მოგზაურობა ბავშვობაში | ანი ჯავახიშვილი

ბოლო 6 წელია ზღაპარი ჩემთვის პროფესიულ საქმიანობასთან ასოცირდებოდა – პროპის ზღაპრის მორფოლოგია, ქრონოტოპი ზღაპარში, ჯადოსნური ზღაპრის თავისებურებები, ზღაპრის პერსონაჟთა ფუნქციები და ა.შ. ეს იყო თემები, რომლებიც თავში მიტრიალებდა წიგნის მაღაზიის დახლებზე ზღაპრების გამოცემათა დანახვისას. ყველაფერი 4 თვის წინ შეიცვალა, როდესაც სამშობიაროში ჩემმა თვალებბრდღვიალა ბიჭუნამ, გაბრიელმა [მანქიმ] ომახიანი ტირილით სამყაროს თავისი დაბადება ამცნო. 

მანქის დაბადებიდან ჩემი სამყარო თავდაყირა დადგა და ცხოვრებაც ერთ პატარა ჯადოსნურ ზღაპარს დაემსგავსა. 

ზღაპარში ხომ დრო სხვანაირად გადის, ზღაპრის ქრონოტოპს არანაირი კავშირი არ აქვს დროის ისტორიულ მდინარებასთან და ზღაპრის გმირებიც იმ ჯადოსნურ სივრცეში ცხოვრობენ, რომელსაც ვერც ერთ რუკაზე ვერ მოვძებნით. 

ოთხი თვის წინ ჩემი სამყაროც თითქოს მოწყდა დედამიწის ორბიტას, დავიწყე ცხოვრება ჯადოსნურ მხარეში, რომელშიც დროის ათვლის ახალი სისტემაც გამეფდა... დრო უკვე განისაზღვრება მანქის გაღვიძება-დაძინებით – როცა ბავშვს ღვიძავს ხარ მხოლოდ დედა და სხვა ყველაფერი სულერთია. 

მივხვდი, რომ ჩემს ახალ, ჯადოსნურ სამყაროში აუცილებელი იყო ზღაპრის პერსონაჟების დასახლება და სასწრაფოდ დავიწყე საბავშვო ენციკლოპედიებისა და ზღაპართა წიგნების შეგროვება. თანდათან ჩემს გონებაში  გრიმების, შარლ პეროს, ანდერსენისა თუ ხალხური ზღაპრების პერსონაჟებმა კვლავ ბავშვური, ჯადოსნური ელფერი დაიბრუნა; მანქიმ ზღაპრებს ის პირველი, ჯადოსნური ელფერი შესძინა, რომელსაც შორეულ ბავშვობაში  ვგრძნობდი. მაშინ, როდესაც ბებიასთან ერთად ვიჯექი ხოლმე ერთ ძველ, გახუნებულ სავარძელზე და წაკითხულ ზღაპრებს ყურებაცქვეტილი ვუსმენდი. რატომღაც ის სავარძელი ბავშვობაში ყოველთვის ვეებერთელა მეგონა, მაგრამ ბოლოს რომ ვნახე, ისეთი პატარა მეჩვენა, ისიც კი გამიკვირდა, იქ მე და ბებია ერთად როგორ ვეტეოდით.
სწორედ ამ პერიოდში გამომცემლობა „არტანუჯმა“ ნაცარქექიას ულამაზესი გამოცემა მაჩუქა, რომელიც ვარლამ ჯმუხაძის მიერ შექმნილი უსაყვარლესი, ქართული ელემენტებით გაჯერებული ილუსტრაციებითაა გაფორმებული. დედებს ძალიან გვიხარია, როდესაც ჩვენს ბავშვებს რამეს ჩუქნიან და მეც, არნახულად გახარებულმა, ულამაზესი წიგნი სახლში მოვიტანე და ჩემი ახლადშექმნილი საბავშვო გამოცემათა კოლექცია დავამშვენე.

საიდუმლოს გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ყველა დედის მსგავსად, ჩემი მანქი მეც გამორჩეულად ჭკვიანი ბავშვი მგონია [რომ გაიცნოთ დამეთანხმებოდით, რომ ძალიან სუბიექტურიც არ ვარ]; ამ მიზეზით 4 თვის პაწაწუნას ყოველდღე ვუკითხავ საბავშვო ლექსებსა და ზღაპრებს, თანაც სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მას ყველაფერი მშვენივრად ესმის. 

გამონაკლისი არც ნაცარქექია ყოფილა და ერთ მშვენიერ დღეს „არტანუჯის“ ულამაზესი გამოცემაც გადმოვიღე და კითხვას შევუდექი. როგორც ყოველთვის, ჩემი ხმის გაგონებაზე მანქი გაინაბა, მთელ ზღაპარს გაოცებული, ცნობისმოყვარე მზერით უსმენდა, ნახატებს თვალებგაფართოებული მისჩერებოდა, წიგნის ფურცლებს პატარა ხელებს უსვამდა და მომენტებში გულუბრყვილოდ იღიმოდა. ბოლოს ფეხები თავისებურად ააბაკუნა, წიგნს ჩაეჭიდა და მთელი ძალით შეეცადა მის წართმევას... თვალებბრდღვიალა მანქის დანახვისას გავაცნობიერე, რომ ზღაპართა მთელი სამყარო ვლადიმერ პროპზე, როლან ბარტსა და ერთად აღებულ ყველა ლიტერატურათმცოდნეზე მეტად სწორედ ოთხი თვის თვალებაბრდღვიალებულ ბიჭს ესმოდა [ერთი წლის წინ ეს რომ ვინმეს ეთქვა, ალბათ როგორ დავცინებდი].

ზღაპრების სამყარო ხომ მანქის მსგავსი პატარა, საყვარელი ბავშვებისთვის იქმნება და მხოლოდ მათ შესწევთ ძალა ჩვენც ლამაზ ჯადოსნურ ზღაპარში გვამოგზაურონ. ვინ იცის, იქნებ ნაცარქექიას, ასფურცელას, ცეროდენას, წიქარას და სხვა ჯადოსნური გმირების თავგადასავლები მეც ყველაზე მეტად მაშინ მესმოდა, როდესაც ბებიასთან ერთად ერთ პატარა [თუ ვეებერთელა], გახუნებულ სავარძელზე ვიჯექი და მის წაკითხულ ზღაპრებს ყურებდაცქვეტილი ვუსმენდი...

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში