ელიფ შაფაქი - ხუროთმოძღვრის შეგირდი
***
სტამბოლი გულმავიწყი ქალაქია. იქ სიტყვები წყალზე წერია.
***
სტამბოლში ზოგნი ბორცვზე შეფენილ საფლავებში განისვენებდნენ, ზოგნიც - ზღვის უძირო წიაღში.
***
შუქ-ჩრდილებიანი, აქა-იქ კვიპაროსების ჭალებით მოფენილი, აღმართ-დაღმართებიანი ქალაქი - სტამბოლი, რომელსაც პირველივე დანახვისას ეტყობოდა, რომ წინააღმდეგობების ბუდე იყო. ყოველ ნაბიჯზე თავის თავს უარყოფდა, ყველა უბანში ნირს იცვლიდა, ერთდროულად მოსიყვარულეც იყო და გულქვაც, უხვად გასცემდა და თითქოს იმწამსვე უკან იბრუნებდა თავისსავე ნაბოძვარს. ეს ვეება ქალაქი ყველა მიმართულებით მიიწევდა: მარჯვნივ, მარცხნივ და ზემოთ, ცის დასალიერისკენ. სულ სადღაც მიილტვოდა და არასოდეს იყო კმაყოფილი.
***
გულწრფელ ადამიანს სიმართლის თქმას არასოდეს პატიობს ის, ვინც გარშემორტყმულია მლიქვნელებით, ყოველ ნაბიჯს რომ უწონებენ და უქებენ.
***
სიძულვილი გალიაა, ნიჭი კი - დატყვევებული ფრინველი. დაამსხვრიე გალია, გამოუშვი ფრინველი და მაღლა ააფრინე. ხუროთმოძღვრება სარკეა, რომელიც სამყაროში არსებულ ჰარმონიასა და წონასწორობას ასახავს. თუ ამ თვისებებს გულით არ ატარებ, ვერაფერს ააშენებ.
***
ასეა - დიდებული ნაგებობები არ იცვლება, მათი დამგეგმარებლები, ამშენებლები და მომხმარებლები კი მუდმივად იცვლიან ნირს.
***
მოკვდავები ვართ. გადაწყვეტილებები ცხვრებსა ჰგავს, ჩვევები კი - მწყემსებს.
***
კაცობრიობა, ძირითადად, ტაძრების ორგვარ სახეობას აგებდა: ერთნი, რომლებიც ცისკენ მიისწრაფოდნენ, და მეორენი, რომლებიც ზეცას მიწასთან აახლოებდნენ. თუმცა დროდადრო გამოჩნდებოდა ხოლმე მესამე სახეობაც. ასეთი ტაძრები ზემოთ ხსენებულ ორივე ეფექტს ერთდროულად ქმნიდნენ. მათ შორის იყო სან პიეტროც.
***
კაცი რომ იხრჩობა, გველსაც კი ებღაუჭება. ასეთ დროს არავინ კითხულობს, გველი შხამიანია თუ არა.
***
სტამბოლის საროსკიპო, ცოტა არ იყოს, თურქული ზღაპრის დასაწყისს ჩამოჰგავს: „იყო და არა იყო რა...“
მეძავებს შეუძლიათ, თვეობით იცხოვრონ ერთ ჭერქვეშ, და როცა გგონია, რომ სულ ეგრე იქნება, უცებ სადღაც უჩინარდებიან, სახლი კი ნაჭუჭივით ცარიელი გხვდება.
მართალია იშვიათად და განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგრამ ზოგჯერ გათხოვილებიც ხდებიან მეძავები. ეს ის თითზე ჩამოსათვლელი ქალები არიან, გაძარცული საკუჭნაოს თაგვებივით ღარიბები რომ გახლავან და ქმრები რომ ომში ჰყავთ გასტუმრებული.
ქალაქის ბევრ უბანში კახპებს ქოქოლას აყრიან და ქვებს უშენენ. ასეთი ქალები დილით რომ იღვიძებენ, სახლის ზღურბლი კუპრით მოთხუპნული ხვდებათ, მათ კედლებზე კი სალანძღავი სიტყვებია მიჯღაბნილი. დროდადრო მათ აპატიმრებენ და ციხეშიც კი სვამენ. ჯორებზე უკუღმაც შეუსვამთ და ქუჩებში ჩამოუტარებიათ, აქაოდა, ყველა ამათ მსგავს ქალს იგივე ბედი ეწევაო.
ყადებსაც სხვებივით აქვთ თავგზა აბნეული და მერყეობენ, მათ სძაგთ მეძავები და ამ ხელობას ბოროტებად მიიჩნევენ, მაგრამ იმასაც უწევენ ანგარიშს, რომ საროსკიპოები იბერება და მათგან ხაზინა ხეირობს.
გამონაკლისი მხოლოდ რამადანია, წელიწადის სხვა დროს კი სიძვა ერთადერთი კანონდარღვევაა, რომელიც კიდევაც ითვლება დანაშაულად და კიდევაც არა.
***
ქალაქები ადამიანებს ჰგვანან. ქალაქი მხოლოდ ქვისა და ხისგან არ არის ნაგები, ის ძვალ-რბილისგანაც შედგება. როცა აზიანებ, ქალაქს სისხლი სდის. ყოველი უკანონო ნაგებობა სტამბოლის გულში ჩაჭედებული ლურსმანია. ისევე გებრალებოდეთ დაჭრილი ქალაქი, როგორც დაჭრილი ადამიანი.
***
რწმენა მხოლოდ სიმტკიცით როდი ფასობს. მთავარი ხომ ის არის, რამდენჯერ შეძლებ შემოლეული რწმენის კვლავ აღდგენას!
***
ხალხი ამბობდა, რომ ეს იყო ყველაზე სუსხიანი დღე ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში. უსუქდარის უბანში მაწანწალა კატები ერთი სახურავიდან მეორეზე გადახტომისას იყინებოდნენ და ჰაერში ბროლის ლამპრებივით ეკიდნენ. გლახაკები და მწირები, მოხეტიალე დავრიშები და ყველანი სინი, ვისაც მუდმივი საცხოვრებელი არ ჰქონდა, ლოლუებად ქცევის შიშით თავშესაფრებს ეხიზნებოდნენ.
***
სამოთხეში ერთი ხე იზრდება. მიწიერ ხეებს არა ჰგავს ის ხე. მისი რტოები გამჭვირვალეა, ფესვები კი წყლის ნაცვლად რძეს ისრუტავენ; მისი ტანი თითქოს ყინვისაგან არის დათრთვილული, მაგრამ მასთან მიახლოებისას სიცივეს არ იგრძნობთ. ხის თითოეული ფოთოლი ამა თუ იმ ადამიანის სახელს ატარებს. წელიწადში ერთხელ, შაბანის თვეში, სანამ გათენდება დღე მეთხუთმეტე, ღამის ყველა ანგელოზი ამ ხესთან იყრის თავს. შეკრავენ დიდ წრეს და ფრთებს ერთდროულად ააშრიალებენ. ამოვარდება ძლიერი ქარი, ხე შეირხევა და ფოთლების ნაწილს ძირს ჩამოყრის. ზოგ ფოთოლს დრო სჭირდება, სხვა კი თვალის დახამხამებაში სწყდება ტოტს. როგორც კი ფოთოლი მიწას შეეხება, იმწამსვე ამოხდება სული ადამიანს, რომლის სახელსაც ის ატარებს. ამიტომაც არ აბიჯებენ გამხმარ ფოთოლს ბრძენნი და სწავლულნი. ის ხომ ვიღაცის სულის საბინადროა...
***
***
არსებობს საიდუმლოებები, რომლებიც მთელმა ქალაქმა იცის, მაგრამ ისინი მაინც საიდუმლოებებად რჩება.
***
ალბათ ეგ არის ქვეყნიერების ცენტრი. არც აღმოსავლეთში უნდა ეძებო იგი და არც დასავლეთში. სამყაროს ცენტრი იქ არის, სადაც ადამიანი სიყვარულს ნებდება; სადაც საყვარელი არსება განისვენებს.
***
მავანი ამა თუ იმ ქალაქს იმიტომ სტუმრობს, რომ ასეთი სურვილი აქვს. მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება: თავად ქალაქს სურს, რომ ესტუმროთ.
***
ჩვენ ერთი უჩინარი გუმბათის ქვეშ ვცხოვრობთ, ვშრომობთ და ვკვდებით. ღარიბი თუ მდიდარი, მაჰმადიანი თუ ქრისტიანი, თავისუფალი ადამიანი თუ მონა, კაცი თუ ქალი, სულთანი თუ მაჰაუტი, ოსტატი თუ შეგირდი...
სამუდამოდ დავრწმუნდი, რომ გუმბათი თითოეულ ჩვენგანს გადასწვდება. მის ქვეშ ქრება ყველა განსხვავება. მის ქვეშ ყოვლისმომცველი სიყვარულის თანხმლებ დიად მდუმარებას ერწყმის ყველა სხვა ხმა - სიხარულის ყიჟინა იქნება ის თუ მწუხარების ოხვრა. როცა სამყაროს ასეთი თვალით ვუმზერ, თავგზა მებნევა და დანამდვილებით ვეღარ ვამბობ, სად იწყება მომავალი და სად სრულდება წარსული. საით ეშვება დასავლეთი და საით მიიწევს აღმოსავლეთი.
ინგლისურიდან თარგმნა - ია ქვაჩახიამ