ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი - „სუყველა ერთისათვის, ერთი ყველასათვის!..“ |
მივიღეთ, წავიკითხეთ და ყველა დედ-მამას ვურჩევთ, რომ თავიანთ პატარაებს წაუკითხონ. ბედნიერი იქნება ჩვენი საყმაწვილო ლიტერატურა, რომ ამისთანა ჩინებულის ენით, კარგის აზრითა და მიმართულებით დაწერილი წიგნები ბლომად ჰქონდეს. მაგრამ მშრალ ქებას ისა სჯობიან, რომ თვით ამ წიგნიდამ ამოვიღოთ რამდენიმე სტრიქონი ნიმუშათ და ვაჩვენოთ მკითხველს - თუ როგორ არის ეს პატარა წიგნი დაწერილი:
თვითონ წიგნი ლამაზათ არის გამოცემული, ჩინებული ასოებია. ფასი კი - სამი შაური - ცოტა ბევრია ამისთანა ნამცეცა წიგნისთვის.
„ერთ დილას, როცა ბანჯგვლიანი (ფუთკრის სახელია) მინდვრიდგან დაბრუნდა, ერთი რაღაც ვაი-ვაგლახი შემოესმა: ეს მთელი ფუთკრები სულ ერთიანად გუგუნებდნენ და რაც კი შეეძლოთ საშინლათ ბზუოდნენ. ამ გუგუნში რაღაც მხეცის ღრიალიც ისმოდა. ბანჯგვლიანი მიახლოვდა და შეჩერდა: ფუთკრები ასობით და ათასობით სკიდგან გამოცვივნულიყვნენ და შეუპოვრად საფუთკრის გარშემო ტრიალებდნენ. ამ ყვირილ-ღრიალით ჰაერი კვნესოდა. ამ ვაი-ვაგლახში ხოლოდღა ისმოდა: „დათვი-დათუნა, დათვი-დათუნა!“
„მართლაცა და ძალიან ზორბა დათვი იყო; თავი ჩაეღუნა და ბურტყუნით და ღრიალით უკანა ფეხებით მილაჯუნებდა და ფუთკრებს ძლივ იგერიებდა. უცებ, ვითომ რაღაც მოაგონდა, მსწრაფლად გამობრუნდა იმ სკისკენ, საიდგანაც ჩვენი ბანჯგვლიანი იყო, სკას ტოტი ჰკრა და ზედ დედა-მიწაზე დააბერტყა. სკის სარქველი დაგორდა და რაც კი სკაში დარჩენილი ფუთკრები იყვნენ, კორიანტელივით გამოცვივდნენ. დათვი ერთი ტოტით ფუთკრებს იგერიებდა, მეორე შუაგულ სკაში შეჰყო და რაც კი საუკეთესო თაფლის პურები იყო, სულ ერთიანათ მოტორა.
„ბანჯგვლიანმა მეტი ვეღარ მოითმინა:
- „სუყველა ერთისათვის, ერთი ყველასათვის!“ შესძახა ბანჯგვლიანმა და საშინელ მხეცს სწრაფლად მივარდა და თვალში ისე ჩააფრინდა, რო სულ ვაი-დედა აძახა. სიმწარით დათვს თაფლი დაავიწყდა და ტყისაკენ ისე მოუსვა, რო უკან არც კი მოუხედავს. მეფუთკრეც მალე მოვიდა და სკა ააყენა.
„საწყალი ბანჯგვლიანი! იმან სკა გადაარჩინა, მაგრამ თავის-თავი კი დაღუპა: ისარი დათვის ისეთ ნაირათ ჩაურჭო, რომ ამოღება აღარ შეიძლებოდა. ამის გამო მალე დაჰკარგა ღონე, დასუსტდა, ბალახზე დაეცა და სული დალია...
ნუ გგონიათ, რომ ბანჯგვლიანი ძრიელ სწუხდა, რო ის მთელი სკის მსხვერპლათ გახდა; სულაც არა, იმან კიდევაც შეიკრიფა უკანასკნელი ღონე და დაიბზუილა:
- „სუყველა ერთისათვის, ერთი ყველასათვის!..“
[გაზეთი „დროება“, 1879 წ.]