აკა მორჩილაძე - ფარშავანგი, ვითომ ისტორიული ამბავი


„საერთოდ, აღიარებულია, რომ საქართველოში პირველი სტამბა 1708 წელს გაიხსნა თბილისში, იმ დროის მეცნიერი და, რა თქმა უნდა, მოცალეობის ჟამს პოეტი და მთარგმნელი მეფის, ვახტანგ მეექვსის, მეცადინეობით, მაგრამ ასე მხოლოდ ახალ ისტორიის წიგნებში წერია, ძველი მონათხრობი კი სულ სხვაა და მკვლევართაგან რატომღაც არცთუ გათვალისწინებული – ეგ ყველაფერი ზღაპარიაო“. 

აკა მორჩილაძის რომანი „ფარშავანგი“ საქართველოში სტამბის შემოტანისა და წიგნის ბეჭდვის შემოღების ალტერნატიული, „ვითომ ისტორიული“ ამბავია. აქ „მეცნიერთაგან დადასტურებული მთელი ამბებია“ გადაკეთებული: „საქართველოებში“ შემოაქვთ სტამბა, რომლის კვალიც შემდეგ იკარგება. ავტორი ცდილობს, გამოიძიოს, რა ბედი ეწია მას, გვთავაზობს დამაინტრიგებელ ვერსიებს... ვის აღარ შეხვდებით აქ: „ნამდვილ“ მეფეებს, დედოფლებს, ეპისკოპოსებს, გამოგონილ თავადებს, პოეტებსა და მოგზაურებს, ქართული ზღაპრების პერსონაჟებს. მოკლედ, მთელი ფანტასმაგორიაა...

***

ვითომ ისტორიული ამბის არსი ისაა, რომ ერთი მოგონილი ამბით მეცნიერთაგან დადასტურებული მთელი ამბების გადაკეთება შეგიძლია.

***

საერთოდ, აღიარებულია, რომ საქართველოში პირველი სტამბა 1708 წელს გაიხსნა თბილისში, იმ დროის მეცნიერი და, რა თქმა უნდა, მოცალეობის ჟამს პოეტი და მთარგმნელი მეფის, ვახტანგ მეექვსის მეცადინეობით, მაგრამ ასე მხოლოდ ახალ ისტორიის წიგნებში წერია, ძველი მონათხრობი კი სულ სხვაა და მკვლევართაგან რატომღაც არცთუ გათვალისწინებული - ეგ ყველაფერი ზღაპარიაო.

***

საყოველთაოდ განთქმული და უდავო ამბავია ისიც, რომ პირველი ქართული წიგნი 1629 წელს დაიბეჭდა რომში, სადაც საერო ანბანი იქ ელჩად მყოფმა ნიკოლოზ ირუბაქის ძემ, ევროპელთათვის ირბახმა, ულამაზესად დაუწერა სტეფანო პაოლინის და იმანაც კოხტად ჩამოასხა ლიტერი. პირველი ქართულ-იტალიური ლექსიკონიც სწორედ ასე დაიბეჭდა.

***

ამბები ხშირად იწყება რაღაც ამოუცნობითა და მოულოდნელით და იტყვიან ხოლმე, ეს ყველაფერი ისევე მოგონილია, როგორც ქართველთა ლაშქრობა იერუსალიმზე 1527 წელსაო, რომელსაც ერთგვარი კავშირი აქვს ამ ამბავთან, მაგრამ ყველაფერი მოგონილი არ არის. მთლიანად მოგონილი უამრავი რაღაც არსებობს ღრუბლებიდან ქვესკნელამდე, თუმცა მემატიანენი და ძველი მწერლები ამაზე, ჩვეულებრივ, არ ლაპარაკობენ.

***

მრავალტანჯული სტამბის მომპოვებელმა, შთამომავალმა ქართლის თავშეწირულ მეფეთა და თავადაც მეფემ, ვახტანგ მეექვსემ სწორედ „ვეფხისტყაოსანი“ დაბეჭდა, და ამით დასრულდა ისტორია, რომელიც დასრულებას მოითხოვდა.
სხვა საქმეა, რომ ისტორია არ დასრულდა, რადგან ის არ სრულდება, რასაც უკვე თვით ფრენსის ფუკუიამაც აღიარებს.

