ტერენტი გრანელის ხმა | დავით წერედიანი

ტერენტი გრანელის შესახებ დავით წერედიანის ეს წერილი აქამდე არსად გამოქვეყნებულა. ეს ტექსტი პოეტისა და მთარგმნელის იმ ლიტერატურული წერილებისა და ინტერვიუების დიდი მემკვიდრეობის ნაწილია, რომელსაც გამომცემლობა „ინტელექტი“ წიგნად ამზადებს.


„როგორც კი ვინმე თავზეხელაღებული გაბედავს, წინასწარი მობოდიშების გარეშე ტერენტი გრანელის ქება დაწეროს, უსათუოდ გამოუჩნდება მკაცრი ოპონენტი და შუბლზე ძველ კლიშეს აგვაფარებს, რომ იგი გალაკტიონ ტაბიძის ეპიგონია და მეტი არაფერი.

მართლაც, ტერენტის სამსა თუ ოთხ ლექსში აშკარად ისმის გალაკტიონის ხმა, რადგან იმ საზომებითაა დაწერილი, გალაკტიონმა რომ თავისი ნიშანი დაადო და თავისად აქცია.

დღეს ამ საზომების გამოყენება შეუძლებელია, თუ არ გვინდა ეპიგონის სახელი დავიმკვიდროთ, რადგან მათი მელოდიკა, შიგ რა განსხვავებული სათქმელიც არ უნდა ვთქვათ, აუცილებლად გალაკტიონს გაგვახსენებს.

ტერენტი გრანელს კი ჰქონდა უბედურება (მართლა უბედურებად იქცა ეს ამბავი!), მაგ საზომებით სამი თუ ოთხი ლექსი დაეწერა, საიდანაც გარკვევით გვესმის გალაკტიონის ხმა და ამის მიხვედრას დიდი ექსპერტობა არ სჭირდება, თავი რომ ძალიან მოგვწონებია.

მოკლედ, ტერენტი გრანელს, სინამდვილეში ძალიან დიდ პოეტს, გალაკტიონ ტაბიძის ეპიგონობა აქვს მისჯილი და განაჩენი საბოლოოა, კასაციას არ ექვემდებარება.

თითქოს იმ სამი თუ ოთხი ლექსის გარდა ცხოვრებაში არაფერი დაეწეროს!

არადა, რა გახდა ეს სამი თუ ოთხი ლექსი, საერთოდ ნუ დავბეჭდავთ, ან რჩეულებში მაინც ნუ შევიტანთ.

სხვაგან კი ვერც გალაკტიონისა და ვერც ვერავის გავლენის კვალს ვერ ვიპოვით, მე, ყოველ შემთხვევაში, დღემდე ვერ მიპოვია.

ტერენტი გრანელის პოეტური ხმა ყველაზე მძაფრი, ყველაზე ტრაგიკული და ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ხმაა მეოცე საუკუნის ქართულ ლირიკაში.

როგორ შეიძლება იმ სამი თუ ოთხი ლექსის გამო დავყრუვდეთ და დავბრმავდეთ!

გალაკტიონის მიბაძვით ლექსი რაღაც მომენტში ვის არ დაუწერია, ავდგეთ და ყველანი ეპიგონებად გამოვაცხადოთ!

ბარემ იმასაც გაუწყებთ, რატომ გახდა ტერენტი გრანელი ეპიგონი. ოცდაათიანი წლების დასაწყისამდე ეპიგონის სახელი ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიკერებული.

იგი საბჭოთა პოეტი არასოდეს ყოფილა და აკრძალვით თუმცა არ აუკრძალავთ, ოფიციალურ დონეზე კეთილი სიტყვით მის ხსენებას საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ანუ მთელი ოცდაათი თუ ორმოცი წელი ისიც და მისი პოეზიაც უფრო არ არსებობდა, ვიდრე არსებობდა. მთელ თაობებს გადაავიწყეს.

სწორედ მაშინ გამოიგონა საბჭოთა კრიტიკოსების ამქარმა ეს ძველისძველი კლიშე: „მაინც არ არის საინტერესო პოეტი, გალაკტიონ ტაბიძის უბრალო ეპიგონია“.

და ამ საბჭოური კლიშეს დაძლევა ვერა და ვერ მოხერხდა, ისეა იმ სამი თუ ოთხი ლექსის გამო თავებში ჩაჭედილი.

თემა, ცხადია, ამით არ ამოიწურება, მაგრამ არსებითად ეს არის ჩემი სათქმელი.

ვიმეორებ: ეს ხმა ყველაზე მძაფრი, ყველაზე ტრაგიკული და ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ხმაა მეოცე საუკუნის ქართულ ლირიკაში.


***

გალაკტიონის მიბაძვით ლექსი რაღაც მომენტში ვის არ დაუწერია!

ანა კალანდაძის ხმაში ალაგ-ალაგ ძალიან მკაფიოდ ისმის გალაკტიონის ხმა. მაგრამ იგი არათუ ეპიგონად არ გამოუცხადებიათ, პირიქით, თავდაპირველად ფარზე სწორედ იმისთვის აიტაცეს და ძალზე შთამბეჭდავი დებიუტი მოუწყვეს, რომ გალაკტიონისთვის დაეპირისპირებინათ.

როცა ეს საქმე ჩაეშალათ, მაშინვე განზე გასწიეს და ათი-თორმეტი წლის განმავლობაში სტრიქონი აღარ დაუბეჭდეს. მხოლოდ შემდეგ გამოუცეს სიფრიფანა კრებული, არ შეატანინეს, რაც კი საუკეთესო ჰქონდა.

თვითონ მან ამ დაპირისპირებისა არაფერი იცოდა, გალაკტიონს ეთაყვანებოდა და შეტოქება აზრად არ ჰქონია.

გალაკტიონმა კი უმალ იგრძნო თავის ძველ მტერ-მოყვარეთა შეფარული ზრახვები. მოგეხსენებათ, თავისთვის ყველაფერს იწერდა და აღუნუსხავი არც ეს დარჩენია“.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში