ზვიად კვარაცხელია - ხარი ხანისთვის |


მამაჩემისთვის უთქვამს... მე არც გამიგია, ეზოში ვიყავი რაღაც საქმეზე ჩასული... შენისთანა ბიჭებს თუ არ ვენდე და გვერდში არ დავიყენე, ქვეყანაა სამართავი, ფეხზე დასაყენებელი და მარტო რას გავხდებიო...

– ეს როდის იყო?

– აი, დიდი გაწევ-გამოწევა რომ შეიქნა და ტანკები დაიძრნენ დასავლეთისკენ. ყველა ამბობდა, მიწასთან გაგვასწორებენ, ჩვენს დასასჯელად და გადასაბუგად მოდიან ეს ტანკები, ბეტეერები, იარაღიანი ხალხი, მაგათ განადგურება უნდათ აქაურობისა, ვეზიზღებითო. მეზობელი ბიჭი შემოვიდა იმ დილით, – ჭაკადაა ჩვენი საქმე, მდინარე გადმოლახეს და ბრიყვს და ჭკვიანს ერთიანად გაგვჟუჟავენო. დავფეთდი, ბავშვი ვიყავი. შიში ჩამეჭრა და ამირია გულგვამი. საღამოდრო იყო, მამაჩემი რომ დაბრუნდა ქალაქიდან და მაშინვე ავუხსენი ჩემი შიშის მიზეზი, არაფერი დამიმალავს. ჩაეღიმა ბრძენი კაცის ღიმილით – ნუ ნერვიულობ, გზაში კი არიან, მაგრამ არც ისე გამოვშტერებულვარ, ზედ შევაკვდე იმათ ტანკებსო.

– ნეტა რას აპირებდა?

– მაგის ტვინში, ღმერთმა იცის, რა პარტიები ირჩეოდა მაშინ, მაგრამ მჯერა, რომ რაც მერე მოხდა, ერთადერთი გამოსავალი იყო ამ შიშისგან. შენ რა გგონია, შიშს თბილი ოთახით და მაძღარი კუჭით გაუმკლავდები?! ისე ჩაგიქრობს კერას და დაგიცარიელებს სტომაქს, აზრზე ვერ მოხვალ, ნავთისა და კვამლის სუნი აგივა წამის უმალესად... შიშს უნდა გაეცალო, უფრო სწორად, უნდა მოატყუო შიში – შეიჩვიო, მოიშინაურო, როგორც ლეკვობისას გასხვისებული ძაღლი, პატრონს რომ დაუბრუნდება და უცხო გარემოს ვერ ჰგუობს. სალაფავი და ხორცის ნაჭერი არ უნდა მოაკლო, თორემ დაიმშევა და გამწარდება, კბილებს დაგიღრჭიალებს უნდობლად.

– ბევრნი იყვნენ შიშები?

– არც ისე. ერთი მანქანა, სამხედრო ვილისი მოადგა ჭიშკარს და მამაჩემი შემოუძღვა. მარტო მას არ ჰქონდა იარაღი, დანარჩენები ბრონიჟილეტში ისხდნენ. ერთს მზის სათვალე ეკეთა, შავ-შავი, დაბურული და იქიდან იყურებოდა, ეგონა, ვერ მხედავენო. დაკვირვებული მზერა ყველაფერს ამჩნევს, თუ ცნობისმოყვარე ბავშვის თვალებიდან იცქირება, უფრო მეტსაც იმახსოვრებს, ვიდრე ნებისმიერ ჟურნალისტს წარმოუდგენია.

– არ მითხრა, იმ ტიპის სახელიც მახსოვსო...

– სახელი რომელია, სახის ყველა ნაკვთი ახლაც თვალწინ მიდგას. სეტერა ერქვა, არ ხმაურობდა და ბევრს ჭამდა, თავისთვის იყო. მაშინ მიკვირდა, ასე თვალმოუშორებლად რომ მისჩერებოდა მამაჩემს, სიტყვასაც არ აგდებდა მისი ლაპარაკიდან. საპასუხოდ არაფერი უთქვამს, მაგრამ, ალბათ, იმახსოვრებდა. ხომ არის, შეგხვდება ადამიანი, ხმას არ დაძრავს, არადა მაშინვე ეტყობა, ისრუტავს ყველაფერს. ზოგიერთი იმისთვისაა დაბადებული, სხვაზე გაიგოს და იცოდეს, თავისი კი ჭუჭრუტანაც არ დარჩება ამოუქოლავი, დაუკითხავად არ შეიჭყიტონ ჩემს ოთახშიო.

– მამაშენი რას ამბობდა?

– დიდი სუფრა დაახვედრა მამაჩემმა. წინა ღამით ხარი ჩამოიყვანეს სოფლიდან, ვეება პრიცეპზე დაებათ, თოკები, ღვედები წაეჭირათ თურმე და ისე შემეცოდა, ისეთი ღონიერი და გაბრაზებული ჩანდა, გულში ვიფიქრე – ნეტა ვინ მოდის ეგეთი, ჩვენს შვინდას რომ სწირავენ-თქო...

– შვინდა... კაი სახელია...

– ათას რამეს ვეძახდი: შვინდა, ჯორა, ჯაკუნა... სულ პატარა იყო, ზარი რომ ჩამოვკიდე და მთელ სოფელს ესმოდა მისი წკრიალი, ზოგჯერ განგებაც აჟღარუნებდა – ცხოველი ეძახე და ჭკუა კი ჰქონდა ერთი კაცის ფასი. რომ წამოიზარდა და იერი მიეცა, მამაჩემს ვთხოვე, თუ გიყვარვარ, ამას კაცობას ნუ გამოაცლი, არ დაყვერო-მეთქი. ცოტა კი იჭოჭმანა, მეზობლებიც ურჩევდნენ, გარე-გარე წანწალში იქნება, შენ კიდე სოფელში მრუშა კი არა, მუშა ხარი გჭირდებაო. მაინც ჩემი გავიტანე და იმ დღიდან ახლო არ მინახავს შვინდა. გადაიკარგებოდა და თვეობით არ ბრუნდებოდა ხოლმე. ხან რას აეკიდებოდა, ხან – რას... ერთიხანობა საერთოდ გადაიხვეწა, ისე, რომ ხელიც კი ჩავიქნიეთ და მამაჩემმა ბრაზით თქვა მაშინ, ალბათ ჩემს გასაგონად: რა უჭირდა პაპაცხონებულს, ყოფილიყო სოფლის ხარებივით დაკოდილი, წყნარად და ბედნიერად იცხოვრებდაო.

– ბოლოს მასაც სოფლის ხარებივით მოუწია კისრის წაგრძელება...

– ურჩობისა და ბღავილის ნებაც არ მისცეს, შენ წარმოიდგინე. ოთხმა კაცმა მიათრია უზარმაზარ კუნძთან – კუნძს სქლად, შინდისფრად ეტყობოდა შემუსრული ქათმების, ინდაურების, გოჭების გახმარი და ჩაკირული სისხლი – მუხლებზე დასცეს და ერთმა ისეთი სისწრაფით გამოუსვა დანა, გეგონება, მოსისხლე მტერს კლავსო. შვინდამ უცნაურად დააცემინა და სისხლმა იფეთქა ნესტოებიდან, ოთხფად გაჭრილი არტერიიდან, ამღვრეული თვალებიდანაც კი. სიკვდილიც არ აცალეს საბრალოს, რაღაცნაირი ხერხებით გამოუნასკვეს თოკი აქედან იქ, იქიდან აქ და კაკლის უშველებელ ტოტზე გამოკიდეს ხარის უსულო სხეული.

– ჰო, მახსოვს, ადრე მეც მინახავს, ბავშვობაში...

– მერე ჭიანჭველებივით დაესია ხალხი: ერთი ატყავებდა, მეორე შიგნეულისგან ასუფთავებდა, მესამე – ნაჭრებად აფასოებდა, მეოთხე – ხარშავდა და, ჭიშკარს რომ მოადგნენ, ცოცხალი შვინდასგან ნატამალი არ იყო დარჩენილი... არნახული სუფრა დახვდათ სტუმრებს – კაი ღვინო, ჩვენებური საჭმელები: ელარჯი ქალაქის ნაქებ მზარეულს შეუკვეთა მამაჩემმა, გებჟალია – უჩვეულო, საოცარი სურნელით, ხაჭაპურები ქორფა ყველით გამოტიკნული, რა გინდა, სულო და გულო... კარგად გამიგე, ძმაო, ისეთი დრო იყო, ღომის ფქვილი ენატრებოდა ხალხს, მჭადი დაეცხო და შიმშილი გადაეტანა. ბრაზი და სიძულვილი ბუდობდა ყველგან. შვილი რომ დაგემშევა და ფეხისთითები მიეყინება, შენ კი ლუკმა ვერ გიშოვნია და ხემსი შეშა – გათბე, გაბოროტდები, გამწარდები, შურს ჩაიდებ გულში! ასეთ დროს შორი გზიდან მოსული სტუმრებისთვის მალამოსავით იყო გაღუღუნებული ოთახი და დაუკლებელი სუფრა.

– მოილხენდნენ...

– ოოო, რა სვეს და რა შეუბერეს! ერთმა იმათგანმა, ყველაზე განათლებული და სიტყვიანი რომელიც იყო, დიდი სითბოთი და სიყვარულით დალოცა ჩვენი ოჯახი, მამაჩემს სტუმრიანობა მოუწონა. როცა იარაღით დაგეშილები გვხვდებიან, თქვენ კარს გვიღებთ და გვიფარებთ, უზადო ღვინოს და გემრიელ საჭმელებს გვახვედრებთო. აბა, რა გეგონათ, ლობიოთი ხომ არ გავისტუმრებდი ამისთანა დიდებულ ხალხსო, – მიუგო მამაჩემმა, რაზეც იმან, – ლობიოობა დამთავრდა, აწი წესრიგი და მშვიდობა უნდა იყვეს ქვეყანაში, გლეხმა იმუშაოს, ვაჭარმა ივაჭროს, მწერალმა წეროს, მასწავლებელმა ასწავლოს და... ახ, იმ კაცის ბოღმა და ჯავრი არ ამომდის გულიდან, მდინარე რომ გადმოვლახეთ და მშიერ-მწყურვალები სოფელს მივადექით, ვიფიქრე, სადმე შევეფარებით, ჭერს ვიპოვნით-თქო. რიგიანი ადგილიც შევათვალიერე, როგორც იქ მითხრეს – სოფლის სკოლა და ეგრევე დირექტორს მივადექით, გასაღები რომ დაეყაჭა. იმან კიდე, შენც არ მომიკვდე, ნამეტანი შორს დაიჭირა, მხედრობას სკოლაში ვერ შევუშვებ, სასწავლო პროცესი ჩამეშლებაო. გავცოფდი, ახლა ნაღდად ტვინს მივასხმევინებ-მეთქი, მაგრამ იქაური ბიჭი გადამიდგა, მეხვეწა, მაგის გაზრდილი ვარ, არ მოკლაო... ერთი სიტყვით, ყველა უნდა დაისაჯოს, ჩემო გოგი, უკ-ლებ-ლივ, დღეს რომ წყალს ამღვრევენ და ტყე-ტყეს ეფარებიან! მაგათი დანდობა არ იქნება, ეგენი შეწყნარებას არ იმსახურებენო.

– მუქარაც ამას ჰქვია!

– ცოტა შემაშინებლად კი თქვა! მამაჩემი ამბობდა მერე, როცა წამოიშალნენ – ეგ ჰაერზე არაფერს იტყვის, შემსრულებელიაო!

– როგორც ჩანს, ამაშიც არ შემცდარა მამაშენი...

– არ შემცდარა, ოღონდ ნამეტანი გააბუქეს შემდეგ, გააზვიადეს, ათასი ყური გამოაბეს, ჩვენი მტერი და დამაქცევარი შეიფარაო. მე თუ მკითხავ, აქაც შურის ამბავი იყო – სხვებმა ვერ ივარგეს, ქცევაში შეეშალათ და ჩვენ დაგვიწყეს ლანძღვა. არადა, რომ გაეგოთ, იმ კაცმა მამაჩემს რა დაუბარა, ალბათ ჭკუიდან შეიშლებოდნენ. აქაურობას უნდა მიხედო თავიდან ბოლომდე – ჯერ სადა ხარ, ათასი წურბელა და ვიგინდარა გამოჩნდება კიდევ, ხელში იარაღი უნდა გეჭიროს და სქელ შუბლებს უხვრეტდე დაუნანებლად, ჩემგან მხარდაჭერა არ მოგაკლდებაო... კიდევ ბევრი ბრძნული და საქმიანი რამე უთხრა, მაგრამ ბავშვი ვიყავი და არ დავკვირვებივარ მის სიტყვებს, ხარი უფრო მეფიქრებოდა – ასო-ასო, ნაჭერ-ნაჭერ დაკეპილი შვინდა, სუფრის ყველა კუთხეში, კრემისფერ თეფშზე რომ ელაგა გამომცდელად, თითქოს ცოცხალი იყო და ნიშნს გვიგებდა: შეხეთ, ბედოვლათებო, ამოდენა ხარი ამ პატარა თეფშზე რა იოლად დავეტიეო.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში