა, არც მანამდე და არც მერე არავის უნახავს. სესიის მსვლელობისას ნიკიტა ხრუშჩოვი პროტესტის ნიშნად ფეხებს აბაკუნებდა იატაკზე და მუშტებს ურტყამდა მაგიდას, რასაც საბჭოთა დელეგაციის სხვა წევრებიც იმეორებდნენ.
ფილიპინების წარმომადგენელს მან „ამერიკელების მარიონეტი“ უწოდა და თანაც საჯაროდ დაამატა, „შეიძლება იგი ცუდი ადამიანი სულაც არ არის, მაგრამ აშკარად თავისი პატრონების დავალებას ასრულებსო“.
ესპანეთის საგაერო საქმეთა მინისტრი „სისხლიანი რეჟიმის“ წარმომადგენლად მონათლა.
განსაკუთრებით განარისხა ნიკიტა სესიის სხდომის თავმჯდომარის, ირლანდიელი ბოლანდის საქციელმა, რომელიც ცდილობდა აელაგმა ხრუშჩოვის უმსგავსობები:
„აჰა, მაშინ თქვენც მხარს უჭერთ იმპერიალიზმისა და ფაშიზმის ამ ვიგინდარა მსახურს?! მოვა დრო და ირლანდიელი ხალხი ჩამოიცილებს თქვენნაირ იმპერიალისტ მჩაგვრელებს“.
როდესაც ხრუშჩოვის შეჩერება გაეროს გენერალურმა მდივანმა ჰამარშელდმაც სცადა, ნიკიტამ ეს სასტიკად გაიკვირვა:
„როგორ, თქვენც ჩემი წინააღმდეგი ხართ? მე ხომ მოსკოვში გიმასპინძლეთ და ნავითაც გავისეირნეთ?!“
***
გასაიდუმლოებული საბჭოთა სტატისტიკის მიხედვით, 1956 წლისათვის აღმოსავლეთი ნაწილიდან დასავლეთ ბერლინში საცხოვრებლად გადავიდა 1 მლნ, ხოლო 1961 წლისათვის - 2.7 მლნ გერმანელი. გასათვალისწინებელია, რომ უმთავრესად ეს კვალიფიცირებული მუშახელი იყო. გდრ-ის ხელმძღვანელობა ნათლად ხედავდა, რომ კარლ მარქსის სამშობლოს კომუნისტურ ნაწილს მშრომელები კაპიტალიზმს ამჯობინებდნენ. ამ შემაშფოთებელი ტენდენციის შესაჩერებლად გდრ-ის ლიდერი ვალტერ ულბრხიტი კრემლს მიმართავდა, მაგრამ იქიდან ასეთ პასუხს იღებდა:
„თუ გერმანიაში შობილი მარქსიზმი თავისივე სამშობლოში ვერ გაიმარჯვებს, მაშინ ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საერთოდ ჩვენს წარმატებებს“.
***
1961 წლის ივნისში, ვენაში გამართულ შეხვედრაზე, მიუხედავად კენედისთან საერთო ჯამში კორექტული საუბრისა, ნიკიტამ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი სუსტ პიროვნებად ჩათვალა და ვიზიტის დამთავრების შემდეგ ახლო წრეში გამოტყდა:
„თუ ახლა ამერიკელებს ასეთი პრეზიდენტი ჰყავთ, მე ნამდვილად მეცოდება ამერიკელი ხალხი“.
ამ შეფასებაზე გაცილებით შორს წავიდა გრომიკო, რომელმაც საბჭოთა საგარეო უწყების პარტიულ აქტივზე განაცხადა:
„ეს იყო გიგანტისა და პიგმეის შეხვედრა“.
წლების შემდეგ, უკვე პენსიონერი ხრუშჩოვი ასე იგონებდა კენედის:
„ჩემსა და კენედის შორის დიდი განსხვავება იყო. მე ყოფილი მეშახტე ვიყავი, მერე მეტალურგი, რომელიც შემდგომ პარტიის ნებით ჩემი ქვეყნის პრემიერად დავინიშნე. კენედი კი მილიონერის შვილი და თვითონაც მილიონერი იყო. იგი კაპიტალიზმის გაძლიერებას ცდილობდა, მე კი კაპიტალიზმის დანგრევასა და ახალი სოციალური წყობის მშენებლობას მარქსის, ენგელსისა და ლენინის თეორიის საფუძველზე“.
***
1961 წლის 12-13 აგვისტოს ღამით დასავლეთ ბერლინში დაწესდა მკაცრი სასაზღვრო რეჟიმი, რომელიც გულისხმობდა დამცავი საინჟინრო ნაკეთობებისა და ბეტონის მაღალი ფილებისგან კედლის აგებას.
ქალაქი ფაქტობრივად ციხედ გადაიქცა.
კენედის რეაქცია ამ შემზარავ ინფორმაციაზე ასეთი იყო:
„ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს ჯოჯოხეთური კედელი უკეთსია, ვიდრე ომი“.
ვაშინგტონის ასეთმა პოზიციამ ადენაუერის, დასავლეთ გერმანელებისა და ბერლინელების დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, რაც კენედიმ ცოტა მოგვიანებით გამოასწორა.
მისი გამოსვლა დასავლეთ ბერლინელების წინაშე და მისი ცნობილი სიტყვები სოლიდარობის და თავისუფლების დაცვის სიმბოლოდ იქცა: „Ich bin ein Berliner!“ („მე ბერლინელი ვარ!“).
***
ერთადერთი დადებითი რამ, რაც კარიბის კრიზისმა საქართველოს მოუტანა, ეს გახლდათ ცნობილი ამერიკელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის - ჯონ სტეინბეკის სტუმრობა. იგი საქართველოში 1948 წელსაც იყო ნამყოფი, მაგრამ მეორე ვიზიტი, როგორც ამბობენ, პირადად პრეზიდენტ კენედისთან იყო შეთანხმებული.
საქართველო სტეინბეკისთვის გასაოცარ სამყაროდ, სანუკვარ კუთხედ იქცა, რომლის თაობაზეც იგი სიცოცხლის ბოლომდე ბევრს უყვებოდა ახლობლებსა და უცნობებს. იგი განსაკუთრებით ქართველ მწერლებთან და უბრალო მოქეიფე ხალხთან ურთიერთობამ მოხიბლა. სტეინბეკს თვიდან საკმაოდ დისტანციურად ეკავა თავი, ეტყობა ყველა ოფიციალური პირი ეგონა. მაგრამ ქართულმა სტუმართმოყვარეობამ მალე იქამდე მოალბო იგი, რომ ერთ სუფრაზე უნატრია კიდეც: ნეტავ ახლა მამაჩემი მიყურებდესო.
***
„Partia o Muerte!“ – „სამშობლო ან სიკვდილი“, კუბელი რევოლუციონერების ლოზუნგი.
***
ათეული წლების მანძილზე ნიკარაგუას პირსისხლიანი დიქტატორი ანასტასიო სომოსა მართავდა. მასზე ვაშინგტონში ასე საუბრობდნენ:
„ვიცით, რომ ძაღლიშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლიშვილია“.
ამ პრინციპით ასევე ათეული წლების მანძილზე ეგუებოდა ვაშინგტონი პარაგვაიში პარანოიდული ალფრედო სტრესნერის სამხედრო დიქტატურას, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში ფაშისტურ რეჟიმებს, კუნძულ ჰაიტიზე „ბნელეთის მოციქულ“ ფრანსუა დიუვალიეს და მრავალ სხვას.
სამხრეთ ამერიკაში სამხედროები ხშირად თვითონ ამხობდნენ მათთვის სხვადასხვა მიზეზით მიუღებელ სამოქალაქო მთავრობებს. მაგრამ ვაი იმას, ვისაც კომუნისტური იდოლოგიის ნიშანწყალს მაინც აღმოუჩენდნენ. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო უხეშად ერეოდა მეზობელი ქვეყნების შინაგან საქმეებში, არ ინდობდა დემოკრატიული გზით არჩეულ პრეზიდენტებსაც კი.
მაგალითად, 1954 წელს დაამხეს გვატემალის მემარცხენე პრეზიდენტი ველასკო იბარა, 1963 წელს დომინიკის რესპუბლიკის სოციალ-დემოკრატი პრეზიდენტი ხუან ბოში, 1973 წელს ჩილეს სოციალისტი პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე. აღარაფერს ვამბობთ მკვლელობის რამდენიმე მცდელობაზე კასტროს წინააღმდეგ, სიკვდილის ბრიგადებზე სალვადორსა და გვატემალაში. ამ ჩამონათვალის გაგრძელება შორს წაგვიყვანდა.
***
ჩერჩილი ერთ არისტოკრატულ წვეულებაზე იმდენად ნასვამი მივიდა, რომ მის გვერდით მჯდომმა ქალბატონმა მას შენიშვნა მისცა:
„სერ უინსტონ, მე რომ თქვენი ცოლი ვიყო, ყავაში საწამლავს ჩაგიყრიდითო“.
„მე რომ თქვენი ქმარი ვიყო, მაგ ყავას აუცილებლად დავლევდიო“ - უთქვამს ჩერჩილს.
***
ერთ-ერთმა ევროპელმა ექსპერტმა ასე შეაფასა პლენუმის შედეგები:
„პლენუმმა მხარი არ დაუჭირა ხრუშჩოვს თუმცა მას ფარული მომხრეებიც ჰყავდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ხრუშჩოვის უდიდესი წარმატება იყო: ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სტალინის მემკვიდრეს ასე მშვიდობიანად, ჩვეულებრივი კენჭისყრის მეთოდით გადააყენებდნენ“.
იგივე უთქვამს თვითონ ნიკიტა ხრუშჩოვსაც პლენუმიდან სახლში დაბრუნებისას:
„მაშ ასე, ახლა მე პენსიონერი ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მე გავაკეთე, შეიძლება ის არის, რომ მე მათ გადამირჩიეს. ჩემს ადგილას სტალინი მათ ყველას დაიჭერდა“.
***
1966 წელს ამერიკული გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში ჰანოის რეჟიმის პრემიერმა ფან ვან დონგმა იწინასწარმეტყველა, რომ ამ ომში ვიეტნამელები გაიმარჯვებდნენ, რადგან სივდილისათვის ისინი უფრო მზად იყვნენ, ვიდრე ამერიკელები.
ვიეტნამის ომი განსაკუთრებულ დებატებსა და პოლარიზაციას თვით ამერიკულ საზოგადოებაში იწვევდა. ომის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ამერიკელების პოზიცია შესანიშნავად ჩამოაყალიბა ცნობილმა ტელეჟურნალისტმა ჯეიმს რესტონმა:
„განა რა მიზნები ამართლებს ასეთ მასობრივ კაცისკვლას? თუკი ვიეტნამის გადარჩენა გვინდა, მაშინ რატომ ვანადგურებთ მას?“
ვიეტნამის ომის შედეგები და მათი ანალიზი მრავალი წლის მანძილზე განიხილებოდა ამერიკულ საზოგადოებაში. როგორც კისინჯერი იგონებს, ამერიკელებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა გამოიტანეს ვიეტნამში წაგებული ომიდან:
1) სანამ აშშ საბრძოლო კამპანიას დაიწყებს, მას უნდა ჰქონდეს ამოცანების ნათელი ხედვა, მას უნდა ჰქონდეს ასევე გამართული სამხედრო სტრატეგია და პასუხი კითხვაზე, თუ რა პოლიტიკური შედეგის მიღწევას ისახავს იგი მიზნად.
2) თუკი აშშ დაიწყებს სამხედრო კამპანიას, მიზანი უნდა იყოს მხოოდ უალტერნატივო გამარჯვება. კამპანიის დიდ დროში გაწელვა უთუოდ ამერიკული საზოგადოების უკმაყოფილებას გამოიწვევს; ამიტომ ომის დაწყებამდე აუცილებელია სამხედრო სტრატეგიისა და პოლიტიკური ამოცანების სწორად განსაზღვრა;
3) დემოკრატიული ქვეყანა ვერ შეძლებს საომარი მოქმედებების ეფექტურად წარმართვას, თუკი პოლიტიკურ ძალებს შორის და მთლიანად საზოგადოებაში თანხმობა და კონსენსუსი არ იქნება.
***
„პრაღის გაზაფხულის“ გამო ემიგრაციაში წავიდა ინტელიგენციის დიდი ნაწილი, მათ შორის ცნობილი მწერალი მილან კუნდერა, რომელმაც არაერთი შესანიშნავი რომანი მიუძღვნა 1968 წლის მოვლენებს.
„პრაღის გაზაფხულის“ ტრაგიკულ დასასრულს საბოლოო წერტილი დაუსვა 19 წლის იან პალიჩმა, რომელმაც ცნობილ ვაცლავის მოედანზე პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა.
პრაღის მოვლენებთან დაკავშირებით და პროტესტის ნიშნად 1968 წელს წითელ მოედანზე მხოლოდ 7 მოსკოველი გამოვიდა. ისინი უმალვე დააპატიმრეს. დასავლეთში გამოქვეყნდა ცნობილი მეცნიერისა და ადამიანის უფლებათა დამცველის ანდრე სახაროვის წერილი, რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა კრემლის პოლიტიკას და სოლიდარობას უცხადებდა ჩეხოსლოვაკიის ხალხს. ეს იყო და ეს.
2007 წლის 27 აპრილს პრაღაში ვიზიტად ჩასულმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა:
„მართალია, რუსეთი სსრკ-ის შთამომავალი და მისი იურიდიული მემკვიდრეა, მაგრამ თანამედროვე რუსეთი სულ სხვა სახელმწიფოა პოლიტიკური სისტემის თვალსაზრისით. ჩვენ არა მარტო ვგმობთ 1968 წლის მოვლენებს, არამედ ვგრძნობთ მორალურ პასუხისმგებლობასაც“.
***
ამბობენ, როდესაც სტალინმა ისრაელის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, იქვე დასძინა: „ამის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა არასდროს აღარ იქნებაო“.
ექვსდღიანი ომის შემდეგ ისრაელი მზად იყო ახალდაპყრობილი ტერიტორიის ნაწილზე პალესტინის არაბული სახელმწიფო შექმნილიყო. მაგრამ 1967 წლის 2 სექტემბერს ქ.ხართუმში ჩატარებულმა არაბული ქვეყნების ლიგის კონფერენციამ ბოლო მოუღო მორიგების შესაძლებლობას, როდესაც დაადგინა ცნობილი „სამი არა“: არა - ისრაელის ცნობას, არა - მოლაპარაკებას ისრაელთან, არა - მშვიდობას ისრაელთან. ასე დაიკარგა ხართუმის კონფერენციაზე რეალური გარიგების შანსი.
***
1950 წელს მსოფლიოში მოხმარებული ენერგეტიკული რესურსებიდან ნავთობზე 37.8%, ხოლო ქვანახშირზე - 55.7% მოდიოდა. უკვე 1972 წელს ნავთობის და გაზის წილი 64.4% შეადგენდა.
***
ერთხელ მაო ძედუნმა აშშ და სსრკ ერთმანეთს ასე შეადარა:
„ნიქსონი მემარჯვენეა და ანტიკომუნისტების ლიდერი. მაგრამ მე მომწონს მასთან ურთეიერთობა, რადგან რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. აი მემარცხენეები კი არ მიყვარს: ერთას ამბობენ და მეორეს გულისხმობენ.“
***
განმუხტვის ეპოქის აპოგეა გახლდათ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენცია, რომელიც 1975 წელს გაიმართა ჰელსინკიში. კონფერენცია რამდენიმე წლის მანძილზე მზადდებოდა, მასში მონაწილეობა მიიღო ევროპის 35 სახელმწიფომ, ასევე აშშ-მა და კანადამ.
კონფერენციაზე ხელი მოეწერა „დასკვნით აქტს“, რომელიც 3 ნაწილისაგან, ან როგორც მერე უწოდებდნენ, 3 კალათისაგან შედგებოდა.
პირველი ნაწილი აღიარებდა იმ დროისათვის ევროპაში დაწესებულ საზღვრებს, ადასტურებდა ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს და შესაძლო კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას. აღნიშნული „კალათა“ აშკარად საბჭოთა დიპლომატიის დიდი მიღწევა იყო, რადგან იგი აკანონებდა II მსოფლიო ომის შემდეგ მოსკოვის გავლენის სფეროებში მოქცეული სახელმწიფოების საზღვრებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელვანი იყო გდრ-თან მიმართებაში.
მეორე „კალათაში“ საუბარი იყო უმთავრესად ეკონომიკურ, სამეცნიერო და ტექნიკურ თანამშრომლობაზე.
აი მესამე „კალათა“ კი ჰუმანიტარულ საკითხებსა და ადამიანის უფლებებს ეხებოდა. პირველი ორი „კალათის“ ხათრით მოსკოვი დათანხმდა ეღიარებინა ადამიანის ფუძემდებლური უფლებები, მათ შორის აზრის თავისუფალი გამოხატვა, გადაადგილება, ინფორმაციის მიღება და სხვ.
ვაშინგტონში ჰელსინკის კონფერენციის შედეგები ასე შეაჯამეს:
„პირველად ომისშემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებები და თავისუფლება აღიარებული იქნა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დიალოგის მნიშვნელოვან თემად. კონფერენციამ დაადასტურა საზოგადოებრივი ცხოვრების დასავლური სტანდარტები“.
მიუხედავად განმუხტვის ეპოქისა და აშშ-თან ხელმოწერილი ქცევის „საბაზისო პრინციპებისა“, მოსკოვი მაინც ვერ იკავებდა თავს მსოფლიოს შორეულ რეგიონებში მარქსისტული და სხვადასხვა ჯურის მემარცხენე ძლების მხარდაჭერისგან.
***
ნიკარაგუაში სამოსას ტირანული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ რევოლუციონერი სანდინისტები, რომლებიც მარქსისტულ იდეოლოგიას იზიარებდნენ. მათი მთავარი მხარდამჭერი მოსკოვი იყო, ხოლო რეგიონალური პარტნიორი - კუბა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რევოლუციურ რეჟიმს მალე შეიარაღებული ოპოზიცია („კონტრა“) გაუჩნდა. მათ აშშ უჭერდა მხარს და აიარაღებდა. აშშ-ში მალე გაჩნდა ცნობები, რომ საბჭოთა კავშირი ნიკარაგუის ხელისუფლების მეშვეობით ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნებზეც, კერძოდ სალვადორზე, ცდილობდა გავლენის გავრცელებას. თვით ნიკარაგუაში კი 1980 წლისათვის 4 ათასამდე კუბელი სამხედრო სპეციალისტი მუშაობდა.
აშშ-ის სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 1976 წელს სსრკ-მა 300 მილიონი დოლარის შეიარაღება მიაწოდა ანგოლის მთავრობას. ა მდროს კი საბჭოთა მაღაზიებში უკვე თითქმის ყველაფრის დეფიციტი იყო - რიგები, რიგები და რიგები.
(აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ანალიტიკოსთა აზრით, ეკონომიკის სფეროში ბრეჟნევის ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა იყო 1975 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც მაქსიმალურად შეზღუდა კაპიტალური დაბანდებები ახალი მანქანა-დანარგარების წარმოებასა და თანამედროვე საწარმოების მშენებლობაში. აქცენტი გადატანილ იქნა წარმოების ეფექტურობასა და სახსრების ეკონომიაზე).
„ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ ბევრმა ცნობილმა საბჭოთა სპეციალისტმა აღიარა, რომ ისინი არ ურჩევდნენ კრემლს შორეული ქვეყნების საქმეებში ჩარევას. მაგრამ ამ პერიოდში, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სულ უფრო გააქტიურდა საბჭოთა გენერალიტეტი. როგორც მოგვიანებით აშშ-ში ყოფილი ელჩი დობრინინი აღიარებდა:
„ჩვენი უმაღლესი სამხედრო ჩინის ერთ ნაწილს განსაკუთრებულ სიამოვნებას ჰგვრიდა ამერიკელებთან დაპირისპირება და საბჭოთა დროშის აფრიალება მსოფლიოს შორეულ კუნჭულებში“.
***
1979 წელს ინდოეთში ვმუშაობდი დიპლომატად. 25 დეკემბერს (კათოლიკური შობა!), დილით ადრე გაზეთი „თაიმზ ოფ ინდია“ გადავშალე.
პირველ გვერდზე უშველებელი შრიფტით ეწერა: „საბჭოთა კავშირი ავღანეთში შეიჭრა!“
ავღანეთი ერთი უაღრესად ჩამორჩენილი, გარეშე სამყაროსგან მივიწყებული ქვეყანა იყო. 1933 წლიდან მას მეფე ზაჰირ შაჰი მართავდა.
ავღანეთში მრავალი წლის სიმშვიდე 1973 წელს დაირღვა, როდესაც სამეფო ოჯახის წევრმა მუჰამედ დაუდმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და საკუთარი თავი ავღანეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად გამოაცხადა. ზაჰირ შაჰი იძულებული გახდა საფრანგეთში წასულიყო ემიგრაციაში. ამ დღიდან იწყება და ჯერაც გრძელდება ავღანეთის ტრაგედია.
თავის მოგონებებში გრომიკო წერს: „გადაწყვეტილება ავღანეთში შეზღუდული საბჭოთ კონტინგენტის შეყვანის შესახებ მიღებულ იქნა მეგობარი ავღანელი ხალხისათვის ინტერნაციონალური დახმარების აღმოჩენის მიზნით, ასევე ზოგიერთი არამეგობრული სახელმწიფოს მხრიდან ანტიავღანური აქციების შესაჩერებლად“.
საინტერესოა, რომ გრომიკოს მიერ ნახსენები ტერმინი „შეზღუდული კონტინგენტი“ შემდგომში საბჭოთა პროპაგანდის კლიშედ იქცა. არადა, ეს „შეზღუდული“ რაოდენობა რეალურად გულისხმობდა: 5 ბრიგადას, 4 დივიზიას, სამხედრო ავიაციის 4 პოლკს, ვერტმფრენთა 3 პოლკს, ასევე მმართველობის სამსახურებს, სუკ-ისა და მესაზღვრეების სპეციალურ დანაყოფებს. მომდევნო პერიოდში ავღანეთში საბჭოთა ჯარის რაოდენობა 100 ათასამდე გაიზარდა.
„ჩვენ არ ვუბიძგებდით მოსკოვს ინტერვენციისკენ, მაგრამ არც ვეწინააღმდეგებოდით მოვლენების ასეთ განვითარებას - იგონებს ბჟეზინსკი (აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში) - საბჭოთა კავშირი თვითონ ებმებოდა ავღანურ მახეში. იმავე დღეს, როცა საბჭოთა ჯარმა ავღანეთის საზღვარი გადალახა, მე პრეზიდენტ კარტერს ვაცნობე: გვეძლევა შანსი საბჭოელებს შევუქმნათ თავის ვიეტნამის ომი“.
საბჭოთა ოფიციალური მონაცემებით, 1980 წლის მანძილზე ავღანეთში 1500-მდე საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა, 1981 წელს - 1292, ხოლო 1982 წელს - 1948. სულ ავღანეთის ომში 15 ათასამდე საბჭოთა სამხედრო დაიღუპა და ერთ მილიონამდე ავღანელი. ბუნებრივია, დაღუპულ ავღნელთა აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლე იყო.
მალე ავღანეთში დაღუპული ბიჭების კუბოები საქარველოშიც ჩამოასვენეს. მშობლებს ურჩევდნენ, არ გაეხმაურებინათ ეს ამბავი.
***
ირანის ისლამური რევოლუცია
შაჰი ვაშინგტონის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სტრატეგიულ მოკავშირედ ითვლებოდა. 1953 წელს მან ძალაუფლება სწორედ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით დაიბრუნა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი პრემიერ-მინისტრი მოსადეყი პოლიტიკას ჩამოაშორეს. შაჰი მკვეთრად გამოხატულ პროამერიკულ პოლიტიკას ატარებდა, ცდილობდა ქვეყანაში დასავლური ფასეულობების დანერგვას, რითაც გავლენიანი სასულიერო პირების უკმაყოფილებას იწვევდა.
შაჰი უაღრესად ავტორიტარული მმართველი იყო. ქვეყანაში არსებობდა მხოლოდ ერთი - ეროვნული აღორძინების პარტია, რომლის წევრობა აუცილებელი იყო ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად. მოსახლეობას და ოპოზიციურად განწყობილ პირებს შიშის ზარს სცემდა შაჰის საიდუმლო პოლიცია „სავაქი“. იგი განსაკუთრებით კომუნისტებს არ წყალობდა. მიხედავად ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებლისა, რაც უმთავრესად ნავთობის მოპოვებასთან იყო დაკავშირებული, ქვეყანაში დიდი სოციალური უთნასწორობა და სიდუხჭირე იყო. შაჰის გარემოცვაში ძლიერი კორუფცია და ელიტარიზმი იყო გავრცელებული.
1971 წელს სპარსეთის იმპერიის დაარსების 2500 წლისთავის საზეიმო აღნიშვნისას შაჰმა 100 მილიონი დოლარი დახარჯა, რაც იმ დროს ასტრონომიული თანხა იყო. ამან ხალხის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
ფაქტობრივად კრახი განიცადა შაჰის ეკონომიკურმა პროგრამამაც, ე.წ. თეთრმა რევოლუციამ. მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის მიუხედავად, ირანში მაღალი ინფლაცია „ჭამდა“ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს.
სასულიერო პირებისა და ოპოზიციურად განწყობილი წრეების განსაკუთრებულ მიუღებლობას იწვევდა დაჩქარებული ვესტერნიზაციის პოლიტიკა. ამ უძველესი ისმალური ტრადიციების ქვეყანაში დასავლური ფასეულობების მექანიკური დანერგვა ქმნიდა საყოველთაო შეგრძნებას, რომ შაჰს ირანელებისათვის საკუთარი იდენტობის წართმევა უნდოდა; ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ისლამში ეძებდა საკუთარი თავის დაცვასა და თვითრეალიზაციას.
სასულიერო პირების ლიდერთა შორის აიათოლა რუჰოლა ხომეინი გამოირჩეოდა, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე 1960-იან წლებში გამოვიდა. მან მკაცრად გაილაშქრა შაჰის „თეთრი რევოლუციის“ წინააღმდეგ, რომელიც სოციალურ რეფორმებსა და შიიტური სასულიერო პირებისათვის მატერიალური პრივილეგიების შეზღუდვას ითვალისწინებდა. ხომეინი მალე დააპატიმრეს, რასაც მასობრივი დემონსტრაციები და გამოსვლების დარბევა მოჰყვა.
გათავისუფლების შემდეგ ხომეინის კრიტიკის სამიზნე გახდა შაჰის თანამშრომლობა ისრაელთან და აშშ-სთან. იგი კვლავ დააპატიმრეს და ერაყში გადაასახლეს, სადაც 14 წელი ცხოვრობდა. სწორედ ერაყში ჩამოაყალიბა ხომეინიმ თავისი ცნობილი რევოლუციური იდეოლოგია, რომლის ერთ-ერთი დებულება უარყოფდა ორივე სუპერსახელმწიფოს - საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის გავლენას მუსლიმებზე. ანუ, ფაქტობრივად, ხომეინი განაცხადს აკეთებდა მომავალში ირანის ლიდერულ როლზე მუსლიმურ სამყაროში.
ხომეინის წიგნები ირანში სწრაფად ვრცელდებოდა, იგი უაღრესად პოპულარული ხდებოდა ფართო მასებში.
1977 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა კარტერმა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ირანის შაჰსაც მიმართა, რის შედეგად ბევრი პატიმარი გაათავისუფლეს. მაგრამ იმავე წელს „სავაქმა“ მოკლა ოპოზიციის ერთ-ერთი იდეოლოგი ალი-შარიაი, ხოლო ოქტომბერში ბინდით მოცულ ვითარებაში დაიღუპა ხომეინის შვილი მუსტაფა.
ამ მკვლელობებმა მასობრივი დემონსტრაციები გამოიწვია. 1978 წელს ქალაქ ყუმში არმიამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, 70 ადამიანი დაიღუპა. საპროტესტო ტალღა მოედო სხვა ქალაქებსაც. დემონსტრანტები წვავდნენ მდიდრულ სასტუმროებს, კინოთეატრებს, ბანკებს, ოფისებს. თავრიზში ჯართან დემონსტრანტების შეტაკების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა.
სექტემბერში არეულობა მთელ ქვეყანას მოედო. შაჰმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, აიკრძალა დემონსტრაციები. მიუხედავად ამისა, გამოსვლები გრძელდებოდა. განსაკუთრებით ტრაგიკული აღმოჩნდა „შავი პარასკევი“ თეირანში, როდესაც დემონსტრანტებს სამხედრო ვერტმფრენებიდან ესროლეს.
1978 წლის 2 დეკემბერს თეირანში დემონსტრანტთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. მოთხოვნა ასეთი იყო - შაჰის გადადგომა და ხომეინის ირანში დაბრუნება. ამ დროისთვის ხომეინი უკვე პარიზში იმყოფებოდა, სადაც მან რევოლუციური საბჭო შექმნა.
ირანის მოვლენებს ვაშინგტონში შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს, მაგრამ რაიმე გამოსავალი ჯერ არ ჩანდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამერიკელები რაღაც დიდ გეგმას ამზადებდნენ ირანისთვის. აბა ასე იოლად ხომ არ დათმობდნენ ამხელა ქვეყანას? მდიდარი ირანელები და მათი ოჯახის წევრები გამალებით ტოვებდნენ ქვეყანას. მონარქის მხარდასაჭერად მხოლოდ არმია და პოლიცია რჩებოდა.
1979 წლის 16 იანვარს შაჰი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. პრემიერ-მინისტრმა შაჰფურ ბახთიარმა სასწრაფოდ დაიწყო დემოკრატიული რეფორმების გატარება: გააუქმა „სავაქი“, გაათავისუფლა პოლიტპატიმრები, ხალხს დაჰპირდა თავისუფალ არჩევნებს, მოიწვია ოპოზიციური პარტიები კოალიციურ მთავრობაში.
ირანი რომ რეფორმების გზით წასულიყო, ალბათ, ბევრ უბედურებას გადარჩებოდა. მაგრამ უკვე გვიან იყო: ხალხს რევოლუცია უნდოდა. ისინი კერპს ელოდნენ და, მართლაც, 1 თბერვალს ხომეინი ირანში დაბრუნდა. თეირანის აეროპორტში ათიათასობით ადამიანმა მას ფანატიკური შეხვედრა მოუწყო.
ხომეინიმ უნდობლობა გამოუცხადა ბახთიარს და პრემიერად ბაზარგანი გამოაცხადა. სამხედროები და ჯარი თანდათან ხომეინის მხარეზე გადადიოდნენ. რევოლუციურმა საბჭომ მალევე დაიკავა ტელე და რადიოსადგურები, შაჰისა და მთავრობის შენობები. 11 თებერვლისთვის მთელი ძალაუფლება რევოლუციონერების ხელში იყო.
30 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ამომრჩეველთა 98%-მა ხმა მისცა ირანის ისლამურ რესპუბლიკად გარდაქმნას. შეიქმნა ქვეყნის ახალი კონსტიტუცია, რომელსაც ასევე 98%-მდა დაუჭირა მხარი. დაიწყო შაჰის მომხრეებისა და რეჟიმის წევრთა დევნა და ფიზიკური განადგურება, რაც წლების მანძილზე გრძელდებოდა. ყოფილი პრემიერი ბახთიარი პარიზში მოკლეს.
ირანი რელიგიურმა ისტერიამ მოიცვა. მკაცრი შიიტური წესები მყარდებოდა ყველგან და ყველაფერში აზიის ერთ-ერთი ყველაზე ვესტერნიზებული ქვეყანა უკან, შუა საუკუნეებს უბრუნდებოდა.
ამ საკმაოდ სწრაფად განვითარებული მოვლენების შემდეგ აღმოჩნდა, რომ არანაირი დიდი გეგმა აშშ-ს ირანთან დაკავშირებით არ ჰქონდა. ანტიკომუნიზმის აღმოსავლეთის ბასტი ხუხულასავით დაიშალა. „ახალ“ ირანში ანტიამერიკანიზმი მძვინვარებდა.
1979 წლის 4 ნოემბერს შეიარაღებული ირანელი „სტუდენტები“ აშშ-ის საელჩოში შეიჭრნენ და მძევლად 52 დიპლომატი აიყვანეს. საერთაშორისო ურთიერთობებში ამ უპრეცედენტო ტერორისტული აქტის ფორმალური მიზეზი გახლდათ აშშ-ის ადმინისტრაციის თანხმობა, მიეღოთ საკმკურნალოდ ემიგრაციაში მყოფი შაჰი რეზა ფეჰლევი. „სტუდენტების“ ქმედებას მხარი დაუჭირა თვით აიათოლა ხომეინიმ, რომელიც ამერიკას „დიდ სატანად“ მიიჩნევდა. მძევალთა განთავისუფლების საფასურად „სტუდენტები“ მოითხოვდნენ, რომ აშშ-ს ბოდიში მოეხადა წლების მანძილზე ირანის შინაგან საქმეებში ჩარევისთვის, ასევე თეირანისთვის დაებრუნებინა აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ გაყინული ირანული თანხები.
დიპლომატების მძევლად აყვანა დიდი დარტყმა იყო აშშ-ის პრესტიჟისა და, განსაკუთრებით პრეზიდენტ კარტერის ავტორიტეტისთვის. ეს უკანასკნელი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ირანში არასწორი პოლიტიკის გატარებისა და ამ ახალ ვითარებაში უმოქმედობისათვის. აპრილში კარტერის მითითებით ამერიკელმა სამხედროებმა სცადეს დიპლომატების განთავისუფლება, მაგრამ ცუდად დაგეგმილი სპეცოპერაცია სკანდალურად დასრულდა: სპარსეთის ყურიდან საიდუმლოდ გაგზავნილი 8 ვერტმფრენიდან თეირანში დანიშნულების ადგილამდე ვერც ერთმა ვერ მიაღწია. ვერტმფრენების ერთი ნაწილი ტექნიკური მიზეზების გამო გამოეთიშა ოპერაციას, დანარჩენი კი ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა ქარიშხლის გამო. ამ მარცხსაც მსხვერპლი და დიდი სკანდალი მოჰყვა.
საბოლოოდ, ირანელებმა მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს მძევლები, რაც აშშ-ში ახალი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი აირჩიეს. მძევლები ტყვეობაში ზუსტად 444 დღე იმყოფებოდნენ. ამერიკელები იძულებული გახდნენ მათ ბანკებში გაყინული 8 მილიარდი დოლარიც ხომეინის ხელისუფლებისთვის გადაეცათ.
მოსკოვი ყოველნაირად ცდილობდა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა ირანში აშშ-ის მარცხი, მაგრამ აიათოლა ხომეინი არც საბჭოთა კავშირს სწყალობდა. ამერიკელ დიპლომატთა მძევლად აყვანის შემდეგ კრემლში არ გამორიცხავდნენ ირანში აშშ-ის სამხედრო ინტერვენციას. მოვლენების ასეთი გზით განვითარების შემთხვევაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტი სსრკ-ის სამხრეთ საზღვრებთან აღმოჩნდებოდა, რაც მოსკოვს დაუშვებად მიაჩნდა.
აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ 1980 წლის აგვისტოში მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირი რეალურად განიხილავდა ირანში საკუთარი სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობას. კერძოდ, ირანში შეჭრა ორი მიმართულებით იგეგმებოდა: ამიერკავკასიიდან და შუა აზიიდან, რის შედეგადაც საბჭოთა ჯარს უნდა დაეკავებინა ქვეყნის მთელი ტერიტორია და სპარსეთის ყურემდე გასულიყო.
ამერიკელი სპეციალისტების აზრით, ამ სცენარის განხორციელებას ხელი შეუშალა ავღანეთის მოვლენებმა და პრეზიდენტ კარტერის თავშეკავებულმა მოქმედებამ.
***
სანამ ბჟეზინსკი პრეზიდენტს დაურეკავდა, ზუსტად ერთი წუთით ადრე, შემოვიდა ზარი იმის თაობაზე, რომ სხვა სარადარო სისტემები არ აფიქსირებდნენ საბჭოთა შემოტევას. ეს კომპიუტერის შეცდომა იყო!
ეს ფაქტი 1990-იან წლებში გახდა ცნობილი, თუმცა დღემდე უცნობია, თუ როგორ გააგრძელა ძილი ბჟეზინსკიმ იმ „პატარა შეცდომის“ შემდეგ.
***
რამდენიმე საათში გაირკვა, რომ ეს უსინდისო ტყუილი იყო. სინამდვილეში სარაკეტო დარტყმით სამოქალაქო თვითმფრინავი ოკეანის თავზე ჩამოაგდეს. დაიღუპა 269 ადამიანი.
ამ ვანდალიზმს მსოფლიოში უძლიერესი რეაქცია მოჰყვა. მოსკოვი ჯერ უტიფრად უარყოფდა თვითმფრინავის ჩამოგდებას, ხოლო შემდეგ იძულებული გახდა ეღიარებინა იგი. ახალ იმის მტკიცება დაიწყეს, რომ ჩამოგდებული „ბოინგი“ სადაზვერვო მისიას ასრულებდა და ყველაფერი ეს ამერიკელების მიერ ინსპირირებული იყო.
ეს შემზარავი ისტორია ანდროპოვის ეპოქის „საფირმო“ ნიშანია.
1990-იან წლებში გაკრივა, რომ საბჭოთა სამხედროებს სამოქალაქო „ბოინგი“ ამერიკულ მზვერავ თვითმფრინავში შეეშალათ.
***
***
„კარლ მარქსი სწორი იყო. ჩვენ მართლაც მოწმენი ვართ დიდი რევოლუციური კრიზისისა. მაგრამ კრიზისს ადგილი აქვს არა კაპიტალისტურ დასავლეთში, არამედ საბჭოთა კავშირში, ქვეყანაში, რომელიც ისტორიის დინების წინააღმდეგ მიდის, უარყოფს ადამიანის თავისუფლებასა და ღირსებას, ამასთანავე ვერ კვებავს თავის მოქალაქეებს“.
1983 წელს რეიგანი სიტყვით გამოვიდა ევანგელისტთა ეროვნულ ასოციაციაში და საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა.
***
***
„გაბედული, ენერგიული, ფიცხი, ჭკვიანი. აქვს პრობლემების მოგვარების გამორჩეული უნარი... იგი მნიშვნელოვან კვალს დატოვებს საბჭოთა საგარეო პოლიტიკაში და დიპლომატიის წარმოების საქმეში“.
***
***
***
***
***
ვიღაცამ მაშინ ჩერჩილის სიტყვებიც მოიგონა: „თუკი მთელმა ქვეყანამ დაუშვა, რომ მას ტირანი მართავდა, ამისათვის მხოლოდ ტირანის დადანაშაულება არასწორია“.
***
„ცელოფნის პარკით“ ტანკების წინააღმდეგ
„ჩინელი გორბაჩოვის“ გარდაცვალებასთან დაკავშირებით და პროტესტის ნიშნად პეკინის ტიანნამენის ცენტრალურ მოედანზე დემონსტრაციები დაიწყო. სტუდენტებს პროვინციიდან ჩამოსული ახალგაზრდებიც უერთდებოდნენ და მალე გამოსვლებმა მასობრივი ხასიათი მიიღო. დემონსტრანტები ითხოვდნენ სიტყვის თავისუფლებას და, საერთოდ, რეჟიმის დემოკრატიზაციას.
4 ივნისს დემონსტრანტების დასაშლელად ტიანნამენის მოედანზე ჯარი და ტანკების კოლონა შეიჭრა. სასტიკი დარბევის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა (ზუსტი რაოდენობა უცნობია). კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა უცნობი ჩინელი ახალგაზრდა, რომელიც ტანკებს წინ აღუდგა ცელოფნის პარკით ხელში.
***
„გორბი, გვიშველე! გორბი, არ წახვიდე!“
ვიღაცამ ტრანსფარანტიც აღმართა: „მოგვაცილეთ კედელი!“
დემონსტრაციის შემდეგ გორბაჩოვმა გააფრთხილა გდრ-ის ხელმძღვანელობა, რომ საჭირო იყო რადიკალური რეფორმების გატარება. საბჭოთა ლიდერის რეკომენდაციამ შედეგი გამოიღო და რამდენიმე დღეში გდრ-ს ახალი ხელმძღვანელი მოევლინა - ეგონ კრენცი.
ნოემბერში ბერლინის ცენტრში, ცნობილ ალექსანდერ-პლაცზე უკვე ერთი მილიონი ადამიანი იდგა პროტესტის ნიშნად. დასაწყისში მათი მთავარი ლოზუნგი იყო:
„აქედან გაგვიშით!“, ხოლო ცოტა მოგვიანებით: „ჩვენ აქ ვრჩებით!“
მთავრობამ გადაწყვიტა შემოეღო აღმოსავლეთ გერმანიიდან დასავლეთ გერმანიაში გამგზავრების გაიოლებული წესები, რომლებიც ძალაში რამდენიმე დღეში უნდა შესულიყო. ამ გადაწყვეტილების გასაცნობად შინაგან საქმეთა მინისტრმა შაბოვსკიმ პრესკონფერენცია მოიწვია. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როდიდან ამოქმედდებოდა ახალი წესები, მინისტრმა შეცდომით განაცხადა - „დღეიდანვეო“.
ათიათასობით აღმოსავლეთ ბერლინელი საზღვარს მიაწყდა, მაგრამ მესაზღვრეებს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. ისინი ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ: პასუხისმგებლობას თავის თავზე არავინ იღებდა. მესაზღვრეებმა საბოლოოდ თვითონ მიიღეს გადაწყვეტილება და ადამიანების ეს დიდი მასა დასავლეთ ბერლინში გადავიდა. მათ იქ ყვავილებითა და ოვაციებით დასავლეთ ბერლინელები ხვდებოდნენ.
გორბაჩოვს ამის შესახებ მხოლოდ მეორე დილით აცნობეს. მისი კომენტარი ასეთი იყო: „სწორი გადაწყვეტილებაა!“
სწორედ ამიტომ ითვლება 9 ნოემბერი ბერლინის კედლის „დაცემის“ დღედ, თუმცა ფიზიკურად იგი ოდნავ მოგივანებით მოშალეს.
დაინგრა „ცივი ომის“ მთავარი სიმბოლო.
წყარო: ზურაბ აბაშიძე - „ცივი ომი, წარსული თუ დღევანდელობა?“
ზურაბ აბაშიძე, 2009წ.