ამიტომ, არ სრულდება საქართველოში სტამბის პირველგამოჩენის ისტორიაც.

***

„ვეფხისტყაოსნის“ ამბავი და ამ ამბის მონაწილენი ისე შეისისხლხორცა საერო საქართველომ, რომ ის სამაგალითოდ დარჩა საუკუნეთა განმავლობაში.

ამ პოემაში აღწერილი სიყვარული საოცნებო იყო, ამ პოემაში წარმოქმნილი მეგობრობა - სანიმუშო, ფიქრები ამ პოემის გმირებისა - კეთილშობილი და ხალასი და, საერთოდაც, ეს იყო ყველაფერი: ეს იყო საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კონსტიტუცია, რომელიც არასდროს ამოქმედებულა, როგორც კანონი, მაგრამ რჩებოდა, ასე რომ ვთქვათ, კეთილშობილების და რაინდობის ცოცხალ ულევ სტრიქონებად ისე, რომ, როდესაც საქართველოში ქალს ათხოვებდნენ, მზითვის უგრძეს სიას, სადაც ოქრო-ვერცხლი, ფარჩა, ქაშანური, ფაიფური, აბრეშუმი, სტავრა და სხვა უამრავი ჩამომწკრივებულიყო გრძელ, ხელთნაწერ ფურცელზე, თავში ყოველთვის ედგა მზითვისათვის მოულოდნელი ორი სიტყვა: ჭადრაკი და „ვეფხისტყაოსანი“.

ჭადრაკი იმიტომ, რომ, თუ იმის არსს ვერ ამოიცნობი ამ რთულსა და ხვანჯიანობით სავსე წუთისოფელში, ცხოვრება გაგიჭირდებოდა.

„ვეფხისტყაოსანი“ კი იმიტომ, რომ ამ ჭანდრაკობის მიუხედავად, უნდა ცდილიყავ, ისეთად დაგეჭირა სული და ცხოვრება, როგორებიც ამ პოემის გმირები იყვნენ. ამბოდნენ კიდეც, საქართველოს აქვს წმინდა წერილი ციდანო და „ვეფხისტყაოსანი“ მიწიდანო.

იყო სხვა წიგნებიც, სხვა პოემებიც, სხვა რომანებიც; სათუთად გადაწერილი, გამშვენებული და მოხატული, მაგრამ ეს, „ვეფხისტყაოსანი“, ყოველთვის საჭირო იყო. ყოველთვის. ეს სამზითვო წიგნი იყო, ანუ წიგნი, რომელიც ყველა ოჯახში იდო და ეგებ არაერთიცა. ამიტომ, გადამწერელნი მუშაობდნენ. ოღონდაც ჯადო ძალა ამ წიგნისა ისეთი იყო, რომ ხშირად საერო გადამწერლებს მოსვენებას უკარგავდა და ისინი პოემაში თავის ტაეპებს ჩაამატებდნენ ხოლმე, დიდი მონდომებით შეუხამებდნენ რუსთველის სტრიქონებს და ამბავს, და ასე იკმაყოფილებდნენ სიდიადესთან თანაზიარობის, მასში თანამონაწილეობის მოგონილ განცდას.

***

რა განსხვავებაა გადაწერილსა და ბეჭდვით სიტყვას შორის?! პირველი იცვლება, მეორე კი სამუდამოდ რჩება და სხვა მრავალთა შორის სწორედ ესაა სასტამბო მანქანის შინაგანი უპირატესობა: მარადიულობა და ურყეობა.

***

უნდა ითქვას, რომ ქართველნი ცოტანი არასდროს არიან. განსაკუთრებით, ძველ დროს. ეს იყო მომზადებული და ომის ხელობაში ძალიან გარკვეული ხალხი და ამ მზადყოფნაში ხშირად გლეხს და დიდგვაროვანს ვერ გაარჩევდი.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში